თუმცა კაცმა რომ თქვას, სასწორისეული ჰაეროვნება და სინარნარე, კურო ქალს არც არაფერში სჭირდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მანდილოსნები, როგორც წესი, კარგი აღნაგობით, გრაციოზულობით და სიზანტით გამოირჩევიან. თუ სადმე ისტერიკებიან კურო ქალს გადაეყრებით, დაიმახსოვრეთ, რომ მის პირად რუკაში ტყუპის, ვერძის ან ლომის დიდი გავლენაა საძებნელი, სხვა შემთხვევაში კურო - ეს თვით სიმშვიდის განსახიერებაა. "გემრიელი ქალი" - აი, ეპითეტი, რომელიც შეიძლება ჭეშმარიტ კურო ქალს მიუსადაგო. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა ის ფაქტი, რატომ იზიდავენ ეს ქალბატონები საპირისპირო სქესს ასე ინტენსიურად. როგორც ამბობენ, "მამაკაცები ძაღლები არ არიან, ძვლებზე იგეშებოდნენ". კურო ქალს კი ზუსტად რომ არ აწუხებს ზედმეტი ძვლების პრობლემა.
ტიპური კურო, უზომოდ მომთმენი და მშვიდია. მას შეუძლია იყოს შესანიშნავი, გულისხმიერი მსმენელი მამაკაცისთვის, ისე რომ ამ უკანასკნელს ამით თავი ზეაღმატებულად აგრძნობინოს. თანდაყოლილი, ვენერისეული გავლენით, მას შესანიშნავად ეხერხება კოსმეტიკის, სუნამოს და თავის მოვლის სხვა ნივთების შერჩევა. რასაც ვერ ვიტყვით სამოსზე. როგორც წესი, კურო ქალი, თუ მის ჰოროსკოპში სასწორის დიდ გავლენას არ აქვს ადგილი, ჩაცმის მხრივ კონსერვატორია. იგი აღმერთებს მასიურ სამკაულებს, მყვირალა ფერის ლაკს და სხვადასხვა სახის შარფ-მოსასხამებს. თუმცა მიუხედავად, ჩაცმულობაში არსებული მცირეოდენი ლაფსუსებისა, კურო ქალი მაინც შესანიშნავად ახერხებს მამაკაცის გულისკენ მისასვლელი გზა ოსტატურად იპოვნოს - ნაცადი მეთოდით, რომელიც კუჭზე გადის და როგორც წესი, ამ მხრივ კურო ქალებს ბადალი არ ჰყავთ. იშვიათობას წარმოადგენს ქალი კურო, რომელსაც სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების ოსტატურად მზადება სიამოვნებას არ ანიჭებს ან არ გამოსდის. გემრიელად ჭამასთან ერთად, ამ ქალბატონებს კულინარიული მონაცემებიც ბავშვობიდან აქვთ თანდაყოლილი, ხასიათის სხვა გამოკვეთილ თვისებებთან ერთად.
ტიპური წარმომადგენელი - მსახიობი უმა თურმანი
გარდა ამისა, პრაქტიკული აზროვნების და კარგი ფინანსური ალღოს გამო, ბევრი კურო შესანიშნავად ახერხებს საკუთარი ბიზნესი იქონიოს და სოლიდური შემოსავალი ჰქონდეს. თუმცა, თუკი საქმე არჩევანზე მიდგა, კურო ქალს უყოყმანოდ შეუძლია ოჯახის დედის როლი მოირგოს და საყვარელ მამაკაცს გვერდში ღირსეულად ამოუდგეს.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს, გემრიელი სადილების კეთებასთან ერთად, მებაღეობის და ზოგადად მიწის დიდი სიყვარულიც გამოარჩევთ სხვებისგან. ამიტომ კურო ქალი, რომელსაც ჯერ ქალაქგარეთ მდებარე საკუთარი აგარაკი არ გააჩნია, სადაც ე.წ „მიწის ყივილს“ დაიკმაყოფილებს, კორპუსის ბინაში, ოთახების გამწვანების საკითხით იქნება აქტიურად დაკავებული. ფინანსების მიმართ, გორნივრული დამოკიდებულების გამო, ეს ქალი ბევრი მამაკაცისთვის შეუცვლელ თანაშემწეს წარმოადგენს საოჯახო ბიუჯეტის დაგეგმვის საკითში, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ანდოთ მას თქვენი საკრედიტო ბარათი. მერწმუნეთ იგი, ზოგიერთი მატრაკვეცა ქალივით, ბრენდულ მაღაზიებსა და სპა-სალონებში არ გაანიავებს თქვენს ნაშრომ-ნაამაგარს.
კურო ქალის ცხოვრებაში, მეუღლის შემდეგ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა შვილებს უკავიათ. კუროები არაჩვეულებრივი, მზრუნველი დედები და მოსიყვარულე მშობლები არიან, თუმცა ხშირად სიმკაცრეც ახასიათებთ საკუთარი, ზედმეტად მოუსვენარი ნაშიერების მიმართ, რომლებიც მის მიერ დადგენილ ოჯახურ წესრიგს არ ემორჩილებიან.
მოუხედავად გამოკვეთილი, ქალური გარეგნობისა, კურო ქალს სათუთ და სუსტ ქმნილებას ვერაფრის დიდებით ვერ უწოდებ. მეტიც, ამ ადამიანებს გამორჩეულად მტკიცე ხასიათი, სიჯიუტე და გამძლეობა გააჩნიათ. რომლის მეშვეობითაც ყოველგვარი ზედმეტი წუწუნ-ჩივილის გარეშე შეუძლიათ აიტანონ ნებისმიერი ცხოვრებისეული განსაცდელი, გადალახონ ფიზიკური თუ მორალური ტკივილი.
საიმისოდ, რომ მამაკაცი მოეწონოს, ქალი კურო მის საიმედოობასა და სტაბილურობაში უნდა იყოს დარწმუნებული, ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენლების მსგავსად, კურო ქალსაც არ ახასიათებს ნაჩქარევად და სპონტანურად გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ მისი გული მოიგოთ, ხანგრძლივი მცდელობა დაგჭირდებათ. სამაგიეროდ, თუკი მან თქვენ გვერდით თავი უსაფრთხოდ დაიგულა, მისი გრძნობების სიმყაროში შეგიძლიათ ეჭვი არა ერთი ან ორი დღით, მთელი ცხოვრების ბოლომდე აღარ შეიტანოთ.