თეა წულუკიანი - საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციებით ხელმძღვანელობენ

თეა წულუკიანი - საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციებით ხელმძღვანელობენ

ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა, მაგრამ აგრეთვე პრიორიტეტია ადამიანის უფლებები, რადგან სწორედ ის ქვეყნები არიან ევროპული ქვეყნები, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის წარდგენაზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა დოკუმენტის შექმნაში მონაწილე უწყებათაშორის საბჭოს, პრემიერ-მინისტრს, თამარ ჩუგოშვილს, გოჩა ლორთქიფანიძეს და თომას ჰამერბერგს, რომელმაც, მისი თქმით, კეთილი მრჩევლის როლი ითამაშა.

"ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას იბრძოდა. 10 წელი ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ იმ საქმეებზე ვწერდი განაჩენებს, რომლებიც საქართველოდან შემოდიოდა და წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს ეხებოდა. პარლამენტში მმართველი უმრავლესობის დეპუტატები არიან ყოფილი ადვოკატები, რომლებიც სტრასბურგში ასაჩივრებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე სამაგალითო საქმეებს და იცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენს მთავრობაში არის ყოფილი ომბუდსმენი, რითაც ყველაფერია ნათქვამი", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციებით ხელმძღვანელობენ. "ეს არის პირველ რიგში სიცოცხლის უფლება, რომელიც აბსოლუტური არ არის და ხანდახან ირღვევა, მაგრამ მსხვერპლს უჩნდება მეორე უფლება, რომ დანაშაული გამოიძიონ და დამნაშავე ადეკვატურად დაისაჯოს. წარსულში ბევრი მაგალითი გვაქვს, როგორ ირღვეოდა ციხეებში ადამიანის უფლებები და ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაც. დღეს ჩვენი მთავრობის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ თუ ჩემი ყოველდღიური საქმიანობა სტრასბურგში იყო პატიმრების საჩივრების განხილვა, დღეს არც ერთი ასეთი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში აღარ შესულა", - აღნიშნა წულუკიანმა.

თუმცა, იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ეს არ კმარა იმისთვის, რომ ითქვას, საქართველოში ადამიანის უფლებები უკვე დაცულია. ამიტომ, წულუკიანის განმარტებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, პრიორიტეტად აქციოს ადამიანის უფლებების დაცვა ქვეყანაში. "ამას რა თქმა უნდა, ყველა მივესალმებით. მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც ამ პროცესში დაგვეხმარება. გარე დახმარების გარეშე ჩვენ ამ პროცესს ისე სწრაფად ვერ განვახორციელებთ, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებრივ მომენტამდე, როგორიც იქნება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"