რა სკანდალები დატრიალდა ინგა გრიგოლიას "რეაქციის" სარეკლამო პაუზისას?

რა სკანდალები დატრიალდა ინგა გრიგოლიას "რეაქციის" სარეკლამო პაუზისას?

31 იანვარს "იმედის" ეთერში გასულმა ინგა გრიგოლიას "რეაქციამ", რომელიც "ვანოს კადრებსა" და "მუხროვანის ამბოხს" მიეძღვნა, საზოგადოებაში ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ მეორე დღეს პარლამენტის წინ გადაცემის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. "რკინის ნერვები ჰქონია ოთანაძეს, მაგის ადგილას "იმენნა" სისხლს ვარწყევინებდი მაგ ნაბიჭვრებსო", - დაიწერა სოციალურ ქსელში, რომელიც გადაცემის მსვლელობისას, პირდაპირ "აფეთქდა".

მაგრამ გადაცემაზე მყოფი ადამიანებიდან რკინის ნერვები კიდევ ერთ მონაწილეს აღმოაჩნდა, გია კრიალაშვილის დას, რომელსაც მისი ძმის მკვლელის, ვანო მერაბიშვილის სურათი დარბაზში მყოფმა ახალგაზრდებმა სულ ცხვირწინ უტრიალეს.

როგორ მოხვდნენ ეს აგრესიული ახალგაზრდები გადაცემაზე? რატომ არ ალაპარაკეს მოკლული გენერლის, კრიალაშვილის ადვოკატი და რა ხდებოდა კულისებს მიღმა? გვესაუბრება ლია კრიალაშვილი.

- გადაცემის თემა იყო მუხროვანი და ინგა გრიგოლიამ მიგვიწვია მე, ჩემი ადვოკატი ნათია კორკოტაძე, კობა ოთანაძე, ზურა აბაშიძე, მანანა კობახიძე და ლევან ამირიძე. სტუდიაში რომ შევედით, ეს ახალგაზრდები უკვე დარბაზში იყვნენ და არც კი ვიცოდი, ვინ იყვნენ. ასეთ გადაცემაზე თუ ვანოს პლაკატი ექნებოდათ მოტანილი, მაგას ვერც კი წარმოვიდგენდი.

- ანუ, თქვენამდე უკვე დარბაზში ადგილი დაკავებული ჰქონდათ?

- კი. გადაცემა დაიწყო ბოკერიას ჩართვით და თავისი დემაგოგიური ლაპარაკით ნახევარი საათი ტვინი წაგვაჭამა ხალხს. საერთოდ, პირდაპირ ვიტყვი, რომ მთელი გადაცემის მანძილზე ნაციონალები იყვნენ სრულ კომფორტსა და ხელშეწყობაში. თუ ჩვენ შეზღუდულები ვიყავით დროში, მათ ჰქონდათ სრული თავისუფლება საუბარში, მაგათ დროს არავინ უთვლიდა. წეღან (1-ლი თებერვალი) ველაპარაკე ინგა გრიგოლიას პროდიუსერს და პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს იყო ვანოს მხარდასაჭერი ნაციონალების აქცია. ზუსტად ასე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში.

- პლაკატის ფრიალს ითვალისწინებდით?

- ეგ ბავშვები ჩემს პირდაპირ ისხდნენ და სახეში მიფრიალეს ჩემი ძმის მკვლელის პლაკატი. თან უცნაურად გაისმა გრიგოლიას ფრაზა, რაც ძალიან გამიკვირდა: მე თქვენ ხომ არ მომიწვევიხართ გადაცემაშიო, ამ ახალგაზრდებიდან ვიღაცას მიმართა და ჯერ მაშინაც ვერ გავიგე და არც ახლა მესმის: რა გამოდის, ეს ამდენი ახალგაზრდა ტელეკომპანიაში ისე შეუშვეს და ეს ამხელა პლაკატი ისე უჩუმრად შეიტანეს, რომ კომპანიას წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვინ იყვნენ ესენი? "იმედში" მაგ სტუდიაში რომ მოხვდე, უნდა გაიარო რამდენიმე კარი, სადაც სულ დეტალურად გამოწმებენ, კაცს ეგონება, ციხეში შედისო და ამხელა მითრეული პლაკატი ვერ ნახა დაცვამ? ეს ახალგაზრდები, როგორც მერე გავიგე, ორგანიზებულად, ორი მიკროავტობუსით მოვიდნენ და ასევე, ორგანიზებულები იყვნენ დარბაზშიც. მათ პირველად რომ მერაბიშვილის სურათი ამოიღეს, მე ვერც კი წარმოვიდგინე, რა მოხდა და, რომ ეს ამდენი ხალხი მერაბიშვილის მხარდამჭერი იყო, მერე კი, რას ვხედავ! როგორც გითხარით, მეტი წილი გადაცემისა დაეთმო ნაციონალურ მხარეს, ვიდრე ჩვენ, დაზარალებულებს, და გრიგოლიას არც ჩემი ადვოკატისთვის მიუცია საუბრის საშუალება. თუმცა სანამ გადაცემაზე მივიდოდით, მანამდე ხუთი საათი ვიყავით პროკურატურაში დაკითხვაზე და იქ გრიგოლიას პროდიუსერმა, ვინმე სოფომ, ზუსტად ხუთჯერ დაგვირეკა მე და ჩემს ადვოკატს, ხომ მოხვალთ? ხომ მოხვალთო, - სულ გვეკითხებოდა და ახლა მე ვსვამ კითხვას: რა აზრი ჰქონდა გადაცემაზე ჩვენს დასწრებას, როცა ადვოკატს ხმა არ ამოაღებინეს?

- და რა გიპასუხათ ამაზე პროდიუსერმა?

- ეს პირველი გადაცემა იყო და რაღაცები შეგვეშალაო. ხოლო, როგორ იმოქმედებდა ის ფარსი ჩემზე და ბიჭებზე, რაც გადაცემაზე გათამაშდა, ეგ მაგათ არ აინტერესებთ. მაგათთვის ხომ მთავარია, მძაფრი იყოს ყველაფერი! სამაგიეროდ, მერაბიშვილის დამცველები ხომ ალაპარაკეს თითო-თითო საათი და რა ჰქვია ამას?

იქ უამრავი ადამიანი ჰყავდათ მიყვანილი, ნიკა მჟავანაძე, ნანა კაკაბაძე, სხვა უფლებადამცველები და ამ ადამინებს გამოსვლისა და სიტყვის თქმის უფლება არ მიეცათ. ეტყობა, ეგეთი ფორმატი ჰქონდა ინგას, რომ იმათ მეტი უნდა ელაპარაკათ და ჩვენ მოწმეებივით ვმსხდარიყავით. იმ აგრესიული ახალგაზრდებიდან ვინც ყველაზე უფრო მეტს აქტიურობდა, ცოტა უცნაური სახელი ერქვა, შმაგი, თუ შხარა; ეგ და ქერათმიანი გოგო ყველაზე ცინიკურად გველაპარაკებოდნენ და დაგვცინოდნენ, კობასა და ლევანს მოღალატეებს ეძახდნენ და ამაზე ძალიან გავმწარდი, თავი ვერ შევიკავე და ახალგაზრდა გამომსვლელმა რომ ბოდიში მომიხადა, თქვენი ძმა გარდაცვლილია და აქ ასეთი რამ ხდებაო, მახსოვს, გამწარებულმა ვუთხარი, მკვდარი ჩემი ძმა კი არა, ესენი არიან, ეს ახალგაზრდები და ამათი წინამორბედები, თორემ ჩემი ძმა ცოცხალია და ცოცხალი იქნება ყოველთვის-მეთქი. იქ ვერ ვთქვი და ახლა თქვენთან ვიტყვი და დამიწერეთ (აღელვებისგან ხმას უწევს): როცა მთელმა საქართველომ ნახა კადრები, სადაც მერაბიშვილი დგას და ითხოვს ორ გვამს, თან ამატებს, რომ მოგცემთ დიდ პრემიასო, დღეს ეგ გათახსირებული და სისხლისმსმელი რომ გამოდის და ამბობს, რომ თურმე რუსის მრჩევლები ჰყავდა და გვამებში იმათ გულისხმობდა, მიპასუხოს, იმ რუსების გვამები რომ არ ჩანს, რაში აიღეს 12000-12000 პრემია? მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც ეს პრემია აიღო, არის ზვიად ხარაზიშვილი, სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა გიას ლიკვიდაციის სპეცოპერაცია და ვინც ჩაცხრილა ჩემი ძმა პირადად. მაშინ ეს ადამიანი სოდის სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო, ხოლო დღეს გორის შს სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელია.

- თუ იცით, მართალია, რომ გადაცემის დასრულების შემდეგ, როცა გადაცემის მონაწილე ექიმი ჯდებოდა მანქანაში, იქ ინციდენტი მოხდა?

- მე ეგ მითხრეს შემდეგ. რა იყო სინამდვილეში, მე, პირადად, არ ვიცი და რატომ იცით?

- რატომ?

- გადაცემაზე სარეკლამო ჭრის დროს მივედი ამ ბავშვებთან და ვუთხარი, თქვე უსახურებო და მახინჯებო, სულითაც მახინჯები ხართ-მეთქი, და მადლობაო, - იცინოდნენ. ნუთუ მათ მშობლებს არ რცხვენიათ, რომ ამათი სახით მოსიარულე გვამები ჰყავთ სახლებში? და ძალიან ცუდი რამე ვუთხარი, ცუდად დავწყევლე და, ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს ჩემი სიტყვები: ვუთხარი, ისე გავიდეს თქვენი ოჯახიდან თითო კუბო, როგორც ჩემი ოჯახიდან გავიდა, რომ გაიგოთ, რას ვგრძნობ და რა დღეში ვარ-მეთქი. ხოდა, დავამატე: რომ გახვალთ, გადაცემის შემდეგ გნახავთ-მეთქი და არაფერი შეიმჩნიეს. რომ დამთავრდა გადაცემა, ჩემთან მოვიდა ტელეკომპანიის თანამშრომელი და ძალიან მთხოვა, თუ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ და ნუ გაჰყვებითო.

- სწორად მოიქეცით, პროვოკაციის მსხვერპლი გახდებოდით.

- ვიცი, ეგ ვანოს წიწილები სწორედ ამისთვის იყვნენ მოსულები. შეიძლება, რომ არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც 9 აგვისტოზე, არც გირგვლიანის, არც გამცემლიძის, არც რობაქიძის სიკვდილზე ამათ პასუხი არ აგონ? და ეს ყველაფერი უნდა დაივიწყოს ქართველმა კაცმა? გამაგებინეთ, ეს რა ხდება? დიდი მადლობელი ვარ ივანიშვილის, რომ ეს გველები მოგვაშორა, მაგრამ ბოლომდე ხომ უნდა მიეხედოს ამ ამბავს? ძალიან კმაყოფილი გამოვედი პროკურატურიდან, იმედი მომეცა, რომ ჩემი ძმის მკვლელობის საქმე დაიძვრება და მინდა მჯეროდეს, რომ ამ საქმეებს დაამთავრებენ, თორემ რატომ უნდა უძახოს ვიღაცამ ჩემს ძმისშვილს მოღალატის შვილი, როცა ჩემი ძმა საქართველოს სწირავდა თავს?

- გადაცემაზე ხომ არ იყო?

- (ცრემლი ერევა) იყო, იყო მაგას მოუკვდეს ჩემი თავი, და ბავშვმა დარბაზი დატოვა და გავიდა: მამიდა, მერაბიშვილის ხსენებას ვეღარ გავუძელი და დარბაზში რამე რომ არ მექნა, გავედიო. რატომ უნდა ითმინოს, შვილო, ეს ტკივილი? მართლა მკვლელები დღეს თანამდებობებზე არიან და ჩემნაირმა უსამართლობით დაჩაგრულებმა რა ვქნათ? მთელი საქართველო გაყიდეს ამ ნაძირალა მერაბიშვილმა და სააკაშვილმა და ჩვენ ვართ მოღალატის ოჯახის წევრები? მაპატიეთ, უკვე გადავდექი ჭკუიდან, ამათ რომ ვახსენებ, ასე მომდის, წონასწორობას ვკარგავ... ახალაიასა და მერაბიშვილის ადვოკატები მეზიზღებიან, მძულან, ეს კახაძე გამოვიდა და ამბობს, რომ თურმე ოთანაძესა და ამირიძეს უმკურნალეს და გადაარჩინეს და ეგ ადეიშვილის მონა გვეუბნება ამას? გიას რომ გამიზნულად ესროლეს, ამაზე პასუხი არ აქვთ? ვწყევლი მაგათ ჯიშსა და ჯილაგს, და იმ დღეს, ეგენი რომ გაჩნდნენ ქვეყანაზე. აი, ეგ ბავშვები, მანდ, გადაცემაზე რომ შეყარეს, ეგენი იზრდებიან პოტენციური მკვლელები და ცინიკოსები. 1-ელ თებერვალს შევიკრიბეთ პარლამენტთან გამწარებული ადამიანები, ვინც იქ ვიყავით, ვინც ტელევიზორით უყურა ამ გადაცემას და ყველას ეს აზრი ჰქონდა, რომ, რა ხდება? ჩემთან ერთი ჟურნალისტი მოვიდა "რუსთავი 2"-დან და მკითხა, რაც ნახეთ, მერაბიშვილის კადრები ჰქონდა მხედველობაში, უშვებთ თუ არა იმას, რომ ეს შეიძლება იყოს მოდელირებული კადრებიო.

- გვამებზეა ლაპარაკი?

- კი! და გია კრიალაშვილის მკვლელობაც მოდელირებული ხომ არ იყო, ამ ტელეკომპანიას ვეკითხები? არა? ახლა რომ ვფიქრობ, გრიგოლიას გადაცემაზე არ უნდა მივსულიყავი და რა უნდა მოხდეს, რომ, კიდევ რომ დამიძახონ, წავიდე. არავითარ შემთხვევაში, სიმართლე კი თავის გზას იპოვის...

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ასევე იხილეთ ვიდეო: "შენი პრეზიდენტი გამოიქცა ომიდან, გორის მიწა ცხვირით მოხნა იმ ნაძირალამ"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები