როდის აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს დეპრესიული პერიოდი და როგორ ახერხებს როსტო მის დამშვიდებას

როდის აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს დეპრესიული პერიოდი და როგორ ახერხებს როსტო მის დამშვიდებას

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და ლევან როსტოშვილის მეგობრობა წლებია, გრძელდება. რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ ლევანი კვლავ დაუბრუნდება "ნანუკას შოუს" და მისი თანაწამყვანი გახდება. მეგობრებს სტუდიაში ვესტუმრე. მაგიდაზე ულამაზესი ტორტი დამხვდა, რომელიც თურმე, ნანუკას ერთ-ერთმა რესპონდენტმა მიართვა.

-  როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

ნანუკა:

-  ჩემი უახლოესი მეგობრის - თათა სახელაშვილის ძმა ძალიან უსამართლოდ მოკლეს. მე და თათა ერთად გავიზარდეთ და შესაბამისად, მისი ძმა ზუკაც სულ ჩვენთან იყო. ზუკა და როსტო უახლოესი მეგობრები იყვნენ და მას მერე, რაც ის დავკარგეთ, როსტოზე გადავიტანეთ ყურადღება. არ შეიძლება, ზუკა ვინმემ ჩაანაცვლოს, მაგრამ როსტოზე რომ ვზრუნავდით, ამით თითქოს, თავს ვიმშვიდებდით. მე ძალიან ცოტა მეგობარი მყავს და როსტო მათ შორის გამორჩეულია.

-  ალბათ ერთმანეთს განსაკუთრებულად უდგახართ მხარში...

-  როსტო არის ის ადამიანი, რომელიც სულ მხარში მიდგას. სხვათა შორის, მეც ვზრუნავ მასზე: ვაკონტროლებ როსტოს გარეგნობას, "ფეისბუკზე" დადებულ ფოტოებს, რომელ გოგოსთან დადის და ა.შ. მოკლედ, "შეჭმული" მყავს.

ლევანი:

-  რვა წელია, ამათ გამო ქალებში არ ვყოფილვარ (იცინის).

ნანუკა:

-  იმ შემთხვევაში, თუ მე და თათა ვთხოვთ, კონკრეტულ ადგილზე წაგვიყვანოს, ეს კი გვეუბნება, - თქვენ ახლა სახლში წადით, მე საქმეები მაქვსო, ე.ი. ვიღაც გოგო ჰყავს შერჩეული (იცინის). ჰოდა, იცის, რომ მის რჩეულს თავიდან ბოლომდე შევამოწმებთ. ვაკვირდებით კოჭის სიწვრილეს, თვალს, წელს, ენის სიგრძეს და ა.შ. ასევე, ბევრად მნიშვნელოვანია, ჩვენ - როსტოს მეგობრებს როგორ მიგვიღებს... ამ ბოლო დროს წნევა მაწუხებს და როსტოს გამუდმებით ჩემ გვერდით ყოფნას ვთხოვ.

ლევანი:

-  ნანუკა ძალიან მშიშარაა. სულ ჰგონია, რომ კიბო აქვს და გამოკვლევებს იტარებს.

ნანუკა:

-  მართალს ამბობს, გამოკვლევებს ნამდვილად ხშირად ვიტარებ.

-  ასეთ დროს მის დამშვიდებას როგორ ახერხებ?

ლევანი:

-  საამისოდ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ, მის გვერდით ვზივარ.

-  ალბათ კურიოზულ სიტუაციაშიც ბევრჯერ აღმოჩენილხართ.

ნანუკა:

-  ბოლო შემთხვევას გავიხსენებ: Gallery-ში ვიყავით მე, როსტო და ჩვენი მეგობარი სანდრო კაკულია (სანდრექსა). იქიდან დილის 8 საათზე მოგვიხდა გამოსვლა. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ხალხი მეც მიცნობს და სანდრექსასაც, მაგრამ ტაქსიში რომ ჩავჯექით, მძღოლმა ჩვენ "იგნორი" გაგვიკეთა, როსტოს კი უთხრა, - ბედნიერი ვარ, ჩემს მანქანაში რომ ზიხარო და ფული არ გამოგვართვა.

ლევანი:

-  მძღოლი კახელი იყო. ჰოდა, როგორც მე მიყვარს კახელები, ისე ვუყვარვარ მათაც...

-  რა კონკრეტულ თვისებებს აფასებთ ერთმანეთში?

-  ნანუკა ძალიან მიყვარს და არასდროს დავუკარგავ იმას, რაც ერთად გავიარეთ; ვუფრთხილდები ყველაფერს, რაც ერთად შევქმენით.

ნანუკა:

-  კონკრეტულად როსტოს რომელი თვისება მომწონს, ვერ გეტყვით. რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს მშვიდია, მე - ფიცხი და ერთმანეთს ვაბალანსებთ.

ლევანი:

-  ნანუკას შვილთან - მარიამთანაც ვმეგობრობ. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია.

ნანუკა:

-  ჩემი ძმის მეგობარიც არის და ირაკლისთანაც ძმაკაცური ურთიერთობა აქვს.

-  ზოგიერთ ადამიანს ბიჭისა და გოგოს მეგობრობის არ სჯერა. თქვენ რა აზრის ხართ ამ საკითხთან დაკავშირებით?

-  ვინც ქალისა და კაცის მეგობრობაზე ცუდად ფიქრობს, დეგენერატია.

ლევანი:

-  ასე არაჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ფიქრობენ.

ნანუკა:

-  საერთოდ, ბიჭებთან მეგობრობაზე ვგიჟდები, მაგრამ ვაღიარებ, როსტოსნაირი ძმაკაცი მეორე არ მყავს. მიყვარს "კაცურ თემებზე" ლაპარაკი და არ მომწონს ჭორაობა. არასდროს ვსაუბრობ ბრენდებზე, "რა გაცვია, რა მაცვიაზე", მძულს ასეთი სნობური რაღაცები. ხუთ ბიჭთან ერთად ხშირად მნახავთ. ნაიარევიც იმიტომ მაქვს შუბლზე, რომ სათამაშოების დამტვრევა მიყვარდა.

-  საზოგადოება რომ გაკრიტიკებთ, ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?

ლევანი:

-  ჩემი თანდასწრებით ნანუკას ვერავინ გააკრიტიკებს. მასზე ცუდ კომენტარებს მხოლოდ სოციალურ ქსელში თუ წავაწყდები, მაგრამ უცნობ ადამიანებს ვერ ავყვები. სამაგიეროდ, ნანუკას აღიზიანებს ასეთი რაღაცები და ვიღაცებს ეპასუხება ხოლმე (იცინის).

ნანუკა:

-  ჯანსაღ კრიტიკას მივიღებ. მაგალითად, ადრე მეტყველების გამო გვაკრიტიკებდნენ. ჰოდა, ეს გავითვალისწინეთ, ორივე მეტყველების მასწავლებელთან დავდიოდით.

ლევანი:

-  ვიცი, რომ მეტყველება არ მივარგა. რას ვიზამ, ყველაფერში მაგარი ხომ ვერ ვიქნები (იცინის)?! იმ დონეზე ვერ ვმეტყველებ, რომ დავუშვათ, გადაცემის წამყვანის ამპლუა მოვირგო.

ნანუკა:

-  არადა, მე "ვექაჩები", რომ ილაპარაკოს. სხვათა შორის, ბოლო დროს ძალიან გასუქდა და ვეუბნები, რომ სპორტს არ უნდა დაანებოს თავი.

ლევანი:

-  ძალიან მძიმე, ნევროზული ხასიათი მაქვს, მით უმეტეს მაშინ, თუ მშია. ამიტომ ვამბობ: დიეტის დაცვა არ მიღირს იმად, რომ ადამიანებთან ურთიერთობა გავიფუჭო.

-  ბოლო დროს შენზე და ნუკი კოშკელიშვილზე ბევრს ჭორაობდნენ...

-  ნუკი ჩემი მეგობარია. ის ყველაფერი, რაც საახალწლო გადაცემაში ნახეთ, დადგმული იყო: ჯერ უნდა გვეფლირტავა და მერე გავსულიყავით საცეკვაოდ. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ინტერნეტ­პორტალებმა ყველაფერი გააზვიადეს... ისე, ნუკი კარგი გოგოა და სიამოვნებით ვიქნებოდი მისი შეყვარებული (იცინის).

-  ნანუკა, ახალი სეზონის პირველ გადაცემაზე რას იტყვი, რომელსაც მაყურებელი ასე ძალიან ელოდებოდა?

ნანუკა:

-  დიახ, ეს იყო გადაცემა, რომლითაც მაღალი "ლეველი" ავწიე. ჩემი პროექტები არასდროს მომწონს, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემას ყოველთვის მაღალი რეიტინგი აქვს. ვფიქრობ, ნანუკამ წლების წინ მაგრად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პრობლემას აწყდებოდა. მაგალითად, ჩემს ძმას რომ იჭერდნენ, მე გადაცემას ვწერდი და ვიძახდი: ცხოველი ვარ-მეთქი. ამას დაემთხვა ისიც, რომ მარიამი სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდა და გიჟური დეპრესია დამეწყო... საქართველოში ბევრი მაგარი ტიპი გვყავს, მაგრამ ამ მაგარ ტიპებში არიან გამორჩეულებიც. მაგალითად, ნინო ქათამაძე თვითმფრინავია, თეონა კონტრიძე - ტანკი. როცა მათ ვუსმენ, ძალაუნებურად, ცეკვა მინდება. ეს ადამიანები ჩემი "სუსტი წერტილია". სამი წელი "ვჩალიჩობდი", რომ ჩემს გადაცემაში ორივე ერთად მომეწვია, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვითანხმებდი. ბოლოს, მიზანს მივაღწიე. სხვათა შორის, კიდევ რამდენიმე ასეთ პროექტს განვახორციელებ. ვფიქრობ, ის, რაც ქართველმა ტელემაყურებელმა ნახა, გადაცემა კი არა, "ფსიხობა შოუ" იყო. ძალიან მაგარი კონცერტი ვაჩუქე ქართველ გემოვნებიან მსმენელს; იმ ადამიანებს, რომლებმაც ხარისხიანი მუსიკისა და ნოტის ფასი იციან... მიხარია, რომ "ნანუკას შოუში" როსტოც დაბრუნდა. მაყურებელს ვპირდები: ძალიან ბევრჯერ გაგაკვირვებთ და სიტყვა "ექსკლუზივსაც" კიდევ ბევრჯერ ვიტყვი.

-  რას ურჩევთ მეგობრებს? რა უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ ისეთივე კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ, როგორიც თქვენ გაქვთ?

ლევანი:

-  უბრალოდ, ერთმანეთი უყვარდეთ...

ნანუკა:

-  მხოლოდ ამას ურჩევ, როსტო?.. ვის ემესიჯები? ვიღაც ცხენს, არა (იცინის)?

ლევანი:

-  კიდევ, ჩემს ნერვებს გაუფრთხილდნენ, არ გამაბრაზონ.

ნანუკა:

-  ამ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მაგარი რამ არის გულწრფელობა. მეგონა, ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ ცხოვრებისეული კრიზისების დროს აღმოვაჩინე, რომ მათი რიცხვი თითზე ჩამოსათვლელი ყოფილა. ჰოდა, ახლა ნამდვილ მეგობრებს ვუფრთხილდები.

-  ეს დიდი და ლამაზი ტორტი ვინ მოგართვათ?

ნანუკა:

-  ჩემმა რესპონდენტმა - მომღერალმა ანი სირაძემ მოგვართვა. ახლა დავჭრი, მაგრამ მე ვერ შევჭამ, რადგან დიეტაზე ვარ.

P.S. ნანუკას საოცნებო გადაცემას, სადაც ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო შედგა, მაყურებლისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მათი აზრით, ეს არ იყო ის, რასაც წამყვანი ტელემაყურებელს ჰპირდებოდა და ზოგი აკრიტიკებდა, ზოგიც - აქებდა. ნანუკამ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მის გადაცემას რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გაუსწრო. ამასთან დაკავშირებით მას კომენტარის გაკეთება ჩვენც ვთხოვეთ, მაგრამ არაფრის თქმა არ ისურვა. ვფიქრობ, რომ გემოვნებაზე ნამდვილად არ დაობენ და ნებისმიერ ამბავს - კარგი იქნება თუ ცუდი, საზოგადოების კრიტიკა მაინც თან ახლავს.

ნინო აბრამიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები