ვიმსჯელებთ , არსებობს შემთხვევები როცა დედა-შვილს შორის ურთიერთობაში, გარკვეული დაძაბულობა იჩენს თავს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. ამიტომ სასურველია მათ შორის ხასიათების თავსებადობის შესახებ, ასტროლოგიური კუთხითაც ვიმსჯელოთ სტატიების ციკლის მეშვეობით, რომელსაც დღეიდან შემოგთავაზებთ
როგორი დედაა ლომი?
ლომი დედა ვერძი შვილი – ერთ-ერთი იდეალური კავშირია. ვერძი და ლომი ერთი და იმავე სტიქიის წარმომადგენლები არიან. ამიტომ ცეცხლოვანი ტემპერამენტის მსგავსების გამო დედა ლომი ყოველთვის აღფრთოვანებული იქნება თავისი მოუსვენარი, ენერგიული ნაშიერით. იგი მას ნებისმიერი მიზნის მიღწევაში დაეხმარება, შეაგულიანებს რჩევებითა და გაუღვივებს საკუთარი თავის რწმენას. რაც პატარა ვერძისთვის საკმარისი იქნება, საიმისოდ რომ ცხოვრებაში არანაირ დაბრკოლებას არ შეუშინდეს.
ლომი დედა კურო შვილი – საკმაოდ პრობლემატური კავშირია. სიმშვიდის, სიმყუდროვის და კომფორტის მოყვარული კურო, მძიმედ გადაიტანს დედა ლომის მრავალრიცხოვან სტუმრებს ოჯახში ყოველ საღამოს. კუროს ნერვული სისტემის სწორად გასავითარებლად სიმშვიდე ესაჭიროება, დედა ლომი კი მის ამ მოთხოვნილებას უხასიათობად მონათლავს. ამიტომ მონდომებით ეცდება, საკუთარი შვილი "ხალხში გამოიყვანოს", რაც ნამდვილად არ დასრულდება სახარბიელო შედეგით.
დედა ლომი ტყუპი შვილი – მშვენიერი ტანდემია. დედა ლომის ენერგიული ხასიათი, მისი დედოფლური მანერები და დინამიურობა პატარა ტყუპში აღფრთოვანებას იწვევს. იგი მცირე ასაკიდან შეეცდება დედას მიბაძოს და მხარი აუბას ყველაფერში. თუ გოგონაა მისი სამოსით, პარფიუმერიითა და აქსესუარებით დაინტერესდება. თუ ბიჭი – საბავშო ბაღში ყველას დედას შეადარებს.
დედა ლომი კირჩხიბი შვილი – მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. დედა-შვილს შორის ურთიერთობა შეიძლება ჰარმონიული იყოს, თუ ლომი დედა პატარა კიბორჩხალას არ დააძალებს იყოს უფრო გამბედავი, უფრო ამბიციური და ძლიერი. სასურველია, მან კირჩხიბის ემოციური ბუნება კარგად გაითავისოს და პირმშოს წახალისების, შექების საშუალებით აიძულოს გააკეთოს ის რაც მას სურს.
დედა ლომი შვილი ლომი – ორი მონარქი ერთ ტახტზე და ოჯახის დანარჩენი წევრები მათ ფერთხით. დაახლოებით ამგვარია სცენარი ოჯახში, სადაც დედა-შვილი ლომი ბინადრობს. ბოკვერი და ძუ შესანიშნავად გაუგებენ ერთმანეთს ჩვილობიდან. დედა პატარა ლომს აუცილებლად ასწავლის საკუთარი თავის ფასს, ღირსეულ მანერებს და საზოგადოების წინაშე თავის დაჭერის ხელოვნებას. თუმცა უკვე დიდ ასაკში, შესაძლოა ამ ორის ამბიციები შვილი ლომის პროფესიული არჩევანის ან ნაადრევი რომანების გამო გადაიკეთოს, რაც საკმაოდ დიდ ხმაურს შექმნის მათ მშვიდობიან ბუნაგში.
დედა ლომი შვილი ქალწული – საკმაოდ კარგი კავშირია იმ კუთხით, რომ ბუნებით მორცხვი და ჩაკეტილი ქალწული, დედა ლომისგან საზოგადოების წინაშე თავის ეფექტურად წარმოჩენას და ემოციების გამოხატვას სწავლობს. დედა ლომს არც პატარა ქალწულის ნიჭი და ვიზუალური მონაცემები გამოეპარება, ამიტომ იგი თავის ნაშიერს პატარაობიდანვე მიაჩვევს დასახული მიზნისკენ სვლას და გამარჯვებით ტკბობას.
დედა ლომი შვილი სასწორი – შესანიშნავი კავშირია. ლომი და სასწორი ორივე სილამაზის, კომფორტისა და კარგი ცხოვრების მოყვარულია. ამიტომ დედა-შვილს შორის ამ მხრივ იდილია იქნება. ისინი შესანიშნავად შეიქცევენ თავს მუზეუმებში, გამოფენებზე ან კონცერტებზე სიარულით. არანაკლებ ჰარმონიულად აუბამენ მხარს ასევე შოპინგის დროს ერთმანეთს.
დედა ლომი შვილი მორიელი – ერთ-ერთი პრობლემატური კავშირია. როგორც მორიელი, ისევე ლომი ორივე ძალაუფლების მოყვარული და ძლიერი პიროვნებაა. ამიტომ პატარა მორიელი არასოდეს აღიარებს დედის ჰეგემონობას მხოლოდ იმიტომ, რომ ის უფროსია და საჭიროა უფროსებს უსიტყვოდ დაემორჩილოს. მორიელის ფსიქოლოგიით საიმისოდ, რომ მან ვინმეს პატივი სცეს, ამ უკანასკნელმა მისგან ეს პატივისცემა უნდა დაიმსახუროს. ამიტომ დედა ლომს ბევრი ოფლის ღვრა მოუხდება შვილთან ურთიერთობის დასალაგებლად.
დედა ლომი მშვილდოსანი შვილი – შესანიშნავი კავშირია. ორი ცეცხლის ნიშნის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, ოჯახის დანარჩენ წევრებს გამუდმებულ ფეირვერკებსა და მხიარულებას ჰპირდება. მართალია შიგადაშიგ ხმაურიანი გარჩევებიც არის მოსალოდნელი, მაშინ როცა ცელქი მშვილდოსანი დედის დაუკითხავად ჩაიდენს რამეს ან საზოგადოებაში შეარცხვენს მას უგვანი საქციელით, მაგრამ ეს არაფერია. ცეცხლები ხომ წამის მეასედში რიგდებიან.
დედა ლომი თხის რქა შვილი – მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. ძირითადი პრობლემა ემოციური კუთხით წარმოიქმნება. ლომი გულღია, ხმაურიანი და ეპატაჟურია, თხის რქა კი ცოტათი მორცხვი, გაუბედავი და ჩუმი. თუ დედა ლომი პატარა ასაკიდანვე მიაჩვევს მას საკუთარი ნიჭის სახალხოდ აფიშირებას და მიღწეული შედეგის შეფერებას, შვილი თხის რქა მთელი ცხოვრების მანძილზე მადლიერი იქნება მისი.
დედა ლომი მერწყული შვილი – საკმაოდ პრობლემატური კავშირია. ხასიათებისა და მსოფლმხედველობის სხვადასხვაობის გამო. დედა ლომი პატარა მერწყულის არაპროგნოზირებადი, ექსტრაორდინალური ხასიათის გამო არაერთგზის ჩავარდება საგონებელში. შვილს ხან გენიოსად ჩათვლის, ხანაც წყალწაღებული მაჩანჩალა ეგონება და მოკლევადიანი დეპრესია დაეუფლება ამის გამო.
დედა ლომი თევზი შვილი – მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია, იმ შემთხვევაში თუ დედა ლომი პატარა თევზის ემოციურ სამყაროს უხეშად არ შეეხება. სხვამხრივ კი ლიფსიტას მუსიკალური მონაცემები, სახელოვნებო ან სამსახიობო ნიჭი დედა ლომისთვის შესაძლოა სიამაყის წყაროდ იქცეს. იმიტომ რომ იგი აუცილებლად გაუკვალავს გზას შვილს ამ სფეროში.