საყოველთაოდ გავრცელებულია აზრი, რომ არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ნაკლებად გამოსდით ერთმანეთთან ჰარმონიული თანაარსებობა. მოდით განვიხილოთ რამდენიმე მათგანი და ერთად გავაქარწყლოთ, მითები ე.წ. "შეუთავსებელი" წყვილების შესახებ.
ტყუპი მშვილდოსნის ოპოზიციაა. შესაბამისად, მათ შორის დიდი განსხვავებაა. მშვილდოსანი ბუნებით დემაგოგია. თუმცა, ტყუპსაც არანაკლებ უყვარს მახვილსიტყვაობა და ლაქლაქი. შესაბამისად, ცოლ-ქმარს შორის რომელიმეს მაინც ხომ უნდა გააჩნდეს მოსმენის კულტურა? ჰოდა, რა გასაკვირია რომ მათი არც თუ მშვიდი დიალოგების ერთგულ მსმენელებად, ყველაზე ხშირად ცნობისმოყვარე მეზობლები გვევლინებიან.
სამაგიეროდ, ტყუპზე კარგად არავის შეუძლია მშვილდოსანი ახალ-ახალი გმირობების ჩადენისკენ და ქმედებისკენ წააქეზოს. ჰაერი ხომ ცეცხლს უფრო აღვივებს. ხოლო თავად მშვილდოსანი კარგად მოახერხებს ჰაეროვანი ტყუპი, თავისი მართალია არცთუ ტაქტიანი კრიტიკით, ზოგჯერ დაუკვირვებელი და იმპულსური ქმედებებისგან იხსნას. ცეცხლი ხომ ჟანგბადს შთანთქავს.
მერწყული და ლომი მედლის ორი მხარეა. შესაბამისად, მათი ერთი შეხედვით, რადიკალურად განსხვავებული ხასიათი არაფერია სხვა თუ არა ერთი მთლიანობის ორი სხვადასხვა ნაწილაკი, რომელსაც დიდი შანსი აქვს გამთლიანდეს და ჰარმონია შექმნას. მერწყულს რომ ჰკითხო, ლომის გადამეტებული ტრაბახი, უფროსობისკენ მიდრეკილება და სხვისი ხელით საქმეების კეთების ჩვევა აღიზიანებს. ამ დროს, თავადაც არანაკლებ მიდრეკილია სხვების მართვის და ლიდერობის მოთხოვნილებისკენ. თუმცა, ამას ლომისგან განსხვავებით, გარშემო მყოფების მიმართ ჰუმანურ-მეგობრული დამოკიდებულებით და ოსტატური მანიპულაციის უნარით ნიღბავს. ეს იგივეა, რაც სარკეში საკუთარი ორეულისთვის თვალის გასწორება ისწავლოს ამ ორმა. ჰოდა, თუ თვალს თამამად გაუსწორებთ საკუთარ ნაკლოვანებებს, ძვირფასო ლომებო და მერწყულებო, შესაძლებლობა მოგეცემათ ხანგრძლივად იცხოვროთ ჰარმონიაში.
ვერძი და თხის რქა - ამბობენ, რომ ორი რქიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, კატასტროფის ტოლფასია. თუმცა, არც მთლად მასეა საქმე, ბატონებო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვერძი ისე თხის რქა უაპელაციო სიჯიუტისკენაა მიდრეკილი, ამ ორს შორისაც შეიძლება ჩამოყალიბდეს საკმაოდ სტაბილური და რაც მთავარია, წარმატებული ოჯახური დუეტი. საამისოდ კი აუცილებელია, რომ პარტნიორული ურთიერთობის გარდა, საერთო ბიზნესინტერესებიც გააჩნდეს. ქმარი თხის რქა, შესანიშნავი პრომოუტერი, სპონსორი ან თანაშემწე იქნება ცოლი ვერძისთვის, რომელსაც იდეები და კრეატივი როგორც წესი, თავზე საყრელად გააჩნია. თუმცა, მათი რეალიზებისთვის გზებს ვერ პოულობს, ან ნებისყოფა არ ყოფნის დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად. ჰოდა, თხის რქა ქმარზე უკეთეს იმპრესარიოს სად იშოვნის კაცი?
მორიელი და ლომი - ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური, მაგრამ ამავდროულად უაღრესად რომანტიული და ემოციური კავშირია. მორიელის და ლომის ზოდიაქოს ნიშნები, ერთმანეთთან კვადრატურას ქმნიან. შესაბამისად, მათთვის ურთიერთჰარმონიის მიღწევა, ძალზე რთული, ან სულაც უტოპიური თემაა. ამიტომ, კრიზისული პერიოდები ყველაზე ხშირად, სწორედ ამ წყვილს ელოდება ოჯახურ ცხოვრებაში. თუმცა, მიზიდულობა მათ შორის, იმდენად დიდია, – როგორც ფიზიკური ისე ემოციური თვალსაზრისით, რომ ეს წყვილი მიუხედავად ბევრი პრობლემისა მაინც ახერხებს ხანგრძლივად შეინარჩუნოს ოჯახი. უმთავრესი პრობლემა კი ამ ორს შორის, როგორც წესი მართვის სადავეების ფლობა და პირველობის მოთხოვნილებაა. თქმა არ უნდა, მორიელი, რომელსაც ამ ქვეყნად ყველას და ყველაფრის კონტროლი ლამის სისხლში აქვს გამჯდარი, თავისუფლებისმოყვარე და ამაყ ძუ ლომსაც მოუნდომებს გალიაში გამომწყვდევას. ჰოდა, აი აქ დაიწყება პრობლემები. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ გალია ოქროსგან მაინც იქნება გაკეთებული, როგორმე აიტანს ტყვეობას ფუფუნების მოყვარული ქალი ლომი.
კურო და ლომი - როგორც წესი, პრაქტიკული, მუყაითი და გონივრულად ხელმომჭირნე კუროს მოთმინება და ჯიბე, იშვიათად სწვდება ლომისთვის დამახასიათებელ არისტოკრატულ ცხოვრების წესს და მოთხოვნილებებს. პრინციპში, მას ეს არც არაფერში ესაჭიროება. ბებიის ნაქონ ჭრაჭუნა საწოლშიც ძალიან გემრიელად სძინავს და ვერაფრით გაუგია რა ჯანდაბად უნდა კუდაბზიკა ლომს ულტრათანამედროვე ავეჯით და ტექნიკით გამოსვებული სახლი. მით უმეტეს, როცა ამგვარი ტექნიკის შეძენაზე მთელი წლის დანაზოგი უნდა გააყოლოს ქარს. დიახ, დიახ უმთავრესი პრობლემა ამ ორს შორის ფულია! აქედან გამომდინარე, თუ ერთი მადას ცოტათი დაიოკებს, მეორე კი კვარტალში ერთხელ მაინც ისწავლის, მიიღოს და დატკბეს თანამედროვე ცხოვრების სიახლეებით, სულაც არ არის უტოპიური იდეა მათი ხანგრძლივად ერთად ყოფნა, გრძელვადიან პერსპექტივაში.
ქალწული და მშვილდოსანი - ერთი შეხედვით ალბათ ძალიან გასაკვირია, რა ესაქმება ამ ორს ერთად? მანიაკალურობამდე წესრიგის მოყვარული, მეთოდური და ხანდახან უზომოდ ხელმომჭირნე ქალწული, ხშირად მოთმინებიდან გამოჰყავს მშვილდოსნის უმისამართო ხელგაშლილობას, პასუხისმგებლობის გრძნობის არქონასა და თავქარიან ხასიათს. ჰოდა, გეკითხებით რა უნდა ამ ორს ერთად? თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, მათ შესანიშნავად შეუძლიათ მცირეოდენი კომპრომისების ხარჯზე, ერთმანეთის ხასიათები დააბალანსონ. მშვილდოსანი ქალწულს ოპტიმიზმს, ცხოვრებით ტკბობას და მოგზაურობის სიყვარულს ასწავლის, ქალწული კი მის უთავბოლო ხასიათს და ჩვევებს "დაალაგებს" და დაარეგულირებს. ჰოდა, რატომაც არა?
თხის რქა და სასწორი - რკინის ლოგიკის მქონე, უსაშველოდ ჯიუტ და სწორხაზოვან თხის რქას, თქმა არ უნდა, ხშირად გამოიყვანს წყობიდან მერყევი, ცვალებადი და ზედმეტად დამთმობი სასწორი. თუმცა, თხის რქას არ უნდა დაავიწყდეს ის ფაქტი, რომ სასწორის ზოდიაქოს ნიშანში მისი მმართველი პლანეტა სატურნი ეგზალტირებს. ამიტომ, სასწორსაც გააჩნია უაპელაციო სიჯიუტის შეტევები. ოღონდ ეს მაშინ, როცა მას ვინმე პინების უთავბოლო რყევის მდგომარეობამდე მიიყვანს და აიძულებს ის საქმე აკეთოს, რომლის კეთებაც, მას ამ მოცემულ მომენტში სულაც არ ეხასიათება. შესაბამისად, თუკი თხის რქა შეეცდება გაუგოს სასწორის შემოქმედებით ნატურას, თავის მხრივ სასწორიც შეეცდება დაილაგოს მოყანყალე პინები და თხის რქა გასაოცარი მიზანდასახულობით გააოცოს.
კურო და მერწყული - მათ შორის, ძალზე ხშირად გვხვდება ლეგენდარული "რომეო და ჯულიეტას" სინდრომი – ანუ ერთი ნახვით შეყვარება. მაგრამ ამ ერთ ნახვას რომ მომდევნო ნახვები მოჰყვება თან და შესაბამისად ერთმანეთის ხასიათის უკეთ გაცნობის პერსპექტივაც, ამ ფაქტს რაღა უნდა მოვუხერხოთ? კურო ფესვებისგადგმამდე მიწიერი არსებაა. უსაშველოდ რეალისტი, სტაბილურობის მოყვარული და გაწონასწორებული. მერწყულმა კი არასოდეს იცის დღეს რომ ალთასაა, ხვალ ბალთას, ზეგ რომელ უკაცრიელ კუნძულზე გაეღვიძება, იქაური აბორიგენების წეს-ჩვეულებების საკვლევად ჩასულს. აქედან გამომდინარე, ამ ორის ურთიერთობას მხოლოდ ერთობლივი საქმიანობა თუ გადაარჩენს და გააძლიერებს. მოკლედ, ძვირფასო მერწყულებო, გაითვალისწინეთ რომ თქვენი კრეატიული იდეების განხორციელებაში კუროზე უკეთ ვერავინ დაგეხმარებათ. ამიტომ, სანამ აფრიკის ჯუნგლებისკენ, მორიგ ექსპედიციაში წასასვლელად აიღებთ გეზს, თქვენთვის რომელიმე სიმპათიური კურო შეათვალიერეთ თანამგზავრად.