"სენაკის ბავშვთა სახლის აღსაზრდელის გვამი მუყაოს ყუთში ჩააგდეს და საიდუმლო ვითარებაში დამარხეს"

"სენაკის ბავშვთა სახლის აღსაზრდელის გვამი მუყაოს ყუთში ჩააგდეს და საიდუმლო ვითარებაში დამარხეს"

რატომ ხურავენ ბავშვთა სახლებს? რა პირობებში აშვილებენ და ხორციელდება თუ არა იმ ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც ოჯახებს სახელმწიფოს მიერ გადახდილი 600 ლარის სანაცვლოდ მიჰყავთ? რა ხდებოდა ბავშვთა სახლებში ან როგორ ექცევიან ოჯახები აყვანილ ბავშვებს? სენაკის ბავშვთა სახლის ყოფილი ბენეფიციარი, ვალერი ჩიტაია გვიამბობს, რა ვითარებში უწევდათ ბავშვთა სახლში ცხოვრება.

- სენაკის ბავშვთა სახლში ვარ გაზრდილი და ვიცი, რა ხდება იქ. ჩემს დროს კარგი პირობები ნამდვილად არ იყო: წლების წინ ისეთი რაღაცები გამოვიარე, არ მინდა, სხვებმაც იგივე ბედი გაიზიარონ. ჩემი პროტესტიც ამას უკავშირდება - დღეს ბავშვები, ადრინდელთან შედარებით, უკეთეს პირობებში არიან. სენაკის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, გაოცდებით, ისეთი პირობები აქვთ, მაგრამ არიან ადამიანები, სოციალური მუშაკები, რომლებსაც ისინი ბავშვთა სახლებიდან გაჰყავთ და ისეთ ოჯახებში აშვილებენ, შეიშლებით. იმ ოჯახებსაც ფულის გამო მიჰყავთ, თორემ ბავშვები სულ ფეხებზე ჰკიდიათ. პატარები სახლში ჰყავთ გამოკეტილი და არსად გაჰყავთ მაშინ, როცა ბავშვთა სახლში სწავლობენ, ხალხთან ურთიერთობაც აქვთ და მათზე ისეთი ადამიანები ზრუნავენ, ვინც ეს საქმე იცის. თვითონ ბავშვებსაც არ უნდათ წასვლა, მაგრამ აიძულებენ. მაქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით ორი წლის წინ, ბავშვს, რომელიც მინდობით იყო ოჯახში, ვირუსი შეხვდა, რის შემდეგაც დააბრუნეს, მაგრამ მისი ავადმყოფობის შესახებ დამალეს... ბავშვთა სახლში არაფერი დააკლეს, მაგრამ მაინც ქუთაისის საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა, სადაც ერთი კვირა იწვა და შემდეგ გარდაიცვალა. ეს ფაქტი დირექტორს არ შეატყობინეს, რომ ეკლესიური წესით დაეკრძალა - ბავშვის გვამი მუყაოს ყუთში ჩააგდეს და ისე დამარხეს. დირექტორმა რომ მოიკითხა, უთხრეს – ექსპერტიზაზეა და მერე გადმოგცემთო. ამ ამბავთან დაკავშირებით, ლიკა სანებლიძეს დაურეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან, რომელმაც თქვა – მიანებეთ თავი, მომკითხავი მაინც არავინ ჰყავსო. მხოლოდ მის სიტყვებს ვციტირებ... ასეთი ადამიანები არიან სამინისტროში და მინდობით აღზრდაზე გაჰყავთ ბავშვები, სინამდვილეში კი, ყიდიან და არავის აინტერესებს, როგორ არიან ისინი ოჯახებში. ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა?!

- ბავშვების მდგომარეობით არავინ ინტერესდება?

- ერთადერთი ადამიანი, ვინც დაინტერესდა, მარი მესხია, რომელიც დღეს ბავშვთა სახლებს უდგას სათავეში და ვფიქრობ, მისი სახით ბავშვთა სახლებს ღმერთმა დროზე მოუსწრო. მარტო სენაკის ბავშვთა სახლში ბევრი მოზარდი გარდაიცვალა დაუდევრობით, ამაზე კი ხმა არავის ამოუღია ჩემს გარდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს გააპროტესტა და სენაკის ბავშვთა სახლიდან მკვლელები გაყარა, მარი მესხი იყო.

- ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ოჯახებს პასუხს არავინ სთხოვს?

- ვინ უნდა მოსთხოვოს? არანაირი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ბავშვებს უდიერად ექცევიან. ბევრჯერ მივწერე მთავრობის წარმომადგენლებს, რომ არ დაიხუროს ბავშვთა სახლები, რადგან გაშვილებული ბავშვები ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებიან, მაგრამ არავინ გამომხმაურებია. 400-ზე მეტი წერილი მაქვს გაგზავნილი ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში მოსვლიდან დღემდე, მისთვისაც და პრემიერ ღარიბაშვილისთვისაც, მაგრამ... რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, წერილის გაგზავნას აზრიც არ აქვს, სანამ იქ გია კაკაჩია და მისნაირები არიან. იმდენი ბავშვი ჰყავთ გაყიდული... რთულ ვითარებაში არიან ეს ბავშვები.

ჩვენთან საუბრისას, კიდევ ერთი ბენეფიციარი აცხადებს, რომ არ უნდა, გააშვილონ. უჩა ოსეფოვი: "არ მინდა, ეს ბავშვთა სახლი დაიკეტოს. სოციალური მუშაკები - ნანა პაჭკორია და ლიკა ჟვანია გვაიძულებენ, მინდობით აღზრდაში წავიდეთ, იქ კი ისეთი ბავშვები მიჰყავთ, რომლებიც ვერ აზროვნებენ, ხოლო ვინც ვაზროვნებთ, არ გვინდა აქედან წასვლა. სენაკში ერთი თავშესაფარია, კიდევ არის კოჯორსა და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, რომელთაც დახურვით ემუქრებიან. სულ 26 ბავშვი ვართ, ძალიან კარგი პირობებია და აქედან წასვლა არ გვინდა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ".

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელ თამარ ბოდოკიასაც ვესაუბრეთ.

- ქალბატონო თამარ, რატომ იხურება ბავშვთა სახლები?

- ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია სამთავრობო პოლიტიკა იყო, რომლის მიხედვითაც, ნელ-ნელა ყველა ბავშვი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადადიოდა.

- ოჯახებს, რომლებსაც ბენეფიციარები მიჰყავთ 600 ლარს უხდით, შედმგომში მათი მდგომარეობის მონიტორინგს თუ ახორციელებთ?

- მონიტორინგი ყოველწლიურად ტარდება.

გაზეთი "ვერსია"

ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე" - ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე