ჟურნალმა "კარიბჭემ" 10 წლის იუბილე აღნიშნა

ჟურნალმა "კარიბჭემ" 10 წლის იუბილე აღნიშნა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ჟურნალ "კარიბჭის" 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საღამოს ჟურნალის მეგობარი გია არგანაშვილი უძღვებოდა. ღონისძიებაზე საგალობლები და მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს ფოლკლორის ეროვნული სკოლის გოგონათა ანსამბლმა "ამარტამ", ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითმა დასმა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლმა "იავნანამ". საღამოს ათობით სასულიერო პირი და ჟურნალის მკითხველი დაესწრო.

როგორც "კარიბჭის" მთავარმა რედაქტორმა თამარ მამაცაშვილმა აღნიშნა, ჟურნალის პირველი ნომერი 2004 წლის თებერვალში გამოიცა. მისივე თქმით, "კარიბჭემ" შეძლო შეევსო დიდი სიცარიელე მრევლსა და ეკლესიას შორის და მკითხველისთვის გასაგებ, მარტივ ენაზე აემეტყველებინა რთული საღვთისმეტყველო წერილები. მისივე თქმით, 10 წელია, თანმიმდევრულად ცდილობს ამოხსნას ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი ამოცანა, რა არის ქრისტიანობა.

"10 წლის წინ ჩვენ შევიკრიბეთ უფლის სახელით, უფლის საქმის საკეთებლად. უფლის წყალობითაა ეს ყველაფერი, რამაც ჩვენ დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. ვმადლობთ მას ყველაფრისთვის. ვმადლობთ ყველა იმ რესპონდენტს, რომელიც გვერდში გვედგა ამდენი ხნის განმავლობაში, ყველა მღვდელმსახურს, რომელიც გვლოცავდა და გვაკურთხებდა და თითოეულ მკითხველს", - აღნიშნა თამარ მამაცაშვილმა.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, მეუფე ანანია, მეუფე სერგი, მეუფე თადეოზი და მეუფე სვიმეონი. მეუფე თადეოზმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ლოცვა აღავლინა. მან აღნიშნა, რომ "კარიბჭე" ძალიან დიდებული, ღრმააზროვანი, საჭირო და სალხინო ჟურნალია.

ამასთან, საბურთალოს პანთეონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევან მათეშვილმა "კარიბჭის" შინაარსის, ხარისხისა და კომერციის სინთეზზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, "კარიბჭე" პიონერია პროფესიული რელიგიური ჟურნალისა და ჟურნალისტების ჩამოყალიბებაში.

როგორც დეკანოზმა ლევან მათეშვილმა აღნიშნა, 10 წლის წინ არსებობდა გამოწვევა, რომ ადამიანებში რელიგიური განათლების დონე ამაღლებულიყო, დღეს კი, მისი თქმით, მხოლოდ ეს არ კმარა და დღეს არსებობს გამოწვევა, რათა თანამედროვე აგრესიულმა სამყარომ დაინახოს, რომ ჭეშმარიტება არსებობს და ჭეშმარიტება ღმერთია.

ჟურნალის საიუბილეო ღონისძიებაზე გამომცემლობა "პალიტრა L"-მა "კარიბჭის" სარედაქციო კოლექტივი მის მიერ გამოცემული წიგნებით დააჯილდოვა. დღესვე დაჯილდოვდა ჟურნალის ერთგული მკითხველი ნათელა კეშელავა. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, "კარიბჭეს" თითქმის დაარსების დღიდან კითხულობს და აღნიშნული ჟურნალი მას მხნეობას მატებს. "მომიწია რაიონში წასვლამ, მძიმე ღამეების და დღეების შევსებას სწორედ ამ ჟურნალით ვახერხებ. ეს ძალიან საინტერესოა. სოფელში მიმაქვს და მსურველებს ვურიგებ, ვინც ამ ჟურნალის ფასი იცის", - აღნიშნა ნათელა კეშელავამ.

ღონისძიების დასასრულს 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საიუბილეო ტორტი გაიჭრა.

იხილეთ სტატია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს