კანონდამრღვევი დეპუტატები და მათი ბიზნესინტერესები

კანონდამრღვევი დეპუტატები და მათი ბიზნესინტერესები

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრების არადეკლარირებულ სამეწარმეო ინტერესებს ეხება. "საერთაშორისო გამჭვირვალობის"მკვლევარებმა იმ დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლეს, რომლებმაც კანონი დაარღვიეს და სხვადასხვა კომპანიებში საკუთარი წილობრივი მონაცემები არ მიუთითეს. მეტიც, მკვლევარებმა საჯარო რეესტრის სამეწარმეო ბაზის მონაცემებიც გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ზოგიერთი კომპანია და შპს, რომლებიც დეპუტატებს ქონებრივ დეკლარაციაში აქვთ მითითებული, დღევანდელი მონაცემებით, რეესტრში აღარ იძებნება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის მიერ წარდგენილ წლიურ ქონებრივ დეკლარაციებში, მათი მიმდინარე და წარსული ბიზნესსაქმიანობა არასრულადაა ასახული. საქართველოში 2700-ზე მეტი თანამდებობის პირი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი, ვალდებულია, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ყოველწლიურად წარადგინოს, სადაც თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრება, კუთვნილი წილები კომპანიებში და საბანკო ანგარიშებია ასახული. მსგავსი ინფორმაცია საზოგადოებას საშუალებას აძლევს გააანალიზოს, რომელმა კომპანიებმა, ორგანიზაციებმა და ინტერესთა ჯგუფებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა პარლამენტის წევრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები და საჯარო რეესტრის ბაზაში კომპანიების მესაკუთრეების ჩანაწერები შეადარა. შედეგად, ისეთი შემთხვევები გამოვლინდა, როდესაც დეპუტატის მიერ, დეკლარაციაში მითითებული კომპანიების სია არასრული იყო. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, პარლამეტის წევრის მიერ მითითებული კომპანია დღეს უკვე აღარ არსებობს, რადგან კომპანიებს, ფუნქციონირების სტატუსის შესახებ იფნორმაციის წარდგენა არ ევალებათ. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში ასახული კომპანიების სია არ შეიცავს ინფორმაციას სააქციო საზოგადოებებში პარლამენტის წევრთა წილების შესახებ, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, ამ ტიპის კომპანიებს, მათი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის საჯარო რეესტრისათვის მიწოდება არ ევალებათ.

ლევან ქარდავა, წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: 2013 წლის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში, ლევან ქარდავამ მხოლოდ ერთი კომპანია - შპს "მ.დ.ჯგუფი" მიუთითა. მისი განცხადებით, მას კომპანიისგან მოგება არ მიუღია. დეპუტატის 2012 წლის დეკლარაცია კი საერთოდ არ შეიცავს ინფორმაციას კომპანიებში მისი მონაწილეობის შესახებ. საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით, შპს "მ.დ. ჯგუფის" გარდა, ლევან ქარდავა შპს "მაგანა 2004"-ს და შპს "გრუპო ვია"-ს მესაკუთრეა. მას ასევე ეკუთვნის შპს "საქართველოს ინოვაციური ნანოტექნოლოგიების"25%-იანი წილი. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის მიხედვით, ლევან ქარდავამ მისი კუთვნილი კომპანიების ნაწილი გაასხვისა: 2012 წლის 30 ოქტომბრამდე, მას ეკუთვნოდა შპს "25-ე არხის"50%-იანი წილი. 2013 წლის მარტში, მან გაასხვისა შპს "ოილ პროში", მისი კუთვნილი 50%-იანი წილი, ხოლო 2013 წლის ივნისში, შპს "გეომაგინვესტპრომის" 25%-იანი წილი.

რევაზ შავლოხაშვილი, წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, "ქართული ოცნება - კონსერვატორები": თავდაპირველად, რევაზ შავლოხაშვილი პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იყო, მაგრამ მოგვიანებით, "ქართული ოცნება - კონსერვატორებში" გადავიდა. იგი შპს "საბა 2005"-ის 50%-იან წილს ფლობს, რომლის შესახებ არც 2013 წლის მაისისა და არც წალკის გამგებლად მუშაობის დროს, 2010 და 2012 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ განაცხადა.

თამაზ ყაჭეიშვილი, პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება": 2013 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში, თამაზ ყაჭეიშვილმა განაცხადა, რომ იგი წილებს ფლობდა ორ კომპანიაში - შპს "ნუგოსა"და შპს "სამეგობროში". დეპუტატს არ უხსენებია მისი 25%-იანი წილის შესახებ შპს "ხარისხში". სამეწარმეო რეესტრში არსებული მონაცემების თანახმად, დეპუტატი ფლობს 5%-იან წილს შპს "საქართველო-გერმანიის ერთობლივი საწარმო ეკო"-ში. კომპანიის შესახებ ბოლო ჩანაწერი კი 2010 წლის აგვისტოთი თარიღდება, რის შემდეგაც, შესაძლოა, ამ შპს-მ ფუნქციონირება შეწყვიტა.

თამაზ შიოშვილი, პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება": დეპუტატი შპს "სპენიშქლეის" 35%-იანი და შპს "მემორექსის" 30%-იანი წილების მფლობელია. თუმცა 2012 და 2013 წლების ქონებრივ დეკლარაციებში, ამის შესახებ არ განაცხადა.

გოგი ლიპარტელიანი, ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": 2013 წლის 2 აპრილამდე, გოგი ლიპარტელიანი შპს "ბიოსფერო პლუსის" 20%-იანი წილის მფლობელი იყო, რის შესახებაც მან 2012 წლისა და 2013წლის მაისში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ განაცხადა. თუმცა დეკლარაციებში, დეპუტატმა მისი მეუღლის მიერ, აღნიშნულ კომპანიაში არსებული წილებისა და მისი სხვა კომპანიებში არსებული წილების შესახებ მიუთითა: შპს "სპეროზა", შპს "გამაპლუსი", შპს "გამა", შპს "ტრანსგაზი" და შპს EuroStyle XXI.

თამაზ ავდალიანი, პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება". 2013 წლის 10 იანვრამდე, თამაზ ავდალიანი შპს "ასკო ლტდ"-სა და შპს GeoHolidayTour-ის 50%-იანი წილების მფლობელი იყო. ამის შესახებ დეპუტატმა არც 2012 წლისა და არც 2013 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ განაცხადა.

ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, "ქართული ოცნება": 2013 წლის 7 მარტამდე, ვიქტორ ჯაფარიძე შპს "სეტის" 50%-იანი წილის თანამფლობელი იყო, რის შესახებაც მან არც 2013 წლის 17 დეკემბერს და არც 2012 წლის 11 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ განაცხადა. ამ დეკლარაციებში დეპუტატმა სხვა კომპანიის - შპს "ქცია 94"-ის მეწილეობის შესახებ მიუთითა, მაგრამ ეს კომპანია საქართველოს სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მკვლევარები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ქართული ოცნების წევრს, ანი მიროტაძეს საჯაროდ ბოდიშს უხდიან. კვლევის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ 2012 წლის 31 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, ანი მიროტაძე შპს "PR ჯგუფის" 50%-იანი წილის მფლობელია, რის შესახებაც მან 2012 და 2013 წლების ქონებრივ დეკლარაციაში არ განაცხადა. "ვერსიასთან"საუბრისას, დეპუტატმა ანი მიროტაძემ განმარტა, რომ შპს "PR ჯგუფი" მან 2009 წელს დააფუძნა, მაგრამ არსებობის მანძილზე, ამ შპს-ს არანაირი ბრუნვა არ ჰქონია და შესაბამისად, არც შემოსავალი მიუღია. მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდა, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ანი მიროტაძემ ამ შპს-ში საკუთარი წილი დათმო, ბრუნვის არარსებობის გამო კი კომპანია უკვე ლიკვიდირებულია. "ვერსიას" ეს ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა, კახა ურიადმყოფელმა დაუდასტურა და განმარტა, რომ ორგანიზაციამ კვლევა განაახლა, სადაც ანი მიროტაძის გვარი აღარ ფიქსირდება. მისივე თქმით, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, კვლევის განახლებულ ვერსიაში ის ხარვეზიცაა მითითებული, რაც ირინე იმერლიშვილისა და დეპუტატ გიგა ბუკიას შემთხვევებში დაფიქსირდა.

ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის ყოფილი წევრი, "ქართული ოცნება": 2012 წლის 19 დეკემბრის მონაცემებით, შპს "მიშოს"70%-იანი წილის მფლობელია, მაგრამ 2012 წლის 21 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ამის შესახებ არ განუცხადებია. მეტიც, ყოფილ დეპუტატს ამის შესახებ 2013 წლის ნოემბერში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის შემდეგ, დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშიც არ განუცხადებია. კვლევის გამოქვეყნებისთანავე, ირინე იმერლიშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მისმა წარმომადგენელმა, 2012 წლის 19 დეკემბერს, საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება, მეწილე რუსუდან მინაძისთვის საკუთარი წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ირინე იმერლიშვილმა, მართლაც მიმართა საჯარო რეესტრს განცხადებით, წილის დათმობის ხელშეკრულების დარეგისტრირების შესახებ. მიუხედავად ამისა, აღმოჩენილი ხარვეზის გამო, 2012წლის 20 დეკემბერს, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება განცხადების წარმოების ვადის დინების შეჩერების შესახებ, ხოლო 2013 წლის 23 იანვარს, სარეგისტრაციო წარმოება სრულიად შეწყვიტა. ზუსტად ამ ხარვეზის გამო, ამონაწერში კვლავაც ფიქსირდება ქალბატონი ირინე იმერლიშვილი წილის მესაკუთრედ. შედეგად, ირინე იმერლიშვილის მიერ, კომპანიაში მისი წილის გასხვისების შესახებ ინფორმაცია, საჯარო რეესტრის მონაცემებში დაფიქსირებული არ არის. ამ გარემოების შესახებ ინფორმაციის არქონის გამო, კომპანიის წილის საკუთრების შესახებ ჩანაწერი, დეპუტატმა 2012 და 2013 წლების ქონებრივ დეკლარაციებში არ გააკეთა.

გიგა ბუკია, პარლამენტის, წევრი, "ქართული ოცნება": გიგა ბუკიას შვილი, გიორგი ბუკია, შპს "იუ სი ემ"-ის 50%-იანი მეწილეა, რის შესახებაც დეპუტატის 2013 წლის დეკემბრის ქონებრივ დეკლარაციაში ჩანაწერი არ მოიძებნება.

"ვერსიასთან"საუბრისას, გიგა ბუკიამ განმარტა, რომ შპს "იუ სი ემ"-ი მის მიერ დაარსებული კომპანიაა და ეს იფნორმაცია, 2003-2008 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული იყო. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნების მითითებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ქართული ოცნების"შემომწირველების ქონება დააყადაღა, მათ შორის, გიგა ბუკიას ქონება და აღნიშნული შპს. თუმცა დეპუტატად არჩევის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შპს დაყადაღებული იყო, კომპანიაში მისი კუთნვილი წილი შვილის, გიორგი ბუკიას სახელზე მაინც გადააფორმა. სხვათა შორის, ეს შპს ახლაც დაყადაღებულია და, რა თქმა უნდა დეპუტატის შვილი დაყადაღებული კომპანიიდან შემოსავალს ვერ იღებს, შესაბამისად, გიგა ბუკიამ ქონებრივ დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერი მიუთითა. "ვერსიასთან"საუბრისას კი დააზუსტა, რომ ეს უფრო ტექნიკური ხარვეზია და არა კანონდარღვევა, რაშიც "საერთაშორისო გამჭვირვალობის"მკვლევარებიც დაეთანხმნენ და შედეგად, ორგანიზაციის ვებგვერდზე ხარვეზი გაასწორეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"მკვლევარების განცხადებით, პარლამენტში არჩევამდე, რამდენიმე დეპუტატმა გასხვისებული წილების შესახებ არ განაცხადა. არადა, კანონის მიხედვით, ისინი ვალდებულნი იყვნენ, ამ ტიპის ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავალი ქონებრივ დეკლარაციებში აესახათ. ანგარიშვალდებულების მხრივ, მსგავსი შემთხვევები ნაკლებ პრობლემატურია, თუმცა ტექნიკურად ეს ყველაფერი საჯაროობის ვალდებულების დარღვევად ითვლება. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, თანამდებობის პირმა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კომპანიების წილები ნდობით აღჭურვილ პირს ან ნათესავს გადასცა, რათა რეალურ მესაკუთრედ მაინც თვითონ დარჩენილიყო: "გვსურს, მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს შესაბამისი ზომები, დეპუტატების ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში კი, მათ მიმართ, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ"კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები განახორციელოს. თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი მექანიზმია. თუმცა მისი ეფექტური ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია, რომ კანონმდებლობა, კანონის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადეკვატურ სანქციებსაც ითვალისწინებდეს, რაც სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობით, ახლა გათვალისწინებული არ არის", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობის"მკვლევარები.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

LIVE "ნიუსრუმიდან" - ლევან კობერიძე; ხათუნა ლაგაზიძე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რა ხდება ოპოზიციაში; ხელისუფლების გეგმები