როგორ უნდა ვლოცულობდეთ იმისთვის, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს?

როგორ უნდა ვლოცულობდეთ იმისთვის, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს?

როგორ უნდა ვლოცულობდეთ იმისათვის, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს? შეიძლება თუ არა, ადამიანი ლოცულობდეს თავისი სიტყვებით? აქვს თუ არა "იესოს ლოცვას" განსაკუთრებული ძალა? შეიძლება თუ არა ლოცვა მოუნათლავის ან სხვა სარწმუნოების წარმომადგენლისათვის? - ამ და სხვა კითხვებთან დაკავშირებით, გვესაუბრება ანდრია პირველწოდებულის სახელობის (ლურჯი მონასტრის) ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით შარაშენიძე.

- როგორ უნდა ვლოცულობდეთ იმისათვის, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს?

- იმიტომ ვერ ვიღებთ ნაყოფს ლოცვისას, - ამბობს იაკობ მოციქული, - რადგან თქვენი ლოცვა არ არის ერთგულებით და გულმოდგინებით განმტკიცებული. ლოცვის დროს, ლოცვები არ უნდა ვიკითხოთ მექანიკურად. ღმერთს უნდა შევთხოვოთ ის, რაც სასარგებლოა ადამიანის სულისთვის და კარგად დავრწმუნდეთ იმაში, რომ რასაც ვითხოვთ, ნამდვილად სათნოებაა. შეიძლება, ადამიანი რასაც ითხოვს, მართლაც სათნოებაა, მაგრამ არ ვლოცულობთ გულისყურით. ამიტომ, უნდა ვილოცოთ გულმოდგინედ, სიმდაბლით და ყურადღებით. ამასთანავე უნდა განვიცდიდეთ და გონებითაც მივსდევდეთ იმას, რასაც ვკითხულობთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვილოცოთ რწმენით და ღმერთის შემწეობის იმედად.

- როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც ლოცვის დროს თავს ვერ ვაღწევთ უკეთურ აზრებს?

- წმინდა მამები ასეთ შემთხვევაში ორგვარ რჩევას გვაძლევენ: 1) არ შევწყვიტოთ ლოცვა და მთელი გულისყურით ჩავუღრმავდეთ მას; 2) შევწყვიტოთ ლოცვა, შევევედროთ უფალს, რომ განგვარიდოს უსიამოვნო აზრები და მცირე ხნის შემდეგ, ლოცვა განვაგრძოთ.

- შეიძლება თუ არა ადამიანი ლოცულობდეს თავისი სიტყვებით?

- არათუ შესაძლებელი - აუცილებელიცაა, რადგან ასეთი ლოცვა ღმერთს ბავშვის ტიტინივით სიამოვნებს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვითხოვოთ ის, რაც ჩვენი სულისთვის სასარგებლოა.

- რატომ იწოდება "მამაო ჩვენო" "საუფლო ლოცვად" ანუ "ლოცვების გვირგვინად" და რატომ არის ეს ლოცვა ყველა ქრისტიანისათვის უმთავრესი?

- "მამაო ჩვენო" თვითონ უფალმა იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოწაფეებს, რომლებმაც შემდეგ, ის გადასცეს ყველა ქრისტიანს. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ ლოცვას "საუფლო ლოცვა". იმის გამო, რომ "მამაო ჩვენო" შეიცავს მოწოდებასაც, თხოვნასაც და დიდებისმეტყველებასაც, ყველასთვის უმთავრესი და უსაჭიროესია.

- არსებობს აზრი, რომ "იესოს ლოცვას" განსაკუთრებული ძალა აქვს. რამდენად გამართლებულია ეს ეკლესიური სწავლებით?

- საერთოდ, მორწმუნემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ყვველა ლოცვას ერთნაირი ძალა აქვს - "იესოს ლოცვა" იქნება ეს, "დედის ლოცვა", "მიცვალებულთათვის ლოცვა" თუ სხვა. ყველაზე მარტივ ლოცვაზეც - "უფალო შეგვიწყალენ", ღმერთი წყალობას მოგვცემს, თუ მას გულშემუსვრილები წარმოვთქვამთ. ამიტომ, მადლისა და წყალობის მოცემა რომელიმე ლოცვას კი არა, თვითონ ლოცვის სინანულით და გულისყურით აღვლენას შეუძლია.

- როდესაც ფიზიკური უძლურების გამო წამოდგომა არ შეგვიძლია, შეიძლება თუ არა, ლოცვა წავიკითხოთ საწოლში?

- თუ ადამიანი ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს წამოდგომას, შეუძლია, ლოცვა დაწოლილმაც წარმოთქვას. რაც შეეხება ჯანმრთელ ადამიანს, ლოცვას ფეხზე მდგომი უნდა კითხულობდეს.

- თუ ადამიანმა ყოველთვის ფეხზე მდგომმა უნდა ილოცოს, რატომ არსებობს დაუჯდომელი ლოცვები?

- ეს არის სპეციალური ლოცვები, რომელიც მხოლოდ დაუჯდომელ მდგომარეობაში იკითხება, მაგრამ მორწმუნე უნდა კითხულობდეს ფსალმუნებსაც, რომლის კითხვის დროს შესაძლებელია ჩამოჯდომა. თუმცა იოანე კრონშტადტელის სწავლებით: "ჯობია, იჯდე და იფიქრო ღმერთზე, ვიდრე იდგე და იფიქრო ფეხზე". ამიტომ, თუ ფიზიკური უძლურების გამო, ფეხზე დგომა გვიჭირს, შეგვიძლია ნებისმიერი ლოცვის დროს ჩამოვჯდეთ.

- უნდა შევწყვიტოთ თუ არა ლოცვა, როდესაც სტუმარი გვეწვევა?

- გააჩნია, რასთან დაკავშირებით გვსტუმრობენ. თუ ადამიანი მოდის უქმად მეტყველებისთვის, სხვათა განსაკითხავად და სხვა, ღვთისთვის არასათნო საქმის გამო, ასეთ შემთხვევაში ლოცვა არ უნდა შევწყვიტოთ.

- შეიძლება თუ არა, ვილოცოთ მოუნათლავის ან სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთათვის?

- მოუნათლავთა და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთათვის ვლოცულობთ კერძო მოხსენიების (პირადი ლოცვების) დროს. დილის ლოცვებში არის სპეციალური პუნქტი, რომლის კითხვის დროსაც შევთხოვთ უფალს, რომ შეეწიოს ამ ადამიანებს და ისინი დაადგნენ ჭეშმარიტების გზას. მაგრამ ჩვენ ლოცვას აღვავლენთ მხოლოდ ცოცხალთათვის.

- სასურველია თუ არა, ლოცულობდეს ადამიანი, რომელსაც აქვს რწმენა, მაგრამ არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით?

- სასურველია, ადამიანი ასეთ დროსაც ლოცულობდეს, რადგან ლოცვა ასეთი ადამიანის მხრიდან, უფლისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია. ეკლესიამდეც სწორედ ლოცვის მადლით და ძალით მივა.

- რით განსხვავდება კერძო ლოცვა საზოგადო ლოცვისგან?

- კერძო ლოცვის დროს ადამიანი ლოცულობს მარტო - დილის ლოცვები იქნება ეს, სადილისწინა ლოცვები თუ სხვა პირადი ლოცვითი კანონები. საზოგადო ლოცვა ის მსახურებაა, რომელიც ეკლესიაში აღესრულება.

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"

#50 12.12.2002

"რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს" - ივერი მელაშვილი

კერძო სატრანსპორტო საშუალებების ე.წ. ბასლეინებში ​მოძრაობა ხვალიდან იკრძალება

როგორი პირობებით და რა რეგულაციებით ხვდებიან სკოლები დასწრებული ფორმით სწავლების აღდგენას - განათლების სამინისტროს განცხადება