კლასიკას განვიხილავთ, მათთვის კი ვისაც ყურში უხეშად და უცხოდ მოხვდა სიტყვა "სინასტრია" თავშივე ავხსნი, - ეს ასტროლოგიური ტერმინია და ორი ადამიანის თავსებადობას (არამხოლოდ სასიყვარულოს) ნიშნავს. თუმცა, ჩვენ დღეს ზუსტად, რომ სასიყვარულოზე გვექნება საუბარი და ერთ-ერთ, ყველაზე ხშირ, თუმცა საკმაოდ რთულ წყვილს - თევზებისა და მორიელის დუეტს განვიხილავთ.
ასტროლოგები თვლიან, რომ პრაქტიკაზე დაკვირვებით, ამ ორს შორის რომანი ყველაზე ხშირად მაშინ იწყება, როცა ერთიც და მეორეც (ან ერთ-ერთი მათგანი მაინც) სტატუსით არცთუ მთლად თავისუფალია ანუ ჰყავს მეუღლე ან ადამიანი, რომელიც მოცემულ პერიოდში მაინც მის პოტენციურ საქმროდ/საცოლედ განიხილება. მოკლედ, თევზი-მორიელის წყვილის პირველი შეხება ყოველთვის (ან თითქმის ყოველთვის) აკრძალვებით იწყება. მაგრამ ზუსტად ეს აკრძალვები და ერთად ყოფნის სურვილი, ერთმანეთის ემოციების უსიტყვოდ გაგების აუხსნელი უნარია საბოლოო ჯამში ის კატალიზატორი, რომელიც ამ ორს არსებული ვალდებულებების საბოლოოდ დაძლევასა და უგულელყოფაში დაეხმარება, რომლის იგნორირებასაც ვერც ერთი და ვერც მეორე ურთიერთობის საწყის ეტაპზე ალბათ ვერ მოახერხებს. თევზები იმის გამო, რომ თვითშეწირული ნიშანია, მორიელს კი სისხლში აქვს გამჯდარი მესაკუთრული გრძნობები, ხშირად აბსოლუტურად არასაინტერესო მაგრამ შეჩვეული პარტნიორისადმი.
მორიელი ისევე როგორც თევზები წყლის სტიქიის წარმომადგენელია. თუმცა, ამ ორს შორის განსხვავება საკმაოდ ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხასიათში საერთო შტრიხები - კარგი ინტუიცია, ერთმანეთის ემოციური ტალღების დაჭერის უნარი და გრძნობების მთელი სიმძაფრით აღქმის ნიჭი ფაქტობრივად იდენტური შეიძლება იყოს. თევზი მუტაბელური - ანუ ცვალებადი ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მიდრეკილია ხშირად შეიცვალოს არა გარემო, არამედ შინაგანი ფასეულობები, ემოციები და მიზნები. მაშინ როცა მორიელი ფიქსირებული ნიშანია და მტკიცედ ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვს იმაზე, თუ რა არის შავი და რა - თეთრი. იგი გაცილებით უფრო ჯიუტი და სტაბილურია საკუთარ შეხედულებებში, რაც ზოგჯერ შესაძლოა თევზი ქალისთვის წყენისა და გაბუტვის საგნადაც იქცეს. მაგრამ ისევ და ისევ ზემოთ ნახსენები თავგანწირულობა და თანდაყოლილი უკიდეგანო სიყვარულის უნარი ანიჭებს თევზ ქალს იმის ძალას, გაუგოს და რაც მთავარია, ჰარმონია შეინარჩუნოს მორიელთან. ამასთან ერთად, მისთვის მორიელი მეცხრე ნიშანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობით თევზი ქალი საკმაოდ ბევრ რამეს ისწავლის ცხოვრებაში , ხოლო მორიელისთვის თევზი მეხუთე ნიშნად მოიაზრება რის ხარჯზეც მას შეუძლია თევზს ოცნებებში დაესესხოს და ზოგადად, ისწავლოს ოცნება.
მამაკაცი მორიელი, ბუნებით დესტრუქციული და საკმაოდ რთული ინდივიდია. თუმცა, მას გააჩნია ერთი არაჩვეულებრივი თვისება, ვინც უყვარს ბოლომდე სურს ამ ერთადერთს მაქსიმალური დაცულობის და კომფორტის განცდა შეუქმნას. მართალია, თავად პერიოდულად მაინც აძლევს თავს უფლებას საყვარელი ადამიანის ემოციური მდგომარეობა "გამძლეობაზე დატესტოს", მაგრამ სხვა ვერასოდეს შეეხება უდიერად მისთვის ძვირფას ადამიანებს. ეს მორიელის დაუწერელი კანონია. ქალი თევზი კი, მთელი თავისი იდუმალებისა და მაცდურობის მიუხედავად, მუდმივად განიცდის მოთხოვნილებას ძლიერ მხარს ამოეფაროს . ალბათ იტყვით, რომელი ქალი იქნებოდაო ამაზე უარს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, ჩვენს რეალობაში არიან ქალები, რომელთაც სრულ გენდერულ ბალანსზე აქვთ მოთხოვნილება. ქალი თევზი კი ძველმოდურად რომანტიკულია შინაგანად. ამიტომ მორიელ მამაკაცს იგი ხშირად იმაზე მეტს დაუთმობს და გაუტარებს, ვიდრე ამას სხვა მისი თანამედროვე ზოდიაქოს დობილები შეძლებენ. მორიელი კი რაც არ უნდა ვილაპარაკოთ აფასებს მოთმინებას... ერთგულებასა და უნარს, ქალს მისი ემოციურ დონეზე ესმოდეს, რაღაც დოზით მაინც (მორიელის სრული გაგება ბუნებაში არ არსებობს), ქალი თევზი კი ის უნიკალური საგანძურია, რომლის სახასიათო შტრიხებს შორის სხვების უსიტყვოდ გაგების ნიჭი და ფსიქოლოგიური უნარები მართლაც რომ დიდი ასოთი აღნიშვნის ღირსია.
ამ წყვილის სექსუალური ცხოვრება შეიძლება იყოს იდეალური ან იდეალურთან მიახლოებული. იმიტომ რომ მათ შორის პირველ რიგში ძლიერი მიზიდულობით იწყება კიდეც ყველაფერი - არის ამ კავშირში "ძლიერი ქიმია", რომელიც თავბრუს ახვევს ორივეს. თუმცა, უკვე ცოლ-ქმრული ცხოვრების დროს თევზი ქალის ჩვევა, გაიბუტოს და ემოციური სიცივე დაუხვედროს წინ მორიელის ცინიზმსა და უხეშობას, შეუძლია საკმაოდ დააზარალოს მათი ურთიერთობის სექსუალური მხარე. თევზ ქალს უნდა ახსოვდეს, რომ მორიელი მამაკაცისთვის სექსი თავისებური დოპინგია, რომელსაც იგი ყველაზე მეტად ითხოვს ზუსტად დაძაბული სიტუაციის შემდეგ ან სულაც მძაფრი კონფლიქტის კულიმინაციისას, ამიტომ მისი მხრიდან გამოხატული ჩაკეტილობა სერიოზულ საფრთხეს ქმნის იმისა, რომ მორიელი საკუთარ მოთხოვნილებებს სადმე, სხვა გზით დაიკმაყოფილებს. თევზს კი კიდევ ერთი საბაბი მიეცემა განაწყენებისთვის.