შავი და თეთრი მაგია თბილისში - ინტერვიუ თბილისელ "ჯადოქრებთან"

შავი და თეთრი მაგია თბილისში - ინტერვიუ თბილისელ "ჯადოქრებთან"

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემის არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2002 წლის პუბლიკაციას, რომელიც თბილისში არსებულ იმ დროინდელი მაგების შესახებ მოგვითხრობს.

***

ერთი უცნაური ბიზნესის შესახებ გვინდა გიამბოთ - მაგების ბიზნესის შესახებ, რომელიც თურმე თბილისში დიდი წარმატებით ხორციელდება. საკუთარი თვალით დავრწმუნდით, რომ და-ძმა კერესელიძეებს უამრავი ხალხი მიმართავს დახმარებისთვის. როგორც თვითონ აცხადებენ, - ნიკა კერესელიძე, თეთრი მაგია, ალექსანდრა - შავი. რამდენად საშიშია მათი საოჯახო ბიზნესი საზოგადოებისათვის? ან რამდენად სანდონი არიან ის ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, თეატრალური მოღვაწენი თუ ესტრადის ვარსკვლავები, რომლებიც თურმე მათი ხშირი სტუმრები არიან და სხვადასხვა დანიშნულების თილისმების დასამზადებლად, მზად არიან საკმაოდ სოლიდური თანხაც გაიღონ? როგორც ნიკა-მაგი ამბობს, ერთ-ერთი ყოფილი ფინანსთა მინისტრის გათვალვისათვის (იმისათვის, რომ მას დროის უმოკლეს ვადაში თავისი სავარძელი დაეტოვებინა), ერთმა ყველასთვის ცნობილმა კაცმა, იმდენი თანხა შესთავაზა, რომ მის ოჯახს 10 წლის განმავლობაში უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული ექნებოდა. რომ არა ეს ცნობილი სახეები და მათთან დაკავშირებული ამბები და კიდევ ის ფაქტი, რომლის მოწმენიც უნებურად გავხდით, ალბათ ეს მასალა ჟურნალში არ მოხვდებოდა, რადგან შარლატანების, მკითხავების თუ ცრუწინასწარმეტყველებისათვის ჟურნალს, მისი არსებობის განმავლობაში არასოდეს დაუთმია თავისი ფურცლები. ნიკას მისაღებში ვნახეთ ერთი ცნობილი ბიზნესმენის მეუღლე, რომელიც თავის ნამდვილ სახელს მალავს და სისტემატურად დადის მათთან ბარაქისთვის შესალოცავად. სამწუხაროდ, ვნახეთ ერთი ცნობილი მომღერლის სიდედრიც, რომელიც თურმე ყველაფრისთვის მზადაა, "ოღონდ თავისი ქალიშვილისა და სიძის განქორწინებას შეესწროს". 

ალბათ, თქვენთვისაც შემაშფოთებელია არა იმდენად ის, რომ ვიღაცამ გულუბრყვილო ხალხის ხარჯზე შემოსავლის წყარო იპოვა, არამედ ის, რომ ამდენი ადამიანი მზად არის, მაგიურ ძალთა მეშვეობით მოიწყოს ცხოვრება და უახლოესი ადამიანების ბედი და ნება, საკუთარ სურვილს დაუმორჩილოს.

- ნიკა, როდის დაინტერესდი მაგიით?

- მაგიით ჩემს დაინტერესებას უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს. ბავშვობაში ხშირად ავადვმყოფობდი. თავის საშინელი ტკივილი მაწუხებდა, რომელსაც გონების დაბინდვამდე მივყავდი. ექიმები დიაგნოზზე ვერ თანხმდებოდნენ. ჩემს მშობლებს ზოგი ეუბნებოდა, რომ შიდა ქალის წნევა მქონდა, ზოგი კი, ჩემს ავადმყოფობას ეპილეფსიურ მოვლენებს უკავშირებდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ 14 წელი შემისრულდებოდა. საქართველოში რომ არ მოხერხდა დიაგნოზის დასმა, მშობლებმა უკრაინაში წამიყვანეს. იქაურმა ექიმებმაც ვერაფერი გამიგეს და ბოლოს ვიღაცამ გვირჩია, რომ იქ იყო ერთი ქალი, რომელიც ამგვარ უცნაურ და აუხსნელ ავადმყოფობას კურნავდა. მანამდე კი, თეთრი მაგიის მეშვეობით ადგენდა, თუ რისგან იყო ეს დაავადება გამოწვეული. მივედით იმ ქალთან, რომელმაც ყველასგან განსხვავებული დიაგნოზი დამისვა - ოჯახური წყევლა, რომელიც ყველაზე ძლიერად ჩემზე მოქმედებდა, რადგან პატარა ვიყავი და სუსტი აურა მქონდა. ამ ქალის სიახლოვეს თავს საოცრად კარგად ვგრძნობდი. ორი თვის განმავლობაში ვიმკურნალე და საბოლოოდ გავთავისუფლდი იმ პრობლემისგან, რომელიც მომავალში სუსტი აურის მქონე ჩემს მემკვიდრეზე გადავიდოდა. ჩემმა ოჯახმა ამ ქალის სიახლოვეს იგირავა ბინა. უკრაინაში სულ 2 წელი ვიცხოვრეთ და მოტიას (ასე ერქვა მას) ხშირი სტუმარი ვიყავი. ბედნიერად ვგრნობდი თავს, თუ მას რაღაცაში ხელს წავაშველებდი. ბალახებს მივუტანდი, თილისმისთვის საჭირო მასალას მივუმარჯვებდი. მის გვერდით შევისწავლე ყველაფერი ის, რაც მან იცოდა. 16 წლისას უკვე ხვავზე და ბარაქაზე მალოცვინებდა. მოტიას მემკვიდრე არ ჰყავდა და გარდაცვალების შემდეგ (96 წლის ასაკში გარდაიცვალა) მთელი მისი დაშიფრული ჩანაწერები მე დამრჩა. თუმცა, ამ ჩანაწერებს მე დღემდე ვერ ვიყენებ, რადგან ის ბალახეული, რომლის შესახებაც იქ არის მოთხრობილი, აქ არ ხარობს. უკრაინაშიც კი, ერთი რომელიმე სახეობის მცენარე, მხოლოდ ერთი, კონკრეტული ადგილიდან უნდა იყოს მოკრეფილი, ისე ძალა არა აქვს. მაგალითად, არის ჭაობის მცენარე, რომელიც ე.წ. "ბავშვის საშვილოსნოს" გარდა, ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ უშვილობას კურნავს. მე მქონდა უშვილობის 11 შემთხვევა, რომელიც ამ ბალახის წყალობით განვკურნე. თერთმეტივე ოჯახში ვაჟი დაიბადა. სამწუხაროდ, მათგან 2, დაბადებისთანავე გარდაიცვალა. ეს მცენარე ივნისიდან ივლისამდე უნდა მოიკრიფოს. მკურნალობას კარგი შედეგი აქვს მაშინაც, როდესაც უშვილობა გამოწვეულია შელოცვით, რომელსაც ჩვენს ენაზე "ძის ჩაკეტვას" ვუწოდებთ.

- ე.ი. უშვილობა შეიძლება ჯადოქრობისგან იყოს გამოწვეული?

- სამწუხაროდ, შეიძლება. "ძის ჩაკეტვა", ერთ-ერთი გავრცელებული შელოცვაა, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით საქართველოში, რადგან ჩვენთან, გვარის გამგრძელებელს მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

- ახლა გამახსენდა ჯანდარელი ქალი, რომელიც ასევე ვითომდა უშვილობას კურნავდა. მაშინ წერდნენ, რომ მისი მეთოდით ეშმაკისეული ბავშვები დაიბადებოდნენ, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ქალებს ხშირ შემთხვევაში ცრუ ფეხმძიმობა ჰქონდათ...

- მე არ ვიცი, ვინ იყო ის ქალი, ან რა მეთოდი ჰქონდა ასეთი, მაგრამ ერთი რამ მჯერა: ყველა ბავშვი უმანკოა და ყოველი ბავშვის დაბადება, მხოლოდ ღვთის ხელდასხმით ხდება.

- ღმერთი ახსენეთ, მაინც მგონია, რომ თქვენც და თქვენი საქმიანობაც ეკლესიურობისგან შორს დგას.

- ღმერთიც მწამს და ეკლესიურიც ვარ. გარკვეული პერიოდი ბეთანიის მონასტერში ვცხოვრობდი. იქ ჩემმა მეგობარმა წამიყვანა. მონასტერში ბერებისთვის მწირ საჭმელს ვაწყობდი ხოლმე, მერე ვალაგებდი, ჭურჭელს ვრეცხავდი. თავისუფალ დროს ვხატავდი. რატომღაც იქ ხატვის დიდი სურვილი მქონდა. იქ ყოფნამ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია და მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მივატოვე ყველაფერი ის, რაც მანამდე მაინტერესებდა (სპორტის თითქმის ყველა სახეობით ვიყავი გატაცებული და წარმატებებიც მქონდა, მაგრამ მონასტერში მეუბნებოდნენ, რომ სპორტის ნებისმიერი სახეობა ცოდვასთან არის წილნაყარი, რადგან ვარჯიშობ იმიტომ, რომ სხვა დაჯაბნო, სხვას მოუგო, დაამარცხო...). ეს ყველაფერი დავთმე, მაგრამ ახლაც ვერ შევეთვისე ბოლომდე და დღემდე გზაჯვარედინზე გაჩერებულ ადამიანს ვგავარ. ერთ რამეში მინდა დამერწმუნოთ - მართლა ვცდილობ, რომ ჩემი ცოდნა და შესაძლებლობა, მხოლოდ სიკეთის სამსახურში იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე ხომ ოთხი შვილი მყავს. კარგად ვიცი, რომ ბოროტება არასდროს არ დარჩება დაუსჯელი. ადამიანისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის არის, რომ ცოდვა მის მომავალ თაობაზე გადადის.

- მაინც რა უბიძგებს ადამიანს იმისკენ, რომ ვიღაცას ჯადო გაუკეთოს?

- ორი რამ. შავ მაგიას ორი რამ ასულდგმულებს: შური და ეჭვი.

- საინტერესოა, ცოლები უფრო ხშირად მიმართავენ მაგებს ქმრების დასაბრუნებულად თუ საყვარლები უფრო ხშირად ცდილობენ სასურველი მამაკაცის მოჯადოებას?

- სამწუხაროდ, არც ცოლები და არც საყვარლები ერთმანეთს ტოლს არ უდებენ. ამ ბოლო დროს უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ ქალი, რომელსაც კაცის ბოლომდე დასაკუთრება სურს, მართლაც ყველაფერზე წამსვლელია. ამ სურვილით გამსჭვალულ ქალბატონებს ხშირად მესაკუთრული პატივმოყვარეობა ან შურისგება უფრო ამოძრავებს, ვიდრე სიყვარული. მე ვცდილობ შვება მივცე მხოლოდ მათ, ვინც ნამდვილად შეყვარებულია. თუმცა, ჩემს მცდელობას, აღვძრა კაცის ან ქალის სასიყვარულო გრძნობები, მხოლოდ მაშინ აქვს აზრი და შედეგი, როდესაც ის, კაცში ან ქალში მთლიანად ჩამქრალი არაა. მე მესაჭიროება სიყვარულის 15%. ძალიან ბევრი საიდუმლო ისტორია მაქვს მოსმენილი და ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ ჩვენთან უკვე სისხლის და მირონის აღრევა შეინიშნება. ბიძაშვილებს შორის, რძალსა და მაზლს შორის არის ისეთი გრძნობები, როგორიც შეიძლება მხოლოდ ქალის და კაცის ურთიერთობაში გაჩნდეს. ვხვდები მისი დარღვევის შემთხვევებს. ქალბატონები ხშირად ჩემს მოტყუებასაც ცდილობენ.

ამას წინათ, ჩემთან ერთი ქალი მოვიდა. მე სანამ საქმეს მოვკიდებ ხელს, ვითხოვ საბუთს, ქორწინების მოწმობას ან პასპორტს, რომ დავრწმუნდე, ის ქალი მართლაც იმ კაცის ნამდვილი ცოლია, ვის დაბრუნებასაც და ოჯახის გადარჩენასაც მთხოვს. ქალმა, როდესაც საბუთი მოვთხოვე, მაჩვენა ქმრის და ოთხი შვილის ფოტო. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ის ბავშვები, სულაც არ იყვნენ იმ ქალის შვილები და კაციც არ იყო მისი ქმარი.

- ძირითადად რა პრობლემები აწუხებთ ცნობილ ადამიანებს?

- უშუალოდ ცნობილი ადამიანები, მაგალითად პოლიტიკოსები, ჩემთან არ მოდიან, რასაც ვერ ვიტყვი მათ მეუღლეებზე. ბევრი მათგანი მოგვიანებით ტელევიზიით ვნახე და მერე მივხვდი, ვინ ყოფილა ჩემი "პაციენტი". ბიზნესმენებს ბარაქა და წარმატება სჭირდებათ და ძირითადად, ამ თილისმას მიკვეთენ. ესტრადის თუ შოუბიზნესის წარმომადგენლები ყოველთვის ბევრ ხალხში ტრიალებენ და მათ სჭირდებათ შელოცვა ან შენალოცი ნივთი იმისათვის, რომ თვალი არ აიღონ. პოლიტიკოსებს აინტერესებთ ჯადოსგან დამზღვევი თილისმა, რომლის ვადაც 10-დან 15 წლამდეა. მათი მეუღლეები მეუბნებიან, რომ ქმრებს არ უმხელენ, ჯადოსა და ავი თვალისგან რომ დააზღვიეს ქმრები. ჩვენს ენაზე, ამ დამზღვევ თილისმას ჰქვია კოდირება. თუ არ გაიხსნა ეს კოდი, დაზღვეული პიროვნების აურაში ვერავინ შეაღწევს. არც ყავაში და არც კარტზე მკითხაობისას მათი შინაგანი სამყარო და ყოველდღიური ცხოვრება არ ჩანს. მათ თავის ნებას ვერანაირი ძალისა და გავლენის ადამიანი ვერ მოახვევს თავს. დარწმუნებული ვარ, ასეთი კოდირებული დაზღვევა ჩვენს პრეზიდენტს და მის ოჯახსაც აქვს გაკეთებული. თუმცა, შესაძლებელია, ამის შესახებ თვითონაც არ იციან.

- მოსალოდნელი პოლიტიკური კატაკლიზმები ან პროგნოზები არ აინტერესებთ?

- რა თქმა უნდა, არჩევნების პერიოდში მათი ინტერესი იზრდება. კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტული დახმარება შემიძლია აღმოვუჩინო, საერთო პოლიტიკური მოვლენების შესახებ კი, იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველო პატარა რევოლუციურ მოძრაობას ვერ გადაურჩება. ეს მოძრაობა უკვე დაწყებულია...

- საინტერესოა, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას ნამდვილად თეთრ მაგთან აქვს საქმე.

- ეს მართლაც ძალიან ძნელი საქმეა, რადგან იშვიათად ვინმე თუ აღიარებს, რომ შავ მაგიასთან აქვს საქმე. ყველა თეთრ მაგობას იბრალებს, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა საქმიანობას მისდევს. ამ შემთხვევაში ერთადერთი - ინტუიციაა, რომელიც ძნელად ტყუვდება. ადამიანი ინტუიციით გრძნობს, როგორ სამყაროში შედის: სიკეთის თუ ბოროტების. ამიტომ, აუცილებელია ატაროს ჯვარი, ეკლესიაში ნაკურთხი ჯვარი, რომელიც ჭეშმარიტების გზაზე ატარებს. დღეს ყველანი მართლაც დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ, რადგან რუსეთში უკვე ამოქმედდა ძალიან ძლიერი მაგიური სკოლები. შესაბამისად, ეს ტენდენცია ჩვენკენაც გადმოინაცვლებს. ეს სკოლები აქაც შეიძლება გაიხსნას, რადგან, საქართველოში საკმაოდ ძლიერი შავი მაგები არიან. მოლის გაკეთებული ჯადო, ძალიან ძნელი მოსახსნელია. მათ ეკლესიასთან და ხატთანაც კი გაბედეს მიახლოება. არის ძალიან ძლიერი შელოცვა, რომლის ერთ-ერთ მასალადაც საჭიროა ნემსი ან ქინძისთავი, რომელიც 40 დღის განმავლობაში ხატის უკან უნდა იყოს ჩარჭობილი. ყველაზე საშიშია ჯადო, რომელიც მოლის მიერ არის შენალოცი და ისეთ ადგილზეა დაფლული, სადაც სასაფლაო და ეკლესია ერთად არის. ასეთი ადგილია ჩვენთან დიდუბის პანთეონი. და იცით იქ რა ხდება, იცით რამდენი საშინელი საიდუმლოა იქ დაფლული? ასეთი ჯადო სასიკვდილოა. ადამიანი ზოგჯერ ისეთი სასტიკია, რომ სიტყვებით ამის გადმოცემა ძალიან ძნელია. ასეთი ჯადო ზოგჯერ "იძინებს" ხოლმე, მაგრამ საკმარისია, ერთხელაც მიუახლოვდე, შეარყიო და გააღვიძო, ის უკვე თავიდან იწყებს მოქმედებას.

- და რა შველის მას? გამიგია, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწვას, თუკი ვინმე მას აღმოაჩენს.

- არავითარ შემთხვევაში. არასდროს არ დაწვათ ის, რადგან არის სახეობა, რომელიც ცეცხლით უფრო ღვივდება. უმჯობესია, წყალს გაატანოთ, მაგრამ ესეც არ არის გამოსავალი. ეს იმას ჰგავს, ნარკომანმა წამალი რომ გაიკეთოს და შპრიცი წყალს გაატანოს. შპრიცი გადაგდებულია, მაგრამ წამალი ხომ მოქმედებს, ან მოძღვართან უნდა მიხვიდეთ და რწმენაში გაძლიერდეთ, ან თეთრ მაგს სთხოვოთ, რომ მისი მოქმედება გააუვნებელყოს.

- თქვენთან რა ღირს ეს "გაუვნებელყოფა"? საინტერესოა სხვა პროცედურების ღირებულებაც.

- იმის დადგენა, საერთოდ გაქვთ თუ არა ჯადო ან რა ტიპისაა ის, 10 ლარი ღირს. ბედის გახსნა და ბარაქაზე შელოცვა ძალიან უწყინარი პროცედურაა და ის, 15 ლარი ღირს. შემდეგ იმის მიხედვით იმატებს ფასი, როცა სიძლიერის ჯადოსთან გვაქვს საქმე. სასაფლაოზე და ეკლესიის სიახლოვეს გაკეთებულ ჯადოს 120 დოლარად ვხსნი.

- თქვენთან ფასდაკლება არ ცხადდება ხოლმე?

- ამ თვეში, მაგალითად, ფასდაკლება მაქვს გამოცხადებული, იმიტომ, რომ სააღდგომოდ მოტია მესიზმრა და მთხოვა, უფასოდ ან განსხვავებულ ფასად მოვმსახურებოდი ხალხს. აი, ამიტომ, ის, რაც ადრე 65 ლარი ღირდა, დღეს 15 ლარად კეთდება.

- ახლა კი მთავარ კითხვასთან მივედით. როგორ მიაღწიე იმას, რომ აქ ამდენი ხალხი მოდის - ხარ კარგი ფსიქოლოგი, დიდი მატყუარა თუ ორივე ერთად?

- მე თეთრი მაგი ვარ და ხალხს ვეხმარები ისე, როგორც შემიძლია.

- ამასთან ერთად ჩვეულებრივი, თბილისელი ბიჭიც ხომ ხარ, ძმაკაცებთან უხერხულობის გრძნობა არ გაქვს?

- მე არ ვმალავ იმას, რითიც ვარ დაკავებული. ტელევიზიით რეკლამასაც კი ვუშვებდი. ძმაკაცებიც შეეგუვნენ ჩემს ამბავს. ზოგჯერ მეხუმრებიან, ხომ ვიცით ვინც ხარ, მაგრამ როდესაც რაიმეს გვაჩუქებ, მაინც ფრთხილად ვეხებით ხოლმეო. მე მიმაჩნია, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებ. არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ სამყარო არის ენერგიების ბრძოლა. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ არსებობს გადამდები ჯადო; რომ არსებობს ბუნებაში ავი თვალი, რომელიც ოქროსაც კი ბზარავს; და კიდევ, უნდა იცოდნენ ისიც, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან 1000-1200 დოლარი გადაიხადონ მაგთან იმისათვის, რომ დასხდნენ იმ სკამზე, რომელიც მათ არ ეკუთვნის. მე, ასეთ რამეს არასოდეს ხელს არ ვკიდებ, მაგრამ არ ვიცი, რას იზამენ სხვები...

- მაგალითად, თქვენი და? - რომელიც ამბობს, რომ შავი მაგია. შეუძლია მედიუმობაც და სულ მალე, თბილისში საკუთარი მაგების ოფისს გახსნის?

- მე მაგალითად, მის ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევ. ამასვე გირჩევდით თქვენც.

ალექსანდრა კერესელიძემ ჩვენთან საუბრისას კატეგორიულად უარყო, რომ და-ძმას არანაირი საოჯახო ბიზნესი არ აქვს და ის, აბსოლუტურად დამოუკიდებლად აპირებს გახსნას ოფისი, სადაც გაერთიანდებიან (გაწევრდებიან) ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ასტრალში გასვლა. მსურველთა შორის ბევრი მუსიკოსი იქნება, რადგან მათთვის ძალიან ადვილად ასათვისებელია საკუთარი სხეულიდან გასვლაო - გვითხრა ალექსანდრამ და ისიც დაამატა, რომ ამ ხელოვნებას უკვე დაუფლებულია სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის რამდენიმე წევრი, რომელიც მასთან თანამშრომლობს. თბილისელი "ვედმა" (როგორც საკუთარ თავს სიამაყით უწოდებს), ისე აღფრთოვანებული გვიყვებოდა თავისი შავბნელი საქმეების შესახებ, რომ მოსმენილისგან დაზაფრულმა, ფოტოკორესპონდენტსაც პირჯვარი გადავსახე, როდესაც მან თავისი არ დაიშალა და "ვედმას" ფოტო გადაუღო. ბინიდან გამოსვლისას ჯერ ლიფტში "გავიჭედეთ". მერე აღმოვაჩინე, რომ მისი საუბარი, დიქტოფონმა რატომღაც ვერ ჩაწერა. სამარშრუტო ტაქსიში კი, სასწაულებრივად გადავურჩით ავარიას. ამის შემდეგ სად წავიდოდით, თუ არა ეკლესიაში.

მამა დავითი (ნოზაძე), სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი:

- პირველყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანული ეკლესიისთვის თეთრი და შავი მაგი ერთი და იგივეა. მცდარია ის აზრი, რომ თეთრი მაგები სიკეთის სამსახურში არიან, შავები კი - ბოროტების. ჩემი აზრით, ეს იგივეა, ადამიანს თეთრი ან შავი ტანსაცმელი ეცვას. ტანსაცმლის ფერი ცვლის ამ ადამიანის არსს? ისინი, ვინც აცხადებენ, რომ თეთრი მაგები არიან, უფრო საშიშები და მზაკვრები არიან, ვიდრე ისინი, ვინც გულწრფელად აღიარებენ, რომ შავ მაგიას მისდევენ.

- რამდენად შესაძლებელია ის, რომ ეკლესიაში დატოვებული ნივთი მაგიური რიტუალის შესასრულებლად გამოიყენონ?

- ყველაფერი შესაძლებელია. შეიძლება, მართლაც დატოვოს ვინმემ ხატის უკან ნემსი ან ქინძისთავი, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც მაგიურ რიტუალს ასეთი მასალით ამარაგებს, თვითონაც ეშმაკის სამსახურში დგება და თუ არ მოინანია, დაისჯება.

- ნიშნავს თქვენთვის რაიმეს ის ფაქტი, რომ ახლანდელი მაგი წინათ ბეთანიაში ცხოვრობდა?

- აბსოლუტურად არაფერს, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ეს ადამიანი ბევრ რამეს იტყუება.

- რას ურჩევდით ამ და-ძმას, ან იმ ადამიანებს, რომლებიც მათი ხშირი სტუმრები არიან?

- საერთოდ, დრო არის ისეთი, რომ მათი მიმდევრები უფრო მომრავლდებიან და სამწუხაროდ, შესაძლებელია, ოფისი მართლაც გახსნან. მაცხოვარი ამბობს: მოვლენ მრავალნნი ცრუქრისტეანნი, ცრუწინასწარმეტყველნნი, მიემსგავსებიან ისინი სათნომყოფელ ადამიანებს, სიკეთის მკეთებელთ და შეეცდებიან, რჩეულებიც კი გააცურონ. ამ და-ძმას მე ვურჩევდი, სინდისიერად შეხედონ თავის ცხოვრებას და შეადარონ ის არა ცოდვილი ადამიანების ცხოვრებას, არამედ წმინდანებისას. მოუხმონ სინანულის გრძნობას და მოინანიონ, რადგან, მიღმურ სამყაროში მხოლოდ ღმერთი და ანგელოზები კი არ არიან. მათ ელით ჯოჯოხეთის უფსკრული, თუკი ისინი არ მოიქცევიან ისევე, როგორც წმ. კვიპრიანე მოიქცა, რომელიც წარსულში იმავე საქმიანობას მისდევდა, რასაც ახლა ეს და-ძმა. კვიპრიანემ სახალხოდ აღიარა თავისი ცოდვები. აღიარა ისეთი საშინელებები, რომელთა მოსმენის დროსაც ხალხი ტიროდა და ყურებს ხელებით იცობდა, მაგრამ მან ისე გულწრფელად მოინანია, რომ ბოლოს ღირსი გახდა მოწამებრივად აღსრულებულიყო. მონანიება და ამქვეყნიურ სიამეთა დათმობა ძნელი და მძიმე ნაბიჯია, რომლის გადადგმაც დიდ ვაჟკაცობას და რწმენას მოითხოვს. აი, ამას ვუსურვებ მათ.

ნანა ქიბიშაური

ჟურნალი "გზა"

#25 20.06.2002