ნინო იმერლიშვილი "პალიტრამედიის" თანამშრომელია. უკვე 5 წელია, რაც აღნიშნულ კომპანიაში მუშაობს, მოდერატორი გახლავთ. საიტებზე - "ამბები.გე" და "პალიტრა ტვ.გე" ატვირთული სტატიებისა და ვიდეომასალებზე გაკეთებული კომენტარების გაფილტვრა ევალება. ნინო, წლებია უკვე ამ საქმეს ემსახურება და დღემდე ვერ შეეგუა ფაქტს, რომ მკითხველი ყოველი სტატიის ქვემოთ გაკეთებულ კომენტარში დიდწილად საოცარ აგრესიას ავლენს...
ნინო იმერლიშვილი:
- ძირითადად დაკავებული ვარ იმით, რომ სტატიების ქვემოთ, მკითხველის შენიშვნაში არ გავიდეს უხამსი კომენტარები, გინება, მუქარა. ხშირია შემთხვევა, როცა ეროვნული შუღლის გაღვივებას ცდილობენ, თავად მკითხველიც უპირისპირდება კომენტარების საშუალებით ერთმანეთს. ეუხეშებიან. არის მოწოდებები, როცა აღშფოთებულები წერენ, საქართველოდან გავყაროთ ყველა ერის წარმომადგენელი, განსაკუთრებით ებრძვიან სომხებს (ადგილი აქვს ერთა შორის შუღლის ჩამოგდების ფაქტებს). ეს ყველაფერი იბლოკება.
დამეთანხმებით, ეს თემა ზოგჯერ იმაზე საშიში და უსიამოვნოა, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნებაზე გამოთქმული უხამსი კომენტარი. თუმცა გინება ყოვლად დაუშვებელია და ის არც გადის კომენტარებში, მაშინვე იბლოკება.- როგორ ფიქრობ, კომენტარების ავტორები ერთი პატარა, კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლები ხომ არ არიან?
- ხანახან შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ყველაფერს თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მთლად ასე არ არის... კომენტატორი ხშირად ერთი და იგივეა, უბრალოდ ნიკს ცვლის. ამის დადგენა მათი "აიპი" ინდექსით შეიძლება.
- ანუ შესაძლებელია იმის დადგენა, თუ ვისი კომპიუტერიდან არის გამოგზავნილი კომენტარი?
- კი, რა თქმა უნდა, ვიცით, ვისი კომპიუტერიდან იგზავნება... მათი კომპიუტერის ინდექსი ფიქსირდება, თუ მოვინდომებთ, თითოეულის იდენტიფიკაციაც მოხდება.
- რა შემთხვევაში?
- თუ ვთქვათ, კონკრეტულმა ადამიანმა მოითხოვა რომელიმე კომენტარის ავტორის ვინაობის დადგენა, მას შეუძლია, მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლოს ძალით მოსთხოვოს...
ხანდახან ისე იძაბება სიტუაცია, რომ გასანეიტრალებელ კომენტარებს მეც ვდებ. ამ საქმეში უფრო აქტიური საიტი ახალი შექმნილი რომ იყო, მაშინ ვიყავი. თავიდან კომენტარები არ მოდიოდა და პრობლემა ეგ იყო. ახლა კი იმდენია, რომ როგორ დავაწყნარო ხალხი, პრობლემა ეს არის.
- როგორ ფიქრობ, რა იწვევს ხალხის ასეთ გაღიზიანებას?
- კონკრეტულად პასუხი მიჭირს... რეაქცია აბსოლუტურად ყველაფერზე აქვთ, ყველანაირ სტატიაზე. თავიდან პოლიტიკოსების მიმართ ჰქონდათ აგრესია, ახლა შოუბიზნესის წარმომადგენლებს ერჩიან.
- ბევრია უცენზურო კომენტარები?
- კი, ისეთი საშინელი გინების სერია მიდის ხოლმე, რომელიც არ მოისმინება და არც შეიძლება რომ გავიდეს. ის კი არა, პირველ ასოს რომ მიუთითებენ და მერე წერტილებს წერენ, იმასაც კი ვშლი. მოკლედ, გინებას ყველა კონტექსტში ვბლოკავ და უარეს კომენტარში უარესს ვირჩევ.
- ხშირად წამიკითხავს კომენტარებში სიტყვა - ნაძირალა. ამას უშვებ?
- კი, ეგ რა მოსატანია იმასთან, რასაც ვშლი... სამწუხაროდ, ეგ იმის ფონზე გადის, თუმცა გული მწყდება და მტკივა, რომ ადამიანებს ასე ლანძღავენ, მაგრამ დამიჯერეთ "ნაძირალა" იმდენად "ანგელოზი" კომენტარია იმ საშინელებებს შორის, რასაც ჩემი თვალები ხედავს, რომ...
კონკრეტულ თემაზე ვთქვათ, 600 კომენტარი მოვიდა, იქიდან საიტზე მხოლოდ 200 გადის. მოკლედ, ვშლი და ვშლი...
- შარშან ზაფხულს, მომღერალ ნინი ბადურაშვილის ცხოვრებაში უსიამოვნო ამბები მოხდა. ნინი მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. შეიძლება ითქვას, რომ მაგ კომენტატორებისგანაც სერიოზული გაკილვისა და "დარტყმის" ობიექტი აღმოჩნდა.
- იცით, რა? ნინის შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ მასზე მოსული კომენტარების წრე არც ისე ფართოა. ერთი და იგივე კომპიუტერიდან, სხვადასხვა ნიკით ბევრი კომენტარი მოდიოდა. შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ამაზე რამდენიმე ადამიანი მუშაობდა. მომეჩვენა, რომ ისინი მისი საახლობლოდან უფრო იგზავნებოდა, ვიდრე უცხო ადამიანებისგან.
- "დარტყმის" ობიექტი სოფო ნიჟარაძეც ხდება ხოლმე.
- კი, სოფოს განსაკუთრებულად ესხმიან თავს. უამრავი კომენტარი მოდის, მაგრამ ასევე უამრავი იშლება. სოფოს შემთხვევაში ძირითადად ის ხალხი აქტიურობს, ვინც პოლიტიკურ თემებზე აკომენტარებენ... ამდენი აგრესია პირადად ჩემთვის დამთრგუნველია, რადგანაც ყველაფერი ჩემზე გადმოდის და ვიფიტები... გაოცებული ვარ იმით და ვერ ვიგებ, თუ რა ხდება ხალხში. ძალიან ცოტაა პოზიტიურად განწყობილი ადამიანი. არადა, საიტი ყველას მოუწოდებს, დაიცავან ეთიკისა და ზრდილობის ნორმები... სამწუხაროა ისიც, რომ კრიტიკასა და შეურაცხყოფას ვერ ასხვავებენ, ან არ უნდათ, რომ გაასხვავონ. სამწუხაროდ, დაბალი ინტელექტს ავლენენ. შემიძლია კომენტარი გავუშვა - ეს მთავრობა, ან შოუბიზნესი რა ბანძია... მაგრამ როდესაც ვიღაც წერს, რომ ვთქვათ, ნინი ბადურაშვილი ბანძია, ძნელია ამის გაშვება...
- იქნებ უფრო დააკონკრეტო და დაასახელო ადამიანები, ვისზეც ყველაზე მეტი აგრესია მოდის და ვისზეც ყველაზე მეტი კომენტარის დაბლოკვა გიწევს...
- ესენი არიან: სოფო ნიჟარაძე, ია ფარულავა, ნინი ბადურაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია ბუნიათიშვილი.მათ მინიმალური სხვაობით მოჰყვებიან: ნინა წკრიალაშვილი, ხატია სიჭინავა, თიკა ჯამბურია, თამუნა მუსერიძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლალი მოროშკინა, თეა თუთბერიძე, გიორგი თარგამაძე, ირაკლი ოქუაშვილი, დავით საგანელიძე, გოგა ხაჩიძე, გიგა ბოკერია...
- დადებითი კომენტარები ვისზე იგზავნება?
- პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ გიორგი ყიფშიძე ძალიან შეუყვარდათ, უყვართ თიკა ფაცაცია, გიორგი ვარდოსანიძე. სალომე ჭაჭუაზე დადებითი კომენტარები მანამდე იგზავნებოდა, სანამ ვარდოსანიძესთან ურთიერთობას გაამჟღავნებდა. ამის შემდეგ მასზე უარყოფითი კომენტარების ზღვა წამოვიდა... აქვე ვიტყვი, რომ კომენტარებს დაემატა ახალი ფუნქცია, მკითხველს შეუძლია, მოიწონოს ესა თუ ის კომენტარი ''ლაიქით''...
- როგორც აღნიშნე, ხშირად მკითხველი ერთმანეთსაც უპირისპირდება...
- კი, თვითონ დაეტაკებიან ხოლმე ერთმანეთს. მერე ტელეფონის ნომრებს სწერენ, შევხვდეთო და რაღაც ასეთი... დამერწმუნეთ, რომ მოდერაცია რომ არ იყოს, ჩვენი საიტი გაქრებოდა და ასეთი რეიტინგი აღარ გვექნებოდა, წაგვლეკავდა ეს აგრესიული ხალხი...
- რას იტყვი იმაზე, რომ არ იყოს საერთოდ მკითხველის კომენტარის გრაფა?
- საერთოდ არ იდებოდეს კომენტარი? არა, ხალხს საკუთარი პოზიციისა და აზრის გამოხატვა უნდა შეეძლოს, მაგრამ მოდერატორიც საჭიროა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დააბალანსოს. ერთი ძალიან უცნაური "მკითხველი" მყავს, რომელიც ძირითადად, პოლიტიკურ თემებზე აკომენტარებს. ძირითადად, დადებითი კომენტარები აქვს, ისეთი, რომ არც წაიკითხო, შეგიძლია გაუშვა, შეიძლება ერთ თემაზე 50-60 პოზიტიური მესიჯი გამოგზავნოს, ოღონდ, სხვადასხვა ნიკით აგზავნის. რა თქმა უნდა, ფილტრაციას ისიც გადის.…
გვწერენ იმასაც, რომ "პალიტრამედია" "ქოცები" ვართ, მაგრამ "ნაციონალებსაც" გვეძახიან... მე ის ვიცი, რომ ობიექტურები ვართ და ვცდილობ, ობიექტურობა მეც შევინარჩუნო. მოკლედ, მნიშვნელოვანია, რომ არავინ გასცდეს ეთიკისა და ზრდილობის ნორმებს. ამიტომ, ხანდახან ძალიან მკაცრი ვარ ხოლმე, ხანდახან კი საშუალებას ვაძლევ, რომ ადამიანი დაიცალოს. მოკლედ, მთავარია, შეურაცხყოფაში არავინ გადავიდეს. ვისურვებდი, რომ კომენტარებში იუმორი მეტად ჭარბობდეს. თუმცა, ხანდახან იუმორსაც ავლენენ, მაგრამ ეს უფრო იშვიათია...
- პრაქტიკულად, გამშველებელის როლში გიწევს ყოფნა.
- კი, ასე გამოდის...
- და გამშველებეს მეტი რომ ხდება, ესეც ხომ იცი?
- კი და მეც მერჩიან ხოლმე... მაგრამ ისე მივეჩვიე ამ ჩემს საქმიანობას, რომ... მაგრამ ამ შრომატევადი საქმიანობის მიუხედავად, მიყვარს. მიყვარს "პალიტრამედია" და მიხარია, რომ ასეთ წარმატებულ კომპანიაში ვმუშაობ.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის