ერთადერთი სკოლა საქართველოში რთულად აღსაზრდელებისთვის - მოზარდებისთვის განკუთვნილი უცნობი დაწესებულება

ერთადერთი სკოლა საქართველოში რთულად აღსაზრდელებისთვის - მოზარდებისთვის განკუთვნილი უცნობი დაწესებულება

სამტრედიის # 15-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ცხოვრების წესი სხვა თანატოლებისგან ბევრად არ განსხვავდება, თუ არ გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ ამ სკოლაში 10-დან 18 წლამდე ბავშვები მთელი საქართველოს მასშტაბით ე.წ. "რთული ქცევის" გამო მოჰყავთ.

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესული ცვლილების მიხედვით, არასრულწლოვანის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფი, მასში შემავალი ქვეჯგუფების მეშვეობით. კანონის თანახმად, გადამისამართება დევიანტური ქცევის მქონე არასწრულწლოვანის მიმართ შეიძლება განხორციელდეს, რომელსაც 10 წელი უკვე შეუსრულდა. იქვე განმარტებულია რომ დევიანტური ქცევა გამოიხატება ისეთ რთულ ან/და ანტისაზოგადოებრივ ქცევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის "არასრულწლოვანის განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს".

თუკი არასრულწლოვანი რთულ ქცევას 6 თვის განმავლობაში ავლენს, შესაძლოა, მისი სამტრედიის # 15 საჯარო სკოლა-პანსიონატში გადამისამართების საკითხი დადგეს. არასრულწლოვანის სპეციალიზებულ სკოლაში გადაყვანის მოთხოვნის უფლება აქვს როგორც სკოლას და მშობელს, ისე უბნის ინსპექტორს, პროკურორს და სოციალურ მუშაკს. ასეთი სპეციალიზებული სკოლა საქართველოში ერთადერთია.

ქალაქ სამტრედიის # 15-ე საჯარო სკოლას ამჟამად 10 ბენეფიციარი ჰყავს, მხოლოდ ბიჭები, თუმცა იქ გოგონებისთვისაც ნებადართულია სწავლა. ჩვეულებრივი საჯარო სკოლისგან განსხვავებით, აქ ბავშვები ცხოვრობენ კიდეც, მესამე სართულზე საცხოვრებელი ოთახებია, დანარჩენი სივრცე კი მათ სწავლა-განათლებას, ფიზიკურ მომზადებას, მუსიკის, ინგლისური ენისა და შრომის წრეებს ეთმობა.

მაია ხუნდაძე სამტრედიის სკოლის აღსაზრდელებთან თითქმის ერთ წელზე მეტია, მუშაობს. ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ხელშეწყობას უზრუნველყოფს. როგორც მაია ხუნდაძე ამბობს, პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არასრულწლოვანზე ორიენტირებული ისეთი ინტერვენციების დანერგვაა, რომლებიც დახურული ტიპის დაწესებულების მოსწავლეთა ემოციური, ფსიქოლოგიური და ქცევითი პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული.

"ბავშვები ჩართული არიან სხვადასხვა პროგრამაში, რაც მათი ინტელექტუალური და სოციალური უნარების გაძლიერებას უწყობს ხელს. სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებით ვასწავლით, როგორ უნდა მართონ ემოციები, გაუმკლავდნენ სპეციფიურ პრობლემებს. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ სამტრედიის სხვა სკოლებთან, ერთობლივად ვგეგმავთ და ვმართავთ სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებებს. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ ის სტიგმა, რაც წლების მანძილზე ამ სკოლის მიმართ არსებობდა და დღესაც არსებობს, მოიხსნას. ეს ბავშვები არ არიან კრიმინალები, მათ ნორმალურ გარემოში ყოფნა სჭირდებათ. სკოლის თანამშრომლები ყველანაირად ვცდილობთ მათ ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ გაქცევის სურვილი არ გაუჩნდეთ", - ამბობს პროექტის კოორდინატორი მაია ხუნდაძე.

სკოლის დირექტორი გიორგი მეიშვილი რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის სკოლის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა მიაჩნია, რომ უმჯობესია ბავშვები ოჯახში ცხოვრობდნენ და საჭიროებისამებრ იღებდნენ სათანადო ფსიქო-სოციალურ დახმარებას:

"ბავშვების უმეტესობა სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. ზოგი ქუთაისიდან, ზოგი ბათუმიდან, ამიტომაც ვითვალისწინებთ ფინანსურ გაჭირვებას და ჩვენ თვითონ მიგვყავს ხოლმე მშობლების სანახავად. ამ საახალწლო არდადეგებზე 10-დან 9 ბავშვი ოჯახში გავუშვით, მაგრამ რამდენიმე დროზე ადრე დაბრუნდა უკან. ზოგს სახლში არ აქვს ისეთი პირობები, რომ თავი იგრძნოს კომფორტულად, ზოგის მშობელი ალკოჰოლზეა დამოკიდებული."

განათლების შესახებ კანონში შესულ ცვლილებას არასრულწლოვანთა სპეცსკოლაში გადამისამართებასთან დაკავშირებით თავის დროზე საზოგადოების გარკვეულ წრეებში სკეპტიკური დამოკიდებულება მოჰყვა. ფსიქოლოგები ბავშვისადმი შესაძლო არასამართლიან მოპყრობასა და იმ პერსონალის პროფესიონალიზმს აყენებდნენ ეჭვქვეშ, რომლებიც ბენეფიციარებისათვის დევიანტური ქცევის "დიაგნოზის დასმასა" და მათ სპეცსკოლაში გაგზავნაზე იქნებოდნენ პასუხისმგებლები.

რა უფლება-მოვალეობები გააჩნია განათლების სამინისტროსთან არსებულ სპეციალურ 7 კაციან მულტიდისციპლინურ ჯგუფს და რა მექანიზმებით ახდენენ არასრულწლოვანთა "რთული ქცევის" შეფასებას? ამ კითხვებით "ამბები.გე"-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა.

- რა კრიტერიუმებით ხდება მოზარდის ქცევის შეფასება ამ ჯგუფის მიერ? რა როლი აქვს მშობლის პოზიციას ბავშვის სპეცსკოლაში გაგზავნასთან დაკავშირებით?

- სამტრედიის #15 საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის გადამისამართების პროცედურა რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის #122/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის დებულებით". ექსპერტთა ჯგუფი შედგება 7 წევრისაგან (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი, მასწავლებელი). სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტების მიერ ხორციელდება არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალური შეფასება, რომელიც მოიცავს სრულფასოვანი და დეტალური ინფორმაციის მოძიებას არასრულწლოვნის საჭიროებების, რისკების და უნარების შესახებ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: არასრულწლოვნის ფიზიკური მდგომარეობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფსიქოემოციური და ქცევითი განვითარება, სოციალურ მორალური განვითარების დონე, სოციალური უნარ-ჩვევები და ინტერესები, შემეცნებითი უნარები, აკადემიური უნარები, განათლებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების ისტორია, ურთიერთობის ფორმები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, პედაგოგებთან, ოჯახისა და სოციალური გარემოს რესურსებისა და რისკების შეფასება. სსიპ - ქალაქ სამტრედიის #15 საჯარო სკოლაში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში.

- რა გარანტიაა იმისა, რომ მოზარდი სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად მოხვდება სპეცკოლაში? მაგალითად, დევიანტური ქცევა შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ დანაშაულებრივი ან ასოციალური მოტივებით, არამედ ფსიქოლოგიური აშლილობითაც. მაგალითად, ჰიპერკინეტიკური დარღვევების მქონე ბავშვები გამოირჩევიან იმპულსურობით, ისინი ვერ აკონტროლებენ სრულყოფილად თავის ქცევას, არიან მოუსვენრები, ახასიათებთ ხშირად ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ამის გამო კარგად ვერ სწავლობენ. შესაბამისად, შეიძლება გაუჩნდეთ აგრესია თანაკლასელების მიმართ, რომლებიც მათზე კარგად სწავლობენ, ხშირად ხელს უშლიან მასწავლებელს და სხვა მოსწავლეებს.

- ექსპერტთა ჯგუფი არასრულწლოვნის გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაეცნობა მოზარდის შესახებ არსებულ ყველა ინფორმაციას. სსიპ - ქალაქ სამტრედიის #15 საჯარო სკოლაში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოზარდის მიმართ განხორციელებულ ალტერნატიულ პრევენციულ ღონისძიებებს, როგორც მშობლების, ასევე პედაგოგების, ფსოქოლოგიური ცენტრისა თუ სოცმუშაკის მუშაობას არ მოყვება სასურველი შედეგი.

- რამდენად დადებითი შედეგს მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთი მოზარდებისთვის მშობლებისა და მეგობრებისგან იზოლირება და თუნდაც ის, რომ 10 წლის ბავშვი აღმოჩნდეს 16-17 წლის ასევე რთული ქცევის მქონე მოზარდებთან ერთად ერთ სივრცეში?

- სსიპ - ქალაქ სამტრედიის #15 საჯარო სკოლა დაკომპლექტებულია კადრებით, რომლებსაც გავლილი აქვთ რთული ქცევის მართვისა და ასეთი ქცევის მქონე მოზარდებთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამაღრმავებელი ტრენინგები, სკოლაში საგანმანათლებლო პროცესის პარალელურად ხორციელდება სოციალური პროგრამები, ასევე, მოზარდთა რესოციალიზაციისა და ანტისოციალური ქცევის მართვის პროგრამა EQUIP-ი, რომელიც მოიცავს ბრაზის მართვას, სოციალურ უნარებს, სოციალურ გადაწყვეტილებებს და ურთიერთდახმარების შესწავლას. სკოლის ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ განსხვავებული ასაკის ბავშვებს არ ჰქონდეთ ერთი საარსებო სივრცე, მოზარდები გაყოფილი არიან ორ ჯგუფად და საგანმანათლებლო პროცესის დასრულების შემდგომ სააღმზრდელო პროცესი მათთვის ხორციელდება შენობის სხვადასხვა ფლიგელში. პროცესი მოზარდებისთვის საინტერესო სააღმზრდელო აქტივობით არის დატვირთული.

ქ. სამტრედიის სკოლა-პანსიონი 1996 წლიდან ფუნქციონირებს. საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სკოლა-პანსიონში იგზავნებოდნენ არასრულწლოვანი სამართალდამრღვევი ვაჟები 9-დან 15 წლის ასაკამდე და იქ იმყოფებოდნენ 18 წლის შესრულებამდე. ამჟამად სკოლას სამტრედიის N15 საჯარო სკოლა ეწოდება. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვანი იგზავნება მომდევნო სასწავლო სემესტრის დასრულებამდე. შემდგომ სკოლა-პანსიონის წარმომადგენელი ექსპერტთა ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას მოზარდთან ჩატარებული ღონისძიებებისა და მის მიერ მიღწეული შედეგების შესახებ. ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული გადამისამართების ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან ვადის გაგრძელების შესახებ.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge