ტელეკომპანია "იმედის" გადამღებ ჯგუფს სიმფეროპოლში ვიდეოკამერა დაუმტვრიეს

ტელეკომპანია "იმედის" გადამღებ ჯგუფს სიმფეროპოლში ვიდეოკამერა დაუმტვრიეს

სიმფეროპოლში ტელეკომპანია "იმედის" გადამღებ ჯგუფს ვიდეოკამერა დაუმტვრიეს, ოპერატორს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა, გურამ როგავამ განუცხადა, სიმფეროპოლში, გენერალურ საკონსულოსთან არსებულ სიტუაციას იღებდნენ, როდესაც მოქალაქეების ნაწილმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

"რუსეთის გენერალური საკონსულო სიმფეროპოლში იწყებს რუსული პასპორტების დაჩქარებული წესით გაცემას და იწყება მოქლაქეების რეგისტრაცია. უამრავი ადამიანია შენობასთან, რიგები დგას და ამ პროცესის გადასაღებად მივედით. ვიღებდით კადრებს, როდესაც მოვიდა პოლიცია და გვითხრეს, რომ აკრძალული იყო გადაღება. მე ვუთხარი, რომ შენობიდან რამდენიმე მეტრში მქონდა გადაღების უფლება. მან მითხრა, რომ კი, იმუშავეთ მაგრამ უნდა გამოგყვეთ. ორი პოლიციელი დაგყვებოდა. როდესაც მოქალაქეები დაინტერესდნენ, ვინ ვიყავით და გაიგეს, რომ საქართველოდან ვიყავით გვეუბნებოდნენ, "აქ რა გესაქმებათ, თქვენს ქვეყანას მიხედეთ". მათი მხრიდან აგრესიული ფრაზები ისმოდა. მოგვიანებით ერთ-ერთი აგრესიული მოქალაქე მოვიდა, კამერას ხელი დაარტყა და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ძალიან რთული ვითარება შეიქმნა. მოქალაქემ პირდაპირ გამოიწია ჩვენზე. ამბობდა, რომ საკაშვილის აგენტები ვიყავით და ყირიმიდან უნდა წავსულიყავით",- ამბობს გურამ როგავა.

მისივე თქმით, მოქალაქეები აგრესიულად არიან განწყობილი როგორც ქართველი, ასევე ზოგადად უცხოელი ჟურნალისტების მიმართ და ნორმალური მუშაობის საშუალება მხოლოდ რუს ჟურნალისტებს აქვთ.

"როგორც კი ეუბნები, საქართველოდან ხარ, უმეტესობა გვეუბნება, რომ კომენტარს არ მოგვცემს. გვეკითხებიან, აქ რატომ ვართ, სააკაშვილის დაკვეთით, პროვოკაციებისთვის გამოგვზავნეს? ზოგადად უცხოელი ჟურნალისტების მიმართ აქვთ აგრესია. ბევრ უცხოელ ჟურნალისტს შეექმნა პრობლემები. მხოლოდ რუს ჟურნალისტებს აძლევენ მუშაობის საშუალებას",- აღნიშნა ქართველმა ჟურნალისტმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები