თემიკო ჭიჭინაძეს წიგნის მაღაზიაში სიარულის აზარტი აქვს

თემიკო ჭიჭინაძეს წიგნის მაღაზიაში სიარულის აზარტი აქვს

მსახიობ თემიკო ჭიჭინაძეს პოეზია უყვარს და ხშირად კითხულობს. ასევე ინტერესდება თანამედროვე მწერლების შემოქმედებით და მისთვის უკვე ნაცნობ ავტორებსაც ხშირად უბრუნდება. შეუძლია, ნაწარმოებს კომპიუტერში გაეცნოს, მაგრამ მისთვის წიგნს უფრო სხვა ''მუღამი'' და ''იდუმალება'' აქვს. წლების განმავლობაში გამორჩეულად მოსწონდა არაერთი პერსონაჟი, მათ შორის დ"არტანიანი, ჰოლდენ კოლფილდი, ხოლო დონ კიხოტი დღემდე მის საყვარელ გმირად რჩება. ამბობს, რომ წიგნებზე ყოველთვის გულით ლაპარაკობს და ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი თემაა...

- ხშირ შემთხვევაში პოეზიისადმი ტრაფარეტული მიდგომაა. ზოგიერთმა ადამიანმა ერთი პოეტის რამდენიმე საყოველთაოდ ცნობილი ლექსი იცის და ჰგონია, რომ იმ პოეტის პოეზიას იცნობს. ვთქვათ, თუნდაც გენიოს გალაკტიონს, მაგრამ მას მხოლოდ ''მე და ღამე'' არ დაუწერია. ლექსი პოეტის ცხოვრებაა და ისინი ეტაპობრივად, წლების მიხედვით რომ დაალაგო, მიხვდები, რა გაიარა და როგორ ყალიბდებოდა ესა თუ ის ადამიანი.

- თეატრალურ ინსტიტუტში, ალბათ, უმთავრესად პროფესიული ლიტერატურის კითხვა გიწევდათ...

- დიახ. ბატონი გიგა ლორთქიფანიძისგან მკაცრი დავალება გვქონდა, რომ ყოველდღიურად თითო პიესა გვეკითხა. გვეუბნებოდა, პიესებს ახლა თუ არ წაიკითხავთ, მერე საერთოდ აღარ დაინტერესდებით, არადა, მსახიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია პიესების ცოდნაო. ახლა რომ ვიხსენებ, თვის განმავლობაში 30 პიესას ნამდვილად ვერ ვკითხულობდი, მთლად ასე ბეჯითადაც ნუ გამომიყვანთ (იღიმის), მაგრამ სტუდენტობის დროს, ბატონი გიგას დავალებით, ძალიან ბევრი პიესა მაქვს წაკითხული. სხვათა შორის, შემდეგ ეს ჩვევაში გადამივიდა და ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ჩემთვის ახალ დრამატურგებს.

- უწინ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა ამა თუ იმ ავტორის წიგნის ხელში ჩაგდებას...

- დიახ, განსაკუთრებით მათი, ვინც არ იყვნენ პოპულისტური რეჟიმის იდეოლოგები. იყო პერიოდი, როცა წიგნი ჩემი ხელით ამიკინძავს. ნაწარმოებებს სხვადასხვა ჟურნალიდან ვაგროვებდით. ძირითადად ეს იყო ''ინასტრანნაია ლიტერატურა'', სადაც იბეჭდებოდა ისეთი შემოქმედება, რომლის შოვნა შეუძლებელი იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში გვიწევდა ფურცლების ამოხევა და ბოლოს წიგნად ვკინძავდით. დღემდე მაქვს შემონახული რამდენიმე ასეთი წიგნი. მათ მუყაოზე გადაკრულ ბორდოსფერ ყდას ვუკეთებდი. წიგნების თხოვებაც ძალიან აქტიურად ხდებოდა და ამგვარად ხელიდან ხელში გადადიოდა. ასე მაქვს წაკითხული ''დოქტორი ჟივაგო''. წიგნი აუცილებლად უნდა დაგებრუნებინა დათქმულ დროს, რადგან შემდეგ სხვაც იყო რიგში. საერთოდ, ჩვევად მაქვს წიგნის მაღაზიებში სიარული. შეიძლება არაფერი ვიყიდო, მაგრამ აუცილებლად უნდა დავათვალიერო, ხანდახან რამეს გამოვაყოლებ ხოლმე.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს