"რატომ არ მსახურობენ მამაკაცები მდივნებად?" - გენერალ ვახტანგ კაპანაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

"რატომ არ მსახურობენ მამაკაცები მდივნებად?" - გენერალ ვახტანგ კაპანაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი დაარსების დღიდან მსახურობს. გარკვეული დროის განმავლობაში, სამხედრო საქმის მიღმაც დარჩა, თუმცა მალევე დაბრუნდა... გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ რთული სამხედრო გზა გამოიარა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ამ სფეროში მარტივი გზა არ არსებობს, რადგან თვით სამხედრო საქმე ძნელი და სახიფათოა... სამხედრო განათლება, როგორც საქართველოში, ისე უცხოურ სამხედრო სასწავლებლებში მიიღო...

- საქართველოს შეია­რაღებულ ძალებში 1990 წლიდან ვმსახურობ. სასწავლებლების არასრული ჩა­მონათვალი, რომელიც დავამთავრე, ასეთია: 1978-1983 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ოკეანოლოგიის სპეციალობით დავამთავრე (სასწავლებელში არსებობდა სამხედრო კათედრა). მარშალის სახელობის სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების კოლეჯი (გერმანია) - წარჩინებით; ეს ძალიან რთული სასწავლებელი იყო... უკრაინის ეროვნული აკადემიის ოპერატიულ-ტაქტიკური ფაკულტეტი - ოქროს მედლით... 2002-2003 აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯში ვსწავლობდი, შემდეგ კი დაიწყო ჩემი სამუშაო ბიოგრაფია. პრეზიდენტის სამხედრო მრჩევლობის გარდა (2005-2006), საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩობამ და პოლონეთის რესპუბლიკაში სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანობად მუშაობამაც მომიწია. 2008-2012 წლებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე ვიყავი. ეს წლები ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში... 2013 წელს, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ, შემდეგ კი - უფროსად დავინიშნე...

- რამდენად მძიმე მემკვიდრეობა დაგხვდათ?

- რა თქმა უნდა, ჯობდა, უკეთესი მდგომარეობა ყოფილიყო, მაგრამ მთავარია, შეიარაღებულ ძალებში პოტენციალი არსებობს და მას გამოყენება სჭირდება... ყველაზე მთავარი, რასაც ამ დროის განმავლობაში მივაღწიეთ, ის არის, რომ სამხედრო მოსამსახურეს ღირსება დავუბრუნეთ. ჩვენი მუშაობის ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ სამხედროს თავისი აზრის გამოთქმის აღარ ეშინია და თავისი პოზიციის დაცვა აღარ უჭირს, არც ინიციატივის გამოთქმისა და პასუხისმგებლობის აღების შიში აქვს... რვა წელი ლაპარაკობდნენ და, როგორც იქნა, მოვახერხეთ, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, სამხედრო პირების ე.წ. "რანგის მიხედვით ანაზღაურებაზე" გადავედით. ეს ნატოს მოთხოვნა იყო... ასევე თანდათან გადავდივართ საბჭოთა საბრძოლო სისტემებიდან - თანამედროვეზე. ეს ეხება მთელ საქართველოში არსებულ სამხედრო ნაწილებს.

- ბატონო ვახტანგ, ხშირად გვესმის, რომ ოფიცრებს დაბალი სამხედრო განათლება აქვთ, რაც სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული, მათ შორის იმითაც, რომ დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობას მხოლოდ 23-წლიანი ისტორია აქვს...

- ვერ დაგეთანხმე­ბით, რომ ოფიცრების განათლების დონე და­ბალია. არ ვიცი, რას გუ­ლისხმობთ, მაგრამ ნებისმიერ თანამდებობას შესაფერისი განათლება და გამოცდილება სჭირდება. თუ ოფიცერს სამი საფეხურით მაღლა დანიშნავ, მას კი, არც შესაფერისი ასაკი აქვს და არც - გამოცდილება, ის პროფესიონალი ვერ იქნება... შესაძლოა, ჩვენი კადეტთა სკოლა, რომელიც მომავალი სამხედროების სამჭედლოა, ნატოს ბევრი ქვეყნის სამხედრო სასწავლებელს სჯობდეს. იქიდან ადამიანი პიროვნულად ჩამოყალიბებული გამოდის და თუ სამხედრო აკადემიაში არ ჩააბარებს, ნებისმიერ სხვა სასწავლებელში ჩაბარების საფუძველი აქვს. რაც შეეხება უცხოეთში განათლების მიღებას, ეს პროცესი გრძელდება: უცხოეთში განათლების მისაღებად საკმაოდ ბევრი სამხედროა წარგზავნილი. გეთანხმებით, რომ წინა თაობიდან ბევრი დაიფანტა, თუმცა ბევრიც შეიარაღებულ ძალებში დავაბრუნეთ. მთავარია, ოფიცრისთვის მისი ასაკის, განათლებისა და გამოცდილების შესაფერისი ადგილი სწორად შევარჩიოთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. რეფორმების შედეგია, რომ ნატოში აღგვიქვამენ არა სახელმწიფოდ, რომელსაც დახმარება სჭირდება, არამედ ქვეყნად, რომელსაც სხვისი დახმარება შეუძლია.

- გასულ წლებში უკანონოდ დათხოვნილ სამხედროებზეც გკითხავთ. მათი ნაწილი დაბრუნდა, მაგრამ ბევრის ბედი ჯერაც გაურკვეველია...

- მესმის იმ ადამიანების, მეც ვიყავი მათ მდგომარეობაში, მაგრამ ახლა საქმე ცოტა სხვაგვარადაა. მაგალითად, სამხედრო პირი, რომელიც 8 წლის წინ მაიორი იყო, ახლა წლოვანებით ამ წოდებას აღარ შეესაბამება და მუშაობას ამ წოდებით ვეღარ გააგრძელებს, რადგან ამ ხნის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებს მოწყვეტილი იყო და საქმესთან თავიდან შეგუება მოუწევს. გარდა ამისა, ამასობაში შეიარაღებულ ძალებში ახალი თაობა აღიზარდა, რომელიც ამჟამად მსახურობს, და რა ვუყოთ ამ ადამიანებს?! ხომ უნდა იყოს ვაკანსია, სადაც წლების წინ დათხოვნილ ადამიანს მივიყვანთ?! ის სამხედრო გავათავისუფლოთ, რომელიც მის ადგილზეა დანიშნული?!. ყველა სამხედროს პატივს ვცემ და მესმის, რომ ბევრი მათგანი უსამართლოდ და დაუმსახურებლად გაუშვეს, მაგრამ რა ვუყოთ იმათ, ვინც იმ წლებში ამ თანამდებობებისთვის აღვზარდეთ?!.

- მაშ, გამოსავალს რაში ხედავთ? ალბათ არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ იმ სამხედროების განათლება და გამოცდილება, რომლებმაც სამხედრო სამსახური სხვა ქვეყანაში გააგრძელეს, საქართველოსთვის ზედმეტი არ იქნებოდა. მაგალითად, ზვიად ჩადუნელი, რომელიც ამჟამად ავღანეთშია...

- დიახ, მაგრამ 2 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა შეიარაღებულ ძალებში და ყველას ვერ დავაბრუნებთ. მაშინ საქართველოს 50-ათასიანი ჯარი უნდა ჰყავდეს და ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხაც უნდა გამოიყოს. სჭირდება თუ არა საქართველოს ამხელა არმია, ეს სხვა თემაა... დაბრუნებული კადრები სამოქალაქო თანამდებობაზე უნდა დავნიშნოთ, სამოქალაქო თანამდებობები კი საკმარისი არ გვაქვს... რაც შეეხება ზვიად ჩადუნელს, რომელიც ჩემი ოფიცერია და კარგად ვიცნობ (ჩემს ბრიგადაში იყო, მე გავუშვი ამერიკის შტაბკოლეჯში): ვმსჯელობთ ამ ადამიანზე, მისი დაბრუნება გვინდა, მაგრამ ის ამჟამად კოალიციურ ჯარებში ერთ-ერთი კომპანიის სამოქალაქო კონტრაქტორია... ძალიან ცუდია, რომ იმ დათხოვნების წლებში ქართველი ოფიცრები სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ; ზოგი ერაყშია, დაცვის სამსახურში. ეს არ ნიშნავს, რომ როდესაც საქართველოში დაბრუნდება, შტაბის კარგი ოფიცერი იქნება. თუმცა, როგორც გითხარით, კონკრეტულად ზვიადსა და რამდენიმე ადამიანზე ვმსჯელობთ. ახლახან რამდენიმე სამხედრო ამერიკის, საფრანგეთისა და გერმანიის სამხედრო კოლეჯებიდან ჩამოვიდა და რა ვქნათ, - აქ თქვენი ადგილი არ არისო, ვუთხრათ?.. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს და ასეც ვაპირებთ... ჩემთვის, როგორც სამხედრო პირისთვის, მათი საკითხი ძალიან მტკივნეულია, რადგან უმეტესობა ან ჩემი ოფიცერია, ან - თანამებრძოლი.

- სოციალურ თემებზეც გკითხავთ: რა ეტაპზეა სამხედრო პირებისთვის ბინების გადაცემის საკითხი? ახლა ალბათ, 2008 წლის ომის მონაწილეებზეა აქცენტი გადატანილი, მომავალში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილეთა დაკმაყოფილება თუა გათვალისწინებული?

- მშენებლობები იმ მასშტაბებით მიმდინარეობს, რის შესაძლებლობასაც ამ ეტაპზე ბიუჯეტი გვაძლევს. ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა ვიცი, რომ ეტაპობრივად გაგრძელდება და 90-იანი წლების ომის მონაწილეებსაც შეეხება. არსებობს კომისია, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. ამ საკითხში მე არ ვერევი, მაგრამ ვიცი, რომ პრიორიტეტები ასეა ჩამოყალიბებული: დაღუპულთა ოჯახები, ინვალიდები და მრავალშვი­ლიანები - ეს ის კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც ბინები დარიგდა. ძირითადი სია წინა ხელისუფლების დროს შედგა. ძალიან გვინდა, სოციალური საკითხები მოწესრიგებული იყოს, ეს სამხედრო პირის მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კონტრაქტის მსურველების კონკურსი გვაქვს, მაშინ, როდესაც 2010 წელს, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი სულ 1200-მა ადამიანმა გამოთქვა. 2013 წლის შემოდგომაზე 4 ათასზე მეტი მსურველი გვყავდა.

- გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტორების შემცირება იგეგმება...

- ტენდენცია ასეთია - სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტორად დარჩენის სურვილი აქვს, მაგრამ რაოდენობა განსაზღვრულია და მოდი, ამას შემცირებას ნუ დავარქმევთ, ეს უფრო ოპტიმიზირებაა.

- სამხედროები ნეპოტიზმის საფრთხესაც შეეხნენ - ანუ შესაძლოა, შეიარაღებულ ძალებში დარჩეს ის ადამიანი, რომელსაც რეკომენდაციის გამწევი ჰყავს და სხვები დაიჩაგრონო... რას იტყვით ამაზე?

- მსგავსი რეკომენდაციების შესახებ ნამდვილად არ მსმენია. როდესაც კონკურსია, უკმაყოფილო ყოველთვის რჩება. ვცდილობთ, მსგავსი ფაქტები აღმოვფხვრათ და თუ რაიმე პრეტენზია არსებობს, გენერალური შტაბის მისაღებში ყოველდღე ღია კარის დღეა და შეუძლიათ, იქ დატოვონ თავიანთი პრობლემების ჩამონათვალი. ვპირდები, რომ გულდასმით გავეცნობი და პასუხიც იქნება.

- 11 თებერვალს ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები გვესტუმრნენ. გასაგებია, რომ მაპ-ზე ოცნება ნაადრევია, მაგრამ იქნებ გვითხრათ, რას ველოდებით ამ ვიზიტისგან? ზოგადად, რა სჭირდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტებთან მისაახლოებლად?

- კითხვის პირველი ნაწილი უფრო პოლიტიკურია. ჩემი საქმე სამხედრო საქმის წესიერად და პროფესიულად კეთებაა. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ ის ამოცანები, რომლებსაც ნატო გვიყენებს. ამ ეტაპზე თუ რომელიმე ქვეყანა არის ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული, ეს საქართველოა, - შეიარაღებული ძალებით, მისი შინაარსით, მოწყობით, სტანდარტებითა და შესაძლებლობით. ამის შედეგი ის არის, რომ ნატოს დავალებით, ჩვენს გამოცდილებას რამდენიმე ქვეყანას ვუზიარებთ. წლეულს ჩვენთან პირველად ჩატარდება სერჟანტთა კონფერენცია, სადაც 51 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და სერჟანტთა სკოლის განვითარებაში საქართველოს გამოცდილებას განიხილავს. 2015 წელს ველოდებით ნატოს რეზერვის კომიტეტს, რომელიც ჩაატარებს კონფერენციას საქართველოს გამოცდილების საფუძველზე რეზერვის კონცეფციის შემუშავებაში... ჩვენი ბიჭები, რომლებიც ავღანეთში არიან, თავიანთ საქმეს უმაღლეს დონეზე ასრულებენ. თუმცა გასაკეთებელი მართლა ბევრია, რადგან, როგორც კი ვიტყვით, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩვენი განვითარება დასრულდება.

- ქართველი სამხედროების მალიში გაგზავნის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. რას აძლევს საქართველოს სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა?

- დავიწყოთ იმით, რომ ავღანეთში ჩვენი სამხედროები ძალზე დიდ ცოდნას იღებენ. იქ ხდება ასევე პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის მიღწევა და გამოცდილების შეძენა. კონკრეტულად, მალიზე ჯერჯერობით ლაპარაკი არ არის, მაგრამ ასეთი ტიპის მისიები თუ პოზიტივს მოგვიტანს, რატომაც არა?! ხიფათი კი ყველგან არის, სწავლებაც შეიძლება, რისკის შემცველი იყოს.

- ვიცი, რომ რეზერვთან დაკავშირებით ახალი კონცეფცია მზადდება, რადგან წლების წინ ბევრი ლამის საბედისწერო შეცდომა იყო დაშვებული...

- დიახ, ახალი კონცეფცია 2014 წლის ბოლოსთვის მომზადებული იქნება. ის არსებულ ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს ეფუძნება, ასევე - ჩვენს ქვეყანაში და მის გარშემო არსებულ სამხედრო და პოლიტიკურ ვითარებას. რეზერვი, არმიასა და საზოგადოებას შორის დამაკავშირებელი რგოლი უნდა იყოს. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეზერვის სწორად განვითარებას, ამიტომ არ ვჩქარობთ. ჩვენ მიერ შემუშავებული პირველადი პროექტი რამდენიმე პარტნიორ ქვეყანას გავუგზავნეთ, შენიშვნებიც მივიღეთ და შესწორებებიც შევიტანეთ. მომავალში გავუგზავნით ასევე, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამხედრო ექსპერტებს, რათა მათი აზრიც გავითვალისწინოთ. შარშან მიგვიღეს ნატოს რეზერვის კომიტეტში დამკვირვებლად, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სარეზერვო სისტემის შექმნაში ნატოც ჩაერთვება. 2015 წლი­დან იმპლემენტაციას დავიწყებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამჟამად არ ვმუშაობთ არსებული რეზერვის გადათვლაზე, გადამოწმებაზე, გამოძახების სისტემის შემუშავებაზე და ა.შ.

- ვეტერანთა დეპარტამენტი ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა. თუ არსებობს საფუძველი, რომ ამ ცვლილებამ ვეტერანებს პრობლემები შეუმსუბუქოს?

- როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ვეტერანთა დეპარტამენტი გაერთიანებული შტაბის შემადგენლობაში იყო; ჩვენ რით უნდა დავხმარებოდით მათ?.. ფინანსები შტაბს არ ჰქონდა, ოპერატიულ გეგმებში არ განიხილებიან ანუ გრძნობების გაზიარების გარდა, ვერაფრით ვეხმარებოდით... არადა, ქვეყანას ჰყავს შინაგან საქმეთა, ჩერნობილის, II მსოფლიო ომის ვეტერანები. საუკუნეების განმავლობაში სულ ომებში ვართ, ამიტომ ლოგიკურია, არსებობდეს ცალკე ორგანო, რომელიც ამ ადამიანებზე იზრუნებს, სოციალურ პრობლემებს მოუგვარებს.

- დასასრულ, ოჯახზეც გკითხავთ. გყავთ მეუღლე და ორი შვილი...

- დიახ, ორივე გოგონაა... სამხედრო კარიერისკენ სწრაფვას ვერც ერთს ვატყობ, თუმცა უფროსი, როგორც "ემორის" უნივერსიტეტის წარმომადგენელი, დაჭრილთა მხარდაჭერის პროექტში მონაწილეობდა. უმცროსი სტუდენტია.

- როგორ აფასებთ ქალის როლს არმიაში?

- საკმაოდ მნიშვნელოვანია. ნატოს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში 300 ათასი ქალი მსახურობს. თუმცა მიმაჩნია, რომ საბრძოლო დანაყოფში არ უნდა იყოს. კავშირგაბმულობასა და სამედიცინო სამსახურში უბადლოები არიან. სხვა მხრივ, რაც უნდა ივარჯიშოს, ქალისა და მამაკაცის კუნთი მაინც განსხვავდება... ქალს აღქმის სხვანაირი უნარი აქვს. დეტალების შემჩნევაც კი შეუძლია, კაცი უფრო კონცენტრირებულია... ისე კი, როდესაც ამ შეკითხვას მისვამენ, სულ მინდა, კითხვა შევუბრუნო, - რატომ არ გაინტერესებთ, მამაკაცები რატომ არ მუშაობენ მდივნებად? ყავას ვადუღებთ ქალზე ნაკლებად თუ უფროსთან საბუთების შეტანა არ შეგვიძლია? ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)