მამაკაცი კურო & ქალი კირჩხიბი

მამაკაცი კურო & ქალი კირჩხიბი

იდეალური (ექს) წყვილი – ჯეკ ნიკოლსონი და ანჯელიკა ჰიუსტონი

წარმოიდგინეთ, სალი კლდე, რომელიც მრავალათასწლოვან ქარბუქს, წვიმას თუნდაც მიწისძვრასაც კი არ ეპუება და უდრეკად ხვდება, მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მის კალთებზე პატარა რუმ დაიბუდა. იგი თავიდან აბსოლუტური გულგრილობით აღიქვამს მის არსებობას, სანამ არ იგრძნობს, რომ ამ რუს წვეთებმა მისი გულისკენ მიმავალ გზაზე მიზანიმართულად და მონდომებით გაარღვია გზა. ამის შემდეგ კლდის სიმყარე აღარასოდეს იქნება პირვანდელი. სწორედ ასე ემართება, ერთი შეხედვით მშვიდ, დინჯ და უშფოთველ კურო მამაკაცს, როცა მის გულში საცეცებს მოხერხებულად გაიდგამს მომხიბვლელი მთვარეული კირჩხიბი. ამ ფაქტმა შესაძლოა კუროს მსოფლმხედველობა და აქამდე დალაგებულ-გათვლილი სამომალო გეგმები, სულ თავდაყირა დააყენოს. მართალია, კურო ვენერას შვილია და სიყვარულის ანა-ბანა არ ესწავლება, მაგრამ რაც შეეხება ემოციებს აი აქ მას მასწავლებლად სწორედ რომ კირჩხიბისნაირი ქალი ესაჭიროება. კირჩხიბი ხომ "ემოციების დედოფალია".

შესაძლებელია, თავდაპირველ ეტაპზე, ოჯახური კერისა და სიმყარის მოყვარული კურო ცოტა არ იყოს დააფრთხოს ქალი კირჩხიბის განცხადებამ იმის თაობაზე თუ როგორ ვერ იტანს იგი საოჯახო საქმეებს, რომ აზრზე არ არის ელემენტარულად როგორ უნდა შეწვას კვერცხი, სადილის მომზადებაზე ხომ საუბარი ზედმეტია (აი აქ კუროს შეიძლება თმა ყალყზე დაუდგეს როცა წარმოიდგენს ნებაყოფლობით შიმშილობაში გატარებულ საღამოებს მასთან ერთად), რომ არ სურს იყოლიოს შვილები იმიტომ რომ ბავშვები აუტანელი, ხმაურიანი არსებები არიან.

აი აქ კი მორჩა! ძვირფასო კუროებო ნუ მისცემთ საშუალებას თქვენს საყვარელ კირჩხიბს მრავალსაათიანი სისულელის ლაპარაკით გამოგიჭედოთ ყურები, მით უმეტეს რომ რასაც ამბობს ამ ყველაფრისგან ერთი სიტყვაც არ სჯერა თავად. რაღა მაინცდამაინც თქვენ უნდა დაიჯეროთ ეს ყველაფერი? კირჩხიბი ქალის მსგავსი "პოხონდრია" იმის ნიშანია, რომ მას ჯერ კიდევ არ უპოვნია ის "ერთადერთი" ვის გვერდითაც საკუთარი მყუდრო ბუდის გაკეთებაზე იოცნებებდა. მანამდე კი აცალეთ, თავს ირთობს მხოლოდ "სპეცეფექტებით" და თქვენს რეაქციაზე გულიანად ხალისობს. სინამდვილეში მას კერძების კეთებაც უყვარს (კირჩხიბი ხომ კუჭით იმართება, ნებისმიერი კიბო ქალი დაბადებიდან მზარეულია), საყვარელ ადამიანზე ზრუნვაც და ბავშვებზე ხომ საერთოდ გიჟდება. უბრალოდ თქვენ უნდა აღმოჩნდეთ ის "ერთადერთი" ვის გამოც იგი კარტებს გახსნის და ყველა "კოზირს" მაგიდაზე გადმოალაგებს.

ნებისმიერი ქალი კირჩხიბი, გულის სიღრმეში მარტოობის შიშით იტანჯება და დაუღალავად ეძებს ყოველ ახალ ნაცნობში საიმედო დასაყრდენს, დამცველს და მზრუნველ ადამიანს. თუმცა პერიოდულად პესიმიზმი დარევს ხოლმე ხელს და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ოცნებები სინამდვილეში არც არასოდეს ხდება. არადა რეალურად ოცნებებს ყოველთვის უწერია ახდენა, თუკი თქვენ მათი ასრულების გულწრფელად გჯერათ. როგორც გალილეო გალილეი ამბობდა: "რასაც არ უნდა სთხოვდეთ შემოქმედს, შესთხოვეთ ისე, თითქოს ის რაღაც თქვენ უკვე დაისაკუთრეთ და მართლაც მოგეცემათ სინამდვილეში ის სასურველი რამ" – ეს გამოთქმა კირჩხიბი ქალებისთვისაა ზეგდამოჭრილი. მათ უნდა გაითავისონ ფაქტი, რომ საქმე ბედისწერის სიმუხთლეში კი არა, მათივე სურვილების ცვალებადობაშია. სტაბილურობა კი სწორედ ის არის, რაც ასე ძალიან აკლია მთვარეულ ლედის და რისი მიცემაც მისთვის მხოლოდ კუროს შეუძლია.

მამაკაცი კუროს გრძნობები ქალის მიმართ, ნელ-ნელა ღვივდება. სამაგიეროდ, მისი გრძნობა ხანგრძლივი და მყარია. იგი დიდ დროს მოანდომებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას დაუკავშიროს თუ არა ამ "ტყის ნიმფას" ბედი. სამაგიეროდ, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდება მისი "კაპიტულაცია" მყისიერი და პრინციპული იქნება. მას მართლაც შესწევს ძალა ამ ქალს ფეხქვეშ მიწა აგრძნობინოს და საიმედო დასაყრდენი, ძლიერი მხარი მთელი ცხოვრების მანძილზე კირჩხიბს გარანტირებული ექნება კუროს სახით. თუ, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი არ აურ-დაურევს ყველაფერს საკუთარი ინფანტილური გამოხდომებით.

თუმცა ამ ორს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა ემოციური კუთხით, ერთიც და მეორეც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯაა მიჩვეული სასურველი მიზნისკენ სვლას და როცა სამიზნეს ხელში ჩაიგდებს, არაფრის დიდებით არ თმობს. დიახ, დიახ მესაკუთრული ხასიათით ისინი აბსოლუტურად გვანან. თუმცა როცა საქმე ეჭვიანობის პრობლემას ეხება, ნათლად ჩანს განსხვავება. კურო არასოდეს ეჭვიანობს უმიზეზოდ. მისი ეჭვიანობა ყოველთვის ფაქტებს ეფუძნება. კირჩხიბი კი ძირითადად მთვარის ფაზების გავლენას ჰყვება (რასაც იგი ქალურ ინტუიციას უწოდებს) და დროდადრო შეუძლია პრეტენზიულობის და აუტანლობის "მასტერკლასი" ჩაუტაროს თავის უწყინარ, მშვიდ და რაც მთავარია ერთგულზე ერთგულ კუროს. რაც საბოლოოდ (თუ ამ ყველაფერს სისტემატიური ხასიათი მიეცემა) აუცილებლად გამოიწვევს აუღელვებელი ხარის გააფთრებას. ზომიერების ფარგლებში მას შეიძლება მოეწონოს კიდეც ის ფაქტი, რომ საყვარელ ქალს მისი დაკარგვის ეშინია, მაგრამ ეს ყველაფერი თუ მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზში გადაიზრდება, დამიჯერეთ, ეს ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლფასია. გააფთრებული ხარი კი რასაც ჩადის, თუ აქამდე არ იცით გირჩევთ ესპანური "კორიდას" ჩანაწერებს გადახედოთ ინტერნეტში.

თუმცაღა, თუ ზემოთ ხსენებულ ინცინდენტებს გამოვრიცხავთ, კირჩხიბსა და კუროს საკმაოდ დიდი შანსები აქვთ ჰარმონიული და მყარი ოჯახის შესაქმნელად, ამის მიზეზი უმთავრესად არის ის, რომ ორივე მათგანი ოჯახური კერის მოყვარულია. ასევე ორივეს უყვარს ფული, ბავშვები და გემრიელად ჭამა-სმა. ერთიც და მეორეც აფასებს სიმყუდროვეს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. თუმცა შესაძლოა დროდადრო, კურომაც წამოაყენოს თავისი არცთუ უსაფუძვლო პრეტენზიები. თუკი კირჩხიბი ზედმეტად გაერთო ოჯახის საქმეებით, რემონტით, ახალი ავეჯის შერჩევა-შეძენით ან ბავშვებზე ზრუნვით ქმარი კურო აუცილებლად ჩათვლის, რომ ცოლს იგი მხოლოდ "ფულის კონვეიერის" როლში ესაჭიროება და ამას ხმამაღლაც განაცხადებს. ასეთ დროს მთვარეულმა ქალბატონმა, აუცილებლად უნდა მიატოვოს ყველა საქმე და მეუღლე დამსახურებული სითბოთი და ყურადღებით დააჯილდოვოს, თორემ ხომ გახსოვთ, ზემოთ "კორიდას" ამბავი ვახსენე. ჰოდა ფრთხილად, კუროს მოთმინებას ბოროტად ნურასოდეს გამოიყენებთ კირჩხიბებო.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?