რომანების კითხვა თქვენს ტვინს ცვლის

რომანების კითხვა თქვენს ტვინს ცვლის

უკვე დიდი ხანია რაც მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კითხვა თავის ტვინის სხვადასხვა ადგილების სტიმულირებას იწვევს. მაგალითად, 2006 წლის გამოკვლევის დროს, ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა წაეკითხათ სიტყვები "სუნამო" და "ყავა", რის შემდეგაც მათ უაქტიურდებოდათ ტვინის ის ნაწილები, რომელიც ყნოსვაზეა პასუხისმგებელი.

მაშინ როდესაც წინა კვლევების ავტორები ტვინის აქტივობის შესწავლისას ყურადღებას უშუალოდ კითხვის მომენტზე ამახვილებდნენ, ახალი კვლევის მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ კითხვის გავლენა მხოლოდ ზედაპირული შთაბეჭდილებით არ შემოიფარგლება. ის დიდი ხნით ცვლის ადამიანის ტვინს.

ემორის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის მიზანი იმის შესწავლაა, თუ როგორ იცვლება ტვინის სტრუქტურა და მოქმედება რომანის კითხვის დროს. 19 დღის განმავლობაში მეცნიერებმა ემორის უნივერსიტეტის 21 სტუდენტს თავის ტვინის ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარეს. პირველი ხუთი დღის განმავლობაში მეცნიერები სტუდენტების თავის ტვინის სტრუქტურის და თავისებურებების პირველად კვლევებს ატარებდნენ. მომდევნო ცხრა დღის განმავლობაში ექსპერიმენტის მონაწილეებს საღამოობით უნდა ეკითხათ რობერტ ჰარისის რომანის "პომპეის" 30 გვერდი, შემდეგ კი უნდა ეპასუხათ ტესტის შეკითხვებზე იმის დასადასტურებლად, რომ მათ მართლაც წაიკითხეს საჭირო რაოდენობის გვერდები. მეორე დღეს მათ მორიგ ტომოგრაფიულ კვლევას უტარებდნენ. რომანის წაკითხვის დასრულების შემდეგ, ექსპერიმენტის მონაწილეებს ტომოგრაფიულ კვლევას კიდევ 5 დღის განმავლობაში უტარებდნენ.

ძველი კვლევების მიზანი, რომელიც კითხვის და ტვინის სტრუქტურის ურთიერთკავშირს ადგენდა, კითხვის მომენტში ტვინის აქტივობის თავისებურებების დადგენა იყო: ექსპერიმენტის მონაწილეებს მოკლე მოთხრობებს აკითხებდნენ და ამ პროცესში მეცნიერები ტვინის მუშაობას ტომოგრაფიის საშუალებით აკვირდებოდნენ. იმავდროულად, ახალმა ავტორებმა მიზნად დაისახეს თავის ტვინზე კითხვის გრძელვადიანი ზეგავლენის შესაძლებლობის შესწავლა.

ტომოგრაფიის შედეგებმა აჩვენა, რომ ტექსტის მითითებული ფრაგმენტების წაკითხვის შემდეგ, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში, რომელიც მეტყველების აღქმაზეა პასუხისმგებელი, ნეირონთაშორისი კავშირების რაოდენობა იზრდებოდა. ნეირონთაშორისი კავშირების რაოდენობის ზრდა თავის ტვინის სხვა ადგილებში შეიძლება იმას ამტკიცებდეს, რომ მკითხველები "ფიზიკური სემანტიზაციის" პრაქტიკას განიცდიან, როდესაც ამა თუ იმ ქმედების გააზრებისას ნეირონთაშორისი კავშირების კონფიგურაცია იწყებს მათი კონფიგურაციის გამეორებას ამ ქმედების განხორციელების მომენტში. მაგალითად, ფიქრი ცურვაზე აჩენს იმავე ნეირონთაშორის კავშირებს, რასაც თავად ცურვის ფიზიკური პროცესი.

"ნეირონული ცვლილებები, რომელიც, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ფიზიკურ განცდასთან და მოძრაობასთან ასოცირდება, ადასტურებს იმას, რომ რომანის კითხვის დროს თქვენ შეიძლება მისი მთავარი გმირის სხეულში აღმოჩნდეთ", ამბობს გრეგორი ბერნსი, კვლევის ერთ-ერთი მთავარი ავტორი. "ჩვენ ვიცით, რომ კარგი წიგნების წყალობით ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ თავი სხვის ტყავში, ბუკვალურად. ახლა ვხედავთ, რომ ცვლილებები ბიოლოგიურ დონეზეც ხდება".

ცვლილებები შენარჩუნდა რომანის კითხვის დასრულებიდან ხუთი დღის განმავლობაში, რაც იმას ადასტურებს, რომ კითხვამ ადამიანის ტვინზე შესაძლოა გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს. მეცნიერები წერენ, რომ მათ ჯერჯერობით არ იციან, რამდენ ხანს შეიძლება ასეთი გავლენის ეფექტის შენარჩუნება, მაგრამ იმავდროულად მათი ექსპერიმენტის შედეგები ცხადყოფს, რომ კითხვას გრძელვადიანი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ტვინზე იმ ადგილების სტიმულაციის გზით, რომელიც აღქმაზეა პასუხისმგებელი, ასევე ფიზიკური სემანტიზაციის ეფექტებით.

ჯულია რაიანი

გამოცემა: Atlantic

წყარო: foreignpress.ge

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს