რბილი და მოქნილი ქალი, როგორიც სასწორია ბევრი მამაკაცისთვის ჭეშმარიტ მონაპოვარს წარმოადგენს, იმ კუთხით, რომ მას ძლიერი სქესის თითქმის უსიტყვოდ ესმის, მაგრამ მორიელის სახეზე ემოციების უსიტყვოდ წასაკითხად სასწორს დიდი გარჯა დასჭირდება. თუკი მორიელს ძალიან შეაყვარებს თავს სასწორი, იგი თავად გაუმხელს საკუთარ სიადუმლოებებს (ოღონდ რაღაც ნაწილს, მთლიანად არა!), მორიელების დიდი ნაწილი ხომ არავის ენდობა ბოლომდე თვით საკუთარ თავსაც.
იცის კი ჰაეროვანმა სასწორმა, რომ მორიელის გარეგნული სიცივე შინაგან ემოციურ ვულკანს მალავს და რომ ეს კაცი ძალიან, ძალიან ეჭვიანია! სასწორმა ისიც უნდა გაითავისოს, რომ მორიელს წყენა დიდხანს არ გადასდის და რომ მისი უხასიათო და უჟმური გამომეტყველება, ხშირად და საკმაოდ საფუძვლიანად დააკარგვინებს მას ჩვეულ წონასწორობას.
მაგრამ მორიელის გასაგონადაც უნდა ითქვას ერთი-ორი სიტყვა. სასწორი მართალია, ვენერას შვილია, თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ იგი კარდინალურ ნიშანთა რიცხვს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი შეხედვით რბილს და ტაქტიანს, პერიოდულად საოცარი გაჯიუტებაც სჩვევია. ქალი სასწორი პარტნიორულ ურთიერთობაში ლიდერია, თუმც კი ეს ერთი შეხედვით არ ჩანს იმიტომ რომ ბრძენმა ქალმა, კარგად იცის, როგორ აგრძნობინოს მამაკაცს თავი "მეფედ", მაშინ როცა სიტუაციის ბატონ-პატრონი მთლიანად თავად იქნება.
მორიელი კი საკმარისად ჭკვიანია საიმისოდ, რომ ქალი სასწორის ეს თვისებები დააფასოს. მან ისიც უნდა იცოდეს, რომ ეს ქალი არასოდეს დაემორჩილება ბრმად და ბოლომდე მის მაგნეტიზმს, რომლის მეშვეობითაც მორიელი მიჩვეულია გარშემო მყოფების მართვას. რაც იმას ნიშნავს, რომ გარეგნული თვინიერებისდა მიუხედავად, არც ერთი სასწორი ქალი არ დასჯერდება ოჯახურ ცხოვრებაში სამზარეულო-საძინებლის პერიმეტრს. იგი ყოველთვის იპოვნის გზას თვითრეალიზაციისთვის და ეს ყველაფერი გვარიანად გაცდება ქვაბებსა და ბავშვის საფენებს.
გამომდინარე იქიდან, რომ მორიელი ჰოროსკოპის მერვე სახლს მართავს, რაც თავის მხრივ სხვისი ფულის და ზოგადად, ბიუჯეტის თემას შეესაბამება. სასწორისთვის კი მორიელი რიგით მეორე (ფულის) ნიშანია, ამ ორს შორის ფინანსების თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ურთიერთობაში. ასტროლოგები ურჩევენ ამ წყვილს საერთო ბიუჯეტთან ერთად, აუცილებლად იქონიონ ცალ-ცალკე შემოსავლები, ამ ნაბიჯით ისინი თავიდან აირიდებენ სერიოზულ დავებს ფულის ხარჯვის განსხვავებულ პრინციპებთან დაკავშირებით. ქალი სასწორი საკმაოდ ამაყია საიმისოდ, რომ ქმარს მოდური ჟურნალის საყიდელი ფული სთხოვოს ყოველ კვირას. მორიელი კი არც ვერძი და არც მშვილდოსანი ზედმეტ ხელგაშლილობაში, რომ "დავადანაშაულოთ".
სასწორი ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანია, რომელიც თავის მხრივ ქორწინება-პარტნიორობის თემას მართავს. ამიტომ ტიპურ სასწორ ქალს არცთუ იშვიათად გაუჭირდება გვერდით აიტანოს პარტნიორი, რომელიც მიდრეკილია დუმილისკენ. მორიელებს ხომ ძალიან უყვართ საათობით ჩუმად ყოფნა და ფიქრი. სასწორი კი კომუნიკაციას და აზრების გაცვლა-გამოცვლას ესწრაფვის მუდამ. მორიელს კი ვერბალურ კომუნიკაციაზე მეტად, მზერითი კონტაქტი აკმაყოფილებს. ამასთან ერთად, სასწორი, როგორც ვენერას ნიშნის წარმომადგენელი, გაცილებით იოლად და ლაღად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს, არ უჭირს მოფერება. მაშინ როცა მორიელი, ჭეშმარიტი პლუტონიანელია და მისთვის უცხოა ენის მოჩლექით საუბარი ქალთან, რომელიც შესაძლოა ამქვეყნად ყველაზე მეტადაც კი უყვარდეს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, განვითარებულ მამაკაც მორიელს და გაწონასწორებულ, დიპლომატიურ ქალ სასწორს ყველა შანსები აქვთ მშვიდი და მყარი ოჯახის შესაქმნელად. ამასთან ერთად ამ წყვილში სექსუალური თავსებადობის კარგი კოეფიციენტიც გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორებს ხშირად უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის სექსში. რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვანი ფაქტორია მყარი ოჯახის შესაქმნელად.
სასწორმა უნდა ისწავლოს მორიელის გაგება ემოციურად, მორიელმა კი თავი უნდა აიძულოს, რომ არ შეზღუდოს სასწორის ინდივიდუალიზმი და თავისუფლება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს ძნელად ეხერხებათ იყონ ნაზი, რბილი და მზრუნველი. მორიელი უხეში და ცოტა არ იყოს სასტიკი ნიშანია, რამაც შესაძლოა საწყის ეტაპზე დააფრთხოს კიდეც ჰაეროვანი სასწორი. თუმცა, თუკი იგი საქმეში საკუთარ დიპლომატიას ჩართავს, მოახერხებს ამ "ფოლადის კაცის" გულის გათბობას. ხოლო შეყვარებული მორიელი ყველაზე დიდ ერთგულებასა და ძლიერ ემოციებზეა წამსვლელი.