ნაყინის დანადგარში გაცვლილი ველოსიპედი და ბავშვობაში წამოწყებული ბიზნესი

ნაყინის დანადგარში გაცვლილი ველოსიპედი და ბავშვობაში წამოწყებული ბიზნესი

მსახიობ პაატა გულიაშვილისთვის სხვადასხვა ქალაქში მუშაობა უჩვეულო არ არის: წლების წინ თელავის, რუსთავისა და თბილისის თეატრებთან ერთდროულად თანამშრომლობდა. ამჟამად თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ და "რუსთავი 2"-ის დილის ეთერის შემდეგ, მშობლიურ ქალაქში მიემგზავრება, მერე ისევ უკან ბრუნდება და ა.შ. როგორც გავარკვიეთ, საქმიან მსახიობს შემოსავლის პირველი წყარო ადრეულ ასაკში გაუჩნდა - მსახიობობაში აღებული გასამრჯელო, საბოლოო ჯამში, "ბავშვური" ბიზნესის წამოსაწყებად გამოუყენებია.

- პირველი სერიოზული გადაწყვეტილება...

- ეს ალბათ მაშინ მოხდა, როცა სცენაზე პირველად დავდექი. იმ პერიოდში 3 წლის ვიყავი. თელავის თეატრში რეზო ინანიშვილის პიესის - "ჩემი წყალჭალის ხმები" - მიხედვით სპექტაკლს დგამდნენ. რეჟისორი ნუკრი ქანთარია გახლდათ. წარმოდგენისთვის 3 წლის ბავშვი რომ დასჭირდათ, მამას ჩემზე ჰკითხეს, - თამაშს თუ შეძლებსო? სცენაზე დამაყენეს და კონკრეტული დავალება მომცეს, რომელსაც დამოუკიდებლად გავართვი თავი. სხვათა შორის, ამ სპექტაკლით ბევრ ქვეყანაში გასტროლზე ვიყავით.

- პირველი მეტოქე...

- ეს პირველ სიყვარულს უკავშირდება: ჩემს ცხოვრებაში ერთი გოგონა არსებობდა, რომელიც სკოლაში სწავლის პერიოდიდან მოყოლებული, 9 წელი მიყვარდა. ჩემი მეტოქე მის უბანში ცხოვრობდა, რის გამოც სულ იმის განცდა მქონდა, რომ გოგონასთან ის უფრო ახლოს იყო... მე და ჩემს მეტოქეს გვიჩხუბია კიდეც. ხშირ შემთხვევაში, გალახული მე ვრჩებოდი, რადგან მას 2 ძმა ჰყავდა, მე კი 9 წლით უმცროსი და. ახლა ვმეგობრობთ, ერთად ვქეიფობთ ხოლმე.

- პირველი ჰონორარი...

- პირველი ჰონორარი სცენაზე ჩემს გამოსვლებს უკავშირდება. მიღებული თანხით ველოსიპედი - "დესნა 2" ვიყიდე, რომელიც მაშინ ბიჭებისთვის სასურველი და საოცნებო იყო. მერე ეს ველოსიპედი ბამბის ნაყინის გასაკეთებელ დანადგარში გავცვალე. ჩემს მეგობარ დათო ბებოშვილს ბავშვობიდან ბიზნესისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მოიფიქრა, რომ საფოსტო რულონებისგან საფერფლეები გაგვეკეთებინა. საფერფლეებს უცხოელებზე ვყიდდით ან 1 შეკვრა საღეჭ რეზინში ვუცვლიდით ხოლმე. თელავში ნადიკვარის დასასვენებელი პარკია, სადაც ერთი კაცი "მამალოებს" ყიდდა. ერთ დღესაც, დათომ მითხრა: ის კაცი ამბობდა, - თბილისში ბამბის ნაყინის დანადგარი ვნახე, რომელსაც სიამოვნებით შევიძენდიო. დათომ დანადგარი მარტივად ააწყო (ჩემი ველოსიპედი სწორედ ამ დანადგარისთვის საჭირო "მატორში" გავცვალეთ). ნანახმა გამაოცა. მეგობარს ვუთხარი, - კი არ მივყიდოთ, მივაქირაოთ-მეთქი. დანადგარი ნადიკვართან დავდგით - "მამალოების" გამყიდველ კაცს მივაქირავეთ. მართალია, მიზერულ თანხას ვიღებდით, მაგრამ ჩვენს ბიზნესს ვამუშავებდით, რა.

- ამ ბიზნესმა რამდენ ხანს გასტანა?

- სხვათა შორის, კარგა ხანს გვქონდა ეს ბიზნესი. ჩემი ოჯახიც დამემოწმება, რომ მე და ჩემი მეგობარი ტანსაცმლის ყიდვას საკუთარი შემოსავლით ვახერხებდით. გარკვეული პერიოდის მერე, ბაზარზე სპეციალური, უფრო დახვეწილი დანადგარები შემოვიდა და იმ კაცმაც თავის საქმეს მიხედა.

- თქვენ მიერ მოყოლილი პირველი ანეკდოტი, რომელზეც გაეცინათ...

- თელავის თეატრში გოგი მამუჩიშვილის საიუბილეო საღამო იყო. იმ პერიოდში, ბიძინა მახარაძე ტელეეკრანიდან იუმორისტულ ამბებს ჰყვებოდა ხოლმე. მის მიერ მოყოლილ ერთ-ერთ ფელეტონზე ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა! როგორღაც, ტექსტი ამოვიწერე და იმიტაცია გავაკეთე. საიუბილეო საღამო უნდა დაწყებულიყო, როცა წამყვანს ვუთხარი: - ასეთი რაღაც მაქვს მომზადებული და თუ შეიძლება, ძია გოგის საღამოზე მოვყვე-მეთქი? - აბა, მომიყევიო, - მითხრა. მოვუყევი. მახსოვს, საგრიმიოროში 3 კაცი იყო და ლამის სიცილით დაიხოცნენ. წამყვანმა მითხრა, - ეს ამ საღამოზე აუცილებლად უნდა მოჰყვეო... ღონისძიებაზე უამრავი ხალხი იყო. ჩემ მიერ მომზადებული სასცენო ნომრის ერთი "ნაკადი" რომ შევასრულე, ყველას მოეწონა - დარბაზმა იგრიალა! ნერვიულობისგან თირკმელი მეტკინა და კინაღამ წავიქეცი...

- პირველი მასწავლებელი...

- ჩემი პირველი მასწავლებელი ანა ჩიკვაიძე იყო. შემდეგ სხვა სკოლაში გადავედი, სადაც ინგლისურ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ. ინგლისურს დალი ქევხიშვილი მასწავლიდა. "გადამკვდარი" მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ იყო საგნები, რომლებიც ძალიან მიყვარდა... სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ სკოლის დირექტორის - მაყვალა ელისაბედაშვილის დაბადების დღეზე თამადა გახლდით...

- პირველი სიმთვრალე...

- ოო, საშინელება იყო! ადრე ცნობილი ბანაკი - "არტეკი" არსებობდა. პიონერთა სასახლეში გამორჩეული ტიპი უნდა ყოფილიყავი, იქ რომ გაეგზავნეთ. მოკლედ, რაიონმა გადაწყვიტა, რომ "არტეკში" მე წავსულიყავი, რადგან ძალზე აქტიური გახლდით. გამგზავრების წინადღეს ბიჭებმა კლასელთან - მაკა სიხარულიძესთან ქეიფი გადავწყვიტეთ. მასპინძლის პაპა გვეუბნებოდა, - დალიეთ, დალიეთო... ჰოდა, მეც ვსვამდი. საშინელ სიტუაციაში აღმოვჩნდი - "მკვდარი" ვიყავი. მდგო­მარეობიდან რომ ვერ გამომიყვანეს, მამაჩემს დაურეკეს. მამამ მანქანით მომაკითხა. ცხადია, ძალიან გაბრაზდა და ოჯახმა ბანაკში აღარ გამიშვა, - შენ აქ რას აკეთებ და იქ რას ჩაიდენო?! ასე დავრჩი "არტეკის" გარეშე... შემდეგ კარგა ხანს ვსვამდი. ახლა 1 თვეა, არ დამილევია, დიეტაზე ვარ...

- პირველი იმედგაცრუება...

- ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებს როცა ვაბარებდი, ქულა დამაკლდა. წარმოიდგინეთ, ყველგან წარჩინებული ვიყავი, უცებ კი ჩარიცხულთა სიაში არ ვეწერე! გადავირიე! მერე ფასიან ჯგუფში სწავლა შემომთავაზეს. საერთოდ, რადგან კახელი ხარ, ჰგონიათ, რომ ზვრები გაქვს (იცინის)... მოკლედ, მედიკო მეზვრიშვილთან დარეკეს და "ჩაწყობა" მოხდა, - რადგან კარგი ბიჭია, 1 ქულაზეა ლაპარაკი და სწავლის საფასურს თუ ვერ გადაიხდის, იყოს, ისწავლოსო... მიუხედავად ამისა, სექტემბერში აუდიტორიის კარი რომ შევაღე, მკითხეს: ვინ ხარ? შენი საკითხი გადასაწყვეტიაო და უკან გამომიშვეს. ვიდრე სწავლის უფლებას მომცემდნენ, მახსოვს, სიტუაციის გარკვევას როგორ ველოდი... შემდგომი პერიოდი იღბლიანი აღმოჩნდა ჩემთვის: წინასაკურსო სპექტაკლში - "ტყუილი გრძელ ფეხებზე" ვითამაშე. პიესას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ პროფესიული თეატრის სცენებზე ვთამაშობდით. ჩემს სფეროში ძალიან მიმართლებს: საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდები ხოლმე. თუმცა, წარმატება ალბათ ჩემი შრომისმოყვარეობის შედეგიც არის.

- პირველი შეხვედრა რობერტ სტურუასთან...

- რობერტ სტურუამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სტუდენტობისას საშინელ სიტუაციაში ვიყავი: ბინის ქირის გადახდის საშუალებაც არ მქონდა და ღამეს ხან "ვაგზალზე" ვათევდი, ხან - მეგობართან ვრჩებოდი... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თელავში წასვლა გადავწყვიტე, სადაც საეტაპო როლები ვითამაშე. მერე სარდაფში - ჭოლასთან წავედი. პარალელურად, თავი­სუფალ და სამეფო უბნის თეატრებში ვთამაშობდი. ყველგან "მოდებული" ვიყავი, გიჟივით დავრბოდი... ერთხელაც ჩემმა პედაგოგმა - გიორგი შალუტაშვილმა დამირეკა და რუსთავის თეატრში მთავარ როლზე მიმიწვია. მითხრა, - გარკვეულ თანხას იხდიანო. მაშინ 300 ლარი ფული იყო! დავთანხმდი... ერთ მშვენიერ დღეს ფარდა გაიხსნა და დარბაზში მჯდომი ბატონი რობერტ სტურუა დავინახე! თურმე, რუსთავის თეატრის სამხატვრო კონსულტანტი გახლდათ და რეპეტიციაზე შემოიხედა. მოკლედ, იმ სპექტაკლის წყალობით მე, გოგა ბარბაქაძე და ბესო ზანგური რუსთაველის თეატრში მოვხვდით...

- პირველი პირდაპირი ეთერი...

- ეს ალბათ იყო "რუსთავი 2"-ზე პირდაპირი ჩართვა. ახლა პირდაპირ ეთერს მიჩვეული ვარ, მაგრამ მაინც, საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. იცით, უცნაური რა არის? ბევრი ადამიანი ტელევიზიაში ჩემზე დიდხანს მუშაობდა, მაგრამ ხალხმა მათი გვარ-სახელი არ იცის, მე კი ორი ეთერის შემდეგ უკვე მიცნობდნენ. ხშირად მსმენია, - პოპულარობა მოსაბეზრებელიაო. ეს მატრაკვეცული ნათქვამი მგონია. მსახიობისთვის იმაზე დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს, როცა საკუთარი საქმის გამო ხალხს უყვარხარ?! ჩემთვის თავი არასოდეს მოუბეზრებიათ. მეც ძალზე კონტაქტური ვარ.

- პირველი შვილი...

- ჩემი პირველი შვილი გუგა გახლავთ... სახელი "პაატა"არასდროს მომწონდა. მაშინ მოდური "გიო" იყო და ამ სახელზე ვგიჟდებოდი! ჩემს მამიდაშვილსაც პაატა ერქვა და ჩემებს ვეკითხებოდი: - მთელ ჯიშს პაატა რატომ დაგვარქვით-მეთქი?.. მამაჩემს ავთო ერქვა. გავაფრთხილე: - არ გეწყინოს, თუ ჩემი ძმა ხარ, შვილს შენს სახელს ვერ დავარქმევ-მეთქი. მიპასუხა: - ხომ არ გაგიჟდი? ამ სახელს ვერ ვიტანო! ჩემს მაშინდელ საქციელს ვნანობ: რომ მცოდნოდა, მამა ასე მალე გამოგვეცლებოდა ხელიდან, "გავუსწორებდი" - ალბათ გულის სიღრმეში ესიამოვნებოდა, თუკი შვილს მის სახელს დავარქმევდი... მახსოვს, შინ ნაქეიფარი მივედი. ღამის 3 საათი იყო, როცა მეუღლის სამშობიაროში წაყვანა მომიხდა. მთავარ ქუჩამდე ხელში აყვანილი გავიყვანე, მანქანა გავაჩერე და სამშობიაროში წავედით. ბავშვი დილამდე არ გაჩნდა. მისი დაბადება მაგარი განცდა იყო!.. გუგაზე მზე და მთვარე ამომდის, მაგრამ მამობა მეორე შვილის - ნიკუშას დაბადების შემდეგ უფრო მეტად გავაცნობიერე. პირველი შვილის გაზრდაში ბებია და პაპა იყვნენ ჩართულები. თან, მაშინ ნინოს მშობლებთან ვცხოვრობდით... მერე, მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი კერა შევქმენით. ახლა გუგა დიდი ბიჭია. თბილი ბავშვია. მიზანში მაგრად ისვრის. გვინდა, ნინო სალუქვაძის სკოლაში მივიყვანოთ.

- პირველი ავტოგრაფი...

- პირველი ავტოგრაფი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, როცა კობა სუბელიანი "მზის დარტყმის" მახეში გავაბით: მოვატყუეთ, თითქოს კობას სახელობის სკოლას ვხსნიდით. ადგილზე მისულს პროდიუსერმა დამირეკა - უკვე ამოდით და კობას აუხსენით, რომ სინამდვილეში "მზის დარტყმაში" მოხვდაო. არადა, ბავშვები, მასწავლებლები გარს მეხვეოდნენ, მეც ავტოგრაფებს ვუწერდი... ვერაფრით გამოვედი და თავი უხერხულად ვიგრძენი. ამასობაში, პრ­ოდიუსერმა ისევ დარეკა, - მოდი, კაცი ჭკუიდან გადავიდა! ჰგონია, რომ მართლა მისი სახელობის სკოლააო! როგორც იქნა, ხალხის ტალღა გავარღვიე და სკოლაში ავირბინე. იმ გადაცემის კადრშიც ჩანს, როგორ გავრბოდი და უკან ხალხი მომდევდა (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)