არსებობენ მანდილოსნები რომელთაც ხშირად აბსოლუტურად არ შეესაბამებათ დეფინიცია „სუსტი სქესი“.. დიახ, დღეს ზოდიაქოს ყველაზე თავნება ქალების სამეულს გაგაცნობთ და თუ რომელიმე მათგანში საკუთარი თავი ამოიცანით, სასურველი იქნება ასტროლოგებს კი არ მიაყაროთ ქოქოლა - არამედ ვენერას და მთვარის ფუნქციები გააძლიეროთ თქვენში. მერწმუნეთ ეს მეტ ქალურობას და სინაზეს შეგძენთ, ჰოდა საპრეტენზიოც ჩვენთან არაფერი გექნებათ
ვერძი - იშვიათად შეხვდებით ნაზ, დიპლომატიურ და დამთმობ ქალს ამ ნიშნის წარმომადგენლებში. თუკი საქმე მაღალგანვითარებულ ინდივიდთან გვაქვს, მან შესაძლოა გარკვეულ დონემდე თავი მაქსიმალურად შეიკავოს უხეშობისგან, როცა რამე მისთვის მისაღები სცენარით არ ვითარდება, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ვერძები უტაქტო, უაპელაციო და ანჩხლი ქალების კატეგორიას გაეკუთვებიან. ისინი მამაკაცსაც არ დაუდებენ ტოლს ჩხუბსა და ბილწსიტყვაობაში, თუკი წყობიდან საკმარისად გამოიყვანს ვინმე. ვერძს მხოლოდ თავისი სიმართლე გააჩნია და სჯერა ამის, ამიტომ გაბრაზებულს აჯობებს არასოდეს შეეკამათოთ. სულ ერთია, მაინც ვერაფერს შეასმენინებთ.
კირჩხიბი - კირჩხიბებს შორის ვხვდებით როგორც უზომოდ ქალურ, ნაზ და უმწეო არსებებს, ისე სრულფასოვან მეგერებსაც, რომლის ხელშიც აჯობებს არც ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი არასოდეს ჩავარდეს. კირჩხიბი ქალი გამაოგნებლად მოქნილი, საშიში და შურისმაძიებელი შეიძლება იყოს თუკი საქმე მის ინტერესებს შეეეხება. ამასთან ერთად, მას შეუძლია ყველაფერზე მოაწეროს ხელი, თუ კუთხეში მიაყენებთ და გამოსავალს აღარ დაუტოვებთ. ცუდ ხასიათზე მყოფს კი (რაც მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული) ჯობს არსად გადაეყაროთ. მიწასთან გაგასწორებთ ცინიზმით და უტიფარი კომენტარებით.
მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის არც მდედრობით არც მამრობითი წარმომადგენლები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული დიპლომატიურობით. მშვილდოსანი ცეცხლის ნიშანია, თუმცა კიდევ ერთი ცეცხლის ნიშნის - ვერძისგან განსხვავებით მას ცოტა უფრო მეტი მოთმინების უნარი ახასიათებს, როცა საქმე საკუთარი ინტერესების დაცვას ეხება. მაგრამ ეს საკმარისი არ არის ხან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. საქმეს ართულებს ასევე მშვილდოსნის უაზრო პირდაპირობა, ის ყოველთვის ამბობს იმას რასაც ფიქრობს და აკეთებს იმას რაც თავში მოსდის ან საჭიროდ მიაჩნია. ვერ იტანს შეზღუდვებს და მით უმეტეს ვერ იტანს, როცა ვინმე მენტორული ტონით არიგებს ჭკუას. ამიტომ მშვილდოსანი ქალები ვერძთან და კირჩხიბთან ერთად, ჩვენი სამეულის მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ.