აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას ვანო ჯავახიშვილი

აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას ვანო ჯავახიშვილი

"ის ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?.. მშიშარა არ არის, მაგრამ მისი სიმამაცე ყოველთვის აუცილებლობითაა გამოწვეული. ღრმად სწამს, რომ მართალია და მასზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს. დიდად არ ადარდებს, რას ლაპარაკობენ მასზე გარშემო მყოფები. ამბიციური, კარიერისტი და ამაყია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი იუმორისტ ვანო ჯავახიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით ნაკლებად ვარ დაინტერესებული, ეს ჩემთვის ბურუსით მოცული სფეროა. მგონია, რომ ნიშნების დახასიათება ბევრ ადამიანს აქვს შემუშავებული. ასტროლოგიით წელიწადში ერთხელ ვინტერესდები, - როცა გადაცემაში სტუმრად მიშა ცაგარელი მყავს, მთელი წლის პროგნოზს მეუბნება.

- მისი ნათქვამი მართლდება?

- ნაწილობრივ მართლდება. ცუდი არასდროს არაფერი უთქვამს. ყოველთვის მეუბნება, - წინსვლა გექნებაო და ჩემი გადაცემის რეიტინგი მართლაც, თანდათან მატულობს.

- "უყვარს ადამიანები და არა - ხალხმრავლობა".

- ასეა! ხალხმრავლობა განა იმიტომ არ მიყვარს, რომ ადამიანებთან შეხვედრას ვერიდები, უბრალოდ, დიდი წვეულებები არ მხიბლავს. როცა ერთი ადამიანი დიდხანს მელაპარაკება, ცუდად ვხდები. ასეთ დროს შეიძლება, თავბრუ დამეხვეს.

- მიმნდობი და გულუბრყვილო ხარ?

- გულუბრყვილო არ ვარ, მაგრამ არსებობს ადამიანთა კატეგორია, ვისაც ვენდობი.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ საკუთარი თავის გარდა, ბოლომდე არავის ენდობი.

- ასეა, მაგრამ არა მგონია, ეს მხოლოდ ჩემი ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისება იყოს.

- "მერყევია, გადაწყვეტილების მიღებამდე საქანელასავით ირწევა".

- რისკი არ მიყვარს, ყოველთვის სტაბილურობის მომხრე ვარ. ცოლი რომ არ მომეყვანა, ბინის შესაძენად ბანკიდან კრედიტს ვერ გამოვიტანდი, ვალს ვერ ავიღებდი. მეუღლემ დამარწმუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიყოყმანე. შეიძლება ითქვას, რომ მერყევი მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების დროს ვარ. საქმის კეთებისას და საერთოდ, ცხოვრებაში კი ძალიან პრინციპული გახლავართ.

- "გაწონასწორებული სასწორი ადამიანია - ანგელოზის თვისებებით". შეგიძლია, შეიფერო?

- ანგელოზი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ბოროტი აზრი არავის მიმართ არ მამოძრავებს. ბევრი ფული რომ მქონდეს, უამრავ ადამიანს დავეხმარებოდი და ამით საკუთარ თავს დიდ სიამოვნებას მივანიჭებდი. გამორიცხულია, ქუჩაში, მაღაზიასთან მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ადამიანებს შესაძლებლობის ფარგლებში არ დავეხმარო.

- "გადაღლილობისას განტვირთვის საუკეთესო საშუალება წიგნების კითხვაა".

- ასე ნამდვილად არ არის. კარგად გამოძინების შემდეგ შემიძლია, ტელევიზორს ვუყურო, ფილმი ვნახო და განვიტვირთო. საქართველოში ხომ ყველა ამბობს, - ტელევიზორს არ ვუყურებო. ჰოდა, მათგან განსხვავებით, მე ტელეეკრანი ძალიან მიყვარს.

- ყველაზე ხშირად რას უყურებ?

- ყველა არხის საინფორმაციო გამოშვებებს ვუყურებ და ვისვენებ.

- ხუმრობ?

- სიმართლეს გეუბნები! 12, 3, 6 და 9-საათიან "კურიერს", "ბიზნესკურიერს" ყოველთვის ბოლომდე ვუყურებ. გარდა ამისა, "ობიექტივზე", "კავკასიაზეც" ხშირად ვრთავ და ვერთობი. იქ არასატელევიზიო ენაზე ლაპარაკობენ.

- უცნაური გასართობი გიპოვია. "საკითხის ყველა მხრიდან შესწავლის, ნერვების კონტროლისა და მიზნის ზუსტი დაგეგმარების საფუძველზე, მას შესწევს უნარი, ნებისმიერი ბრძოლა მოიგოს".

- ტელევიზიაში მუშაობა მუდმივი კონკურენციის რეჟიმში ყოფნაა. ტელევიზიების ხელმძღვანელები ერთმანეთს გადაცემებით "ებრძვიან". ფიქრობენ, - რომელ გადაცემას რომელი "დაასვან", რეიტინგით რომ მოუგონ. ჩემი გადაცემის საწინააღმდეგოდ ყოველთვის დიდი ბრძოლა იყო, რასაც ხანმოკლე წარუმატებელი პერიოდიც ახლდა თან, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ვიმარჯვებდით, კონკურენტი გადაცემები კი იხურებოდა.

- მაგალითად, რეიტინგით რომელი გადაცემები გისწრებდათ?

- სერიალი "გოგონა გარეუბნიდან", შემდეგ მცირე ხნით - "ასი გრადუსი ცელსიუსი", - ახალი გადაცემა იყო და ხალხს აინტერესებდა, მაგრამ მერე მოჰბეზრდათ. სხვათა შორის, "ვანოს შოუს" მაყურებლების ასაკმა მაღლა აიწია, რაც ძალიან მახარებს. "ფეთქებადი" გადაცემა არ მინდა, ყველაფერს სტაბილურობა მირჩევნია.

- "ის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია".

- ძალადობა ჩემს ხასიათში არ არის. ნებისმიერი სახის ძალადობა გადამეტებულად ტრაგიკულად მეჩვენება.

- როცა გრძნობ, შენზე ვიღაც ძალადობს, როგორ იქცევი?

- მთელი ბავშვობა ქუჩაში მაქვს გატარებული. დიდი საძმაკაცო მყავს, მაგრამ ის, რასაც მუშტი-კრივს ეძახიან, არასდროს მქონია. ვფიქრობ, მოლაპარაკების გზით ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეიძლება.

- "ის ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?"

- ეს მაშინ ხდება, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მიწევს.

- "ამბიციური, კარიერისტი და ამაყია".

- მაქვს იმის ამბიცია, რომ რასაც ვაკეთებ, საუკეთესო უნდა იყოს! მთავარია, ამბიცია არაჯანსაღ განცდებში არ გადაიზარდოს. კარიერისტი ნაკლებად ვარ. ამაყი ვარ თუ არა? - ქართველი გახლავართ და როგორ შეიძლება, ამაყი არ ვიყო?! რაც მთავარია, ამპარტავანი არ ვარ.

- "მისთვის დამახასიათებელია საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული, ტრაბახისადმი მიდრეკილება".

- ტრაბახი საერთოდ არ მიყვარს. როცა ჩემს თავს კარგი რაღაც ხდება, ჯილდოს ვიღებ თუ ვიღაცის შექებას ვიმსახურებ, ამის აფიშირებას არასდროს ვაკეთებ.

- "დიდად არ ადარდებს, რას ლაპარაკობენ მასზე გარშემო მყოფები".

- რას ჰქვია, არ მადარდებს? პირიქით, ამას ძალიან განვიცდი. თუმცა, შეიძლება, ეს სხვისთვის თვალში საცემი არ იყოს. მგრძნობიარე ვარ.

- როცა შენზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და გიპირისპირდებიან, იმ ადამიანებს ხშირად პასუხსაც კი არ სცემ. თუნდაც, ბაკურ სვანიძესთან დაკავშირებული შემთხვევა გავიხსენოთ.

- ბაკური ჩვენს ტელევიზიაში დიდხანს მუშაობდა. კარგად გვახსოვს, სამსახურიდან რატომ გავუშვით. ის ამბობს, - 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის კადრებს მთელი შემოქმედებითი ჯგუფი უყურებდა და ღრიალებდნენ: ჩახოცეთო! მინდა გითხრათ, რომ ეს სიცრუეა. თუმცა, თავის მართლება რატომ დავიწყო? მომავალში კიდევ ათას სისულელეს იტყვის და მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ხომ არ ვიქნები? ბოლოს თქვა, - ხუმრობებს ვანო მერაბიშვილთან გზავნიდნენ და დირექტივებს ის იძლეოდაო. ჩემი შვილის სიცოცხლეს გეფიცებით, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. თანაც, 2007 წელს აქ საშინელი რაღაცები თუ ხდებოდა, მაშინვე რატომ არ წავიდა? მოგეხსენებათ, ის ჩვენ 2008-ში გავუშვით.

- "მას ღრმად სწამს, რომ მართალია და მასზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს".

- სხვის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ, მაგრამ ერთი თვისება მაქვს: თუ რამის შეძენა მინდა, ვინც რა უნდა მითხრას, იმ რაღაცას მაინც ვიყიდი.

- "ის არ არის მშიშარა, მაგრამ მისი სიმამაცე ყოველთვის აუცილებლობითაა გამოწვეული".

- მშიშარა არ ვარ, მაგრამ ბანკის ვალის მეშინია... ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ბანკის ვალი, საქართველო ამ მხრივ უნიკალური ქვეყანაა.

- "იშვიათად ავლენს აგრესიას, მაგრამ თუ ვინმე მის თავმოყვარეობას შეეხება, თავდაცვიდან თავდასხმის რეჟიმზე გადადის".

- წარმოშობით ქართლელი ვარ და ამ კუთხის ხალხისთვის დამახასიათებელი სიხისტე ჩემს ხასიათშიც არის. კონტროლს იშვიათად ვკარგავ. შეტევაზე მაშინ გადავდივარ, როცა მართალი ვარ და ამ სიმართლეს ვერ ვამტკიცებ.

- შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას უწინასწარმეტყველებენ. შეიძლება, მომავალში პოლიტიკაში გიხილოთ?

- არა, რას ამბობ, პოლიტიკა საშინელებაა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ძალას წარმოადგენს, ყველა პოლიტიკოსი იტყუება. ცხოვრებაში სიცრუეს, რაღაც დოზით ყველა ვამბობთ, პოლიტიკოსები კი განსაკუთრებით, არჩევნების წინ იტყუებიან. ჩემთვის ეს ყველაზე კარგი პერიოდია, რადგან მათზე ბევრს ვხალისობ. განსაკუთრებით მომწონს ახალი "სახეები", რომლებიც ამბობენ: "მე ვარ ის ერთადერთი ძალა, რომელიც ამ ქვეყანას გადაარჩენს!"

- პოლიტიკოსებიდან იუმორის გრძნო­ბით ვინ გამოირჩევა?

- შალვა ნათელაშვილი. მასთან სცენარი საერთოდ არ იწერება. ექსპრომტია, არაჩვეულებრივი სტუმარია... გარდა ამისა, ის ნებისმიერ აქციაზე, ნებისმიერი გამოსვლისას ამბობს ისეთ წინადადებას, რომელიც მერე აუცილებლად, "მფრინავ ფრაზად" იქცევა. მას ჩემს გადაცემაში მომავალშიც სიამოვნებით ვუმასპინძლებ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები