და პირიქით. მოგეხსენებათ, ერთი სადისტია თავისი ბუნებით, მეორე კი მაზოხისტი; ჰოდა, შესაბამისი იდილიაც სახეზეა ამ ორს შორის. რეალურად კი, ეს კავშირი რთული, მაგრამ ძალზე ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიას მოიცევს, რომლის სიღრმესა და არსსაც მხოლოდ ისინი ჩასწვდებიან, ვისაც მორიელივით უგონოდ სიყვარული/სიძულვილი და კირჩხიბივით თავგანწირვა შეუძლია.
მორიელის მმართველი პლანეტა პლუტონია და იგი თანამმართველ მარსთან ერთად ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს გასაოცარ სულიერ სიძლიერეს, პრინციპულობას და ამტანობას ანიჭებს. რომელსაც თქმა არ უნდა, ქალური ენერგეტიკის მქონე მნათობის - მთვარის კომპეტენციაში მყოფი კირჩხიბი ვერასოდეს გაეჯიბრება. ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ კირჩხიბი მიუხედავად გარეგნული "სისათუთისა" კარდინალურ ნიშანთა რიცხვს განეკუთვნება, მორიელი კი წყლის მუდმივი ნიშანია. შესაბამისად, კარდინალური ნიშნის ამოცანას "მართოს", მუდმივი ნიშნის მყარი არგუმენტი ხვდება წინ - "არასოდეს დამორჩილდეს სხვას". გარდა ამისა, მამაკაცური და ქალური ენერგეტიკის უცნაური გადანაცვლება ამ წყვილში, კიდევ ბევრ თავისტკივილს ქმნის , რაზეც სტატიაში თანმიმდევრობით ვისაუბრებთ. თუმცა, მოდით, ჯერ კარგით დავიწყოთ:
კირჩხიბის და მორიელის საერთო თვისება - ერთგულების უნარი, ემოციური მიჯაჭვულობა და გრძნობების სიღრმეა. მათ შეუძლიათ ერთად ბევრი უნიკალური რამ შექმნან დაწყებული დრამატული ურთიერთობებით, დამთავრებული ნიჭიერი, კარგად აღზრდილი შვილებით და მზარდი საოჯაო ბიზნესით . თუკი ამ ორს შორის პირად რუკებში განლაგებული ასპექტაცია ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან, მორიელ-კირჩხიბის წყვილი ისეთივე მზარდი და მყარი ძალაა როგორიც კუროსა და თხის რქის ტანდემი. ასეთი ხალხი ყოველთვის ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების "გაზრდას" და საფრთხესაც წარმოადგენენ, ოღონდ არა ერთმანეთისთვის არამედ სხვების საზიანოდ. თუმცა, სანამ უშუალოდ ამ ნათელ მომავლამდე მივალთ, მორიელის და კირჩხიბის დუეტს ბევრი რამის სწავლა მოუწევს ერთმანეთისგან, ისევ და ისევ მათი ოჯახური ბედნიერების სასარგებლოდ.
საერთო თვისებებთან ერთად, რომ ამ წყვილს ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო შტრიხიც აქვს ხასიათში ამაზე უკვე თავშიც ვისაუბრე. მორიელი გაღიზიანებადობისკენაა მიდრეკილი. აქვს პერიოდები, როცა პირქუში და მდუმარე ხდება. ეს მაშინ მოსდის, თუკი სამსახურეობრივ ფრონტზე ან ზოგადად ურთიერთობაში, ვინმემ მისთვის კუდზე ფეხის უბოდიშოდ დაბიჯება განიზრახა. ასეთ დროს, კირჩხიბის გულითადი ჩარევა და "ტვინის ბურღვა" შეგონებებით, მას მხოლოდ გააფთრებს და გააღიზიანებს. კირჩხიბი კი საყვარელი ქალის სიჩუმით დათრგუნული, აუცილებლად დაიწყებს მიზეზის ძებნას საკუთარ თავში და სასმელის ბოთლთან ერთად მიეცემა "თვითგვემას" არჩადენილი დანაშაულის გამო. მას შეიძლება ამ დროს მორიელის ბასრი და გესლიანი კუდიც მოხვდეს პასუხად "არამკითხე მოამბეობის გამო", რის შედეგადაც კირჩხიბი თავის ბუნებრივ პოზიციას მიიღებს - განაწყენებული, საკუთარ თავში ჩაიკეტება. გამოსავალი ერთია, როცა მორიელი ბრაზობს კირჩხიბმა აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიჭიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში გულისტკენა და წყენა გარდაუვალი იქნება.
კიდევ ერთი უთანხმოება მათ კირჩხიბის გადამეტებულად ფრთხილი ხასიათის და მორიელისთვის დამახასიათებელი რისკის სიყვარულის გამო ელით. ამ ქალს შესაძლოა სიმხდალედაც კი მოეჩვენოს საკუთარი ქმრის მხრიდან სიახლეების სრული უგულებელყოფა. მორიელი ბუნებით ექსტრემალია, კირჩხიბს კი ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია ისე თუ ყველა შესაძლო სვლა კარგად არ გაიაზრა. მას არც მორიელივით ღია დაპირისპირების სურვილი აქვს წაგების შემთხვევაში მეტოქეებთან. ასეთ დროს მორიელმა უნდა გაიხსენოს - კირჩხიბის ფსიქოლოგია, ნებისმიერი კიბო შემოვლითი გზებით არჩევს რევანშის აღებას და იქნებ მისი ეს საქციელი ზოგჯერ მორიელურ შემტევ ქმედებაზე უფრო ეფექტურიც კი იყოს. მოგეხსენებათ, "შურისძიება, ისეთი კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვას ადამიანმა".
გვერდს ვერ ავუვლით კიდევ ერთ "წყალქვეშა რიფს" ამ წყვილის თავსებადობის განხილვისას, რომელიც სექსუალური ტემპერამენტის შესაბამისობას შეეხება. მორიელი თავისი არსითა და ბუნებით, სექსის "გურუა". ამიტომ მისთვის სექსში ჰარმონიას უპირველესი როლი ეკისრება პარტნიორთან ჰარმონიის შესანარჩუნებლად. კირჩხიბი კი განწყობის ადამიანია. შესაბამისად, პერიოდები, როცა იგი ემოციური დისბალანსის, უხასიათობის ან უბრალოდ წყენის გამო უარს იტყვის ფიზიკურ კონტაქტზე შესაძლოა არაერთგზის დადგეს ამ ორის თანაცხოვრებაში. ამიტომ მორიელს უნდა ახსოვდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება - არასოდეს გამოიყენოს შხამის დიდი დოზა საყვარელი მამაკაცის წინააღმდეგ. თორემ შედეგი, რომელიც ამ ქმედებას მოჰყვება, ორივესთვის სავალალო აღმოჩნდება. კირჩხიბი უბრალოდ "ჩაიკეტება" და ეს მდგომარეობა შესაძლოა გაგრძელდეს არა ერთი ან ორი დღით, არამედ სამუდამოდ - ზოგჯერ განქორწინებამდეც.
ვერავინ იტყვის იმას, რომ ორი წყლის ნიშნის ურთიერთობა მარტივი და სავსებით ჰარმონიული იქნება. ეს სტიქია, ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე და გასაოცარი სიღრმეები გააჩნია. ისეთი, რომლის შესახებაც ბევრს ხშირად ზედაპირულადაც არ გააჩნია წარმოდგენა. ამიტომ, მორიელისა და კირჩხიბის დუეტს მთელი ცხოვრება აქვთ წინ, ერთმანეთის უამრავი სულიერი საიდუმლოს ამოსახსნელად. თუმცა, ტალღები, რომელსაც წყლის ნიშნების თანაარსებობა წარმოშობს, ხშირად გამოიწვევს მათ ოჯახში რყევებს - დაწყებული უმნიშვნელო ღელვით, დამთავრებული გრძნობათა ცუნამითა და შტორმით. რომელიც აუცილებლად დასრულდება საბოლოოდ კირჩხიბის გულიანი სიცილით და მორიელის გამოდარებით. ყველა მიქცევას ხომ კანონზომიერად მოსდევს მოქცევა. შესაბამისად, ოდესმე სიმშვიდეც აუცილებლად დაისადგურებს და მიწაც გამოჩნდება.