მწეველებს მოწევისთვის ნებართვის აღება მოუწევთ? - რა არის მწეველის ბარათი

მწეველებს მოწევისთვის ნებართვის აღება მოუწევთ? - რა არის მწეველის ბარათი

რა იწვევს სიგარეტზე დამოკიდებულებას, რატომ უნდა დაანებოთ თავი მოწევას და რა გზები არსებობს ამ მავნე ჩვევისგან თავის დასაღწევად. რას ნიშნავს ბარათი მოწევის უფლებით და რა პროექტზე მუშაობს საფრანგეთი სიგარეტთან დაკავშირებით.

მიიღეთ რეკომენდაციები და უფრო მეტი ინფორმაცია სიგარეტზე, მწეველებმა და მავნე ჩვევის გადაგდების მსურველებმა "დილის პალიტრის" სტუმრისგან. გადაცემის სტუმარია მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე. Ambebi.ge გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტურ ვერსიას.

- ბატონო ირაკლი, ყველანი ვთანხმდებით, რომ მოწევა პრობლემაა და არა სიამოვნება, როგორც ბევრს მიაჩნია, თუ მეწინააღმდეგებით?

- ნამდვილად ასეა, გავიდა ის დრო, როცა სიგარეტის მოწევა მოდურად ითვლებოდა მსოფლიოში. იყო რაღაც პერიოდი, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, როდესაც სიგარეტის მწეველობა ვაჟკაცობადაც კი ითვლებოდა, მაგრამ დღეს უკვე მეცნიერებმა, უბრალოდ დაკვირვებულმა ადამიანებმა დაადგინეს, რომ მოდურობის გარდა, ამის უკან იმალება საკმაოდ დიდი აისბერგი იმ პრობლემებისა, რომლებიც სიგარეტის მოწევას სდევს თან.

მოგეხსენებათ, რომ მეცნიერები და ექიმები ზოგჯერ კატეგორიულებიც კი არიან ხოლმე პაციენტების მიმართ, როდესაც ისინი აღნიშნავენ, რომ სიგარეტს ეწევიან. აღმოჩნდა, რომ არ არსებობს ორგანო, რომელიც არ ზიანდება სიგარეტის წევის შედეგად. მიიჩნევა, რომ სიგარეტი შეიძლება შევადაროთ ერთგვარ ნარკოტიკსაც კი, და არის ლაპარაკი, თუ არ ვცდები, თვითონ ნიკოტინი შეიტანონ, როგორც ნივთიერება ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიაში. კერძოდ, სიგარეტს ვინც ეწევა, მას აქვს ასე ვთქვათ, აფტინენციური სინდრომი.

ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ სიგარეტი აზიანებს ფილტვებს, იწვევს ფილტვების კიბოს, ბევრ სიგარეტის კოლოფს აწერია ეს ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, სიგარეტი აზიანებს ასევე თითქმის ყველა ორგანოს, თმის ღერიდან დაწყებული კანის საფარველით დამთავრებული და აღმოჩნდა, რომ სიგარეტის წევა საოცრად დამთრგუნველად მოქმედებს ღვიძლზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. პაციენტს, რომელსაც აქვს ვირუსული ჰეპატიტი (C ჰეპატიტი), ექიმები ეუბნებიან, რომ რაკიღა თქვენ მწეველი ხართ, ფაქტობრივად, ორი C ჰეპატიტი გაქვთო.

სიგარეტის მოწევისას ხდება ერთგვარი გაფართოება სისხლძარღვებისა და ამ დროს ადამიანი, რომელსაც შესაბამისად ტვინის სისხლძარღვები უფართოვდება სიგარეტის წევის მომენტში, გრძნობს ერთგვარ სიამოვნებასაც და თითქოს კარგად მუშაობს, ადვილად ითვისებს წაკითხულს და ა.შ. არიან ადამიანები, რომლებიც წიგნთან მუშაობის დროს, ან სხვადასხვა სამეცნიერო მუშაობის დროს იყენებენ სიგარეტს და შემდგომ, როგორც კი მორჩება სიგარეტის წევის პროცესი, მერწმუნეთ, ორჯერ ვიწროვდება სისხლძარღვები და ამიტომ გარკვეულწილად ავტინენციის სინდრომიც არ არის გასაკვირი, რომ ვითარდება.

- ბატონო ირაკლი, თქვენ თავად ბრძანდებოდით მწეველი, მაგრამ თავი დაანებეთ. მოდით, ამჟამად მწეველებს ვუთხრათ, რა ჩვევები შეიძლება გამოიმუშაოს ამ დროს ადამიანმა, რომ ეს მავნე ჩვევა დაძლიოს, გნებავთ ორგანიზმის მოთხოვნილება ამ პროდუქტისადმი... როგორ მოახერხონ? ეს ძალიან რთულია, როგორც ვიცი...

- მე ვერ დავიტრაბახებ, რომ ძალიან სერიოზული მწეველი ვიყავი, მაგრამ ისევე როგორც ოდნავ ფეხმძიმე არ შეიძლება იყოს ქალბატონი, ასევე არ შეიძლება იყოს ოდნავ მწეველი. ერთს მოწევ სიგარეტს თუ ათასს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

საქმე რაშია, ზოგჯერ ერთი ღერი სიგარეტის მოწევამ შეიძლება საკმაოდ სერიოზულ შედეგამდე მიიყვანოს პაციენტი. მე ვურჩევ: პირველ რიგში უნდა მოხდეს ყურადღების გადატანა. ადამიანსაც გააჩნია, ზოგს აქვს ძლიერი ნებისყოფა, ზოგს არა აქვს ნებისყოფა. მე პირადად ვთქვი, არ მოვწევ-თო და აღარ მოვწიე. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც წლებია ეწევიან და ძალიან ძნელია მათთვის სიგარეტის აკრძალვა; აქ უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რა ზემოქმედებას ახდენენ ისინი. პირადად ჩემთან მოსული პაციენტი პრაქტიკულად, თითქმის ყველა ანებებს სიგარეტის მოწევას თავს იმიტომ, რომ მე მათ დეტალურად ვუხსნი, რატომ უნდა დაანებონ სიგარეტს თავი. რაც მთავარია, მკურნალობის შედეგი ძალიან ხშირად სერიოზულად არის დამოკიდებული იმაზე, მოწევენ თუ არა ისინი მომავალში სიგარეტს. ცოტა სახუმარო მომენტი შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც კი მოგინდება მოწევა, აიღეთ ლარიანი და ჩააგდეთ ყულაბაში, ვითომ მოწიეთ და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა თანხა გროვდება თვის ბოლოს. შემდეგ უნდა მოხდეს გადატანა ფიზიკაზეც, მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, მოგინდათ სიგარეტის მოწევა, არ არის აუცილებელი რეკორდი დაამყაროთ, უბრალოდ შეგიძლიათ ფიზიკური ვარჯიში შეასრულოთ, რომ დაღლის მომენტი განვითარდეს და ყურადღების გადატანა მოხდეს. და კიდევ ერთი, მაგალითად, ხშირად ადამიანები სიგარეტს ეწევიან ნერვული სტრესის პირობებში, აქაც აუცილებელია ყურადღების გადატანა რამეზე, სიგარეტი არ უნდა გადავიდეს მექანიკურ ჩვევაში. ყველაზე ცუდია, როდესაც ადამიანი დილით იღვიძებს და ჩვევაა უკვე, რომ მან უნდა გაიღვიძოს სიგარეტთან ერთად, ეს ძალიან ცუდია და კიდევ უარესი, თუ იგი ღამე დგება სიგარეტის მოსაწევად. ეს მავნე ჩვევა კი არა, უკვე პათოლოგიაა.

- ბატონო ირაკლი, ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ გსმენიათ ე.წ. "მწეველის ბარათის" შესახებ...

- დიახ, სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ეს ინფორმაცია. როდესაც გახლდით უცხოეთში კონფერენციაზე, ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა ექიმმა განაცხადა, რომ არის ასეთი პროექტი - საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შემოიღონ ე.წ. მწეველის ბარათი. ჩვენ რომ ავტომანქანის მოწმობა გვაქვს, აი ამ ტიპის ბარათი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა მოხდეს საფრანგეთის მოქალაქეების შემოწმება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აქ ლაპარაკია სერიოზულ შემოწმებაზე და იმისდა მიხედვით, მათი ჯანმრთლეობა იძლევა ამის საშუალებას, თუ არა, მათ უნდა მიეცეთ სიგარეტის მოწევის უფლება და ეს დასტურდებოდეს ბარათით. აღმოჩნდა, რომ სიგარეტის ბიზნესით შემოსული თანხები არც თუ ისე დიდი ყოფილა, იმ თანხებთან შედარებით, რაც სიგარეტის წევით გამოწვეულ დაავადებების მკურნალობას სჭირდება. ამიტომ ეს ძალიან ჭკვიანურია, ერთი - ჯანმრთელობას უფრთხილდებიან და მეორე ის, რომ აქაც გარკვეული ბიზნესშემოთავაზებაც ყოფილა.

- მოკლედ, წამგებიანიც ყოფილა სიგარეტის მოწევა?

- წამგებიანი ყოფილა სიგარეტის მწეველთა "გამრავლება" ქვეყანაში, იმიტომ რომ, მრავლდება ასევე დაავადებები და შესაბამისად, ეკონომიკაზე გარკვეულ დარტყმაა ეს პრობლემები.

- ჩვენ ძალიან ხშირად გვინახავს, წაგვიკითხავს, როგორც ანტინარკოტიკული, ასევე თამბაქოს საწინააღმდეგო აქციების შესახებ ჩვენს ქვეყანაშიც. თქვენ როგორ ფიქრობთ, ყველაზე ეფექტური კამპანია როგორი სახის იქნებოდა, თუნდაც საქართველოში.

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია და აუცილებელია, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მწეველს უფრო გასაგებ ენაზე აუხსნათ, რატომ უნდა დაანებოს თავი სიგარეტის წევას, რომ აღარ არის ეს მოდური, რომ სირცხვილადაც კი ითვლება.

მარტივ მაგალითს გეტყვით, ლონდონში გახლდით კონფერენციაზე, ჩემს მეგობარს ბევრად უარესი ოთახი მისცეს სასტუმროში, ვიდრე მე, რადგან მე მწეველი არ ვიყავი, იგივე თანხაში ბევრად უკეთესი ნომერი მომცეს. გარკვეულწილად ეს პოლიტიკაც არის, ვიცით რომ ეწევი, ე.ი. შენ ცოტა უფრო ნაკლები ხარ იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც არ ეწევა. როდესაც ორი ერთნაირი დონის სპეციალისტს სამსახურში იღებენ, ვინც არ ეწევა იმას უფრო მეტი პრივილეგიები აქვს და ა.შ. მაგრამ მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ოჯახს, მშობლებს, როდესაც დედ-მამა ეწევა, იქ ბავშვი აუცილებლად მოწევს, არ შეიძლება მამა აბოლებდეს და სიგარეტის მავნებლობაზე ესაუბრებოდეს შვილებს, ასევე ექიმი, რომელიც ეწევა, ის ვერასდროს ვერ დაანებებინებს თავის პაციენტს სიგარეტის მოწევას და თვითონ ჩვენ, ადამიანები, ვინც არ ვეწევით მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ვესაბუროთ და ვებრძოლოთ. სახლში ჩემთან ვერავინ მოწევს, იმიტომ, რომ მე არ ვეწევი, მანქანაში ჩემთან ვერავინ ვერ მოწევს, იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვეწევი. უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, როდესაც ადამიანი ეწევა, ის ძალიან დიდ პრობლემას უქმნის არამწეველს თავისი სიგარეტით. არამწეველზე უფრო ცუდად მოქმედებს სიგარეტის კვამლი.

- მთავარი პრობლემაც სწორედ ეს გახლავთ, ისინი ნაკლებად ფიქრობენ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ ეწევიან და ასე ვთქვათ, ცხვირპირში გვაბოლებენ.

- ეს არის ელემენტარული ქცევის კულტურა, დიდი ბოდიშის მოხდით ყველასთან, იმიტომ, რომ აქ არა მარტო დისკომფორტზეა ლაპარაკი, აქ ჯანმრთელობის საფრთხის შექმნაზეა საუბარი. ეს უნდა გავითავისოთ.

იხილეთ ვიდეო

ღვინო იმუნიტეტს აძლიერებს - დღეში 1 ჭიქა ღვინო სასარგებლოა

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - ეკატერინე ტიკარაძე

"ვისოლ ჯგუფი" თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს