კირჩხიბი ქალი, ძალიან სათუთი და ბუტიაა. მას გამუდმებით ესაჭიროება საყვარელი ადამიანების მხრიდან სიყვარულის მტკიცება და კომპლიმენტები. ხშირად იგი განგებ იწყებს წუწუნს, რომ გასუქდა, ცუდად გამოიყურება, თმის ფერი ვერ შეარჩია სწორად და ა.შ. რათა გარშემო მყოფებისგან საპირისპიროს მტკიცება მიიღოს.
კირჩხიბ ქალს, როგორც წესი, ადრეული ასაკიდან აქვს მოთხოვნილება ჰქონდეს ოჯახი და რაც მთავარია, ჰყავდეს შვილი (ნუ დაგავიწყდებათ, დედობას კიბოს ზოდიაქო განაგებს), თუკი თქვენ გარშემო კარიერისტი კირჩხიბები შეგხვედრიან, ეს გამონაკლისი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ზემოხსენებულ წესს, ისინი შრომობენ იმისთვის, რომ მათ პოტენციურ ოჯახს სამომავლოდ არაფერი მოაკლდეს.
ხასიათის მუდმივი ცვალებადობის გარდა, ქალი კირჩხიბის ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური თვისება, საკუთარ წარსულში გამუდმებული ქექვაა. კირჩხიბებს მძიმედ გადააქვთ ნებისმიერი სახის მარცხი ან განშორება. შესაბამისად, ბევრი კიბო ქალი იტანჯება საკუთარი არშემდგარი რომანების კიდევ და კიდევ ერთხელ გახსენებთ, რის გამოც ისინი ხშირად რეალურ ცხოვრებაში არსებულ, სავსებით შესაფერის კანდიდატურებს უშვებენ თვალთახედვის არედან. კირჩხიბ ქალს არასოდეს ტოვებს მძლავრი სურვილი, იყოს მუდმივად ახალგაზრდა და სასურველი, აქედან გამომდინარე ესთეტიკური ქირურგიის აქტიურ მომხმარებელთა შორის, ძალზე ბევრ კირჩხიბს შეხვდებით, რომლებიც საკუთარი გარეგნული იმიჯის დასახვეწად არაფერს ერიდებიან.
ქალი კირჩხიბი უზომოდ ხასიათცვალებადია, ამ წუთას თუ გულიანად კისკისებს (კირჩხიბებს გამორჩეული ხმის ტემბრი და სიცილის მანერა აქვთ, მათი სიცილი ხშირად ქათმის კრიახს მოგვაგონებს), მეორე წუთში შეიძლება მოულოდნელად მოიწყინოს, განმარტოება მოინდომოს და ცოტა წაიტიროს კიდეც. აქედან გამომდინარე, მათ ვისაც კირჩხიბის მეგზურობა აქვს გადაწყვეტილი, მის გამუდმებით ცვალებად ხასიათების პალიტრას ფეხი შესაბამისად უნდა აუწყოს.
ქალი კირჩხიბი, ისევე როგორც ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენლები, გასაოცარი დამგროვებლური ნიჭით გამოირჩევა, იმ განსხვავებით, რომ მამაკაცი კირჩხიბისგან განსხვავებით, ქალი კიბო ფულთან ერთად, ათასგვარ გამოუსადეგარ, თითქმის გადასაგდებ ნივთსაც კი თვალისჩინივით უფრთხილდება და აგროვებს. რომ ჰკითხოთ რაში სჭირდება მას, ათი წლის წინ მამიდის მიერ ნაჩუქარი საღამური, რომელშიც დღეს ვეღარ ეტევა, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ ხვალ ან ზეგ, ზედმეტ კილოგრამებს ჩამოიკლებს და აუცილებლად ჩაიცმევს ზუსტად ამ საღამურს.
ტიპური წარმომადგენელი - მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი
ისევე როგორც ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენლები, ქალებიც ორ კატეგორიად იყოფიან გარეგნული მახასიათებლების მხრივ. პირველ ტიპს ტანმორჩილი, მოკლე კიდურების მქონე, ზომიერად ფერხორციანი და ფუმფულა ქალბატონები წარმოადგენენ, მეორე კატეგორია, კი საშუალოზე მაღალია, გამოკვეთილი ოდნავ უხეში სახის ნაკვთებით, ტანთან შედარებით არაპროპორციულად დიდი თავით და მეჩხერი კბილებით. თუმცა, ნებისმიერს ამ ორიდან მკერდის ზომა გამოარჩევს. კირჩხიბ ქალს განურჩევლად აღნაგობისა, ან ძალიან დიდი მკერდი აქვს, ან თითქმის შეუმჩნეველი და პატარა. ზემოჩამოთვლილი თვისებების გარდა, აუცილებლად უნდა ითქვს ისიც, რომ კიბო ქალების უმრავლესობა გასაოცარი მოთმინების უნარითა და სიჯიუტით გამოირჩევა. მას შეუძლია წლობით ელოდოს იმას, თუ როდის გადაწყვეტს მისთვის საყვარელი ადამიანი, ხელის თხოვნას. შემთხვევითი როდია, ის ფაქტი რომ სწორედ კირჩხიბი ქალები ახერხებენ, ზოდიაქოს ყველაზე მოუხელთებელი მშვილდოსანი მამრების ხელში ჩაგდებას, საკუთარი მოთმინების წყალობით.
ქალი კირჩხიბი იშვიათი მესაკუთრე და ეჭვიანი ნატურაა. ამასთან ერთად, მის გამძაფრებულ წარმოსახვას, ხშირად იქაც ელანდება საფრთხე, სადაც იგი საერთოდ არ არის. აქედან გამომდინარე, იშვიათი არაა სიტუაცია, როცა კიბო ცოლები, ქმრებს წუწუნითა და საყვედურებით უწამლავენ სიცოცხლეს. სამაგიეროდ, როგორც დედა კიბო შეუდარებელია. ამ ქალისთვის შვილი, ამქვეყნად ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დგას. საკუთარ ნაშიერებს, დედა კირჩხიბები განსაკუთრებული მზრუნველობისა და სითბოს ატმოსფეროში ზრდიან. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ ისიც, რომ ხშირად მათ მზრუნველობა ყოველგვარ საზღვრებს სცდება და საბრალო ბავშვები საკუთარი დედის ნებაყოფლობით ტყვეებად იქცევიან ხოლმე, რაც სამომავლოდ მათ პირად ცხოვრებას ასვამს დაღს.
რაღა თქმა უნდა, ზემოხსენებულ მაგალითს ყველა კიბო ქალი არ შეესაბამება, თუმცა უდავოა ისიც, რომ ბევრი მათგანი ვერ ახერხებს თავი შეიკაოს ცდუნებისგან, რომ საკუთარი შვილის ცხოვრებაში არ ჩაერიოს.