"რელიგიური გაერთიანება არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან"

"რელიგიური გაერთიანება არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან"

ილიაუნის ლექტორი გიორგი თუმანიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების თამას ეხმაურება.

"ვინც ფიქრობს, რომ ეს მშვენიერი იდეაა, მინდა ვუთხრა, რომ ამ იდეაში კარგი არაფერია. არც ერთი რელიგიური გაერთიანება (ინსტიტუცია) არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან. შეგვიძლია შემოვიღოთ, რეგისტრაცია მოქალაქეთა რელიგიური მრწამსის მიმართ, ვისაც სურს გადაიხდის მის მიერ გადახდილი გადასახადების ფარგლებში ასევე რელიგიური მრწამსისადმი კუთვნილების ან საეკლესიო ან როგორც გინდათ ისე დავარქვათ გადასახადს, ან ყოველთვიურ შენატანს. ზოგი აღნიშნავს, რომ არ იზიარებს არც ერთ რელიგიურ მრწამს და არც არაფერს გადაიხდის. მაგალითად აგნოსტიკოსების გადასახადით რატომ უნდა ფინანსდებოდეს, რომელიმე რელიგიური ინსტიტუცია? ანუ ზოგადად ეს არა წინ გადადგმული, არამედ 10 ჯერ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება თუ ახლა 4 ან 5 ან 10 რელიგიურ ინსტიტუციას დავაფინანსებთ. უკეთესია უსახლკარო ადამიანებს მივხედოთ ან შევკვეცოთ ოლიმპიადის ხარჯი და ეს ფული სოციალურად გაჭირვებულ კონტინგენტს მოვახმაროთ. ან ის თანხა, რომელიც რელიგიურ ინსტიტუციებს უნდა გამოვუყოთ, განათლებაში დავხარჯოთ", - წერს თუმანიშვილი.

სოციალური ქსელით იმავე თემას ეხმაურება ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი.

"ვაიმე ახლა ვუსმინე პრემიერს - რელიგიური შუღლის ინციდენტები რაც იყო, ყოფილი ხელისუფლების ხელი ურევიაო. რა ინფანტილურია....

რაც შეეხება დამატებით 4 კონფესიის დაფინანსების ინიციატივას - ცხადია, ეს ინიციატივა წარმოადგენს მცდელობას შემცირდეს უთანასწორობა მართლმადიდებელ და ამ ოთხ კონფესიას შორის, ისიც ცხადია, რომ ამ მთავრობას ბოლო პერიოდში გაღვივებული რელიგიური შუღლის გამო მოხვდა და ცდილობენ საყვედურებს უპასუხონ, მაგრამ გასარკვევია:

ა) რატომ მხოლოდ ოთხი კონფესია? რა დააშავეს ბაპტისტებმა, 50-იანელებმა, ლუთერელებმა და ა. შ.

ბ) როგორ გამოითვლება?

ისიც ცხადია, რომ სჯობს მრევლმა თვითონ დააფინანსოს თავისი კონფესია.

P.S. პრემიერის განცხადება, რომ მათ დროს რელიგიური შუღლი არ გაღვივებულა და უმცირესობების მდგომარეობა გაუმჯობესდა, უბრალოდ სასაცილო ტყუილია", - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სისტემური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე მთავრობა ზარალს უნაზღაურებდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ სხვა რელიგიური გაერთიანებები, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში არანაკლები ზარალი მიიღეს, დახმარების მიღმა რჩებოდნენ.

"ამ ჩამონათვალში შევიდა ოთხი რელიგიური მიმართულება - ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები. ეს არის საკმაოდ სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა. მან მკაფიოდ დააყენა ამ ღონისძიების განხორციელების საკითხი და ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ამ თემაზე მუშაობა დაიწყო. კმაყოფილი ვარ, რომ ორივე პრემიერ-მინისტრის უშუალო დავალება ძალიან სწრაფად შევასრულეთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს მორწმუნე ადამიანების 90% და სხვა რელიგიური გაერთიანებების ზარალსაც თანდათან შეისწავლიან.

"თემა არ დახურულა და სხვა მიმართულებებზეც ვიმუშავებთ. ჯერჯერობით საუბარია ზოგად თანხაზე, რომელიც პროპორციულად განაწილდება. თანხის ზედა ზღვარი 4,5 მილიონი ლარით განისაზღვრება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.