არც ის შენი ნამდვილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ სხვის ნახევარს. ორივეს ცხოვრება დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაზე გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვის ნახევარს სახელდახელოდ ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს, ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია" – როცა სტატიის წერა დავიწყე და მონდომებით ვარჩევდი ეპილოგად გამოსადეგ ფრაზას, ჩემდა გასაოცრად არაჩვეულებრივი ქართველი მწერლის – ოტია იოსელიანის სიტყვები ამოტივტივდა გონებაში. წერა დავიწყე და გამახსენდა რომ ოტია თავადაც ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით იყო დაბადებული. დღევანდელი ჩვენი საუბარიც სწორედ ტყუპისა და მისი ოპოზიციური ნიშნის მშვილდოსნის თავსებადობაზეა, თუმცა მიკერძოებაში რომ არ ჩამეთვალოს მინდა დასაწყისშივე აგიხსნათ – ჩემი მიზანი ამ სტატიით თქვენთვის ოპოზიციის არსის ახსნა და ზოგადად "მეორე ნახევრის" პრინციპის ასტროლოგიური ინტერპრეტაციაა. საამისოდ კი მსოფლიოში ცნობილი წყვილის ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის მრავალწლიანი და რაც მთავარია, მყარი ოჯახი მინდა მოვიყვანო მაგალითად.
ალბათ იცით, ზოდიაქოს რკალი, 360 გრადუსიანია. აქედან გამომდინარე ნიშნები, რომელთაც ერთმანეთს შორის 180 გრადუსის სხვაობა აშორებთ ზემოთ ხსენებულ რკალზე, ურთიერთმოპირისპირე ანუ ოპოზიციურ ნიშნებად არიან მიჩნეული. ამიტომაც ხდება მათ შორის ურთიერთგაგება ხშირად რთული, ზოგჯერ შეუძლებელიც კი. თუმცა ასტროლოგიურად ხომ არაფერია სამყაროში ისეთი, რაც კორექციას არ ექვემდებარება. მთავარია, სურვილი და მონდომება რეალურად შევცვალოთ რამე უკეთესობისკენ.
შეიძლება ითქვას, რომ ტყუპი – მშვილდოსანი კლასიკური ოპოზიციური "ლავსთორია". მათ შორის ბევრია საერთო, მაგრამ ამასთანავე საკმარისზე მეტი მიზეზი აქვს ამ ორს ერთმანეთის გასაჩეჩად . ტყუპი მერკურის შვილია, დეტალებზე ორიენტაცია იოლად გამოსდის. მაშინ როცა მშვილდოსანს დეტალები არასოდეს აინტერესებს, იგი მასშტაბურად აღიქვამს სამყაროს. შესაბამისად, ამ ორს შორის, არაერთგზის ჩნდება მიზეზი სადისკუსიოდ და საკამათოთ. მათი მსოფლმხედველობა ხომ ცა და მიწასავით განსხვავებულია. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მერკური – აზროვნებისა და კომუნიკაციის "კურატორი" პლანეტა ტყუპის ზოდიაქოს დიასახლისია, მაშინ როცა მშვილდოსნის ზოდიაქოში იგი ფაქტობრივად ტყვე ჩიტია ფრთებდაჭრილი. შესაბამისად, ნებისმეირ მშვილდოსანს მოეთხოვება, ჩვეული ყოყლოჩინობა გვერდზე გადადოს და კარგად დაფიქრდეს მანამ, სანამ ჭკვიან მერკურიანელს გამოიწვევს ინტელექტუალურ პაექრობაში. მერედა მშვილდოსნებს როგორ არ უყვართ მარცხთან შეგუება.
რაც შეეხება ბრედ პიტის (მშვილდოსანი) და ანჯელინას (ტყუპი) კონკრეტულ წყვილს, მათ პირად რუკებზე თვალის ერთი გადავლებაც კმარა საიმისოდ, რომ მივხვდეთ. თავქარიანმა მშვილდოსანმა, რომელიც ამ ქვეყანას უმთავრესი მისიით მოევლინა – ჰყოლოდა ოჯახი მყარი და დიდი, საკუთარ ჭეშმარიტ მოწოდებას სწორედ ანჯელინას მეშვეობით მიაღწია. (საყოველთაოდ ცნობილია ჯოლი-პიტის მრავალრიცხოვანი ოჯახის შესახებ). გარდა ამისა, ბრედისთვის ტყუპი ქალი რეალურად წარმოადგენს სასურველი პარტნიორის მოდელს – კომუნიკაბელური, გახსნილი, მრავალმხრივი, ცვალებადი.
ხოლო რაც შეეხება თავად ანჯელინას, მისთვის მშვილდოსანი მამაკაცი ე.წ. "კარმული მამაკაცია" ცხოვრების გზაზე. შესაბამისად, ვერანაირი ოპოზიცია ვერ შეუშლიდა ამ წყვილს ხელს იმაში, რომ ერთმანეთი ეპოვნათ ცხოვრების გზაზე. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს განსაკუთრებულ ურთიერთობასთან, რომელსაც ვადა არ გააჩნია დროსა და სივრცეში. როგორც წესი, ასეთი სიყვარული ყველაფერს უძლებს, იმიტომ რომ მეუღლეებს შორის გარდა ფიზიკური სიახლოვისა, გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი სულიერი კავშირი არსებობს.
საუბრის ბოლოს კი, შემაჯამებელ დასკვნას გავაკეთებ – როგორც ოტია ამბობს, "ვინც იბადება იმისი ცალიც იბადება", ასტროლოგიური მოსაზრებით, ზოდიაქოს ნიშნები ოდესღაც თორმეტის ნაცვლად ექვსნი იყვნენ. შემდგომ მათი დაყოფა მოხდა, სწორედ იმიტომ, რომ ადამიანმა შეგნებულად ეძებოს საკუთარი მეორე ნახევარი, ოპოზიციური ნიშანი და კომპრომისის, დათმობისა და ლოიალურობის ხარჯზე მოახერხოს მასთან გამთლიანება. ოპოზიცია კი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი დაკარგული მეორე ნახევრის პოვნის რეალური შანსი.