ქალი თხის რქა & მამაკაცი მორიელი

ქალი თხის რქა & მამაკაცი მორიელი

მამაკაცის და ქალი თხის რქის კავშირი. საზოგადოება რამდენიც არ უნდა ეცადოს ამ წყვილის შესახებ გაიგოს თუნდაც სულ მცირე ინტიმური წვრილმანი, ინფორმაცია მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, ხალხს ისღა დარჩენია, მათ შესახებ გამოგონილი ჭორებით გაირთოს თავი.

მორიელი მამაკაცი და ქალი თხის რქა, თავისი ბუნებით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თხის რქა ფაქტობრივად "უშხამო მორიელია". ისეთივე წიდახედული, პრაქტიკული და ფრთხილი ხასიათით როგორიც მორიელს აქვს. ამასთან ერთად, მას უპირატესობაც გააჩნია - არასოდეს ჰყვება ემოციებს და მრისხანებას არასოდეს აძლევს იმის შანსს, რომ არათუ ცხოვრება და გარშემო მყოფებთან ურთიერთობები დაუნგრიოს, არამედ ჯანმრთელობაც. მოგეხსენებათ, ბრაზი და შური ყველაზე "ეფექტურად" აბერებს და აავადებს ადამიანს.

მორიელი-თხის რქა იმ წყვილთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელთაც ახასიათებთ სახალხოდ გამოფინონ საკუთარი "ჭუჭყიანი თეთრეული" და ურთიერთობების გარჩევაში მეზობლები, მეგობრები ან სულაც უახლოესი ადამიანები ჩარიონ. ამიტომ, რაც კი ხდება ამ ორს შორის, კარგიც და ცუდიც "რკინის ფარდის" მიღმაა ჩაკეტილი, ცნობისმოყვარე და არამკითხე საზოგადოების თვალისგან შორს.

მათი რომანი შეიძლება ხშირად სხვებისგან აბსოლუტურად შეუმჩნევლად დაიწყოს და განვითარდეს, თავშიც აღვნიშნე - არც ერთს არ უყვარს საჯაროდ საკუთარი გრძნობების აფიშირება. თუმცა, პერიოდი სანამ ისინი ერთმანეთს ერთგულებაზე, გამძლეობასა და გულწრფელობაზე გამოცდიან, შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივი იყოს . სამაგიეროდ, ეს პერიოდი აუცილებლად დაგვირგვინდება არა ბანალური ერთად ცხოვრებით ან ნიშნობით, არამედ ქორწინების მყარი გადაწყვეტილებით. რაც გარშემო მყოფებში გაოგნებას გამოიწვევს - "საოცარია, როდის მოასწრო ამ ორმა, ასე უცებ ერთმანეთის შეყვარება და მეტიც, დაოჯახებაზე გადაწყვეტილების მიღება?.."

მორიელიც და თხის რქაც ისეთივე პრაქტიკულობით გამოირჩევა სიყვარულში, როგორც სხვა ყველაფერში ზოგადად ცხოვრების მანძილზე. ამიტომ თუკი მათი მიზნები საერთო ათვლის წერტილს არ ეფუძნება და ორივეს არ სურს, ქორწინების ვერცხლის წლისთავი შვეიცარიის ალპებში აღნიშნოს, ნაცვლად ბანალური პარიზისა - შესაძლოა წყვილი ურთიერთობის დასაწყისშივე მარტივად და უმტკივნეულოდ დაიშალოს. ამ წყვილში ურთიერთობას ორი აშენებს, თანაბრად ნაწილდება საქმე და მოვალეობაც. ამიტომ ეგოისტურ დამოკიდებულებას და "საბნის საკუთარ მხარეს ქაჩვის" მცდელობას როგორც წესი იშვიათად აქვს ადგილი.

ისინი ზედმიწევნით ზუსტად გეგმავენ როგორი იქნება მათი სახლი, რამდენ სართულიანი, რა დაუჯდებათ კრედიტი მის შესაძენად. ბავშვები რომელ სკოლაში ივლიან და რა იქნება მათ განათლებაში ჩადებული მატერიალური კოეფიციენტი, რომელიც როგორც ყველაფერი ორზე უნდა გაიყოს .

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამრები უზომოდ სექსუალურები არიან, ამას არავინ უარყოფს. თუმცა, ამ კაცის სექსუალურობა ყოველთვის კონტროლირებად ჩარჩოებშია მოქცეული და მას თხის რქისთვის შეუძლია უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორის უზრუნველყოფა ამ მხრივ ეს ერთგულების უნარია . თხის რქა მოგეხსენებათ, უპირველეს ყოვლისა ყველას და ყველაფრის მიმართ უზომო ერთგულებით გამორჩეული ნიშანია. ამიტომ ურთიერთობაში ზუსტად ეს ასპექტი იქნება მისთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მორიელი კი მიუხედავად საკუთარი ბრუტალური სექსუალურობისა, ამ ქალს ზუსტადაც რომ ამ მხრივ არ გაუცრუებს იმედებს.

გარდა ამისა, ამ წყვილში მძაფრადაა გამოვლენილი სიამაყე და ღირსების გრძნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე იზრუნებს სამომავლოდ იმაზე, რომ მათი ერთობლივი იმიჯი საზოგადოებაში უმწიკვლო და იდეალური იყოს. სწორედ ამ პუნქტს ეფუძნება ისიც, თუ რატომ ვერ შეაღწევს ვერასოდეს ვერც ერთი ჭორიკანა ცხვირი მათ პირად ცხოვრებაში და რატომაა ამ ორის პირადი ასე საფუძვლიანად დახურულ-შეფუთული.

არსებობს მოსაზრება, რომ ქალი თხის რქები ემოციურად ცივები და ფლეგმატურები არიან, თუმცა მორიელის გვერდით მყოფი ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალზე ამას ვერავინ იტყვის. საქმე იმაშია, რომ თხის რქა დიახაც რომ არჩევს სამიზნეს და ნებისმიერთან არ გაიხსნება, როგორც ემოციური ისე სექსუალური კუთხით. მისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საკუთარ თავს ჭეშმარიტად ღირსეულ მამაკაცს უძღვნის.

მორიელთან იგი თავს ისე იგრძნობს როგორც ნამდვილი ლედი, ეს კი ის იმიჯია, რომელიც როგორც თხის რქას, ისე თავად მორიელს სავსებით აკმაყოფილებს. მორიელს მოსწონს ქალი, რომელიც ზომიერად მკაცრი, მომთხოვნი, ჭკვიანი, პერიოდულად პრინციპული და ძლიერია

. თხის რქა კი ზუსტად შეესაბამება ამ დახასიათებას. ხოლო რაც შეეხება ემოციურ და სექსუალურ გახსნილობას, ამ თემაზე პასუხს თავად იპოვნის ეს ორი საძინებელ ოთახში და როგორც თავში აღვნიშნე, არავის ცნობისმოყვარე ცხვირის საქმე არ გახლავთ ეს!