, პატარა და უმწეო ლეკვს ემსგავსება, რომელიც მთლიანადაა მინდობილი პატრონს და მისგან უპირობოდ ელის სითბოს და უსაზღვრო ყურადღებას. თუმცა ოდესმე, როცა საკმარისზე მეტს გადაიტანს წარუმატებელი ურთიერთობების გამო და მიხვდება, რომ რეალური სამყარო არცთუ მთლად მეგობრული და გულწრფელია ყოველთვის, ის აუცილებლად მოირგებს ცინიკოსის ნიღაბს, რომლითაც პერიოდულად სარკაზმით გაჟღენთილი ხუმრობის თანხლებით წარდგება ხოლმე საზოგადოების წინაშე. მის ხასიათში თანდაყოლილი სიალალე და გულწრფელობა, ალბათ ნებისმიერ მამაკაცზე იმოქმედებს მომნუსხველად, თუმცა ტყუპი მამაკაცი, რომელიც თავის მხრივ მერკურიანული, ცივი გონებით გამოირჩევა ვერ გაუძლებს ცდუნებას, რომ მისი ეს გულწრფელობა არ გადაამოწმოს.
საამისოდ, მან შესაძლოა ტყუილი და მსუბუქი ავანტურაც კი გამოიყენოს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მშვილდოსნის ნებისყოფა შეამოწმოს სიმყარეზე, მაგრამ ამ ფაქტს ქალი მშვილდოსანი ხშირ შემთხვევაში როგორც პირად შეურაცხყოფას ისე მიიღებს. რის გამოც თავქარიანი ტყუპი, რაღაც პერიოდი მაინც საფუძვლიანად დაკარგავს მასთან სამომავლო ურთიერთობის გაგრძელების რეალურ შანსს. არის მეორე ვარიანტიც, მშვილდოსანმა შესაძლოა პასუხად ტყუპს ხმაურიანი სკანდალი მოუწყოს, სადაც ის არც ბილწსიტყვაობას, არც სახალხოდ მის ლანძღვას არ მოერიდება (ცნობილი ფაქტია, მშვილდოსნებს გულში ემოციების დიდხანს გაჩერება არც გამოსდით, არც შეუძლიათ).
ქალი მშვილდოსანი უჩვეულოდ ბავშვური და ალალია, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ცდილობს თავდაჯერებულად და უდარდელად გამოიყურებოდეს. მისთვის აუცილებელია სითბო და ემოციური სტაბილურობა მამაკაცის მხრიდან. მამაკაცი ტყუპი კი თუ მისი მთვარის ნიშანი ქალი მშვილდოსნის მთვარის ნიშანს მკვეთრად ეწინააღმდეგება, შეიძლება პერიოდულად საშინლად სარკასტული და ემოციურად ცივი იყოს მისი მისამართით, რის გამოც ქალ მშვილდოსანს არაერთხელ მოუწევს ღამით ბალიშის ცრემლებით დასველება. იუპიტერიანულ გულითად ბუნებას, ხშირად უჭირს მერკურიანელის ყინულის ლოგიკის გააზრება. ამასთან ერთად, ტყუპი თავისი გაორებული ხასიათის გამო შეიძლება დღეს ყურადღებიანი და თბილი იყოს საყვარელი ქალის მიმართ, ხვალ კი შენიშვნებითა და მტკივნეული "წკიპურტებით" აავსოს იგი. მშვილდოსანი კი ამ მამაკაცის მსგავს სახეცვლილებას აღიქვამს როგორც სიყალბეს და ორპირობას, რაც მერწმუნეთ სულაც არ არის ასე.
მართალია, მშვილდოსანიც, ისევე როგორც ტყუპი, დუალური და მუტაბელური ნიშანია, მაგრამ მშვილდოსნის დუალურობა მის ხასიათცვალებადობაში ნაკლებად ვლინდება. მაშინ როცა ტყუპი მამაკაცი იმიჯსა და ქცევას დღეში რამდენჯერმე იცვლის მკვეთრად, როგორც სამოსს ან ფეხსაცმელებს გარემოებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი კი ალალმართალი მშვილდოსნის თვალში სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა. ზუსტად ესაა მიზეზი იმისა, რომ ქალი მშვილდოსანი საწყის ეტაპზე მაინც ამ კაცთან თავს მოუსვენრად და არასტაბილურად იგრძნობს.
ტყუპის ამოუცნობი ბუნება აიძულებს მას, ეჭვი შეეპაროს საკუთარ შესაძლებლობებში. ყველაფერ ამასთან ერთად, თუკი მას ცხოვრების გზაზე იმ ტყუპთაგანი შეხვდა, რომელიც ბოროტი ხუმრობის ფარგლებში დაარწმუნებს, რომ ფსიქოლოგთან მსუბუქი კონსულტაცია არ აწყენდა, მამაკაცებთან მისი ურთიერთობების დასალაგებლად ჩათვალეთ, რომ ქალი მშვილდოსანი საბრალო "მსხვერპლად" იქცევა ტყუპის ხელში . ტყუპი კი ამქვეყნად ნებისმიერის დარწმუნებას და გადარწმუნებას შეძლებს, მთავარია, მოინდომოს. სწორედ ამიტომ არიან ორივე სქესის ტყუპები გაყიდვებისა და კომრეციის კუთხით ლიდერები. მერკურიანელის ბუნება მარტივად ერგება ვაჭრობას. მშვილდოსანი კი თავისი მასშტაბური ხედვითა და დიდი გულით, ვერასოდეს დაწვრილმანდება ამ დონეზე. შესაბამისად ვაჭრობა, მით უმეტეს სიყვარულში ამ ქალისთვის აბსოლუტურად გაუგებარი თემა იქნება.
თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ყველა მამაკაცი, რომელიც ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით ევლინება ქვეყანას არ გამოირჩევა მძაფრი მერკურიანული სიცივითა და დუალოურობით. შესაბამისად, თუკი ქალ მშვილდოსანს ბედად ერგო კაცი, რომელიც ტყუპის ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადა და მეტ-ნაკლებად ახერხებს საკუთარი, ორსახოვანი ბუნება პროფესიულ ასპარეზზე დახარჯოს, სავსებით შეიძლება, ქალი მშვილდოსნისთვის თუ იდეალურ არა, იდეალურთან მიახლოებულ პარტნიორად ჩავთვალოთ და გეტყვით რატომ:
ჰარმონიული, გაწონასწორებული და პროფესიულად შემდგარი ტყუპი მამაკაცი მაგნიტივით იზიდავს ქალ მშვილდოსანს, რომელიც მასავით თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელია. ამასთან ერთად, ამ ორს ურთიერთობაში არ აქვს მესაკუთრული გრძნობების მძაფრად და დრამატულად გამოვლინების მომენტები. ერთიც და მეორეც აფასებს ინდივიდუალიზმს და იშვიათად უზღუდავს პარტნიორს პროფესიული თუ პიროვნული განვითარების ჰორიზონტს. ამ წყვილში იშვიათადაა მობეზრების და რუტინის მომენტი, იმიტომ რომ, ორივეს უყვარს ცვლილებები, ხშირი გადაადგილებები, ხალხმრავლობა, სტუმრები და ინტელექტუალური საუბრები . მათი სახლის კარი აუცილებლად იქნება ღია მრავალრიცხოვანი სამეგობროსთვის (ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თავად იქნებიან სახლში ფიზიკურად) და არამხოლოდ მათთვის. თუკი მეგობრებში ტყუპი-მშვილდოსნის წყვილი მოგეძევებათ, თამამად შეგიძლიათ მათთან სტუმრად უცნობი ადამიანებიც წაიყოლოთ. მთავარია, იგი ინტელექტუალურად საინტერესო და არამოსაწყენი პერსონა იყოს. მერწმუნეთ მასპინძლები მოხიბლული დარჩებიან ამით.
წყვილი ტყუპი-მშვილდოსანი ასტროლოგიურ ოპოზიციას განეკუთვნება, ამიტომ ის, რაც აკლია მშვილდოსანს, საკმარისზე მეტიც კი აქვს ტყუპს და პირიქით. ტყუპისგან მშვილდოსანმა ლოგიკური აზროვნების უნარი, მეტი დაკვირვება უნდა ისწავლოს წვრილმანებისადმი. მშვილდოსნისგან კი ტყუპს შეუძლია მასშტაბური ხედვა აითვისოს. მათი ერთობლიობა ხშირად საერთო პროფესიული საქმიანობისთვისაც მისწრებაა. იმიტომ რომ, ნებისმიერ საქმიანობაშია საჭირო მასშტაბური და დეტალური ხედვის უნარის სინთეზი.
ამ ორს მარად ახალგაზრდული შემართება გააჩნია, მიუხედავად იმისა, რა ასაკის არიან, მათში ყოველთვისაა გარკვეული ინფანტილიზმი, რის ხარჯზეც საერთო შვილებს საოცარი ოპტიმიზმისა და სიმსუბუქის ატმოსფეროში ზრდიან. შესაძლოა ისინი არ განეკუთვნებოდნენ ისეთ მშობელთა კატეგორიას, რომელთაც შეუძლიათ საკუთარ პირმშოს განსაკუთრებული დისციპლინის სიყვარული ჩაუნერგონ, სამაგიეროდ, არასოდეს შეზღუდავენ ბავშვს მენტალურად და ემოციურად. მათთვის პრიორიტეტი იქნება მასში პირველ რიგში, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება. თავის მხრივ კი ასეთი მშობლების შვილი ყოველთვის იამაყებს მარად ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე და "თინეიჯერი" მშობლების გარემოცვით.