პროკურატურა "ძაღლის საქმეს" გამოიძიებს - რა მოხდა საგურამოში

პროკურატურა "ძაღლის საქმეს" გამოიძიებს - რა მოხდა საგურამოში

ცხოველთა უფლებების დაცვის ცენტრი შემზარავ ინფორმაციას ავრცელებს. ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ აქუბარდიას განცხადებით, საგურამოში რეინჯერმა, სამსახურის იარაღით ძაღლი მოკლა. Ambebi.ge თამარ აქუბარდიას დაუკავშირდა.

- სად მოხდა ფაქტი და რატომ მოკლეს ძაღლი?

- ზაფხულში როცა დასასვენებლად მივდიოდი, არაგვზე ვნახე გადაგდებული 2 ლეკვი, რომლებიც "ფეისბუქის" მეშვეობით გავაჩუქე სექტემბერში, 6 თვის ძაღლი იყო. მისთვის სტერილიზაცია უნდა გაგვეკეთებინა, დამიკავშირდა ძაღლის პატრონი და მითხრა, ძაღლი მომიკლეს და იქნებ დამეხმარო ამ საქმის გამოძიებაშიო. საგურამოში თავად ჩავიყვანე ძაღლი ახალ პატრონთან. 28-ში მოკლა მეზობელმა რეინჯერმა ძაღლი, სამსახურის იარაღით. ძაღლი გაიპარა და მეზობლის სახლში შევიდა და მოკლეს. ალბათ, საჭმელი მოპარა ან ქათამი მოუკლა. მაგრამ როგორც ვიცი, ქათმებს არ კლავდა ძაღლი. როცა დამიკავშირდა პატრონი, ვეტერინართან წავიყვანეთ ძაღლი, ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. არსებობს სამედიცინო დასკვნა იმის შესახებ, რომ ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ამის შემდეგ მოგვმართეს დახმარების მიზნით. ძაღლი იმიტომ მოკლეს, რომ ის მეზობლისგან რაღაცებს იპარავდა. ასეთი შემთხვევების და სამართალდამცავების უნიათობის გამო, იძულებულები ვართ სოფლებში ვეღარ გავაჩუქოთ ძაღლები, რადგან მათ თავისუფლად კლავენ.

- რომელი მუხლით უნდა გასამართლდეს ძაღლის მკვლელი?

- 258-ე მუხლით ხდება ცხოველის მკვლელობის გასამართლება. ითვალისწინებს ჯარიმას, გართულებულ შემთხვევებში კი 2 წლამდე პატიმრობას. ზესტაფონში ძაღლს თავი რომ მოაჭრა ბიჭმა, ის მხოლოდ დააჯარიმეს, რადგან თავად პოლიცია არ იცავს კანონს. გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან, რა ჯიშის იყო ძაღლიო, რადგან თუ ჯიშიანია ძაღლი, მისი ღირებულება იქნება ჯარიმა, თუ უჯიშოა საერთოდ არავინ დაჯარიმდება. გამომძიებელი გონზე არ არის, 259-ე მუხლში საერთოდ არაა საუბარი ჯიშიანია თუ უჯიშო ცხოველი. მითხრა "აშეინის" გარეშე როგორ შეიძლება ძაღლის გარეთ გაშვებაო, კანონი მაგასაც არ ითხოვს, არც იმას რომ ძაღლი იყოს რეგისტრირებული პატრონზე და ა.შ. გამომძიებელი იმიტომ არის მხარედ წარმოდგენილი ასეთ საქმეებში, რომ მათ აქვთ მენტალიტეტი ძაღლის გამო არ უნდა გაასამართლონ ადამიანი. ძაღლი ნივთი არ არის, ჩვენი უფლებები იზღუდება, როცა ცხოველს ნივთად აღიქვამენ. უდიდეს მორალურ ზიანზე უნდა იყოს საუბარი ასეთ შემთხვევაში, მით უმეტეს, რომ კანონში ეს არის გათვალისწინებული. გუშინ საქმეების გარჩევა დაგვჭირდა გამომძიებელთან, არაადეკვატურ კითხვებს იძლევა, თუნდაც ძაღლმა რომ დაგკბინოს, არ გაქვს სროლის უფლება. სარჩელი უნდა შეიტანო სასამართლოში ძაღლის წინააღმდეგ. საერთოდ აიგნორებენ 258-ე მუხლს და უწყობენ ხელს ანარქიული მდგომარეობა იყოს ასეთ სტრუქტურებში.

- რატომ გაასაჩივრეთ პროკურატურაში?

- დღეს შეგვაქვს სარჩელი პროკურატურაში გამოსაძიებლად. ძაღლის პატრონმა შეიტანა საქმე პოლიციაში, დაგვიკავშირდა გამომძიებელიც, მაგრამ ძალიან ბევრ აბსურდს აქვს ადგილი საქმეში. ამიტომ მივმართავთ პროკურატურას საქმის მსვლელობას დააკვირდეს, რადგან ადამიანის გასამართლებას, რომელმაც ძაღლი მოკლა, ცხოველის მკვლელობის მუხლით არ ასამართლებენ. საქმე აღძრულია ქონების დაზიანების 184-ე მუხლით. გამომძიებელს ვესაუბრე გუშინ, ის ამბობს, რომ ძაღლს "აშეინიკი" არ ეკეთა და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ საქმეზე. ამიტომ ვითხოვთ საქმეს ეს გამომძიებელი ჩამოაშორონ. პაატა ჰქვია გამომძიებელს, გვარი არ ვიცი.

თამარ ბოჭორიშვილი