ქალწულის გამომეტყველება, სიმშვიდეს და გაწონასწორებულობას ასხივებს. ამ ქალებს, საოცრად რაციონალური ხასიათი და დახვეწილი მანერები გამოარჩევს სხვებისგან. ქალწული, როგორც წესი, გემოვნებით, მაგრამ არაგამომწვევად იცვამს. ძალიან უყვარს თავის მოვლა და შესაბამისად, საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავს კოსმეტიკურ საშუალებებში და გამაჯანსაღებელ სპა-პროცედურებში. არანაკლებ ყურადღებას აქცევს იგი სწორ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს. უფრო მეტიც, ამ მხრივ იგი გამუდმებით უტარებს უფასო ინსტრუქტაჟს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ასევე კარგად ერკვევა ქალწული, სამედიცინო სფეროში (ნუ დაგავიწყდებათ, ქალწული ზოდიაქოს მეექვსე სახლს მართავს, რომელიც ჯანმრთელობაზეა პასუხისმეგებლი). ბევრმა ქალწულმა, ზეპირად იცის, ნებისმიერი მედიკამენტის შემადგენლობა, დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ხასიათის ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა ერთგულების უნარი, პრაქტიკულობა, დიპლომატია და მზრუნველობა, ქალწული ქალი ნებისმიერი გონიერი მამაკაცისთვის უბრალოდ უძვირფასესი შენაძენია ცხოვრების გზაზე. თუმცა საიმისოდ, რომ თავის მხრივ, მან ვინმესთან საკუთარი ბედის დაკავშირება გადაწყვიტოს, ქალწულ ქალს საკმაოდ ბევრი ფიქრი და გააზრება ესაჭიროება. მძაფრი ემოციები, ერთი ნახვით სიყვარული და მსგავსი უგუნურობები, როგორც წესი, ქალწულებს ნაკლებად ახასიათებთ. ამ ქალის სიმპათია თუ გინდათ დაიმსახუროთ, პირველ რიგში მოწესრიგებული და საიმედო უნდა იყოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ახერხებთ საზოგადოებაში თავის დაჭერას, რამდენად მაღალია თქვენი ინტელექტის კოეფიციენტი და ანგარიში ბანკში.
ტიპური წარმომადგენელი - მომღერალი ბიონსე
გამუდმებული სწრაფვა სრულყოფილებისკენ, ხშირად უბიძგებს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს იმისკენ, რომ საკუთარი თავი უფრო და უფრო დახვეწონ. მანიაკალური დამოკიდებულება დეტალების მიმართ კი ზოგჯერ ამ ადამიანს, აუტანლად მომთხოვნს და პრეტენზიულს ხდის გარშემო მყოფთა მიმართ. შესაბამისად, გადაწყვეტილებას, თუ კონკრეტულად ვის დაუკავშიროს ბედი, ქალწული ქალი პოტენციურ პარტნიორზე ხანგრძლივი დაკვირვებისა და კვლევის შედეგად თუ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანის გაკეთებაში იგი ასეთი პრეტენზიულია, თუკი მან მამაკაცი ცხოვრების მეგზურად აირჩია, მის მიმართ გასაოცარი ერთგულების, ლოიალურობის და სიყვარულის გამოჩენის უნარი გააჩნია.
ქალწულის სიყვარული არ გამოიხატება გამუდმებული ენის მოჩლექასა და მხურვალე ეჭვიანობის სცენების გამართვაში. ამ ქალს საკუთარი გრძნობების გამოხატვა ზრუნვით, გაგებით და მამაკაცისთვის ოჯახური კომფორტისა და ჰარმონიის შექმნით ეხერხება. რაც დამეთანხმებით, ნებისმიერი გონივრულად მოაზროვნე მამაკაცის ოცნებაა. როგორც დედა, ქალწული უნიკალურია. იგი თავისი შვილებისთვის პირველ რიგში მეგობარია და მხოლოდ ამის მერე მშობელი. მისი შვილები ადრეული ასაკიდან ეჩვევიან წესრიგს, დისციპლინას და კარგ მანერებს, რისთვისაც უკვე მოზრდილ ასაკში არაერთგზის იქნებიან დედის მადლობელი.