რა ნახა კლინიკური სიკვდილისას პოეტმა ნანა ცინცაძემ?

რა ნახა კლინიკური სიკვდილისას პოეტმა ნანა ცინცაძემ?

ჩვენი რუბრიკის სტუმარია პოეტი ნანა ცინცაძე.

- ქალბატონო ნანა, თქვენი პოეზია არაფრით არ ჰგავს ქალის შექმნილ ლექსებს, რით შეგიძლიათ ახსნათ ასეთი "ხელწერა"?

- ვაღიარებ, რომ არ ვაზროვნებ, როგორც ქალი. ამბობენ, რომ ქალის ტვინი არ მაქვს. საოცრად ძლიერია ჩემში ანალიზისა და სინთეზის მომენტი, თუმცა სუსტ სქესს ვეკუთვნი, მაინც სტაბრეზი მირჩევნია წყევლას, როცა მაბრაზებენ, სტაბრეზი გამრავლების საშუალებაა, გამრავლება არ სჯობია გაცამტვერებასა და მიწის პირისაგან აღგვას?... ზოდიაქოთი ქალწული ვარ და ვატარებ ყველა იმ ნიშანს, რაც ახასიათებს ქალწულს. ჩემი ზოდიაქოს თანახმად, მაინტერესებს იდუმალებით მოცული სამყარო, ეზოთერიკა, საკუთარი სულის ლაბირინთებში წვდომა, ბავშვობიდანვე მაქვს ძლიერი ინტუიცია, ხშირად ჩემს ინტუიციურ მგრძნობელობას ფსიქოლოგიურ გამოცდილებას ახლად გაცნობილ ადამიანებთან ვამოწმებ სხვადასხვა მეთოდებით, ყავის ფინჯნის მომარჯვებით და ვითომ მარჩიელობით. სინამდვილეში ვამოწმებ ჩემს მეექვსე გრძნობას მიჩქმალულ პოტენციას მისტიკური ხედვისას, რაც ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად გვაქვს გახსნილი. ტელეპათიურად ყოველთვის ვგრძნობ, ჩემს საყვარელ ადამიანებს როდის რა უჭირთ, ამიტომაც, საჭირო დროს და საჭირო ადგილას ვჩნდები იმათთან. სწორედ, ეს ინტუიცია მეხმარება, გავარჩიო, ჩემთან მოსულ პაციენტს ორგანული პათოლოგია სჭირს, შავი მაგიის თუ ენერგოზემოქმედების მსხვერპლია, მაგიური ზემოქმედება ძალიან ჰგავს ფსიქიკურ აშლილობას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სკეპტიკოსი, უნდა გავიდეს შორს ეზოთერიკული წიაღიდან, რადგან სწორედ ამ ცოდნიდან მოდის ყველა სნეულების წამალი - მალამო. ყველა ეს საიდუმლო ბუნებაშია განფენილი და არც ისე ძნელია მიგნება, თუ გულისყურით მოვუსმენთ "ბუნების საიდუმლო" ენას, რომელიც ჟამის დასაბამიდან არსებობს, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი იტყოდა, "არსებობს ენა რამ საიდუმლო, უასაკოს და უსულოს შორის". ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ პროფესიით ექიმი-თერაპევტი არასოდეს არ ვსვამ მედიკამენტებს, თუკი არსებობს მისი შემცვლელი, ეფექტის მომტანი ფიტოთერაპიული საშუალება. საზოგადოება პოეტური კრებულებით უფრო მიცნობს, მაგრამ გამოცემული მაქვს წიგნები მკურნალ მცენარეებზე, სადაც წინაპართა ცოდნასა და ძველ ფესვებს ვუბრუნდები ტექნიკური პროგრესის ორომტრიალით დაღლილი და გაბრუებული. ეს, ალბათ, სიგიჟეა, რომელიც მეპატიება. მსოფლიოში შემოქმედთაგან მხოლოდ პოეტს უწოდებენ გიჟს, მსოფლიო პოეზიასთან და პოეტთა ხვედრთან ჩემმა შეხებამ დამარწმუნა, რომ ეს რეალობაა...

- როგორია ნანა ცინცაძისთვის პოეტური სიგიჟე, ექსტაზი, თუ გნებავთ, ზენაართან კავშირი?

- ზეციდან მკარნახობს სათქმელს და

მეც ვწერ არეულ სტრიქონებს,

მერე თავისთავად ლაგდება,

რასაც მამაღმერთი იგონებს.

- ამბობენ, სიყვარული პოეზიის დაბადების პირველი მიზეზიაო. სატრფიალო ლექსის შექმნას სჭირდება კონკრეტული ადრესატი?

- პირადად ჩემთვის საკმარისია ვნახო ფილმი, ეპიზოდი, რომ ადამიანთა დანახვასაც მოაქვს იმპულსები, ასევე მუსიკას, რაიმე ლექსს. ასე რომ, ხშირად

ლექსი ეძღვნება თავად სიყვარულს,

ზოგჯერ ადრეულს, ხანდახან გვიანს,

არ დაიჯერო, რომ ჩემს ადრესატს

კერძოდ ვიღაცის სახელი ჰქვია.

გარდა ამისა, ალბათ, ყველა პოეტი ელოდება ცხოვრების შემოდგომამდე კიდევ ერთი აპრილის წაკიდებას და თუ ეჭვებისგან გაგიჟებული ოტელო მოვა ჩემთან, როგორმე ავიცდენ დახრჩობას (იცინის) და ისეთ ლექსს შევქმნი, რომელიც თვითონ იქნება სიყვარულის წყარო:

ვარ მათხოვარი, ხელგაწვდილი ვით მეფე ლირი,

გვირგვინს და შიმშილს ერთდროულად დაღლილი ვტირი,

ვარ კალიგულა, ბალთაზარი, ნერონი თავად,

თუ დამჭირდება წიხლს დავაჭერ მონას და თავადს,

ან თავად ლამა, უცნაური ცოცხალი ღმერთი,

მაინტერესებს ყველაფერი, რადგან ვარ ევა,

ფეხზე მკიდია, ედემში თუ ვერავინ შევა.

ვარ ანგელოზი, ხან ეშმაკი, მაცდური ფრიად,

და ჩემს უმსგავსო მოქმედებებს თუ ვუწერ ფრიადს,

მაგრამ არა ვარ ეჭვებისგან მოკლული მავრი,

და სიყვარულის არ დამყვება ნიადაგ ჯავრი,

ვერ შევიცოდე კალიგულა, ნერონი, ლირი,

დეზდემონასთან ისევ ერთად სიყვარულს ვტირი,

მათხოვარივით გამიწვდია ორივე ხელი

და ეჭვებისგან გაგიჟებულ ოტელოს ველი.

- ქალბატონო ნანა, როგორ ფიქრობთ, ჩვენი ბედ-იღბალი ჩვენს ხელთაა, თუ წინასწარ და მკაცრად განსაზღვრული გზით მიდის?

- კარგია, თუ ადამიანი შეერკინება მისთვის მიუღებელ ბედისწერას, არ შეეგუება არაფერს, რაც არ მოსწონს, მაგრამ მაინც მგონია, რომ სადღაც უჩემოდ დაიწერა ჩემი ცხოვრება და ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, უფლის ნებაა.

ათასი ღამე გაიმეტა ჩემთვის განგებამ,

ათასმეერთე მოიძიეს მცხოვრებთა მიწის

ვერაფერს შევცვლით, არ გვინდა და მაინც ღამდება,

ბედის მწერალმა ყველაფერი უჩვენოდ იცის.

სხვათა შორის, ყოველთვის მაინტერესებდა ამ უცნაური იდუმალი სამყაროს შეცნობის ყველა ნიუანსი, მქონდა ბედნიერება, მეცნიერებათა აკადემიაში დავსწრებოდი ამოუცნობი მოვლენების უდიდესი მკვლევარის აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ლექციებს, ხოლო სულისა და სხეულის გაყრის მისტერია საკუთარ თავზე გამოვცადე.

- კლინიკური სიკვდილი გამოსცადეთ?

- არ ვიცი, რა სახელი დავარქვა ამ ყველაფერს. საშინელი სტრესი მქონდა, ტაქსი გამოვიძახე კლინიკაში წასასვლელად, მეგონა, ცოცხალი ვერ მივაღწევდი კლინიკამდე. უცებ ვიგრძენი, სული როგორ მოსწყდა სხეულს და ზევიდან როგორ ვუყურებდი ჩემს თავს, როგორც სხვა ადამიანს, მაგრამ რამდენიმე წუთში სული დაბრუნდა კუთვნილ ადგილას (სასულე), ვიგრძენი ეს პროცესი და დავმშვიდდი. ტაქსის მძღოლს ვუთხარი: შეგიძლიათ, ნელა იაროთ, ახლა აღარაფერი დამემართება-მეთქი.

- თქვენს პოეზიას დავუბრუნდეთ, როდის დაწერეთ პირველი ლექსი და როდის იგრძენი თავი ნამდვილ შემოქმედად?

- პირველი ლექსი 12 წლისამ დავწერე, თუმცა ნამდვილ შემოქმედად თავი 30 წლის ასაკში ვიგრძენი. მე მიმაჩნია, რომ მოზღვავებული ტკივილი ქმნის ნამდვილ პოეზიას, მე მქონდა მიზეზი, ტკივილით შექმნილი პოეზიის, მგონია, რომ ბედნიერსა და გახარებულ ადამიანს არაფერი შეუქმნია ფასეული პოეზიაში, რადგან როგორც ლადო ასათიანი ამბობს, - "ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არის". თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ტკივილმა, რომელიც ლექსს შობს, არ უნდა შეაწუხოს მკითხველი და ყველაფერი ლამაზად და მაღალმხატვრულად მიიტანოს მკითხველის გულამდე. მიმაჩნია, რომ ჩემი პირველი პოეტი კრებული ექსპრომტების წიგნია, სადაც სტრიქონთა დახვეწაზე და მხატვრულ ფორმებზე ყურადღება არ გამიმახვილებია, მე მადლობელი ვარ პოეტების, რომლებმაც გააკრიტიკეს ჩემი ლექსები, მათმა შენიშვნებმა, როგორც პოეტი, გამზარდეს. სამწუხაროა, რომ მათ იციან პოეტიკის წესები, მაგრამ რატომღაც არ იყენებენ. სახარებისეულ სიბრძნეს გვიან ვეზიარე, ერთგან წერს ლადო ასათიანი: სახარებას სიტყვის შესაცნობად უნდა კითხულობდე და სიცოცხლე წარმართივით უნდა გიყვარდეს. მართლმადიდებლობა მიხარია იმით, რომ ღვთის შეცნობა მიწევს კაცისა და ღმერთის სახით. ჩემეული ხედვა მაქვს და ჩემეული აღქმა სახარების, სადაც ადამიანურიც ბევრია და ღვთაებრივიც.

- ნანა ცინცაძის ლექსები თითქმის ყველა ქართველმა კომპოზიტორმა სიმღერებად აქცია, როგორ ფიქრობთ, ლექსის გადასარჩენად სწორად მიგნებული მუსიკა საკმარისია?

- არ არის საკმარისი, ლექსი თვითონაც უნდა იყოს მუსიკა, თუნდაც მარტივი, მაგრამ ხატოვანი და ლამაზი. ქართულმა ესტრადამ უამრავი მაგალითი მოგვცა, როცა მდარე ტექსტს ლამაზი მუსიკა ვერ შველის, ლამაზი სიმღერა ხატოვანი ლექსისა და მუსიკის სინთეზია, რომელიც ვერ იტანს ჩარჩოებს.

ლექსისთვის მოხსნილია ტაბუ ჩარჩოებით,

რითმა ხანძარია ასტრალში თაკარა,

იქ დანავარდობენ ლაღად მაჩოები

და ერთი სიცოცხლე ლექსისთვის არ კმარა.

- სიზმართა საუფლო როგორია ნანა ცინცაძისთვის?

- პოეტური, ხან ჩვეულებრივი. სიზმრის ფენომენი დღემდე ვერავინ ახსნა და მაინც მგონია, სიზმარს ყურადღება არ მიაქციო ნიშნავს, ყველაზე ახლობელი ადამიანის ვნების მესიჯები არ წაიკითხო, ან უპასხუოდ დატოვო, რადგან სიზმარი ბევრჯერ ცდილობს ფათერაკი აგაცილოს თავიდან, ან გაგაფრთხილოს, ან მიგანიშნოს მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა. მოკლედ, საჭირო რომ არ ყოფილიყო სიზმარი, არ მოგვეცემოდა. კოშმარული სიზმრები იმაზე მიგვითითებს, რა უჭირს ქვეცნობიერს და ზოგჯერ ლამაზი სიზმარი მთელ სიცოცხლედაც ღირს. სიზმარში არ არსებობს რაიმე ბარიერი, მიუწვდომელი, ზოგჯერ სიზმარი წამის მარადისობას განატრებინებს, სიზმარში ყველაფრის შეცვლა შეიძლება, რასაც ცხადად ფიქრით ვერ უშველი, თუ გამოუსწორებელი მეოცნებე არ ხარ. ამბობენ, პოეტები სიმღერის ჟამსაც ბავშვებად რჩებიანო, რამდენად ახლობელია თქვენთვის ბავშვებისდროინდელი რეალობა, სხვების არ ვიცი, მე კი უკვე დიდი ხანია სიბერეს სილა გავაწანი...

- როგორ?

- ყველას, ყველა ახალგაზრდას შემიძლია გულწრფელად ვუთხრა:

მე შენი ტოლი ვარ, გული არ ბერდება,

კაბასაც ჩავიცვამ მოკლეს,

ნუ მეტყვი ვიღაცამ მომიწყო თავდასხმა,

შენი ბავშვობა მოკლეს.

სიცოცხლეს სჭირდება ჭექა და ქუხილი,

მერე მოწმენდილი დილა,

სიბერემ მესროლა თეთრი ხელთათმანი,

რადგან გავაწანი სილა.

- სიბერისთვის სილის გაწვნას მხოლოდ პლასტიკური ქირურგია არ ემსახურება, მსოფლიოს მედიცინა მიმართულია იქით, რომ ახალგაზრდობა გაახანგრძლივოს. ჯანსაღი ცხოვრების წესია სუფთა გული, რომელიც შორს არის შურისა და ღვარძლისგან, სიბერეს სილის გაწვნა სიჭრდება. ამიტომაც ვეცადოთ, დიდხანს ვიყოთ ახალგაზრდები, სიბერეშიც შევინარჩუნოთ სილამაზე, რადგან ჩვენ ეს გვინდა თუ არ გვინდა, სიბერესთან ახლოს დევს სიკვდილის ცელი, სიცოცხლე კი უფლის საბოძვართაგან ყველაზე ძვირფასია. თუმცა ისიც საყურადღებოა, რომ ღმერთი თავის ბრწყინვალე ქმნილებას ადამიანს საბოლოოდ გასაწირად ვერ იმეტებს, რომ გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს მის ყოფიერებას.

მაია იასეშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

"ტელეფონზე არ მპასუხობს, ალბათ, ლაპარაკი არ შეუძლია. ხომ უნდა შეიგინოს და ეტყობა, ამის თავი არ აქვს" - რას ამბობს ბერტა ხაფავა კახი კავსაძეზე

პენსიონერმა ჯულიეტა ილურიძემ მომენტალურ ლატარია ,,7-11-21’’-ში 50 000 ლარი მოიგო

„საპარტნიორო ფონდმა“, COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის ავზი გადასცა