"რუსთაველზე" მომხდარი მკვლელობის ყველა დეტალი: "პროკურორებმა ცემით აღიარებინეს დანაშაული"

"რუსთაველზე" მომხდარი მკვლელობის ყველა დეტალი: "პროკურორებმა ცემით აღიარებინეს დანაშაული"

რუსთაველის გამზირზე მოკლული ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით რუსიშვილის ოჯახი და ადვოკატები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ რუსიშვილი უდანაშაულოა. ამასთან დაკავშირებით ბრალდებულის მამამ თემურ რუსიშვილმა, ადვოკატებმა გელა ნიკოლეიშვილმა და თემურ მაგრაქველიძემ და ექსპერტმა გია დეკანოიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი მტკკიცებით, მკვლელობის დროს სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში რუსიშვილი არ ფიგურირებს. გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ სასამართლო დარღვევებით ჩატარდა და რუსიშვილს მოწმეებიის მიერ შექმნილი ცრუ ჩვენებების საფუძველზე შეეფარდა სასჯელი.

"2011 წლის 17 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობაში სხვებთან ერთად ბრალდებული იყო დავით რუსიშვილი. ის მკვლელობის მეორე ღამეს დააკავეს, გამოიყვანეს ტელევიზიით, აჩვენეს რომ თითქოს ის აღიარებდა დანაშაულს. იმ ფირებზე, (4 სხვადასხვა კამერით არის დაფიქსირებული), ბრალდების მხარე და მოწმეები, მათ შორის ნიკოლოზ მელია, აცხადებდნენ, რომ ამოიცნეს დავით რუსიშვილი და ხელს ადებდნენ, რომ ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა ესროლა და რომელიც რუსთაველის გამზირზე თბილისი მარიოტის მიმართულებით გადარბოდა, იყო რუსიშვილი. საბოლო ჯამში გამოძიებამ და სასამართლომაც დაადგინა, რომ ეს არ იყო რუსიშვილი. შემდეგ ამბობდნენ, თითქოს სხვა იყო. ერთი სიტყვით, ყოველგვარი დარღვევებით ჩატარებულმა სასამართლომ მოწმეების მიერ შექმნილი ცრუ ჩვენებების საფუძველზე შეუფარდა ამ დანაშაულისთვის სასჯელი. აღსანიშნავია, რომ ნაფიცი მსაჯულებიდან ამოვიცანით "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები, როგორ მოხვდნენ იქ, ესეც სადაოა. ",-აცხადებს ნიკოლეიშვილი.

ადვოკატი თემურ მაგრაქველიძე კი აცხდებს, რომ უნდა დაისაჯონ ტარყაშვილის საქმეზე მომუშავე პროკურორები. მისი მტკიცებით, პროკურორებმა რუსიშვილისგან აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მიიღეს.

"პროკურორები იყვნენ გიორგი კოკაია, დავით ხიზანაიძე და მიხეილ ჩხეიძე. ისინი ახლაც სხვადასხვა თანამდებობებზე არიან. ამ სამმა პროკურორმა იძულების წესით, ცემით და ფიზიკური ზემოქმედების მეშვეობით აღიარებინეს დანაშაული. დღეს მთავარ პროკურატურაში განცხადება მაქვს შეტანილი, რომ დაისაჯოს სამივე პროკურორი",-აცხადებს მაგრაქველიძე.

რუსიშვილის მხარე გამოძიებას კიდევ ერთ ბრალდებას უყენებს. როგორც ბრალდებულის მამა თემურ რუსიშვილი და ექსპერტი გია დეკანოიშვილი აცხადებენ, სასმართლოზე შეგნებულად არ მოხდა იმ მოწმეების დაკითხვა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რითაც დადასტურდებოდა რუსიშვილის უდანაშაულობა.

"დაიკარგა ის ფურცელი, რომელზეც იყო ჩამოთვლილი ჩვენი მოწმეები და ექსპერტი. დაიკარგა იმიტომ, რომ არ გამოსულიყვნენ ჩვენი მოწმეები და არ დაეშვათ ექსპერტი სასამართლოზე. უშუალოდ ეკა არეშიძემ გააკეთა ყველაფერი და შეთანხმებული იყო პროკურატურასთან. სხვა გზა აღარ ჰქონდათ, იმიტომ რომ ჩვენი მოწმეები რომ გამოსულიყვნენ სასამართლოზე და კადრებიც რომ ეჩვენებინათ, მერე ვერაფერს იზამდნენ. გოგბერაშვილიც ამბობს, რომ ბავშვი არ უნახავს იქ. როგორ უნდა დააბრალო 19 წლის ბავშვს რომ 56 წლის კაცთან ერთად კაცის მოსაკლავდ წავიდა, რომელსაც არ იცნობს? როდესაც ასაყვანად მოვიდნენ სახლში ბავშვი კომპიუტერს თამაშობდა. მკვლელობა რომ ჩაედინა, ჩვეულებრივად იქნებოდა? ინსტიტუტში წავიდოდა? კომპიუტერს ითამაშებდა? მაგას მაინც გამოვიკვლევ ვისი ინტერესი იყო, მე არ გავჩერდები და დღემდე რატომ არ იძიებენ, მაგას მაინც გავიგებ, ძველი მთავრობიდან არის ვიღაც შემორჩენილი",-ამბობს თემურ რუსიშვილი.

ექსპერტი გია დეკანოიშვილი მიიჩნევს, რომ დავით რუსიშვილი გაწირეს.

"ყველანაირად ეცადნენ, რომ ეს დასკვნა არ მოხვედრილიყო სასამართლოში. ამ დასკვნით დასტურდება, რომ ის, ვინც ხელს ადებს რუსიშვილს, მანქანიდან ვერ დაინახავდა მას. ორი წამის განმავლობაში რომ შეხედავ ადამიანს, ვერ დაიმახსოვრებ. ამავე დროს, კადრების გადიდების, გასუფთავების შემდეგ აშკარად ჩანს რომ ის, ვინც გადარბის ქუჩაზე, რუსიშვილი არ არის. ამ დასკვნის სასამართლოზე არ წარდგენა ყველანაირ საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს ადამიანი გაწირეს".

ის, რომ აღნიშნულ კონკრეტულ ვიდეომონაკვეთში რუსიშვილი არ არის, ამას გარდაცვლილი ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილიც ადასტურებს. თუმცა თამილა კოჭლამაზაშვილის თქმით, რუსიშვილი არაერთხელ ჩანს სხვა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ, მათ შორის ლაღიძის ქუჩის ამსახველ ვიდეომასალაშიც.

გარდაცვლილის დედის თქმით, რუსიშვილის მხარე ასევე ცრუობს, როდესაც აცხდებს, რომ რუსიშვილი არ იცნობდა მკვლელობაში ასევე ბრალდებულ ივერი გოგბერაშვილს. მისი თქმით, მკვლელობის დღეს რუსიშვილი მის შვილს უთვალთვალებდა და სატელეფონო კავშირი ჰქონდა გოგბერაშვილთან - "მკვლელობის მომენტამდე 12-ჯერ აქვს დარეკილი რუსიშვილს გოგბერაშვილთან. პირველად სხვებმა ესროლეს, ეს იყო გოგოჭური და ჯოხაძე. კადრებზე, რომელშიც მარიოტთან გადარბის, პროკურორები ამბობდნენ, ეს არის რუსიშვილიო, სინამდვილეში ეს იყო გოგოჭური. კადრების მიხედვით, რუსიშვილი სულ ბოლოს მისდევდა. თუმცა ლაღიძის ქუჩის კადრში რუსიშვილი არის სულ ბოლოს რომელიც მისდევს, ბრუნდება და ჩემს სიძეს ესვრის", - ამბობს კოჭლამაზაშვილი და სასამართლოზე რუსიშვილის მხარის მოწმეების დაკითხვას იხსენებს.

"მათ ასევე მოიყვანეს რამდენიმე მოწმე სასამართლოზე, რომლითაც ალიბს იქმნიდა რუსიშვილი. მათმა მოწმემ, ერთ-ერთმა გოგონამ დაადასტურა, გრიბოედოვის ქუჩაზე შემხვდა კონსერვატორიის წინ და წავიდა ლაღიძის ქუჩისკენო. რუსიშვილი იქ იყო და მკვლელია. არასწორმა გამოძიებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ახლა ამათაც აქვთ რაღაც სათქმელი, იმის ნაცვლად, რომ ნანობდნენ",-ამბობს კოჭლამაზაშვილი.

ამასთან, ზურაბ ტარყაშვილის დედამ შვილის მკვლელობის გამოძიების ბოლომდე მიყვანის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ პრემიერს, შს მინისტრსა და ახალ მთავარ პროკურორს მიმართა. კოჭლამაზაშვილი მიიჩნევს, რომ გასამართლებული ივერი გოგბერაშვილის, დავით რუსიშვილის და ირაკლი აგლაძის გარდა, მისი შვილის მკვლელობაში მინდია გოგოჭური და დავით ჯოხაძეც მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, ჯოხაძეს და გოგოჭურს გავლენიანი მფარველები ჰყავთ.

"არ მაინტერსებს ვინ ვისი ნათესავია და ვისი ახლობელია, მოვითხოვ, ჩემი შვილის ყველა მკვლელი და მკვლელობის თანამონაწილე სათანადოდ დაისაჯოს და გამოძიება სამართლიანად წარიმართოს. დავით ჯოხაძისა და მინდია გოგოჭურის მიმართ გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება, რადგან ჯოხაძეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ხოლო მინდია გოგოჭურს გიორგი მარგველაშვილი მფარველობს. გოგოჭური მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძეა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გოგოჭურმა 2013 წლის აგვისტო-სექტემბერში კიდევ ჩაიდინა დანაშაული, დაჭრა ვინმე ბაჩო სირაძე და კიდევ ვინმე ყიფშიძე, თუმცა, რეაგირება არც ამ შემთხვევაში არ მოყოლია ამ ფაქტს და ის შეიარაღებული თავისუფლად დადის ქუჩაში. ასევე გავიგეთ, რომ ნარკოტიკების დოზის გადამეტების გამო გოგოჭური საავადმყოფოში მოხვდა და მას პრეზიდენტ მარგველაშვილის დაცვის წევრები დარაჯობდნენ. აღარ ვიცით, ვის მივმართოთ, ძველ მთავრობაშიც ასეთი სიტუაცია იყო და ახალშიც ", - აცხადებს გარდაცვლილის დედა. კოჭლამაზაშვილის თქმით, ჯოხაძისა და გოგოჭურის მკვლელობაში მონაწილეობა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში მკაფიოდ ჩანს.

ზურაბ ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მოკლეს. მკვლელობისათვის გასამართლებულია სამი პირი. მათგან ორს - ივერი გოგბერაშვილს - 24, ხოლო დავით რუსიშვილს 21 წელი აქვთ მისჯილი. ირაკლი აგლაძეს კი სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა 30 წელი. ის დღემდე არ არის დაკავებული.

ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

იხილეთ სიუჟეტი

2011 წელს, რუსთაველის გამზირზე ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს - შსს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, მათგან ერთი ორსულია - მძიმე კადრები ტრაგედიის ადგილიდან

"ხელყუმბარა არ ჰქონია" - რას ყვება გუშინ, გლდანში დაკავებული პირის ადვოკატი