ნიკა არაბიძის "გაფურჩქნის" ასაკი და "შრომითი სემესტრები"

ნიკა არაბიძის "გაფურჩქნის" ასაკი და "შრომითი სემესტრები"

ენერგიული და ხალისიანი იუმორისტის - ნიკა არაბიძის ცხოვრების სტილით დავინტერესდით, მან კი ჩვენთან საუბრისას გადაწყვიტა, რომ ვარცხნილობა უნდა შეიცვალოს და ვარჯიშიც დაიწყოს. ვიდრე ბატონი ნიკოლოზი საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარდგება და წონაში კიდევ რამდენიმე კილოგრამს დაიკლებს, საკუთარი ცხოვრების ამჟამინდელ სტილზე გვესაუბრება.

- გარეგნობაზე ზრუნვა "გაფურჩქნის" ასაკში, სტუდენტობისას დავიწყე. ინსტიტუტში 1992 წელს ჩავაბარე. ეს "გადასარევი" ცხოვრების განსაკუთრებული პერიოდი იყო: თავის მოვლად მიიჩნეოდა, კარგად ნაჭამი თუ იყავი (იცინის). ვხუმრობ, მაგრამ ამაში სიმართლეც არის... რომ გითხრათ, სახის კანის მოსავლელად კოსმეტიკურ საშუალებებს ვიყენებდი-მეთქი, მოგატყუებთ. ზაფხულობით ვმუშაობდი, სექტემბერში კი სასწავლებელში ახალი ტანსაცმლით მივდიოდი და ეს მსიამოვნებდა.

- ზაფხულობით სად მუშაობდით?

- რუსეთში დავდიოდი. ასე რომ, "შრომითი სემესტრები" მქონდა: ვიმუშავებდი, ცოტა რაღაცას ვიშოვიდი, ჩამოვიდოდი და ვხარჯავდი. ათას რაღაცას ვაკეთებდი. ჩვეულებრივი მუშა გახლდით, აბა, მინისტრად ვინ დამნიშნავდა? მოკლედ, საკუთარ თავს ასე ვარჩენდი.

გრიმი და სახის კანის მოვლა

- პროფესიის გამო რაღაცები მაოცებს: გრიმის გაკეთება ხშირად მიწევს და ჩემთვის ეს მერვე საოცრებაა! ხომ არსებობენ ქალბატონები, რომლებიც დილიდან საღამომდე მაკიაჟით დადიან? ჰოდა, მიკვირს, ამდენი ხნის განმავლობაში სახეზე საღებავს როგორ იტანენ?! გრიმი 2-3 საათი "მადევს" და მაშინაც ცრემლები მომდის ხოლმე. მისი მოშორების შემდეგ სახეს კოსმეტიკური რძით ვიწმენდ, რომ კანი არ გამიღიზიანდეს, არ გამიფუჭდეს... რჩევები ჩვენმა გრიმიორებმა მომცეს.

- გრიმის გაკეთებაში უკვე თქვენც ხომ არ დახელოვნდით?

- დამოუკიდებლად არასოდეს გამიკეთებია, მაგრამ ე.წ. "ბაზას" (პირველად ფენას) წავისვამ. რომ გითხრათ, - კოსმეტოლოგად ჩამოვყალიბდი-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ რაღაცებში მეტ-ნაკლებად ვერკვევი. სახის კანის მოვლას რაც შეეხება, მხო­ლოდ კოსმეტიკური რძით ვიწმენდ, ხელებზე კი ზამთარში, განსაკუთრებით - ქარიან ამინდში კრემს ვისვამ.

ვარცხნილობა და თმის ფერი

- როგორც განსაკუთრებულ ადამიანს, ხედავთ - თმის ფერიც განსაკუთრებული მაქვს (იცინის). სხვათა შორის, ასეთი ფერის თმა ბევრ ქალბატონს მოსწონს: ჩემი მეგობრები სალონებში "დამათრევდნენ" და სტილისტებს ეუბნებოდნენ, - იქნებ თმა ასეთ ფერზე "დაგვაჯდესო". ახლა ცოტა ჭაღარა შემომერია. მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, ზოგადად, ყველაფერზე ვფიქრობ, ვნერვიულობ და ალბათ ამიტომაც გავჭაღარავდი, მაგრამ - არა უშავს.

- თმას როგორ უვლით?

- დილით ლოგინიდან რომ ვდგები, ვივარცხნი, 2 კვირაში ერთხელ ვიკრეჭ, 2 დღეში ერთხელ ვიბან. ჟურნალის მკითხველებს რჩევასაც მივცემ: თმის ყოველდღე შამპუნით დაბანა რეკომენდებული არ არის.

- ოდესმე გრძელი ვარცხნილობა თუ გქონიათ?

- არა, მაგრამ გპირდებით, რომ თმას მოვუშვებ.

- რატომ?

- ახლა რომ მესაუბრები, დავინტერესდი, - გრძელ ვარცხნილობაში როგორი ვიქნები... ვაი, შენი ბრალი, რომ არ მომეწონოს!..

ვარჯიში და დიეტა

- მიმაჩნია, რომ ადამიანი დიეტაზე არ უნდა "დადგეს", რადგან გარკვეული დროის მერე კვების იმავე რეჟიმის დაცვა მოუწევს. ბოლო დროს დაახლოებით 6-7 კილო მოვიკელი, მაგრამ ახალი წლის დღესასწაულებმა ცოტათი "გამჭედა". გაზაფხულზე კიდევ დავიკლებ. ჩემი აზრით, ფორმაში ყოფნისთვის საუკეთესო საშუალება სწორი კვებაა. მაგალითად, წონაში მაშინ ვიკლებ, როცა ღამით არ ვჭამ და კვების რაციონში ცომეულს ვამცირებ. მართალია, ეს წონაში კლების უფრო გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ ასე მირჩევნია: ვიღაც თუ თვეში 10 კილოს იკლებს, მე - 5-ს. სამაგიეროდ, შემდეგ წონაში ნელა ვიმატებ.

- ვარჯიშობთ?

- ამჟამად არ ვვარჯიშობ, მაგ­რამ ციტა ხანში დავიწყებ - ამასაც გპირდებით. ახლა ყველაფერი ერთად გადავწყვიტე... წინათ ვვარჯიშობდი. ცურვა ძალიან მიყვარს. ხომ იცით, წყლის

პროცედურები ორგანიზმისთვის სასარგებლოა - გაცოცხლებს, გაფხიზლებს... დატვირთული დღის რეჟიმის გამო, ცურვაზე დილით ადრე დავდიოდი და 1 საათის განმავლობაში ვჭყუმპა­ლაობდი, დავრბოდი კიდეც... მერე ხელი იმან შემიშალა, რომ გადა­ღებისას ფეხი გადამიბრუნდა.

- მახსოვს, ყავარჯნებით დადიოდით. ისეთი რა მკვეთრი მოძრაობა გააკეთეთ, რომ ყავარჯნები დაგჭირდათ?

- კი, ცოტა ხნით "4 ფეხით" დავდიოდი. რეპეტიციაზე ლახტზე ვხტუნავდი და ფეხი გადამიბრუნდა. ცხადია, ის სკეტჩი ვეღარ გადავიღეთ. თუ გამოვჯანმრთელდი, იქნებ მერე გადავიღოთ (იცინის). სერიოზულად არ დავშავებულვარ, მაგრამ ცოტა ხნით ჩემი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა. ახლა წონაშიც ვიკლებ და ჯანსაღი ცხოვრების წესზეც გადავალ.

- წლების წინ მიშა ანდღულაძე სკეტჩებში "ნახევრად მსუქანს" გიწოდებდათ. ოდესმე ძალიან გამხდარი ან მსუქანი ყოფილხართ?

- ამაზე "დიდი" არასოდეს ვყოფილვარ, ძალიან გამხდარი - კი. წონაში 30 წლის მერე მოვიმატე, თორემ მანამდე "ჩხინკივით" ვიყავი.

- სიგამხდრე მოგწონდათ?

- მიმაჩნია, რომ ჩემთვის "ფრანგული" წონა ოპტიმალური არ იქნება, რადგან როცა ძალიან გამხდარი ვარ, დიდი თავი მიჩანს. ჰოდა, წონაში ბევრი არ უნდა დავიკლო, ზომიერად ფერხორციანი უნდა ვიყო, რათა გზაში ქარმა არ წამაქციოს და ჯიბით რიყის ქვების ტარება არ მომიხდეს.

სამოსი

- შოპინგი ჩემთვის ურთულესი პროცესია: მაღაზიებში სიარული არ მიყვარს. შოპინგით ზოგი დეპრესიას ებრძვის, მე კი ვიღლები...

- ალბათ სამოსს რთულად არჩევთ...

- თუკი მაღაზიებში სიარული დავიწყე, ბევრი უნდა ვიარო.

- მარტო "შოპინგობთ"?

- სხვათა შორის, მეუღლე საკუთარი ინიციატივით, ჩემთვის კარგ რაღაცებს ყიდულობს. თავდაპირველად შოპინგზე ერთად დავდიოდით, ახლა ნელ-ნელა ვაჩვევ, რომ რაღაცები თავად მიყიდოს (იცინის). მის მიერ შერჩეული სამოსი მომწონს.

- თქვენს გარდერობში როგორი სტილისა თუ ფერის ტანსაცმელი ჭარბობს?

- როგორც ქუთაისელს, შავი ფერი მიყვარს. ალბათ იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც პრაქტიკულად იცვამენ. არ შემიძლია, სამსახურში ყოველდღე კოსტიუმითა და ჰალსტუხით "გამოჭიმულმა" ვიარო. ამისთვის განსაკუთრებული დღეები და ადგილები არსებობს. მირჩევნია, სამსახურში სპორტულად, თავისუფლად მეცვას.

სამკაული და აქსესუარები

- როგორც ხედავთ, სა­ყურეს არ ვატარებ - ყურის გახვრეტის მეშინია (იცინის). ზოგადად, აქსესუარები მიყვარს. მაგალითად, საათი. ხანდახან საათს ბანაობის დროსაც არ ვიხსნი, ხან კი გაკეთება მავიწყდება.

- განსაკუთრებულად საყვარელი სამკაული თუ გაქვთ?

- ჯვარს სულ ვატარებ. ისეთი სამკაული თუ აქსესუარი არ მაქვს, რომ ვიფიქრო, - ჯიბეში თუ არ მიდევს, "კატოკი" დამეჯახება და გამაბრტყელებს-მეთქი.

საქმე

- ალბათ იცით, სადაც ვსაქმიანობ - "ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში" "ლაბორატორიის გამგე" გახლავართ. დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატა­რებთ. ჩვენი საქმე გვიყვარს. "კომედი ჯგუფი" ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემაა...

- სერიალსაც ახმოვანებთ. ამ საქმეს თავს როგორ ართმევთ?

- დიახ, "კომედი არხზე" სერიალ "სამზარეულოს" ვახმოვანებ. საინტერესო საქმეა, მით უმეტეს, რომ სერიალი თავადაც მომწონს. ჩემი გმირი - ბარინოვი ფრანგული რესტორნის შეფ-მზარეული გახლავთ.

- ის თანამშრომლებს ასე მიმართავს - "ხეიბრებო", "ინვალიდებო", "იდიოტებო", მაგრამ ხელქვეითებს მაინც უყვართ. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- კარგი გულის ადამიანია. აკვარიუმის პატარა ნიანგთან - არკადისთან "ძმაკაცობს". არკადიუშა მისი მესაიდუმლეა. სხვათა შორის, კარგია, როცა ისეთი მესაიდუმლე გყავს, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ ვერაფერს ამბობს (იცინის). პირადად მე, ჩემი გმირისთვის დამახასიათებელი ტერმინებით არავის მივმართავ.

- მსგავსი ტერმინებით თქვენთვის თუ მოუმართავთ?

- ალბათ მოუმართავთ. ხომ შეიძლება, ვიღაცამ გამლანძღოს? ამას წინათ მანქანით მივდიოდი. გზაზე ქალბატონი გადადიოდა. არადა, არ მეგონა, თუ გადასვლას აპირებდა. ჩემკენ არც გამოუხედავს, ტელეფონზე ლაპარაკობდა. როცა მივუახლოვდი, სვლა შევანელე. არ ვეჯახებოდი, მაგრამ გონს რომ მოვიდა, მაინც შეეშინდა და მომაწყევლა: ნელა ვერ ივლი? შენ გაგიხმა თავიო (იცინის)! შესაბამისად, მეც სამსახურში "გამხმარი თავით" წამოვედი. ნერვებმოშლილი რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა, შევპასუხებოდი.

ოჯახი

- მეუღლე და ერთი შვილი მყავს. როგორც გითხარით, სამსახურში დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ და ამის გამო ჩემი ოჯახის წევრებს პრეტენზია აქვთ. მაგალითად, მეუღლე რომ დამირეკავს და მომიკითხავს, ბავშვის ხმა მესმის: - რაო მამამ, მაგვიანდებაო? იცის, რომ სახლში მისვლა ყოველთვის მაგვიანდება. ჩვენი ძირითადი პრობლემა მოუცლელობაა.

დასვენება და გართობა

- დასვენება და გართობა?! ახლა - სუ!.. სუ, თორემ მთელ სამსახურს თავზე დაგახვევ! სად მცალია დასასვენებლად და გასართობად?!. დაახლოებით 2 წელიწადია, ზაფხულშიც არ დამისვენია. ეს თემა ჩემთვის ცოტათი მტკივნეულია.

- აბა, სამუშაოდ ენერგიას საიდან იღებთ?

- ღამის კლუბებში ნაკლებად დავდივარ: ამისათვის არც დრო მაქვს და სიმართლე გითხრა - არც სურვილი. ჩემი დასვენება ძირითადად, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერ­თობით შემოიფარგლება, რასაც შეძ­ლებისდაგვარად ვახერხებ. მათთან ყოფნით დადებითად ვიმუხტები. ღმერთმა ყველა კარგად მიმყოფოს. დასვენებას რაც შეეხება, იმედია, ამ ზაფხულს მაინც მოვახერხებ თავის დაძვრენას.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები