მამაკაცი ლომი & ქალი მერწყული

მამაკაცი ლომი & ქალი მერწყული

ეს სიამაყე ძლიერდება მაშინ, თუკი მამაკაცია ამ მართლაც მეფური ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი. ჰოდა, როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს მეფე, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურ (ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით მაინც ასე მოჩანს) და არაპროგნოზირებად ქალს გადაეყრება ცხოვრების გზაზე?

მაშინ როცა 15 წუთის გაცნობილი მერწყული ქალი, საზოგადოებაში საკუთარი, ღირსეული იმიჯით თავმომწონე ლომს "ფისოთი" და "პუპსიკათი" მიმართავს, ეს უკანასკნელი გულის სიღრმეში აღშფოთდება, მაგრამ ლომებს არ უყვართ სახალხოდ თავის დასაცინად აგდება. შესაბამისად, იგი შეეცდება, როგორმე ღირსეულად "გადააგოროს" ამ არაადეკვატური ქალის გამოხდომები. გაიღიმებს, ან უბრალოდ ზრდილობიანად მოუთათუნებს მხარზე ხელს. თუმცა, იმასაც ვერ უარყოფს, რომ მერწყულის ქალის მიერ გაჟღერებული თხოვნა ვინმე მაინც დაეხმაროს ბაღის ყვავილების მოშენებაში, მას მომდევნო 2 დღის მანძილზე აიძულებს ინტერნეტის მეშვეობით ლამის მთელი სასათბურე მეურნეობის გაძღოლა შეისწავლოს. სამაგიეროდ, როცა პირველ პაემანზე დაითანხმებს ამ "ექსტრავაგანტურ პეპელას" (რაც სულაც არ არის ძნელი) ლომს დიდსულოვნად შეეძლება საკუთარი მიღწევებით იამაყოს მისი თანდასწრებით, რომელიც ზუსტად ამ საჭირბოროტო ბაღის ყვავილების მოშენების თემას ეხება. ხომ იცით, ლომები აღმერთებენ ვინმეს დახმარებას და "გზაზე დაყენებას". ეს კი ზუსტად ის შემთხვევაა. თუმცა, ეს მხოლოდ "ფილმის" დასაწყისია მხოლოდ.

მერწყული ქალი კრეატიული და ძალზე არაპროგნოზირებადი არსებაა. იგი აღმერთებს საუბარს სხვადასხვა თემაზე, დაინტერესებულია ასტროლოგიითა და მფრინავი თეფშებით; შესაძლოა მკითხაობდეს ყავაზე ან ტაროს კარტზე . ლომი ხშირად იქნება გაოცებული ამ ქალის აზროვნების აბსოლუტური უნიკალურობით. თუმცა, დროთა განმავლობაში ალბათ მიეჩვევა სიტუაციას, როცა საღმოს შინ დაბრუნებული მაცივარში საკვებ პროდუქტებთან ერთად თიხის ლარნაკში ჩადებულ ფერად ფანქრებს აღმოაჩენს. ალბათ იკითხავთ, რა უნდა ფანქარს (მით უმეტეს ლარნაკს) მაცივარში. მერწყულის აზრით, რომელიც მან სადღაც, რომელიღაც ინტერნეტ-საიტზე ამოიკითხა ფანქარი უფრო მკვეთრი ფერის დასმას შეძლებს, თუკი მას რამდენიმე საათით საყინულეში გააჩერებთ . ლომი, რა თქმა უნდა, ეცდება ეს მრავალუცნობიანი განტოლება თავად ამოხსნას, ის ხომ საკმარისად ამაყია საიმისოდ შეკითხვები დასვას ღიად და საჯაროდ. ვინმეს თავს დასაცინად ხომ არ ააგდებინებს.

შესაძლოა მაშინაც მოახერხოს ლომმა თავის ღირსეულად დაჭერა, როცა მისი საყვარელი მერწყული ქალი ნახევარსაათიანი ცრემლის ღვრისა და მოთქმა გოდების შემდეგ, აუხსნის, რომ "ის" საცოდავი ვინც მან ცოტა ხნის წინ გამოიტირა, არც ბიძაშვილი იყოს მისი, არც მეზობელი და მით უმეტეს არც მეგობარი. უბრალოდ მტრედი იყო, სახელად "ირაკლი" და იგი ყოველ დილით მის აივანზე მოფრინავდა პურის ნამცეცების ასაკრეფად.

მართალია, ლომებს რაიმე საკითხში არაკომპეტენტურად თავის აღიარებას სიკვდილი ურჩევნიათ, მერწყული მაინც მოახერხებს მის "ჩაჭრას" ამ მხრივ. ამ ქალს როგორც წესი, საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპები და ფილოსოფია გააჩნია. შესაბამისად, არც არასოდეს ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოების თვალში უნაკლოდ გამოიყურებოდეს . ხოლო ლომის თვისებას, მუდამ "მოწოდების სიმაღლეზე" იყოს ხალხის თვალში, მერწყულის კარგად გამხიარულება შეუძლია. თავის მხრივ, მერწყულს აუცილებლად მოხიბლავს ლომის აუღელვებელი სახე და უნარი, ყოველთვის მართოს ემოციები, როცა ხალხში იმყოფება. ამაოდ ხომ არ უწოდებენ ამ ხალხს ასტროლოგები "დიდ ფისოებს" - პარალელს გაავლებს თავის ფიქრებში მერწყული. ის ხომ როგორც კატა ისე იცავს საკუთარ სიამაყეს, იმიჯს და თავისუფლებას. მაგრამ მერწყულმა უნდა იცოდეს, რომ ლომი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, თუმცა არა კატა . ამიტომ ეს კაცი მისი მხრიდან ზედმეტ სითამამეს, მით უმეტეს მის სახალხოდ "გამაიმუნებას" საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს და პასუხსაც ადექვატურს დაუბრუნებს.

ლომი თავისი ბუნებით არ არის სასტიკი, მას რეალურად თბილი და დიდი გული აქვს, მაგრამ სიამაყე რომლითაც იგი ვარსკვლავებმა დააჯილდოვა ყოველთვის აიძულებს ლომს, უკან არაფერზე დაიხიოს საკუთარი პრინციპების და რეპუტაციის დასაცავად . ამ კაცს თავისი ემოციების ორგანიზებაც ისეთივე ოსტატობით შეუძლია, როგორც გარშემო თანამშრომლებისა და ხელქვეითების დასაქმება ან მართვა.

არც ერთი თავმოყვარე ასტროლოგი არ გეტყვით იმას, რომ ამ წყვილის კავშირი მშვიდი და უღრუბლო იქნება. ოპოზიციური წყვილის ურთიერთობა, რომელსაც რეალურად წარმოადგენს ლომი და მერწყული, დამატებით პრობლემებს აწყდება იმ მხრივაც, რომ ერთიც და მეორეც ე.წ. "მუდმივ" და საოცრად პრინციპულ ნიშნებს განეკუთვნება. ერთსაც და მეორესაც მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტები მართავს, რაც რეალურად იწვევს იმას, რომ წყვილს შორის უცილებლად იწყება ბრძოლა ძალაუფლებისთვის, სიტუაციის გასაკონტროლებლად. მათ არ აწყენდათ საკუთარ თავში ცოტაოდენი "ქალური" ენერგეტიკის გამომუშავება, ნებისმიერი პარტნიორული კავშირი ხომ კომპრომისის ხელოვნებაზეა აგებული. ლომი-მერწყულის წყვილს კი, ხშირად ზუსტად ამ კომპრომისის არსებობა აკლია. მოთმინება, სინაზე, ერთმანეთზე ზრუნვის გამოხატვის ჩვევა ეს ის თემებია, რასაც ეს წყვილი დეფიციტურად განიცდის.

მერწყულს არ ესმის რატომ არის ლომი ასე ეგოისტურად გატაცებული საკუთარი იმიჯით, მაშინ როცა თავად მას ცხოვრებაში უამრავი სხვადასხვა ინტერესი გააჩნია. მერწყული ნაკლებად ზრუნავს "შეფუთვაზე", მეტიც იგი აბსოლუტურად ინდეფერენტულად ეკდება საზოგადოების აზრს . იმ საზოგადოების, რომლის წინშეც თავის მოწონებას და პატივისცემის დამსახურებას ლომი ასე მონდომებით ცდილობს. მერწყულს არ სჭირდება ოვაციები, მხურვალე აპლოდისმენტების გარეშეც აფასებს იგი საკუთარ თავს და შესაძლებლობებს. ლომს კი "წახალისება" და მოტივაცია ესაჭიროება, რომელსაც ხალხის მხრიდან გამოხატული პატივისცემის შედეგად იღებს. მერწყულის სულერთია სცემენ თუ არა მის პერსონას პატივს. მთავარია, თავადაა კმაყოფილი საკუთარი პიროვნებით . მას შეუძლია ამ მხრივ კარგი მაგალითი მისცეს ლომს და დაუმტკიცოს, რომ მთავარი საკუთარი თავის ჯანსაღი სიყვარულია, რომელსაც ვერანაირი აპლოდისმენტი ვერ შეუცვლის ადამიანს ვერასდროს.

თავის მხრივ კი მერწყულსად შეუძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი "გაკვეთილი" გაითავისოს ლომთან ურთიერთობით. მათგან პირველი და უმთარესი საკუთარი ემოციების სრული კონტროლია საზოგადოებაში. მერწყულ ქალს, ზოგადად უკონფლიქტო ბუნება ახასიათებს თუმცა, არის პერიოდები, როცა მასში "ურანული" ბუნება იღვიძებს და იგი მზადაა ურთიერთობაში ხულიგნური ელემენტები შეიტანოს . იჩხუბოს, იდავოს, დაამტვრიოს თეფშები... მაგრამ ეს ყველაფერი ფარსია, ლომის თეატრალურ ტალანტთან შედარებით.

განაწყენებულის როლი ლომებს უკეთ გამოსდით. ამას მერწყული უნდა შეეგუოს.

სამაგიეროდ, მათი შერიგება ყოველთვის დამთავრდება კარგი სექსით და ეს იქნება ის ერთი, უმნიშვნელოვანესი და მყარი რგოლი რომელიც ამ ორს შორის ცეცხლს წლების მანძილზე არ მისცემს ჩაქრობის საშუალებას.

მართალია, პერიოდულად ლომის სიამაყეს აუცილებლად შელახავს, მერწყულის თვისება ღია სიჯიუტით დაუპირისპირდეს მის მითითებას. მაგრამ სექსუალური ჰარმონია მათ შორის იმდენად ძლიერია, რომ ყველა ეს პრობლემა წამის მეასედში ქრება. ამ ორის კავშირს ასევე გაამყარებს მოულოდნელი სიურპრიზებისა და საჩუქრების კეთებისკენ მიდრეკილება. ისინი ხშირად გაანებივრებენ ერთმანეთს დაუგეგმავი და სპონტანური დღესასწაულებით. რომელიც ლომის მხრიდან პერიოდულად გამოვლენილ ეჭვიანობის სცენებსაც კი გადაფარავს, რომელსაც მასში მერწყულისთვის დამახასიათებელი "სოციალურობა" აუცილებლად გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში ასტროლოგებს მერწყულისთვის მხოლოდ ერთი რჩევა ემეტებათ: ხანგრძლივი ვადით ლომის უყურადღებოდ დატოვება, მისი დაკარგვის პირდაპირპროპორციული იქნება. ასეთ დროს იგი აისბერგივით გაცივდება და აუცილებლად მონახავს ვინმეს, ვინც მოისურვებს მისი გაყინული გულის გალღობა-გამთელებას.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?