მორიელი ქალი & მორიელი მამაკაცი

მორიელი ქალი & მორიელი მამაკაცი

მორიელების წყვილში უდიდესი სექსუალური და კოსმიური ენერგია იყრის თავს, ამიტომ ყველა ის ვინც ამ წყვილს შორიდან მაინც ასე თუ ისე იცნობს (ახლოს ცნობა წარმოუდგენელია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ საზოგადოებაში თავს ძალიან ცოტა თუ იგრძნობს კომფორტულად და ისინიც მეეჭვება ყველა მსურველს უღებდნენ საკუთარი სახლის კარს ) დაგვეთანხმება იმაში, რომ ეს ცოლ-ქმარი დიდ საშიშროებას წარმოადგენს როგორც ერთმანეთისთვის, ისე ყველა არამკითხე მოამბისთვის ვისაც მათ პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა სწადია.

მორიელები თავდაპირველად დიდი სიფრთხილით და ეჭვით იწყებენ ერთმანეთთან ნაცნობობას. ერთიც და მეორეც კანით გრძნობს, რომ ეს პარტნიორი, მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა გულში დიდ ცეცხლს და საშიშ ენერგიას მალავს . ამასთან ერთად, მორიელი ქალი ყოველთვის აფასებს მამაკაცში უნარს მართოს ემოციები, მაშინაც კი როცა საამისოდ სიტუაცია პიკს უახლოვდება. მათ შორის ყოველთვის იქნება კონკურენცია, ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ორი ერთად ყოფნას გადაწყვეტს, სასურველია, მათი გზები არასოდეს გადაიკვეთოს პროფესიულად. სხვა შემთხვევაში ომი, თანაც დაუნდობელი გარდაუვალი იქნება.

მორიელების წყვილზე დაკვირვება მათი რომანის მიმდინარეობისას პოკერის პროფესიონალ მოთამაშეებზე დაკვირვებას წააგავს. ერთიც და მეორეც ყოველთვის კარგად დაგეგმილი სტრატეგიით მოქმედებს და ცდილობს პარტნიორი, რაც შეიძლება მაქსიმალური დოზით "გააშიშვლოს" ემოციურად . თუმცა მორიელი რისი მორიელი იქნება თუ კარტებს ბოლომდე გაუხსნის ვინმეს, თუნდაც ეს ვინმე მასავით ფრთხილი, წინდახედული და ოტელოსავით ეჭვიანი იყოს.

ამიტომ სურვილი ემოციური ჰარმონიის მიღწევისა და საიდუმლობების ბოლომდე არ გაჟღერებისა, ხშირად წინააღმდეგობაში მოდის მორიელებთან. ორივეს უნდა, სიტუაცია მართოს და მეორე ნახევარზე მანიპულირების პულტი მას ეპყრას ხელთ. თუმცა არც ეს ზემოხსენებული მეორე ნახევარია უჭკუო. მოკლედ, ორმაგი აგენტების ფარულ ორთაბრძოლას ჰგავს ამ ორის ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე მაინც სანამ ისინი ერთმანეთის ნდობას ასე თუ ისე ისწავლიან.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს მთელი თავისი ხასიათის სიმძიმით და "ტარაკანებით", ისევ და ისევ საკუთარივე ნიშნით დაბადებული თუ გაუგებს ბოლომდე. მაგრამ აქ არის ერთი დიდი პრობლემა, ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელიმე მათგანმა გამიზნულად (მორიელისთვის არ არსებობს სიტყვა "შემთხვევით") კუდზე დააბიჯოს მეორეს ფეხი. ამ მომენტიდან მსუბუქი ბრძოლა, რომელიც ამ წყვილს შორის როგორც წესი ყოველთვისაა ურთიერთობის საწყის ეტაპზე პოზიციების გასამყარებლად, დიდ და ყოვლისმომცველ ომში გადაიზრდება, სადაც დანდობის იმედი არც ერთმა არ უნდა იქონიოს. მორიელი არ სცნობს დამარცხებულის პოზიციას, ჰოდა ბრძოლამ ორ ასეთ ინდივიდს შორის ხომ წარმოგიდგენიათ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ისინი?

შესაძლოა ამ სტატიის კითხვისას, რომელიმე თქვენგანს გაახსენდეს კიდეც მორიელების წყვილი სანაცნობო წრიდან, რომლებიც ერთი შეხედვით ძალზე ზრდილობიანი, კანონმორჩილი და მშვიდი ოჯახური ტანდემის ასოციაციას ტოვებენ . მერწმუნეთ, ახლოს არ იცნობთ მათ ოჯახს, თორემ ურთიერთობის საწყის ეტაპზე გადატანილი დრამატული ისტორიების შესახებ თუ პირადად მათგან არა დედამთილ-მამამთილ-სიდედრ-სიმამრისგან მაინც გექნებოდათ გაგონილი.

საიმისოდ, რომ მორიელის ბუნება მეტ-ნაკლებად გაიცნოთ და გაითავისოთ, მასთან ყოველდღიური ზრდილობიანი გამარჯობის გარდა, ერთ ჭერქვეშ ცხოვრების "ბედნიერებაც" უნდა გაგაჩნდეთ . თუკი მას ერთხელ მაინც დაადგამთ კუდზე ფეხს უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მისთვის უბრალოდ აღარ არსებობთ, არც მომავალში იარსებებთ. თუმცა შეცდომას, რომელიც მის წინაშე დაუშვით იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე დაიმახსოვრებს და როცა მიეცემა შესაბამისი მომენტი, შანსს არ გაუშვებს ხელიდან, რომ ჭრილობაზე მარილი დიდი მონდომებით არ მოგაყაროთ . სუსტი წერტილები და სულიერი ჭრილობები კი დამეთანხმებით, ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია ცხოვრებაში.

ამ მარტივი "მორიელური ფილოსოფიის" გაგება კი ვის შეუძლია უკეთ ვიდრე თავად მორიელს? აი, რატომ ვხვდებით ორ მორიელს შორის ძალზე ხშირად, საკმაოდ მყარ და ხანგრძლივ ქორწინებებს. მორიელის ზოდიაქოს რამდენიმე ქვეტიპი გააჩნია და ეს ასტროლოგიაში ასე თუ ისე ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან. ამიტომ თუკი მორიელი ცოლ-ქმარი ე.წ. არწივების კატეგორიაში გადის, მათ დიახაც რომ აქვთ შანსი სამომავლოდ ჰარმონიული, ძალზე მყარი და იდეალურთან მიახლოებული კავშირი შექმნან. რომელიც არა მათთვის, არამედ საზოგადოებისთვის იქნება უკვე საშიში. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ამ ორს უბოდიშოდ შეეხებით. სხვა მხრივ კი ეს იქნება მშვიდი, მოწესრიგებული ოჯახური დუეტი, მზარდი მატერიალურ-ფინანსური ბაზით (ნუ დაგავიწყდებათ, ორივე სქესის მორიელს ძალიან უყვარს ფული!), კარგად აღზრდილი და დისციპლინირებული შვილებითა და ოჯახური იდილიით, რომელში შეღწევის მსურველ უცხო, ზედმეტად ჭორიკანა ადამიანებსაც უბრალოდ და მარტივად, უცერემონიოდ უკეტავენ კარს!