არსებობს ქალების კატეგორია, რომელსაც "ექსი" ვერაფრის დიდებით მოუშორებია თავიდან. ჰოდა, დღეს იმაზე ვისაუბროთ თუ როგორ და რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ "ყოფილებს" და აბეზარ თაყვანისმცემლებს, იმ შემთხვევაში, თუკი მათი ზოდიაქოს ნიშანი ზუსტად ვიცით...
როგორ დავშორდეთ მშვილდოსანს
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცები მომხიბვლელი შეყვარებულები და რომანტიკული პარტნიორები არიან. თუმცა, მათ აქვთ ნაკლიც - იშვიათად გამოირჩევიან სტაბილურობით. ამიტომ მშვილდოსნის თავიდან მოშორებაზე მეტად, ბევრი ქალის ცხოვრებაში ამ მამაკაცის შენარჩუნების საკითხი დგას გაცილებით უფრო აქტუალურად დღის წესრიგში . თუმცა, თუ მაინც ისე მოხდა, რომ ვერა და ვერ იცილებთ თქვენს აბეზარ მშვილდოსან შეყვარებულს მარტივ ხრიკებს გასწავლით მისი თქვენ მიმართ ინტერესის სამუდამოდ გასაქრობად.
მშვილდოსნებს პლანეტა იუპიტერი მართავს, ამიტომ ეს ხალხი გულუხვობითა და ხელგაშლილობით გამოირჩევა. ამიტომ ყველაზე მეტად რასაც ისინი ვერ იტანენ სხვებში ეს სიძუნწე და მეწვრილმანეობაა. შესაბამისად, ზუსტად ამ მეთოდით დაიწყეთ ბრძოლა მშვილდოსანთან. ხშირად ეწუწუნეთ ფულზე, დაითვალეთ მისი თანდასწრებით კაპიკები და ნაკლებად მიეცით საშუალება, რომ მეგობრების წრეში ფინანსები გულუხვად ფლანგოს. ჩაუტარეთ სახალხოდ ნოტაციები თემაზე "როგორ უთავბოლოდ ატანს ქარს მატერიალურ რესურსს".
კიდევ ერთი თვისება, რასაც მშვილდოსანი ვერ იტანს უხასიათობა და ერთფეროვნებაა პარტნიორის ხასიათში. იყავით ტიპური "მუდო", არსად გაჰყვეთ, როცა იგი სადმე გეპატიჟებათ (ხეტიალი და წანწალი კი ყველა მშვილდოსნის სისუსტეა), მაქსიმალურად მიეჯაჭვეთ სახლს და დივანს, ამასთან ერთად ისიც აიძულეთ იგივე გააკეთოს . მოკლედ გადააქციეთ "პენსიონერულ ბანაკად" თქვენი და მისი ცხოვრება. მერწმუნეთ, მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი მშვილდოსანი მამრის მოთმინება ამოიწურება. ამას დაუმატეთ უსაფუძვლო ეჭვიანობა და აყალ-მაყალი უვნებელი ფლირტის გამო, რომელიც ყველა მშვილდოსანს ახასიათებს და ჩათვალეთ, რომ თქვენი ცხოვრება მშვილდოსნისგან სამუდამოდ თავისუფალია.