კოტე და განო ოჯახური ტელეშოუსთვის ემზადებიან - ახალი პროექტი "პალიტრა TV"-ზე

კოტე და განო ოჯახური ტელეშოუსთვის ემზადებიან - ახალი პროექტი "პალიტრა TV"-ზე

"პალიტრა TV" თებერვალში მაყურებელს ახალ პროექტს შესთავაზებს. გადაცემა ყოველდღიურად, შუადღეს გავა ეთერში და მისი წამყვანები მსახიობი კოტე თოლორდავა და მისი მეუღლე, რეჟისორი და მენეჯერი განო მელითაური იქნებიან. 

განო:

- ეს გადაცემა ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენაა და იმედი გვაქვს, ქართველი მაყურებლის ცხოვრების ნაწილიც გახდება. მე და კოტე ამ ინოვაციური პროექტის უბრალოდ წამყვანები კი არა, მასპინძლები და შოუს მონაწილეები ვიქნებით. "პალიტრა TV"-მ ყველა აქტუალურ თემაზე ლაპარაკის საშუალება მოგვცა. აქ არ იქნება ტაბუდადებული თემები და სოციალური ქსელების, ინტერნეტგვერდების, ასევე, "პალიტრამედიის" საშუალებების გამოყენებით ამ პროექტში ყველა ჩაერთვება. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს შოუში და სასაუბრო თემებიც მაქსიმალურად აქტუალური იყოს. არც "ყვითელ" თემებს გამოვრიცხავთ, არც აბსტრაქტულს, ზოგადსაკაცობრიოს, თუნდაც ყოველდღიურ კონკრეტულ პრობლემებს...

კოტე:

- ვფიქრობ, შესაძლებელია მე და განომ შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთის ახალი თვისებებიც კი აღმოვაჩინოთ....

განო:

- სხვათა შორის, ეს ჩვენი თანამშრომლობის პირველი მცდელობა არ არის. ერთმანეთი სწორედ თანამშრომლობისას გავიცანით - ფილმის გახმოვანებაზე შევხვდით.

კოტე:

- განო სწორედ იმიტომ გაჩნდა ამქვეყნად, რომ ჩემი მეორე ნახევარი გამხდარიყო.

(ამ დროს საუბრის დამსწრე ტასომ - კოტეს და განოს პატარა გოგონამ დერეფნებში გასეირნება მოინდომა და კოტემაც ნება დართო, ამან კი განო გაანერვიულა. - ავტ.)

- ბავშვების საკითხში ვერასდროს ვთანხმდებით. კოტე მხოლოდ მაშინ ხდება შეურაცხადი, როდესაც მის ნივთებს ეხებიან და არა მარტო ტასოს, თარაშსაც ისე ტუქსავს, თითქოს დიდი ბიჭი იყოს.

კოტე:

- მე და განოს ორი შვილი გვყავს: 5 წლის ტასო და 2 წლის თარაში, მე უფროსი შვილიც მყავს, ბუკა.

- თარაში "მთვარის მოტაცების" პერსონაჟის - თარაშ ემხვარის ეშხით დაარქვით?

- ასეა. მოვილაპარაკეთ, რომ პირველ ბავშვს სახელს განო შეურჩევდა, ამიტომ გოგონას თვითონ დაარქვა ტასო...

განო:

- ტყუი... სახელი ტასო შენც მოგწონდა.

კოტე:

- რომც არ მომწონებოდა, ვერ ჩავერეოდი - მხოლოდ შენ იყავი უფლებამოსილი. მეორეს კი მე ვარქმევდი სახელს. ვისარგებლე ამ უფლებით და დავარქვი... მოკლედ, სახელების დარქმევის თემას არ დავხურავ და დარწმუნებული ვარ, ჩვენს რომელიმე გადაცემაში დავუბრუნდებით.

განო:

- და ყველას ეგონება, რომ პირველი ბავშვის სახელის უფლება დამითმე. იცოდე, მეწყინება და შურს ვიძიებ...

- ინტერვიუს ჩაწერისას რამდენს კამათობთ და გადაცემაში რაღას იზამთ! ასე მგონია, მაგიდის ჩოგბურთს - პინგ-პონგს ვუყურებ, ისე ისვრით ფრაზებს.

- ასე ვიხალისებთ დაძაბულ ყოველდღიურობას (იცინის).

კოტე:

- ხან სტუმარს ექნება განსხვავებული აზრი, ხან მე და განოს, ამიტომ გადაცემაში კამათიც იქნება და დაპირისპირებაც.

- იმედია, ოჯახურ სკანდალსაც ვერ ავცდებით.

კოტე:

- არაფრისგან ვართ დაზღვეული, რა ვიცი, როგორ მოიქცევა განო...

განო:

- მთავარია, გულახდილები ვიყოთ. მე და კოტე ყოველთვის ვცდილობთ ამას - პირადი ურთიერთობისას თუ მეგობრებთან, სამსახურში თუ ინტერვიუსას. პროექტის ფორმატიც ასე მოითხოვს - უნდა ვიყოთ გულახდილები და არ ვითამაშოთ, შესაბამისად, არც ცხარე კამათს გამოვრიცხავ...

კოტე:

- რომელიც შეიძლება ჩხუბშიც გადაიზარდოს. ასეთია ცხოვრება.

- და ამ შემთხვევაში შეიძლება სტუმარი გახდეს მედიატორი?

- იყოს მედიატორი, რა უშავს, მთავარია, მსხვერპლად არ იქცეს (იცინის). ჩვენ ვიქნებით სტუდიაში და შესაბამისი განწყობით, როგორც დილით გავიღვიძეთ (ჩემო ცოლო, ნუ მიყურებ ეგეთი სახით, - მიმართავს განოს და გასაგებია, რომ მსგავს ფრაზას კოტესგან გადაცემის მსვლელობისასაც ბევრჯერ მოვისმენთ. - ავტ.)...

ტასო (უცებ ერთვება):

- არაჩვეულებრივ ხასიათზე იღვიძებენ. ყოველთვის ასეა.

განო:

- კოტეს იმის თქმა უნდა, რომ გადაცემაც ისე აეწყობა, დილიდან როგორ გუნებაზეც ვიქნებით.

- ანუ, თუ მარცხენა ფეხზე ადგებით, გადაცემაც "შარიანი" იქნება?

კოტე:

- მაყურებელი არაფრით დაზარალდება, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ მაყურებელი ჩვენს განწყობას ვერ იგრძნობს.

ტასო:

- მარცხენა ფეხზეც რომ ადგნენ, მაინც კარგ განწყობაზე იქნებიან.

კოტე:

- შვილიც ამას ჰქვია - ოჯახის ამბები გარეთ არ გააქვს (იცინის)! მოკლედ, დიდი იმედი მაქვს, მაყურებელიც იაქტიურებს და სპონსორებსაც დავაინტერესებთ, მხარი დაგვიჭირონ. თემებს იმის მიხედვით შევარჩევთ, ვის რა აწუხებს, ვის რა სტკივა, ვის რა აინტერესებს.

განო:

- შეიძლება ჩემთვის აქტუალური თემები იოლადაც "გავიტანო" - კოტეს მოთაფვლის ბევრი ხერხი ვიცი (იცინის). ჩვენი თანაცხოვრების განმავლობაში იმდენი კომიკური ეპიზოდი ყოფილა, ვიმედოვნებ, გადაცემის მსვლელობისასაც არ მოგვაკდება ასეთი სიტუაციები. ოღონდ ხელოვნურად არაფერი გათამაშდება.

კოტე:

- თემებს ცენზურა არ შეგვიზღუდავს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეთიკის ნორმებს დავარღვევთ. თემებს გვიკარნახებს ყოველდღიურობა და ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის აქტუალურობა, ასევე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის ინტერესსაც გავითვალისწინებთ. ბევრი საინტერესო და არაორდინარული სტუმარი გვეყოლება, არავის მოვერიდებით და საკუთარ განწყობას, მოსაზრებას გულახდილად გაგიმხელთ. განო თავის აზრს იტყვის, მე - ჩემსას, სტუმარი - თავისას. თუ ასეთი გულწრფელი საუბრით მშვიდად ამოვთქვამთ, რაც დაგვიგროვდა, ეკრანს მიღმა ბევრ კონფლიქტსა და ვნებათაღელვას ავირიდებთ. კიდევ იცით, რით მხიბლავს ეს პროექტი? განტვირთვისთვისაა საუკეთესო: "ლანჩთაიმი" გვაქვს, სამსახურისგან ვისვენებთ და მცირე ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ ათას რამეზე - რა ხდება ჩვენს ოჯახში, სამეგობროში, სამეზობლოში, ქვეყანაში...

- კოტე, ბოლო ხანს ნამდვილი ოჯახური "ლანჩთაიმი" როდის გქონდათ თქვენ და განოს?

განო:

- ყოველდღე გვაქვს. სხვაგვარად არ შეგვიძლია. ორივენი ძალიან ემოციურები და იმპულსურები ვართ, საკმაოდ რთული ბუნება გვაქვს, ჩვენი კარდიოგრამა სულ ადი-ჩადის და ალბათ ასე უფრო საინტერესოა თანაცხოვრება. ზოდიაქოთი ტყუპი ვარ და ხომ წარმოგიდგენიათ, ერთდროულად რამდენი აზრი მომდის თავში, ერთდროულად რამდენ რამეს ვფიქრობ. სხვათა შორის, კოტეს ძალიან უყვარს დღიურებში ჩანაწერებად ქცეული ჩემი ნაფიქრალის კითხვა. კოტე რომ გავიცანი, მაშინ ძალიან აქტიურად ვწერდი ტანკებს (საერთოდ, 3 წლის ასაკიდან ვწერ), თვითონ კი ვერაფერს წერდა. ჩემმა ნაწერებმა მასაც უბიძგა წერისკენ და თურმე ძალიან მაგარი ლექსების წერა შესძლებია, ოღონდ რუსულად.

კოტე:

- 30 წლის რომ გავხდი, ჩემი დაბადების დღე რომ თენდებოდა, თითქოს გონება გამეხსნა და ერთ ღამეში რამდენიმე ლექსი დავწერე - ყველა განოს ეძღვნებოდა, ჩვენს სიყვარულს, ურთიერთობას.

განო:

- კოტე წერილებით "ლაპარაკსაც" მივაჩვიე - თავისუფალი დრო თუ გვაქვს, ხმას არ ვიღებთ და დიალოგს ვწერთ. იცით, რა საინტერესოა?

- სხვათა შორის, ამ ფორმით ხშირად "საუბრობდნენ" გოდერძი ჩოხელი და მისი მეუღლე ნინო.

კოტე:

- ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილიც! ოღონდ არ იფიქროთ, რაც ილია ჭავჭავაძის როლი შემომთავაზეს, მას შემდეგ დავესესხეთ მათ იდეას. ეს ურთიერთობა ბუნებრივად ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ სამწერლო ასპარეზი, მოედანი მთლიანად განოსია, მე მხოლოდ კარგი მეკარე ვარ, ანუ მიმღები.

- გადაცემის მსვლელობისას ურთიერთობის ამ მეთოდსაც გამოიყენებთ?

- ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, რაც სასარგებლო იქნება ჩვენი გადაცემისა და მაყურებლისთვის. მაგალითად, დღეს ტასიკო თანასწორად რომ გრძნობს თავს ჩვენთან და ხშირად გვერთვება საუბარში, ასეთივე თანასწორობა გვექნება გადაცემაშიც. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მისმა თანატოლებმაც გაგვიზიარონ თავისი პრობლემები, ან სულაც გადაცემაშიც მოვიწვიოთ და მთელი გადაცემა მათი ასაკის ადამიანების საფიქრალ-სატკივარს მივუძღვნათ. მოკლედ, არაფერს გამოვრიცხავ.

- განო, დები იშხნელების შთამომავალი ხართ და დარწმუნებული ვარ, კარგად მღერით, ვეჭვობ, კოტეც უნდა მღეროდეს. გადაცემაში მუსიკალური ჩანართები გექნებათ?

კოტე:

- განო არაჩვეულებრივად მღერის, მაგრამ რატომღაც გაბედულება აკლია. იცით, როგორ ასრულებს "იავნანას"?

ტასო:

- დედა "იავნანას" რომ იწყებს, შეიძლება იმ წამში არ დამეძინოს, მაგრამ მაინც მალე ვიძინებ. კიდევ, მე ორსართულიანი საწოლი მაქვს - პირველ სართულზე თარაში წევს, მეორეზე - მე... იცი, მეც ვმღერი. ვიმღერო?

და ჩემი თანხმობით და განოს წინააღმდეგობის მიუხედავად, იწყებს:

"მოწყენილი თუ ხარ/ და ტირილი გინდება,/ იმღერე და ნახავ,/ წყენა დაგავიწყდება..." ინტერვიუ აშკარად შოუდ იქცა და ტასოს სიმღერის ფონზე მთელი ოჯახი აცეკვდა...

მოკლედ, მოწყენილი თუ ხართ და ტირილი გინდებათ, კოტე-განოს უყურეთ და წყენა დაგავიწყდებათ!

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები