საკითხს ასტროლოგიური კუთხით მივუდგებით და ევროპაში ფართოდ აპრობირებულ მოდისა და ასტროლოგიის სინთეზს ე.წ. FASHION ASTROLOGY-ს მივმართავთ, მერწმუნეთ გაგვიიოლდება ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მარტივად გადაჭრა. დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა, როგორი იმიჯი უნდა მოირგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, საიმისოდ, რომ საზოგადოების უპირობო აღტაცება და ოვაციები დაიმსახუროს.
კირჩხიბი
ქალი კირჩხიბი "მთვარეულია", მმართველი პლანეტა მთვარე კი, ამ ქალს უბიძგებს იმისკენ რომ ყველაფერში კომფორტი ეძებოს მათ შორის ტანსაცმელშიც. მისთვის სწორად შერჩეულ სამოსს ფსიქოლოგიური დატვირთვა ენიჭება. ამიტომ ის, თუ როგორ განწყობაზეა კირჩხიბი ხშირად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა აცვია და რამდენად კომფორტულად გრძნობს ამ სამოსში იგი თავს. ახალგაზრდა ასაკში ბევრი მათგანი საკმაოზე მეტად გამხდარი, შეიძლება ითქვას სიფრიფანაც კია, შესაბამისად, ტანზე მომდგარი, ტრიკოტაჟის კაბები, არამკვეთრი მაკიაჟი და ჭაობისფერ-ზღვისფერი ტონალობის გრადაცია იდეალურად გამოკვეთს ამ ქალის იდუმალ ბუნებას.
უკვე ასაკის მატებასთან ერთად, ბევრი "მთვარეული ლედი" მიდრეკილი ხდება სხეულის ფორმების სიმრგვალისკენა, გამომდინარე იქედან, რომ კირჩხიბი კუჭით იმართება და კიბო ქალების უმეტესობა შესანიშნავი მზარეულია. გარდა ამისა, მათი უმრავლესობისთვის დედის როლი უფრო პრიორიტეტული ხდება, ვიდრე საკუთარ იმიჯზე თავგადაკლული ზრუნვა. ამ პერიოდში მათთვის საუკეთესოა თავისუფალი სტილის სამოსი, ნახევარტონების გრადაცია და მოხერხებული, დაბალძირიანი ფეხასაცმელი.
მაკიაჟის მხრივ ქალი კირჩხიბისთვის ბაცი ფერები, არამკვეთრი პომადა და თვალის მოყავისფრო-ჭაობისფერი ჩრდილებია ასტროლოგების მიერ რეკომენდებული.
აქსესუარებში სასურველია ხშირად გამოიყენონ ვერცხლის სამკაული – მმართველი მთვარის ენერგეტიკიდან გამომდინარე. გარდა ამისა, კირჩხიბი კარგად "მეგობრობს" ისეთ ძვირფას ქვებთან როგორიცაა: მარგალიტი, მთვარის ქვა და ბრილიანტი. სასურველია, უპირატესობა მიანიჭონ კულონებსა და სამაჯურებს.