იდეალური წყვილი – ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი
ცეცხლის სტიქიის ამ ორ წარმომადგენელს შორის ურთიერთობა, როგორც წესი, ძალიან რომანტიულად იწყება და ვითარდება, მაგრამ გარშემო მყოფებისთვის ვერძი ქალისა და ლომი მამაკაცის ერთად ყოფნა უხმაურო და შეუმჩნველი არ დარჩება. ასე რომ, თუკი სამეგობროში ზუსტად ამგვარი წყვილი გეგულებათ, მათგან „მოკლე ჩართვებს“ და ემოციურ შტურმებს ხშირად უნდა ელოდოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მათგანის სიამაყე აისბერგივით უტეხია. თუმცა, სად გინახავთ ისეთი ყინული, რომელიც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობისას ვერ დნება? ასე რომ, შტორმის შემდეგ, ტრადიციული გამოდარებები ვერძის და ლომის დუეტში, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია. კონფლიქტი კი ძირითადად იმის გამო იწყება, რომ ლომი როგორც წესი, საჭიროდ მიიჩნევს შიგადაშიგ ნოტაციები წაუკითხოს, მისი აზრით არცთუ ჭკვიან და თავქარიან ვერძს. ვერძი ქალი ხან ზედმეტ კოსმეტიკას ხმარობს, ხან მეტყველებაში უშვებს ყურისმომჭრელ გრამატიკულ შეცდომებს, ხან კი ოცნების კოშკებს აშენებს ყოვლად უსაფუძვლოდ. ვერძი ქალი კი თავის მხრივ გააფთრებამდე მიჰყავს ლომის სითავხედეს, დანაპირები დღის სამი საათის ნაცვლად შუაღამის სამ საათზე დაურეკოს, გააღვიძოს და არც კი მოუბოდიშოს, რომ მთელი დღე უაზრო ლოდინში გაატარებინა! თუმცა, რას ვიზამთ, ლომი მეფეა! მეფეებს კი მოგეხსენებათ, თავის მართლება არ სჩვევიათ ქვეშევრდომების წინაშე. თუმცა, ეს ყველაფერი, ურთიერთობის საწყისი ეტაპია...
რაღაც პერიოდის შემდეგ კი, როგორც წესი, ჯიუტი ვერძი ნელ-ნელა გაცილებით მოთვინიერებადი ხდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი შიგადაშიგ მაინც არ შეეცდეება „რევანშის“ აღებას ცხოველთა მეფის წინააღმდეგ. მისი მხრიდან ეს ე.წ. მხოლოდ „პოზიციების გასამყარებლად“ ჩადენილი პროფილაქტიკური ღონისძიებებია. თუმცა, „დიდი კატა“ ყოველივე ამის შემდეგ, ნათლად იგრძნობს, რა ემოცია ეუფლება გალიაში გამომწყვდეულ ნამდვილ ლომს, როცა მომთვინიერებელს ხედავს ვოლიერის წინ. როგორც წესი, ლომი ამ დროს ჯერ გაოცდება - „რას მიბედავს ეს საცოდავი?“ შემდეგ გაბრაზდება და ბოლოს სერიოზულ გააფთრებამდეც კი მივა. საბოლოო რეზულტატი კი მაინც ისაა, რომ რაღაც ძალის ზემოქმედებით, მისთვის გასაკვირად, მომთვინიერებელს მაინც ემორჩილება. ზუსტად ასე ემართება თავქარიან ვერძ ქალზე შეყვარებულ ლომ მამაკაცს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, დროდადრო მაინც ექცევა ჯიუტი ქალბატონის გავლენის ქვეშ. ლომის აზრით, ქალი ვერძი გულუბრყვილო და მიამიტი ბავშვია, რომელსაც დაცვა და ჭკუის სწავლება გამუდმებით სჭირდება. ამიტომ, ვერძი ქალის გადამეტებულ კონტაქტურობას, ენერგიულობასა და ჩვევას, ყველას დაუმეგობრდეს განურჩევლად იმისა, ნორმალურად იცნობს თუ არა, ლომი მოთმინებიდან გამოჰყავს. თავის მხრივ ვერძ ქალს ლომის პრაქტიკულობა და მენტორული ტონი აღიზიანებს. იშვიათი არაა შემთხვევები, როცა ლომი სასაცილოდ იგდებს მის იდეებს და სამომავლოდ დასახულ გეგმებს (დიდი ამბავი თუ ვერძ ქალს მთვარეზე სასახლის აშენება უნდა. მთავარია, მან ეს მოინდომოს და შეუძლებელი არაფერია!) ან უბრალოდ „ უიღბლო იდეალისტს “ უწოდებს. აი ზუსტად ამ დროსაა გარანტირებული ზემოთ ხსნებული „მოკლე ჩართვა“. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, რა სახის კონფლიქტსაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი ამ ორს შორის, მათი შერიგება ყოველ ჯერზე ამაღელვებელი სცენებით სავსე და რომანტიული იქნება - ისე, როგორ ფილმებშია. გარშემო შესაძლოა ყველას უკვირდეს, რატომ არიან ისინი ისევ ერთად, მაშინ როცა ერთმანეთს გამუდმებით ძაღლი და კატასავით ერჩიან? თუმცა, ეს მხოლოდ ამ ორმა იცის და სხვები მათი ურთიერთობის ნამდვილ არსს ვერასოდეს ჩაწვდებიან. გარეგნული თავდაჯერებულობისა და სითამამის მიუხედავად, ნებისმიერი ვერძი ქალი სულის სიღრმეში ძალიან სუსტი და სათუთია. ამიტომ, მხოლოდ ლომი მამაკაცის გვერდით რწმუნდება იგი იმაში, რომ მარტო არასოდეს დატოვებენ, როგორც აუტანელ, გაჯიუტებულ ბავშვს და რამდენჯერაც არ უნდა წაიქცეს ცხოვრებაში, ყოველთვის იქნება მის გვერდით ძლიერი ადამიანი, რომელიც ხელს შეაშველებს მას და გზის გაგრძელების სტიმულს მისცემს. თავის მხრივ ლომი, რომელიც როგორც მეფეს შეეფერება გიჟდება ხელქვეითების მოვლა-პატრონობა-მფარველობაზე, თავს ამაყ და საჭირო პერსონად სწორედ ამ ქალის გვერდით გრძნობ. ვერძი ქალის გულწრფელი აღტაცება, რომლითაც იგი ლომის მიმართ მადლიერების გრძნობას გამოხატავს, ნამდვილად არ ჰგავს იმ მანდილოსნების „მორიგე“ ღიმილს, რომელთაც იგი მის გაცნობამდე არაერთგზის შეხვედრია და მიუხედავად დროდადრო ბუნტის მცდელობისა, მხოლოდ ვერძის ნიშნით დაბადებული ქალია ის ერთადერთი გამონაკლისი, ვის გვერდითაც ლომი თავს ნამდვილ მეფედ იგრძნობს.