თავის მოტყუება არ ღირს, რაც არ უნდა ემანსიპირებული იყოს თანამედროვე ქალი, იგი მამაკაცში მაინც აფასებს სულის სიძლიერესა და ნებისყოფას, ამიტომ მამაკაცს მაინცდამაინც პრინცობა თუ არა, საყვარელი ქალის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მაინც მოეთხოვება. თუმცა საიმისოდ რომ ნაცნობობის პირველივე ეტაპზე გავარკვიოთ, ვინ არის რეალურად თქვენი ახალი კავალერი – ნამდვილი მამაკაცი თუ მის ნიღაბს ამოფარებული "დედიკოს ბიჭი", მის პირად რუკაში მარსის მდებარეობას უნდა გადავხედოთ, იმიტომ რომ ზოგადად ძლიერ სქესში ამ ე.წ. "რაინდული სულის" ჩამოყალიბებასა და სიმამაცეზე სწორედ პლანეტა მარსის განლაგება აგებს პასუხს.
თუ მას მარსი ვერძის ზოდიაქოში აქვს
მამაკაცი, რომელიც მარსის ამგვარი კომბინაციით იბადება, იდუმალებით მოცული და ცოტა მოუხელთებელი ქალებით იხიბლება. ამიტომ რაც უფრო დიდხანს დარჩებით მისთვის ამოცანად, მით უფრო ხანგრძლივად მიეცემა მას იმის საშუალება საკუთარი რაინდული თვისებები სრული სპექტრით წარმოაჩინოს თქვენს წინაშე. ეს კი მას უდაოდ შეუძლია. მარსი ვერძის ზოდიაქოში ასტროლოგიურ ენაზე რომ ვთქვათ, "საკუთარ სახლშია", ამიტომ პლანეტა ამ მხრივ საუკეთესოდ ავლენს თავს თქვენი რჩეულის ზოდიაქოში. ის ნამდვილი მამაკაცია, მთელი არსებით, სულითა და გულით. ბუნებით უზომოდ ვნებიანი და რომანტიული, გამუდმებით შეეცდება რჩეული სხვადასხვა სიურპრიზით გააოცოს. მას უყვარს მძაფრი შეგრძნებები, ამიტომ ამით თავსაც ანებივრებს და საყვარელ ქალსაც. მართალია, მის ცეცხლოვან ტემპერამენტს მხოლოდ ერთი ქალი ვერ დააკმაყოფილებს და იგი მუდმივად ძიებაშია, ამიტომ კონკურენციის სიმძაფრეს როგორმე უნდა გაუძლოთ თუკი მისი შენარჩუნება გინდათ და ბოლომდე იბრძოლოთ. საამისოდ კი საუკეთესო იარაღი სიმშვიდე, წინდახედულება და გაწონასწორებული საქციელია. მარსით ვერძი ქალში უპირველეს ყოვლისა ქალურობასა და სინაზეს აფასებს. ჰოდა, თუკი თქვენ ნამდვილი ჯულიეტა ბრძანდებით, ჩათვალეთ რომ, მისი სახით ჭეშმარიტი რომეო გიპოვნიათ უკვე.
თუ მას მარსი კუროს ზოდიაქოში აქვს
ასეთი მამაკაცი შესანიშნავად ფლობს ფლირტის ხელოვნებას. მას შეუძლია ქალს თავი კომფორტულად და დაცულად აგრძნობინოს თავის გვერდზე. უყვარს პრაქტიკული და "გემრიელი" საჩუქრების კეთება – კანფეტების ნაკრები, სუნამო, ლამაზი პენუარი და ა.შ. თუკი მისი მოხიბვლა შეძელით, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, იგი აუცილებლად მიგიპატიჟებთ ერთობლივ კრუიზში და წინასწარ ექნება დაჯავშნული, რომელიმე ფეშენებელურ სასტუმროში ნომერი. ამ მარსის მდებარეობის მქონე მამრები, კარგი ფინანსისტები არიან და შესანიშნავად ესმით ფულის ყადრი. ამიტომ იგი თქვენშიც "კაპიტალს აბანდებს" და თუკი ურთიერთობა დიდხანს გაგიგრძელდათ აუცილებლად მოითხოვს კუთვნილ დივიდენტებს. რაც შეეხება რაინდულ ქცევებს, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია თქვენი ცხოვრება კომფორტით უზრუნველყოს, განსაკუთრებული სიყვარულით კონფლიქტის მიმართ იგი არ გამოირჩევა. შესაბამისად, თუ ვინმემ გაწყენინათ და გულაჩუყებულმა დახმარება სთხოვეთ, იგი უმალ ადვოკატს დაგიქირავებთ ვიდრე თავად დაიკაპიწებს სახელოებს და დამნაშავეს ფიზიკურად გაუსწორდება.
თუ მას მარსი ტყუპის ზოდიაქოში აქვს
ამგვარი მამაკაცი, ძირითადად ვერბალური გზით აჯადოვებს ქალს. ხომ გაგიგონიათ "ქალებს ყურებით უყვართო" ჰოდა, როგორც ჩანს, ეს გამოთქმა სწორედ მარსი ტყუპის მქონე მამაკაცზეა გამოგონილი. იგი დაგპირდებათ მთელ სამყაროს და ცოტა უფრო მეტს. ვილას ხმელთაშუა ზღვაზე, ვახშამს ეიფელის კოშკის კენწეროში ან სულაც მოგზაურობას ახალ ზელანდიაში, მაგრამ რეალურად გონებაში რა აქვს ამ დროს მას, ეს სხვა საქმეა. მარსით ტყუპი შესანიშნავი მანიპულატორი და კარგი გარდასახვის ნიჭის მქონე მამაკაცია. თუმცა მისი ნათქვამიდან რა არის სიმართლე და რა გამოგონილი აბსურდი, ამის გასაგებად ალბათ ხანგრძლივი გამოძიება დაგჭირდებათ. იგი ნაკლებადაა მიდრეკილი მეტოქეებთან საქმე მუშტი-კრივით არჩიოს, ამიტომ მისი მხრიდან მფარველობის იმედი ნუ გექნებათ. დიდი დიდი შეურაცხმყოფელს სიტყვიერი პოლემიკა გაუმართოს, თუმცა ოსტატურად უშველის თავს თუკი მოწინააღმდეგე გაცილებით უფრო კუნთმაგარი და სიტყვაძუნწი აღმოჩნდა. თუმცა სიტუაციას შემდგომში ისე დაგიხატავთ, თითქოს უსიტყვო კაპიტულაციის პირობა თავად მან ჩამოართვა, ძალიან სთხოვა და ხათრი ვეღარ გაუტეხა.
თუ მას მარსი კირჩხიბის ზოდიაქოში აქვს
მარსით კირჩხიბი მოსიყვარულე, მზრუნველი და ემოციური კავალერია. თუმცა თუ მის პირად რუკას ცეცხლის სტიქიის ინტენსივობა არ "უმაგრებს ზურგს", ასეთი მამაკაცი ნაკლებად იქნება ქალის უპირობო დამცველი და თავზეხელაღებული ჩხუბისთავი. სამაგიეროდ, მას კარგად ეხერხება ქალის მოსმენა (რაც ასე ძალიან გვჭირდება ხოლმე ქალებს მამაკაცებისგან!) და მისი სურვილების შესრულება. იგი აუცილებლად იზრუნებს თქვენი გემრიელად დაპურების საკითხზე და შესაძლოა საკუთარი ხელით მომზადებული სადილითაც გაგიმასპინძლდეთ. ასეთ მამაკაცებს, იშვიათად გააჩნიათ ამბიციურობა კარიერაში განსაკუთრებული სიმაღლეების მისაღწევად. სამაგიეროდ, იგი დაბადებიდან "მოწოდებით ქმარი და მამაა", ამიტომ თუ მას ირჩევთ ცხოვრების თანამგზავრად შეგიძლიათ საოჯახო საქმეებში დამხმარეზე ეკონომია გააკეთოთ. მეუღლე ყოველთვის შეგიწყობთ ხელს ამ მხრივ, თანაც იგი ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. მოკლედ, "შინაური კაცი" თუ გაკმაყოფილებთ ეს კაცი თქვენია.
თუ მას მარსი ლომის ზოდიაქოში აქვს
აი თუ ვინმე მზადაა გმირობების ჩასადენად საყვარელი ქალის გულის მოსაგებად ეს ის მამაკაცია ვისაც მარსი ლომის ზოდიაქოში აქვს განლაგებული. თუმცა რაც უფრო ფართო იქნება სუსტი სქესის წარმომადგენლებით დაკომპექტებული აუდიტორია მით უფრო მეტი სტიმული მიეცემა მას ზემოთ ხსენებული გმირობის ჩასადენად. მამაკაცი მარსით ლომი გამუდმებით დაეძებს "გულის დედოფალს", იმ ერთადერთსა და განუმეორებელს რომელიც მის მაღალ სტანდარტებს იდეალურად შეესაბამება. ამიტომ ცხოვრების გზაზე, არაერთ ქალს აცილებს სახლამდე, გალანტურად ემშვიდობება და მორიგ პასიაზე გადადის მანამ სანამ საბოლოოდ არ აღმოაჩენს "დედოფლობისთვის" შესაფერის კანდიდატურას. ვიღაცისთვის იგი შესაძლოა "ლოველასი" იყოს, მაგრამ თქვენ თუ თავს პრინცესად მიიჩნევთ და წლების მანძილზე მონდომებით ელით პრინცს, თამამად იბრძოლეთ ამ მამაკაცის გულის მოსაგებად – იგი ჭეშმარიტი რაინდია და ამას არაერთგზის დაგიმტკიცებთ, თუკი შესაბამის სტიმულს მისცემთ.
თუ მას მარსი ქალწულის ზოდიაქოში აქვს
მამაკაცი, რომელიც მარსის ამგვარი მდებარეობით იბადება ბუნებით უზომოდ მზრუნველი და დაკვირვებულია. თუმცა მისი სახით რაინდს თუ ელით, რომელიც მზადაა თქვენი დანარჩენი თაყვანისმცემლები სასწრაფოდ დუელში გამოიწვიოს ძალიან ცდებით. იგი ის კაცი არ არის, ვინც დაუფიქრებლად გაეხვევა კონფლიქტში. სამაგიეროდ, თუ ავად ხართ, თავს შეუძლოდ გრძნობთ ან უბრალოდ გადაღლილობისგან ჰიპერტონია გაწუხებთ, იგი მზად იქნება ოჯახის ექიმის ფუნქცია შეითავსოს და მთელი მონდომებით შეუდგეს თქვენს მოვლას. კაცმა რომ თქვას, ესეც ხომ თავისებური "გმირობაა"? განა ყველა მამაკაცს შესწევს ძალა იზრუნოს თქვენზე სწორედ მაშინ, როცა ამას რეალურად საჭიროებთ, თანაც ისე რომ შეხსენება და მინიშნება არ დასჭირდეს თქვენგან. იგი საკუთარ სიყვარულს საყვარელი ქალის მიმართ, მის თაყვანისმცემლებთან მუშტი-კრივით კი არა ყურადღებით და ზრუნვით გამოხატავს. მართალია იგი არც მარსით ტყუპივით ენაწყლიანია და არც მარსით ვერძივით რომანტიკოსი, თუმცა მის გვერდით თავს გაცილებით უფრო დაცულად და მყუდროდ იგრძნობთ. თანაც არა ერთი და ორი დღის მანძილზე, არამედ გაცილებით უფრო ხანგრძლივი ვადით.
თუ მას მარსი სასწორის ზოდიაქოში აქვს
სასწორის ზოდიაქო მარსისთვის ე.წ. "დაცემული მდგომარეობაა" ანუ ადგილი, სადაც პლანეტა საკუთარ შესაძლებლობებს სუსტად ავლენს. სასწორის მარსით მამაკაცი საკუთარ თავს ყველაზე კარგად ფლირტისას გამოხატავს. იგი მომხიბვლელი და არაჩვეულებრივია მანამ სანამ ურთიერთობა საწყის სტადიას გაცდება. თუმცა სასწორის თვისებებიდან გამომდინარე, იგი უფრთხის ნებისმიერი სახის უხეშობას და მაქსიმალურად ცდილობს არასოდეს ჩაებას კონფლიქტში. საამისოდ მას მრავალათასიანი ნაცნობ-მეგობრების წრე გააჩნია. ამიტომ ორი ზარით შეუძლია ხშირად ეს "მტკივნეული პრობლემა" მარტივად მოაგვაროს. სხვა საქმეა თავად რამდენად მოგეწონებათ კავალერის ამგვარი საქციელი და რამდენად შეძლებთ მისი ეს თვისება, კონფლიქტების მოგვარების კონსტრუქციულ მეთოდად კი არა სილაჩრედ არ ჩათვალოთ.
თუ მას მარსი მორიელის ზოდიაქოში აქვს
მამაკაცი, რომელსაც მარსი მორიელში აქვს განლაგებული, დაბადებიდანვე ბუნებით უკომპრომისო მებრძოლია. ამიტომ თუ იგი მაღალგანვითარებული პიროვნებაა თამამად შეიძლება ვუწოდოთ მას "რაინდი". თუმცა გამომდინარე იქედან, რომ აქ საქმეში მორიელია ჩართული, იგი მარტივად დაკარგავს თქვენს მიმართ ინტერესს თუკი ადვილად მოსახელთებელ ნადავლად ჩაგთვლით. ამ მამაკაცს ძალიან კარგად ეხერხება პარტნიორის გრძნობებით მანიპულირება, გარეგნობის მიუხედავად ვნებიანი და უზომოდ სექსუალურია. ამიტომ მის გარშემო მუდამ ქალბატონების სიმრავლეა. მას ძალიან ძლიერი ნებისყოფა და მყარი ნერვული სისტემა გააჩნია. ამიტომ მზადაა სასურველი ქალის გულის მოსაგებად საკმაოდ ძვირი გადაიხადოს. თუმცა თავად გვიან ასაკამდე არ ჩქარობს უღელში თავის გაყოფას, ან სულაც არ იზღუდავს თავს ქორწინების ბორკილებით. ასე რომ ძვირფასო ქალებო, ამ მამაკაცის მოსახიბლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
თუ მას მარსი მშვილდოსანის ზოდიაქოში აქვს
მამაკაცი, რომელსაც მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოში აქვს განლაგებული, სიამოვნებას "ნადირობის" მომენტით იღებს. იგი გამოუსწორებელი ფლეიბოი და მექალთანეა. თუმცა საყვარელი ქალის დასაცავად ყოველთვის მზადაა ამ უკანასკნელის აბეზარ თაყვანისმცემლებს ცხვირ-პირი გაულამაზოს. მაგრამ როცა მისი გრძნობა ნელდება (რაც სავსებით მოსალოდნელია), იგი მარტივად ახერხებს ახალი ინტერესის ობიექტზე გადართვას და ძალზე იშვიათად მისტირის წარსულს. მისთვის ყოველი ახალი ნაცნობობა ბედნიერების პოტენციურ შანსთან ასოცირდება, ამიტომ ეს კაცი ნაკლებად იზღუდავს თავს წარსულზე ნოსტალგიით. იგი დღევანდელი დღით ცხოვრობს და ცდილობს ყოველი წამით დატკბეს. თუ თქვენც მასავით იდეალისტი და თავისუფლებისმოყვარე ნატურა ხართ, სცადეთ იქნებ ხანგრძლივი ვადითაც მიიპყროთ მისი ყურადღება.
თუ მას მარსი თხის რქის ზოდიაქოში აქვს
მამაკაცი, რომელსაც რუკაში მარსის ამგვარი მდებარეობა აღენიშნება სიცოცხლისუნარიანობით, ფიზიკური ძალით და ამტანობით გამოირჩევა. იგი საკუთარ თავში დარწმუნებული და გაწონასწორებული პიროვნებაა, ამიტომ მისი სიმშვიდე ხშირად პარტნიორსაც მატებს თავდაჯერებას. მარსით თხის რქა საყვარელი ქალის დასაცავად უკან არაფერზე დაიხევს, თუმცა იგი მას როგორც საკუთრებას ისე უყურებს და შესაბამისად ფხიზლად იცავს. ამგვარი მამაკაცები დიქტატორული ხასიათით, პრინციპულობითა და სიჯიუტით გამოირჩევიან. იგი მფარველობს ქალს, მაგრამ აბსოლუტურად ართმევს ამ უკანასკნელს თავისუფლად ქმედების უფლებას. თუმცა მარსით თხის რქები მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობენ სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის, იმიტომ რომ გააჩნიათ ძალიან ბევრი ისეთი თვისება რაც ჭეშმარიტ მამაკაცს უნდა ჰქონდეს. ამასთან ერთად, თაყვანისმცემლების სიუხვის მიუხედავად, მარსით თხის რქა ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად გულგრილია მათ მიმართ და ყოველთვის ახერხებს საყვარელი ქალის ერთგული იყოს ბოლომდე.
თუ მას მარსი მერწყულის ზოდიაქოში აქვს
მამაკაცი, რომელსაც ნათალურ რუკაში, მარსი მერწყულის ზოდიაქოში აქვს განლაგებული მომხიბვლელი, კომუნიკაბელური და სხარტია. თუმცაღა ხშირ შემთხვევაში იგი უფრო ინტელექტუალური განვითარებით დაიკვეხნის, ვიდრე ფიზიკური ძალით და კარგად დამუშავებული მუცლის პრესით. ამიტომ მისგან გმირობის ჩადენას ამაოდ ელით. მერწყულის ფსიქოლოგიაში ზოგადად ბრძოლა და კონფლიქტი ვერ თავსდება, ამიტომ არც მარსით მერწყულია დიდი მუშტი-კრივის და ქუჩური გარჩევების მოყვარული. უფრო მეტიც, მას შეუძლია წარმოუდგენელი სპექტაკლი დადგას საიმისოდ, რომ მოსალოდნელ კონფლიქტს აარიდოს თავი. თანაც, ამას ისე გააკეთებს, რომ თქვენ ხანგრძლივი დროის მანძილზე არ შეგეპარებათ ეჭვი მის სიმართლეში.
თუ მას მარსი თევზების ზოდიაქოში აქვს
მამაკაცი, რომელსაც მარსი თევზების ზოდიაქოში აქვს, შესანიშნავად ერკვევა ქალის ფსიქოლოგიაში. თუმცაღა, საკუთარ ამ ნიჭს იგი საპირისპირო სქესით მანიპულაციისთვის უფრო იყენებს, ვიდრე მათთან სულიერად დასაახლოებლად. ქალები მისთვის მარტოოდენ ლამაზი სათამაშოები არიან. ამიტომ ემოციურ და მგრძნობიარე ქალბატონებს, ასტროლოგები კატეგორიულად არ ურჩევენ ამგვარ მამაკაცთან ცხოვრების დაკავშირებას. მას შესანიშნავად ეხერხება, გული მოგილბოთ საჩუქრებით, ზრუნვითა და გამუდმებული ყურადღების გამოჩენით. თუმცა ეს ყველაფერი მანამ გაგრძელდება სანამ იგი საკუთარ მიზანს არ მიაღწევს. თუმცა ნიჭი ადამიანს თავი შეაჩვიოს და შეაყვაროს, ხშირად აძლევს მათ იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი სისაძაგლის ჩადენის შემდეგაც დაიმსახურონ პატიება პარტნიორის მხრიდან.