იდეალური წყვილი – ჯეისონ სტეტჰემი და როუზი ჰანგტინგტონ-უაიტლი
ოდესაღაც შესაძლოა მავანმა ვერძ ქალს ზედმეტად ემოციური, იმპულსური, არაპრაქტიკული, თავხედი, მოურიდებელი უწოდოს, რასაც ვერ დაეთანხმება მასზე შეყვარებული ქალწული მამაკაცი. იგი მის ამ თვისებებს ვერც კი ამჩნევს. მისთვის ვერძი ყველაზე ქალური, ერთგული და პატიოსანია.
აი, როგორ ახასიათებს ქალწული მამაკაცი საყვარელ ვერძ ქალს: "იგი გულუხვია, იზიარებს ჩემს მისწრაფებებს, ხანდახან მიბრაზდება და ეჭვიანობს, მაგრამ არასდროს მიწყობს ეჭვიანობის სცენებს. ყოველთვის გულისყურით მისმენს, როცა ჩემს პრობლემებზე ვსაუბრობ. იგი ნაზია, მოსიყვარულე, ალერსიანი და მუდამ კარგად გამოიყურება". თანამოსაუბრეს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ვერძი ქალის დახასიათება იყო, მაგრამ... მხოლოდ ქალწული მამაკაცის გვერდით გამოავლენს ვერძი თავის დაფარულ ქალურობას, ერთგულებას. ყურადღებიანი, ერთგული ქალწული მამაკაცის გვერდით ვერძი თავს დაცულად გრძნობს და მისი აგრესიულობაც ღრუბელივით იფანტება.
საინტერესო ისაა, რომ ასეთი ტკბილი ურთიერთობების მიუხედავად, ძალზე ხშირია ვერძი ქალისა და მამაკაცი ქალწულის განქორწინება. საქმე იმაშია, ქალწულს ქორწინება აფრთხობს, ვერძი კი მოუთმენელია და სურს, მისი ყველა მოთხოვნა დაუყოვნებლივ შესრულდეს. ხოლო როცა მოთმინების ფიალა აევსება, ურთიერთობას წყვეტს და თავს იმით იმედოვნებს, რომ ერთმანეთისთვის მარტო მეგობრები იყვნენ. თუმცა, ამ ორ ნიშანს შორის, რომანი ხშირად მართლაც მეგობრობით მთავრდება.
ზოგჯერ კი ვერძისა და ქალწულის სიყვარულიც გრძელდება. ქალწული მამაკაცი სიტუაციას აანალიზებს, და კომპრომისზე წასვლაც შეუძლია. ხოლო ვერძი ქალი ყველაფერს "დადებით" და "უარყოფით" მხარეებად განიხილავს. რა თქმა უნდა, "დადებითი" მის მხარეზე იქნება "უარყოფითი" – მამაკაცის.
თუ მამაკაცი ნამდვილი ანალიტიკოსია, მან უნდა იცოდეს, რომ "გაცხარებულ" ვერძთან უფრო ადვილია შეგუება, ვიდრე "გაციებულთან". რადგან თუ ვერძი ქალი ქალწული მამაკაცის მიმართ "გაცივდა", იგი მას დაუნანებლად მიატოვებს.
ამასთანავე, ქალწული მამაკაცი ხშირად კრიტიკოსია. მას უნდა ახსოვდეს, რომ ვერძი კრიტიკას დიდხანს ვერ გაუძლებს და დიდი სიყვარულის მიუხედავად, ირწმუნებს, რომ მისი უარყოფითი თვისებების სია უფრო გრძელია, ვიდრე დადებითების და გაეცლება მარადიულ კრიტიკოსს. ამიტომ, თუ საყვარელი ქალის დაკარგვა არ სურს, კრიტიკისგან თავი უნდა შეიკავოს.
ვერძ ქალს კი უნდა ახსოვდეს, რომ ქალწული მამაკაცი ხშირად ვარდება დეპრესიაში და უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, მოწყენილობის დროს კითხვებით ტვინი კი არ უნდა შეუჭამოს, მის გამხიარულებაზე, სევდის გაქარვებაზე უნდა იზრუნოს, თანაც ისე, რომ მისი გაღიზიანება არ გამოიწვიოს.
ქალწული მამაკაცი უნდა ეცადოს, ემოციურ და ენერგიულ ვერძს არ შეუზღუდოს თავისუფლება, არ აკონტროლოს. ხშირად გამოიჩინოს მის მიმართ რომანტიკული ქცევები, იყოს მზრუნველი და მოსიყვარულე. ქალწულ მამაკაცს ხშირად ესაჭიროება განმარტოება. ვერძს კი უნდა ახსოვდეს, რომ მისგან შორს, პარტნიორი თავის საქმეებზე, ცხოვრებაზე ფიქრობს და არა სხვა ქალზე.
თუ ეს ორი ნიშანი, საკუთარ თავში, ყველა უარყოფით თვისებას მინიმუმადე დაიყვანს და პარტნიორის სურვილებით იხელმძღვანელებს, ვერძი ქალისა და ქალწული მამაკაცის კავშირი მყარი იქნება. ამ ორ ნიშანს ძლიერი სექსუალური ლტოლვა აერთიანებს. გარდა ამისა, ვერძის მსგავსად, ქალწულსაც ერთხელ და სამუდამოდ უყვარდება. მართალია, მარადიული სიყვარული ჩვენს დროში სასწაულს ჰგავს, მაგრამ სასწაულებიც ხდება.