როგორ დავაფესვიანოთ ქოთნის და ბაღის მცენარე

როგორ დავაფესვიანოთ ქოთნის და ბაღის მცენარე

თებერვლის ბოლო რიცხვები მცენარეთა გამრავლებისათვის საუკეთესო დროა. რადგანაც ამ დროს ვეგეტაციის პერიოდი იწყება და ტემპერატურა ყოველდღიურად მატულობს. თუმცა, ეს ყველა მცენარეს არ ეხება. როდის და როგორ გავსხლათ მცენარეები, დავაფესვიანოთ და დავრგოთ სხვადასხვა ჯიშის ყვავილები, თქვენს კითხვებს დენდროლოგი, პაატა ტოგონიძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

მარიამი: მაინტერესებს როგორ მოვუარო და გავამრავლო დრაცენა სანდერა?

-დრაცენა სანდერა საკმაოდ გამძლე მცენარეა. +20 გრადუსიდან +40 გრადუსამდე სითბოს უძლებს, ასევე -18 გრადუსამდე ყინვასაც უძლებს. ძირითადად ეს მცენარე აქვთ ოთახებში. სადაც დრაცენაა მოთავსებული ის ოთახი აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს. რაც შეეხება გამრავლებას კალმით მრავლდება დრაცენა სანდერა.

ნანა: როგორ დავაფესვიანო ნაძვის ტოტი? ჩავდო წყალში? თუ ქვიშაში? და რამდენი დღე ჭირდება დაფესვიანებას?

-წიწოვნები შედარებით ძნელად ფესვიანდებიან, მათგან კი ყველაზე ადვილად ფესვიანდება ტუია და ღვია. არანაირი წყალი არ სჭირდება მათ დაფესვიანებას. ნაძვის დაფესვიანება შედარებით რთული პროცესია. მისი დაფესვიანების დროს უნდა ჩავყაროთ მიწა 15-20 სმ სიღრმეზე , ზემოდან დაახლოებით 5 სმ-ზე მოვაყაროთ გარეცხილი სილა. ამის შემდეგ უნდა ავიღოთ ნაძვის ერთ წლიანი ტოტი, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ეს კალამი უნდა ჩავდოთ წყალში, წყლიდან ამოღების შემდეგ უნდა დავსეროთ , ამის შემდეგ კი ვდებთ სპეციალურ სტიმულატორებში დაახლოებით2-6 საათი. დამუშავებულ კალამს ვათავსებთ სპეციალურად გამზადებულ სუპსტრაქტში, რის შემდეგადაც დაფესვიანებას რამდენიმე თვე სჭირდება. ასევე ნაძვისთვის აუცილებელია შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი რომ კარგად დაფესვიანდეს. ყურადღება მივაქციოთ ქვიშას სადაც კალამი ჩავდეთ, აუცილებეია იგი იყოს ტენიანი და არ გამოშრეს.

ნინო: გთხოვთ მირჩიეთ, როგორ მოვუარო ჩინურ ვარდს?

-ჩინურ ვარდს სჭირდება ნათელი მზიანი ადგილი, მას არ უყვარს ჩრდილი. იგი დაახლოებით 2მ-მდე სიმაღლეზე იზრდება თავისუფლად თუ გავუშვებთ, მაგრამ თუ გვინდა ლამაზი მცენარე მივიღოთ სასურველია გაზაფხულზე გავსხლათ ხოლმე. გაზაფხულზე ასევე სასურველია კალუმინიანი სასუქი მივაყრათ, რაც ყვავილობაში ხელს შეუწყობს. არ უნდა დაგვავიწყდეს მიწის გაფხვიერება. რაც შეეხება მიწას არ უნდა იყოს მშრალი.

თაკო: მაქვს სამი სახეობის პატარძალა.  გვიან შემოდგომაზე  სამივე სახეობას თითქმის ერთდროულად გასცვივდათ ფოთლები, როგორი მოვლა სჭირდება ამ მცენარეს, იქნებ გვირჩიოთ რამე?

-მას ფოთლები სიცივის გამო გასცვივდა. ერთადერთი მიზეზი ეგაა. თაკოს თუ მცენარე ქოთანში აქვს მას აუცილებლად უნდა შეეტანა სითბოში და ნათელ ადგილზე უნდა დაედგა. ზამთარში ყინვების დროს თუ გარეთ დავტოვეთ, აუცილებლად გაფუჭდება მცენარე.

ნინო: როგორ დავაფესვიანო გლიცინი?

-ავიღოთ მცირე ზომის ყუთი. სასურველია მისი სიღრმე იყოს 20-25სმ. ჩავყაროთ მასში დაახლოებით 15სმ-ს სიღრმეზე მიწა, შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ გარეცხილი სილა. ვიღებთ მცენარის კალამს, მასზე უნდა იყოს 2 კვირტი მაინც და მას ვამზადებთ ამ გამზადებულ ნიადაგში. გლიცინის დაფესვიანება უნდა მოხდეს სანამ კვირტები გაიშლება. ნიადაგი არ უნდა გამოშრეს. მისი პერიოდულად მორწყვა აუცილებლად უნდა მოხდეს. თუ დაფესვიანებისას რამდენიმე კალამს დავაკალმებთ, მათ შორის მანძილი აუცილებლად უნდა იყოს დატოვებული. მე რეკომენდაციას დასაფესვიანებელ სტიმულატორებსაც ვუწევ, ის მცენარეს გახარებაში ეხმარება.

ნინო: როგორ დავაფესვიანო ვარდი? არაერთხელ მიცდია წყალში დაფესვიანება, მაგრამ ან წყალში ლპება ან მიწაში გადატანის შემდეგ ხმება.

-ვარდის წყალში დაფესვიანება არ ხდება, იგი მიწაში უნდა დავაფესვიანოთ. მისი დაფესვიანებაც კალმით ხდება სადაც სპეციალურად გამზადებულ მიწაში ვდებთ. მორწყვა აუცილებელია, ოღონდ ზომიერად.

ვახო: მაინტერესებს როგორ მოვუარო და როდის დავთესო პეტუნია. ასევე მაქვს ფერადი ვარდის თესლები და რა პირობები სჭირდება რომ დავაფესვიანო და კარგი ნერგები ამოვიდეს.

-პეტუნიაც და ვარდიც ადრე გაზაფხუზე უნდა დაითესოს. დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში მცენარე უნდა გაღვივდეს და ამოვიდეს. ეს აღმონაცენი სასურველია გადავიტანოთ მცირე ზომის ჭურჭელში სადაც გაიზრდება. თესლის დათესვის შემდეგ მორწყვა აუცილებელია, მაგრამ ისეთი დოზით არა, რომ თესლი დალპეს.

სალო: როგორ გავამრავლო ალოე, და როგორ მოვუარო?

-ალოე საკმაოდ ადვილი გასამრავლებელია. ადრე გაზაფხულზე ან თუნდაც ზაფხულში მცენარეს შეგვიძლია მოვატეხოთ ტოტი , 2 დღის განმავლობაში დავდოთ ისე რომ გამოშრეს, გამოშრობის შემდეგ კი ქვიშაში ჩავდებთ და გაიხარებს. მორწყვა აქაც უნდა, რა თქმა უნდა ზომიერად.

ილია: მაქვს ბროწეულის ხე, როგორ შეიძლება მისი გამრავლება?

-ბროწეულის გამრავლება შეიძლება როგორც დათესვით ისე კალმითაც. მაგრამ ბროწეულმა რომ არ დაკარგოს თავისი თვისებები, ამიტომ მე კალმით გამრავლებას ვურჩევ. აქ არ არის სირთულე. ჩვეულებრივად ადრე გაზაფხულზე იჭრება კალამი და ჩვეულებრივად მიწაში შეგვიძლია დავაფესვიანოთ.

ილია: კვახის ჩითილი უნდა გაკეთდეს თუ პირდაპირ დაითესოს და როდის არის სასურველი?

-თუ ჯერ ჩითილის გამოყვანა გსურთ, სასურველია ზამთრის ბოლოს თბილ ადგილზე დაითესოს და ჩითილი იქ გამოიყვანოთ და შემდეგ გაზაფხულზე გამზადებული ჩითილი დარგოთ ნიადაგში, რაც შედეგს უფრო ადრე მოგვცემს. თუ პირდაპირ დათესვა გინდათ, მაშინ აპრილის თვეში შეგიძლიათ დათესოთ. თუმცა ამ შემთხვევაში დრო უფრო მეტი სჭირდება.

მართა: როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ჟასმინისებრ გარდენიას. შეიძლება თუ არა მისი გახარება სახლის პირობებში?- გთხოვთ დაწვრილებით აგვიხსნა.

-ჟასმინისებრი გარდენია ოთახის პირობებში უფრო ძნელი მოსავლელია, ამ მცენარეს უფრო გარეთ რგავენ. ჟასმინისებრ გარდენიას აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად უჭირს გახაარება , ეს მცენარე დასავლეთში უკეთესად ხარობს. ოთახის პირობებში ამ მცენარის გახარება შეიძლება თუ მას ტორფით გამოვკვებავთ. ზაფხულში იგი აუცილებლად გარეთ უნდა დაიდგას. ამ შემთხვევაშიც ნიადაგი არ უნდა გამოშრეს, სასურველია მისი ხშირი მორწყვა.

გვანცა: როგორ მოვუაროთ ტიტებს? ბევრი ყვავილს არ იკეთებს.

-როცა იყვავილებს ტიტა აუცილებელია მისი ბოლქვის ნიადაგიდან ამოღება. ეს უნდა მოხდეს დაახლოებით აპრილ ან მაისის თვეში. ბოლქვებს შემდეგ გრილ, ბნელ და მშრალ ადგილზე შევინახავთ ოქტომბერ-ნოემბრის თვემდე. ზამთარში კი ისევ მიწაში ჩავდებთ ბოლქვებს. გაზაფხულზე კი ჩვეულებრივად აყვავდება. როცა ნიადაგიდან არ ვიღებთ, მაშინ იკარგება ეს ბოლქვი რაც ხელს უშლის ყვავილობას.

ლიკა: როგორ მოვუაროთ ბარაქის ხეს. მაინტერესებს, ზაფხულში პირდაპირი მზის სხივები უხდება თუ არა და რომელი სასუქები რა დროს უნდა გამოვიყენო?

-ყველა მცენარისთვის სასუქი სასურველია და ამისთვის გარკვეული პერიოდები არსებობს. ამ სემთხვევაში არც ბარაქის ხეა გამონაკლისი. მცენარე როდესაც ვეგეტაციას იწყებს იმ პერიოდში სასურველია მივცეთ აზოტის შემცველი სასუქები. ეს ყველაფერი მცენარის ზრდას უწყობს ხელს. შემდეგ უკვე შემოდგომის პერიოდში კალუმინიანი და ფოსფორიანი სასუქებია სასურველი. ბარაქის ხისთვის სასუქებთან ერთად აუცილებელია კარგი განათებაც. მას სჭირდება სინათლე განსაკუთრეებით ზამთრის პერიოდში.

გვანცა: ოთახში, ქოთანში თუა შესაძლებელი ტიტების გაზრდა?

-კი შესაძლებელია უპრობლემოდ, უბრალოდ ტიტის ბოლქვები ქოთანში შემოდგომაზე უნდა ჩაითესოს. ქოთნის დადება კი სიცივეშია სასურველი. გაზაფხულზე იგი ჩვეულებრივ ამოვა და იყვავილებს.

თამუნა: მაინტერესებს როგორ დავაფესვიანო ოთახის ია?

-ოთახის ია წყალში ფოთოლის ჩადებითაც შეიძლება დაფესვიანდეს.

ეკა: როგორ მოვუაროთ ტიტებს? ბევრი ყვავილს არ იკეთებს, სულ ცალ ფოთლიანები ამოდის.

-ტიტების მოვლის წესი უკვე ავღნიშნე, ეკას კიდევ ერთხელ ვეტყვი რომ ტიტამ რომ იყვავილოს აუცილებელა მისი ბოლქვის ამოღება, ეს ამ შემთხვევაშიც მთავარი პირობაა.

იხილეთ ვიდეო