ეს ორი ნიშანი პირველი შეხვედრისას? რა საგანია მათთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი? დაე, მაპატიონ რომანტიკული, ამაღლებული ნატურის მქონე პირებმა, მაგრამ სავარაუდოდ საუბარი იქნება... ფეხებზე. ეს მათი საერთო პრობლემაა. სამედიცინო ასტროლოგია, რომელსაც ჰიპოკრატეც ენდობოდა, გვასწავლის, რომ მზის ყველა ნიშანს თავისი რთული უბანი აქვს. თევზებისათვის ეს ფეხებია. ისინი ხშირად სტუმრობენ ორთოპედს. ასევე მუდმივი პრობლემის საგანია ფეხები ქალწულისათვის, რომელსაც კოჭლი ღვთაება ვულკანი მართავს.
ქალი-ქალწულების უმრავლესობა პირდაპირ ჭკუას კარგავს პრაქტიკულ ფეხსაცმელზე. მათ შეუძლიათ ეკონომია გააკეთონ ტანსაცმელზე, უარი თქვან სიამოვნებებზე... მაგრამ, როცა საქმე ეხება ჯანსაღ საკვებს, წამლებს, ჰიგიენურ საგნებსა და ფეხსაცმელს, ისინი აოცებენ ირგვლივ მყოფთ. მათი კარადა სააბაზანოში გამოტენილია სპილოს ძვლის ფერი საპნით, ფლაკონები და ქილები აფთიაქში აღარ ეტევა, გარდერობში კი ფეხსაცმლის ყუთების გორა დგას. ეს სულაც არ გახლავთ ექსტრავაგანტურობა. ქალწული მზრუნველად არემონტებს და ინახავს ფეხსაცმელებს შვილებისა და შვილიშვილებისათვის. ქალ-ქალწულს ხიბლავს ის ინტერესი, რომლითაც მამკაცი თევზები ისმენს მის ისტორიას კონკიას ქოშების შესახებ. თევზები ისე ხშირად ისმენს სხვის საყვედურებს, რომ სიხარულით ელის შემთხვევას გადმოაფრქვიოს თავისი გრძნობები. ის სიამოვნებით უყვება მორჩილ მსმენელს ფეხშიშველი გასეირნების შთაბეჭდილებებზე, ტირილით უამბობს - როგორ ეყინება ფეხები, რა ძნელია ფეხსაცმლის შერჩევა (თევზებს არასტანდარტული - ან ძალიან დიდი ან ძალიან პატარა ფეხები აქვთ).
ამასობაში ის თანდანთან ახლო მიიწევს მოსაუბრისკენ, ისიც თანაუგრძნობს. გამხნევებული მამაკაცი-თევზები საიდუმლოდ უმხელს ქალს, თუ როგორ პოზირებდა სტუდენტობისას მხატვართან, რომელსაც ანცვიფრებდა მისი ფეხის ცერის არაჩვეულებრივი ბალიშები. ქალი იცინის. კაცი უფრო ახლოს მიდის: "ღამ-ღამობით საშინელებაა - ფეხები ისე მეყინება, საწოლიდან წამოძრომა მიწევს სათბურასათვის". "-დიახ, რამდენი საბანიც არ უნდა დაიფარო, მაინც ვერ გათბები" - ემოწმება ქალი-ქალწული. "-ეს ყველა მარტოხელას უბედურებაა". - გამოთქვამს თავის აზრს მამაკაცი-თევზები და მრავალმნიშვნელოვნად უყურებს ქალს თვალებში.
ჩვეულებრივ, ქალწული უძლურია თევზების შემპარავი მომხიბლაობის წინაშე, თუმცა საბოლოო კაპიტულაციას წინ უსწრებს დიდი ხნის ნაცნობობა. და მაინც რთული დაპირისპირებების აცილება ისევე შეუძლებელია, როგორც მაგნიტის პოლუსების დაახლოება. უხეშ ძალაზე უფრო ქალწულს თევზების ნაზი მგრძნობელობა იპყრობს. ქალწულის სისპეტაკე აღაგზნებს თევზების პოეტურ აღმაფრენას, მას აღელვებს ვულკანის ამოფრქვევის ექო. ორივე თავდადებულია, ამიტომ ადვილად უსმენენ სხვათა აზრებს და თავს არავის არ ახვევენ თავიანთ სურვილებს.
ეს ორი თანხმდება ყველაფერში, რაც ეხება გულისა და სხეულების ერთიანობას, მაგრამ არა იმაში, რაც ფულს ეხება. თევზებს მოსწონთ გაყოფა, ქალწულს კი შეიძლება ეს იდეა არ მოეწონოს. ძუნწი თევზი და მფლანგველი ქალწული იშვიათი გამონაკლისია. ხშირად ეკონომიური ქალწული ნიშნს უგებს არაფრისმქონე თევზებს: რა სისულელეა დაურიგო მთელი ფული მეგობრებს, ნათესავებსა და მეზობლებს! თევზები იშვიათად ასესხებენ ფულს - ისინი უბრალოდ გასცემენ მას. როცა საქმე ფულს ეხება, ქალწულის თვალები ფოლადისა ხდება, ხმა ვერცხლის ზანზალაკივით კი არ ჟღერს, არამედ დამკრძალავი ზარივით. ამან შეიძლება სერიოზულად დაამძიმოს მათი ურთიერთობა. ნოტაციები - ერთადერთია, რასაც თევზი-მამაკაცი ვერ იტანს. ის ხდება გაღიზიანებული და ბოროტი, შეძლებისდაგვარად ერიდება სახლში დაბრუნებას, გზადაგზა ბარებშიც შეიხედავს. ის შეიძლება მიეჩვიოს სპირტიან სასმელებს ან ნარკოტიკებს, ანდა ჩაიკეტოს თავისი ფანტაზიების სამყაროში.
ამიტომ ქალწულმა დასახმარებლად უნდა მოუხმოს ჯანსაღ აზრს და გაიგოს, რომ არსებობს რაღაც, რომლის დაკარგვა ფულის დაკარგვაზე საშინელია. მან შეიყვარა არაჩვეულებრივი ადამიანი. განა უპრიანია მისი გადაკეთება იმით, რომ გაანადურო ყველაფერი, რაც მას ხიბლავდა - იდეალიზმი, უანგარობა, თანადგომის უნარი...
მამაკაცმა თევზებმა უნდა ჩაახშოს თავისი გულჩათხრობილობა და იდუმალების სიყვარული, რათა მისმა მეგობარმა ქალმა თავი უცხოდ არ იგრძნოს. ეს ქალი არ არის მოლაყბე. მას შეიძლება ანდოთ საიდუმლო, მით უმეტეს, როცა აღნიშნული საიდუმლოებების ძირითადი ნაწილი უწყინარია. ქალწულ ქალს უყვარს გარკვეულობა ყველაფერში, ნებისმიერი ბუნდოვანება აღიზიანებს. ცუდი არ იქნება თუ მამაკაცი თევზები გალანტურად მისცემს მას ქარიშხლის დროს ხომალდის საჭესთან დგომის უფლებას. ქალწულიც და თევზებიც ცვალებადი ნიშნებია, ისინი ბედნიერად იგრძნობენ თავს ერთობლივ მოგზაურობებში. ეს კარგი შანსია პრობლემების მოსაგვარებლად. ბოლოს და ბოლოს ადამიანური სითბო ბევრად სჯობს სათბურას პლედის ქვეშ...