დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცები, როგორც წესი უპრობლემოდ ახერხებენ სუსტის სქესის წარმომადგენელთა შორის, „გულთამპყრობელის“ და „მაჩოს“ სტატუსის მოპოვებას. აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის სასურველ ობიექტს წარმოადგენენ სასიყვარულო ფრონტზე ქალბატონებისთვის. ამ ყველაფერს კი იწვევს, არამარტო მათი მამამაკაცური გარეგნობა და მარსიანული შარმი, არამედ თავისებურ ქცევის მანერა და უსაზღვრო ტემპერამენტიც. თუმცა, აქვე მინდა გავაფრთხილო სუსტი სქესის ის წარმომადგენლები, ვისაც რბილად რომ ვთქვათ, ვერძი მამაკაცის „მოჩანგვლა“ აქვს გადაწყვეტილი: ჩემო ძვირფასებო, ნუ მოგატყუებთ, მისი ერთი შეხედვით, მეგობრული ხასიათი და კომუნიკაბელურობა, ეს კაცი საკმაოდ ძნელადმოსახელთებელი ვინმეა სინამდვილეში. უფრო სწორად, ძნელადმოსახელთებელი იმდენად არა, რამდენადაც ძნელად შესანარჩუნებელი, თორემ მარტო მოხელთებას რა აზრი აქვს?
საქმე იმაშია, რომ ვერძს საკმაოდ მაღალი სტანდარტები გააჩნია საპირისპირო სქესთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე მისი რჩეული, ზოგადად ქალისთვის დამახასიათებელი ყველა საუკეთესო თვისების მატარებელი უნდა იყოს. ზომიერად ჭკვიანი, ნაზი, ქალური, მომთმენი (ვერძთან ეს თვისება განსაკუთრებულად საჭიროა!), ტემპერამენტიანი და მიხვედრილი. როგორც წესი, ტიპიური ვერძი ერთგული და მონოგამიური ტიპაჟია, თუმცა თქმა არ უნდა, ვერძებს შორისაც გვხდებიან ისეთებიც რომელთაც ბობოქარი, ბოჰემური ცხოვრება აქვთ და მრავალრიცხოვან საყვარელთა სიაში სათვალავი ერევათ. (ამგვარი რამ მაშინ ხდება, თუ ვერძის პირად რუკაში მორიელის ძლიერი გავლენაა ან მეხუთე-მერვე სახლების ინტენსივობა შეინიშნება), სხვა შემთხვევაში მამაკაც ვერძს,საყვარელი ადამიანის მიმართ განსაკუთრებული, იდეალიზირებული დამოკიდებულება აქვს და აღმერთებს მას როგორც არამიწიერ ქმნილებას მანამ, სანამ ეს უკანასკნელი რაიმე ისეთს არ ჩაიდენს, რაც ვერძის თვალში იდეალის ნგრევას გამოიწვევს. (გამოეცხადება მას თავზე ბიგუდებით, სახეზე ნიღაბწასმული, თავს მოაბეზრებს გამუდმებული ეჭვიანობით, ჭკუის სწავლებით და ა.შ). ვერძების სასახელოდ უნდა ითქვს, რომ ჭკვიანი ქალისთვის ამ ნიშნის კაცთან თანაცხოვრება საკმაოდ მარტივი საქმეა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მას არ ახასიათებს წყენის გულში ჩადება და მრავალკვირიანი ბუზღუნი საკუთარი უკმაყოფილების გამოსახატავად, ვერძი რასაც ფიქრობს, ყოველთვის პირდაპირ ამბობს, არც ტყუილების თქმა ეხერხება მაინც დ ამაინც დიდად, თუ გარემოება აიძულებს იცრუოს კიდეც, ამას უხალისოდ გააკეთებს და მოკლე დროში, თავადვე წამოაყრანტალებს სიმართლეს თქვენი თანდასწრებით. ხომ ამბობენ, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“, ვერძის ტყუილს განსაკუთრებით მოკლე აქვს ისინი, ან სულაც არ აქვს. ვერძი კაცები, როგორც წესი, მზრუნველობით და ერთგულებით გამოირჩევიან მათ მიმართ ვინც ნამდვილად უყვართ. ამას დაუმატეთ უზომოდ დიდი ტემპერამენტი და გასაოცარი სექუსლურობა და ჩათვალეთ,რომ საკმაოდ გაგიმართლათ, თუკი ცხოვრების მეგზურად ვერძს ირჩევთ, ხოლო ორმაგად გაგიმართლათ მაშინ, თუ მისი სიყვარულის დამსახურება და შენარჩუბნება დიდი ხნით შესძელით.
თუმცა.... სანამ ვარდისფერ ოცნებებში გადაეშვებოდეთ ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მინდა ყოველი შემთხვევისთვის, რამდენიმე საჭირო რჩევა მოგცეთ, რაც ვერძთან თანაცხოვრებისას, აუცილებლად გამოგადგებათ. პირველ რიგში, ნუ დაგავიწყდებათ ის, რომ ვერძი ცეცხლის ნიშანია, ცეცხლთან თამაში კი მოგეხსენებათ, ერთობ სახიფათო საქმეა... აქედან გამომდინარე, არსებობს რამოდენიმე მარტივი წესი, რომლის გათვალისწინებაც ვერძებთან ურთიერთობისას აუცილებელია და კარგი იქნება თუკი თქვენ მათ ზედმიწევნით გაითვალისწინებთ..
ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ჯეიმს ფრანკო
პირველი და უმთავრესი წესი არის ის, რომ ვერძთან ურთიერთობისას, სინაზესთან ერთად ხასიათის სიმტკიცეც არანაკლებ უნდა გამოამჟღავნოთ. თუ მასთან, რაიმე საკითხზე კონსესუსის მიღწევა გსურთ, თქვენი მოთხოვნები პირდაპირ, მიკიბ მოკიბვის გარეშე გააცანით და აუხსენით თუ რატომ მიგაჩნიათ, რომ მაინცდამაინც ასე უნდა იყოს და არა ისე როგორც მას სურს.. შანსი იმისა, რომ ვერძი მაშინვე დაგემორჩილებათ და თქვენს ჭკუაზე ცირკის მოთვინიერებული დათვივით გაივლის ნაკლებია ,თუმცა თუკი მასთან მიმართებაში სამართლიანი, გახსნილი და ზომიერი იქნებით, იგი აუცილებლად დაფიქრდება მოგვაინებით თქვენს ნათქვამზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ვერძის მეუღლეს მოეთხოვება, პარტნიორს არამარტო ემოციურ-მორალური კუთხით, ფიზიკური და სექსუალური ტემპერამენტითაც შეესაბამებოდეს, რადგან ვერძები ცხელსისხლიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან და შესაბამისად თქვენ ყოველთვის და ყველგან მზად უნდა იყოთ მისი, მყისიერი „მინდას“ დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ფსიქო-სექსუალური ტემპერამენტი ერთმანეთთან დისჰარმონიაში მოდის და ამას თქვენი მხრიდან მეუღლეზე მონოპოლიის ან ტვინის ბურღვის მცდელობაც ემატება, ჩათვალეთ რომ ვერძი თქვენთან დიდხანს აღარ გაჩერდება.
ერთი შეხედვით, ჯიუტი და უკომპრომისო ხასიათის მიუხედავად, სინამდვილეში ვერძებს საკუთარ ნაკლოვანებებზე მუშაობა შესანიშნავად შეუძლიათ, თუ აცნობიერებენ, რომ მათ ეს პარტნიორთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად ნამდვილად უღირთ. თუმცა, თუკი თქვენ მისგან ამ ცვლილებების განხორციელებას ძალისმიერი მეთოდებით ან დაჟინებული საქციელით შეეცდებით, დამიჯერეთ შედეგი ზუსტად საპირისპირო იქნება.
ვერძები როგორც წესი საუკეთესო მამები და ოჯახის მეთაურები არიან და უკვე მოწიფულ ასაკში, როცა მათი ცეცხლოვანი ტემპერამენტი შედარებით მშვიდ დინებაში გადაინაცვლებს, ისინი პარტნიორისთვის საუკეთესო მეგობრები და თანამოაზრეები ხდებიან. თუმცა ვერძის პარტნიორის გასაგონად მინდა ვთქვა ისიც, რომ პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად ითვლება, ვერძებში მუდმივმოქმედი ვულკანივით აღვივებს მოუსვენრობას და ფეთქებადსაშიშ თვისებებს. ამიტომ ვერძი, რომანტიული ურთიერთობების კუთხით, მრავალწლიანი კავშირის შემდეგაც კი, როგორც წესი არასოდეს „ქრება“, თუმცა შესაძლოა რაღაც პერიოდი მისი ცეცხლი ოდნავ განელდეს, ისიც პარტნიორის საქციელიდან გამომდინარე, თუმცა ამ შემთხვევაში,კარგი იქნება თუ ვერძის მეწყვილე გაითვალისწინებს ერთ უდაო ჭეშმარიტებას: ანუ იმას, რომ ცეცხლს მუდმივად უნდა დაუმატოს შეშა, რათა მხურვალე კოცონი, მინვლულ ნაკვერჩხლად არ იქცეს და საბოლოო ჯამში სულაც ნაცარი არ შეგვრჩეს ხელში. აქედან გამომდინარე, საკითხი თქვენი ვერძთან ერთობლივი თანაცხოვრების სრულყოფილების შესახებ, პრაქტიკულად თქვენსავე პირომანულ (ლათ. ცეცხლის გაჩენის სიყვარული) შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.