როცა დედა-შვილს შორის ურთიერთობაში, გარკვეული დაძაბულობა იჩენს თავს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. ამიტომ სასურველია მათ შორის ხასიათების თავსებადობის შესახებ, ასტროლოგიური კუთხითაც ვიმსჯელოთ სტატიების ციკლის მეშვეობით, რომელსაც დღეიდან შემოგთავაზებთ
როგორი დედაა მშვილდოსანი?
მშვილდოსანი დედა ვერძი შვილი – შესანიშნავი და იდეალური კავშირია. ორივე ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება, ამიტომ დედა მშვილდოსანი პატარა ბეკეკოსთან ერთად თავადაც სიამოვნებით გაერთობა სხვადასხვა სახის თამაშით. გარდა ამისა ეს ორი გამუდმებით იხეტიალებს აღმა-დაღმა ახალ-ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად.
მშვილდოსანი დედა კურო შვილი – მეტ-ნაკლებად პრობლემატური კავშირია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დედა მშვილდოსნის ცეცხლოვანი ტემპერამენტი რთულად ეგუება პატარა კუროს ზანტ და შენელებულ ცხოვრების რიტმს. ჩვილობის ასაკში კიდევ არა უშავს, პატარა ბოჩოლას იგი ამ თვისებას ასაკობრივ მახასიათებლად ჩაუთვლის. აი უკვე წამოზრდილ კუროს კი ხშირად მოუწევს, დედის მხრიდან მის გამოსაფხიზლებლად ჩატარებული სხვადასხვა სახის "ტრიუკების" მოგერიება.
მშვილდოსანი დედა ტყუპი შვილი – მიუხედავად ნიშნებს შორის ოპოზიციური კავშირისა, ამ ორს შორის ხშირად აბსოლუტური იდილია სუფევს. ტყუპის მოძრავი, ცნობისმოყვარე და მოუსვენარი ბუნებით დედა მშვილდოსანი ძალიან იხიბლება, იმიტომ რომ თავადაც იგივე შტრიხების მატარებელია ხასიათით. ამასთან ერთად, ფეხის ადგმიდან და ლაპარაკის დაწყებიდან მოყოლებული დედა-შვილს სახეტიალო და სალაქლაქო არასოდეს გამოელევა.
მშვილდოსანი დედა კირჩხიბი შვილი – მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. პატარა კირჩხიბი დედა მშვილდოსნისგან საჭიროზე მეტ სითბოს და სიყვარულს იღებს ჩვილობიდან, თუმცა უკვე დიდ ასაკში როცა დედა საზოგადოებაში გარევას და უფრო მეტ კომუნიკაბელურობას მოსთხოვს, შეიძლება კირჩხიბი საკუთარ მიკრო-სამყაროში ჩაიკეტოს თავის გადასარჩენად. დედა მშვილდოსანს კი ქრონიკული შაკიკის ხშირი საბაბი მიეცემა.
მშვილდოსანი დედა ლომი შვილი – შესანიშნავი ტანდემია. ორი ცეცხლოვანი, ანცი და მოუსვენარი ინდივიდი სახლში ყველაფერს თავდაყირა დააყენებს და არ აქვს მნიშვნელობა მათ შორის ერთი რომ სამი წლისაა, მეორე კი სულ რაღაც ოცდასამის. მთავარი ის არის, რომ ამ ორს შეუძლია ერთმანეთს ბევრი პოზიტივი მიანიჭოს და სამომავლოდ ასეთ სიყვარულში გაზრდილი ბოკვერი, თავის თავში დარწმუნებული და დიდსულოვანი პიროვნება გაიზრდება.
მშვილდოსანი დედა ქალწული შვილი – საკმაოდ რთული კავშირია. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნიშნებს შორის იქმნება კვადრატურა, რაც ამ ორის ხასიათებში ხშირად აბსოლუტურ სხვაობას იწვევს. ქალწული ბუნებით პედანტი, პრეტენზიული და ასოციალურია. მშვილდოსანი გულუხვი, დაუკვირვებელი და კომუნიკაბელური. საჭიროა ისევ დედამ გადადგას დიპლომატიური ნაბიჯები შვილისკენ და ამ პატარა, ფრთხილ არსებას საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხში შეუწყოს ხელი.
მშვილდოსანი დედა სასწორი შვილი – საკმაოდ კარგი და ჰარმონიული კავშირია. პატარა სასწორი აღფრთოვანებული იქნება დედა მშვილდოსნის სიმამაცით, ხალისიანი ბუნებითა და მუდმივად ოპტიმისტური განწყობით. თავის მხრივ მშვილდოსანი შვილს ყოველთვის შეუწყობს ხელს იმაში, რომ ამ უკანასკნელმა საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე განავითაროს.
მშვილდოსანი დედა მორიელი შვილი – გარკვეული სირთულეების და ხასიათის სხვადასხვაობის მიუხედავად მათგან შეიძლება კარგი "კოალიცია" ჩამოყალიბდეს. მშვილდოსანი ბუნებით ოპტიმისტი და მხიარულია, მაშინ როცა მორიელი პატარა ასაკიდანვე ეჭვის თვალით უყურებს ამ ქვეყნად ყველაფერს და ღიმილს იშვიათად გამოიმეტებს ვინმეს მისამართით. დედა მშვილდოსანი კარგ მაგალითს მისცემს პატარა მორიელს საიმისოდ, რომ მან ადამიანების მიმართ მეტი ნდობა და ლოიალური მიდგომა ისწავლოს.
მშვილდოსანი დედა მშვილდოსანი შვილი – ძალიან კარგი და ჰარმონიული კავშირია. დედა მშვილდოსანს კარგად ესმის პატარა მშვილდოსნის მოთხოვნილება იყოს თავისუფალი, ამიტომ იგი ნაკლებად შეზღუდავს შვილს მენტორული შეგონებებით, არც კონტროლს დააწესებს მასზე. დიდ ასაკში მის ამ საქციელს შვილი მშვილდოსანი ძალიან დააფასებს და დედას აუცილებლად მიიპატიჟებს რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში სამოგზაუროდ.
მშვილდოსანი დედა თხის რქა შვილი – ეს ის შემთხვევაა, როცა ზოგჯერ ძალიან ძნელი გასარკვევია ამ ორს შორის რომელია მშობელი და რომელი შვილი. თხის რქები "პატარა დიდებად" ევლინებიან ამ ქვეყანას, ამიტომ დაბადებიდან სერიოზულ თხის რქას, ხშირად გაუჭირდება დედის ქაოსურ გრაფიკს და ზედმეტად ხმაურიან ხასიათს მოერგოს. თუმცა, ამ ურთიერთობასაც აქვს თავისი პლუსი, ოპტიმიზმით სავსე დედა მშვილდოსნის ხელში თხის რქა ნაკლებ პესიმისტურ და გაცილებით უფრო რისკიან პიროვნებად ჩამოყალიბდება.
მშვილდოსანი დედა მერწყული შვილი – შესანიშნავი წყვილია. როგორც ხასიათის, ისე ემოციური ურთიერთგაგების და მსოფლმხედველობის კუთხით. დედა მშვილდოსანი, რომელსაც ძალიან უყვარს დამოუკიდებლობა, არასოდეს შეუზღუდავს შვილს თავისუფლად მოქცევის შესაძლებლობებს. მის გვერდით პატარა მერწყული გულისხმიერ, დიდსულოვან და ოპტიმისტ პიროვნებად ჩამოყალიბდება.
დედა მშვილდოსანი შვილი თევზები – მეტ-ნაკლებად რთული კავშირია. თევზები და მშვილდოსანი, ემოციურად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ბუნებით რბილ, სათუთ თევზებს დედის მხრიდან გამოთქმული (ხშირად, სრულია სამართლიანი) საყვედური და შენიშვნა არაერთგზის ატკენს გულს, რის ხარჯზეც იგი შეეცდება გაცილებით უფრო დისტანციური იყოს დედასთან ურთიერთობაში. დედა მშვილდოსანმა უნდა გაითავისოს, რომ შვილის სათუთ ფსიქიკას განსაკუთრებული მიდგომა ესაჭიროება და ნაკლებად უნდა დათრგუნოს იგი ხისტი და მკვახე გამონათქვამებით.