რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება "მტკიცე და კატეგორიულ პროტესტს" გამოთქვამს, ხერსონის ოლქში, გუშინ რუსეთის არმიის სადესანტო დანაყოფების გადასხმის თაობაზე.

"უკრაინა უფლებას იტოვებს, მიმართოს ყველა ძალისხმევას იმისათვის, რომ შეწყდეს ქვეყანაში რუსეთის მხრიდან სამხედრო შემოჭრები", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ ხერსონის ოლქში რუსმა სამხედროებმა დესანტი გადასხეს. ამ ინფორმაციის თანახმად, ხერსონის ოლქის სოფელ სტრელკოვოში რუსმა სამხედროებმა

ვერტმფრენებიდან დესანტი გადასხეს. რუსმა სამხედროებმა გაზგამანაწილებელი სადგური დაიკავეს და იქ ბლოკ-პოსტი გახსნეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, იგორ ტენიუხიმის განცხადებით,

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში რუსული ჯარების შესვლას არ დაუშვებს. მისივე თქმით, ეს სქემა რუსეთის ფედერაციის მიერ არის შემუშავებული.

"პროვოკაციები, რომელსაც დონეცკში ჰქონდა ადგილი, რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული ხალხის მიერ განხორციელდა. უკრაინის შეირაღებული ძალები ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარებს არ დაუშვებენ. ისინი სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე არიან გადაყვანილი. ჩვენ, როგორც სამხედროები, შევასრულებთ ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს", -აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

ორი დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას უკრაინაში მცხოვრებ თანამემამულეებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლეზე და უფლებას იტოვებს, დაიცვას ეს ადამიანები. ამით უწყება დონეცკში, 13 მარტს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურაა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დონეცკში თავს დაესხნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ქუჩაში იმ ხალხის დესტრუქციული პოზიციის გასაპროტესტებლად გავიდნენ, რომლებიც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებენ.

"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ უკრაინის სათავეში მოსულმა ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს "ბოევიკების" განიარაღება, უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოება და მათი კანონიერი უფლება – გამართონ მიტინგები. სამწუხაროდ, როგორც უკრაინაში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, ეს ასე არ ხდება, ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას. რუსეთი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას უკრაინაში მცხოვრებ თანამემამულეებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლეზე და უფლებას იტოვებს, დაიცვას ეს ადამიანები", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.