ვერძი ქალი & მორიელი მამაკაცი

ვერძი ქალი & მორიელი მამაკაცი

იდეალური წყვილი – ფერჯი და ჯოშ დუჰამელი

მამაკაცი მორიელი, განსაკუთრებით თუ იგი მაღალინტელექტუალური პიროვნებაა, მუდმივად ცხოვრების არსის ძიებითაა დაკავებული. იგი არასოდეს კმაყოფილდება, ფაქტების ზედაპირული აღქმით და ცდილობს, ყველა და ყველაფერი სიღრმისეულად შეისწავლოს და გაანალიზოს. ამიტომ ქალს, რომელიც მასთან ურთიერთობაზე მიდის, არ უნდა აშინებდეს ის ფაქტი, რომ ეს კაცი მას აუცილებლად აიძულებს, კულისებსმიღმა შეიხედოს და მისი ერთი შეხედვით გულგრილი ვიზუალის უკან დაფარულ, არცთუ მარტივ პიროვნებას გაუსწოროს თვალი. და რას აკეთებს ამ დროს მანდილოსანი, რომელიც სრულიად მოულოდნელად მორიელის ნამდვილ სახეს აღმოაჩენს? თუ ის სუსტი პიროვნებაა, რაღა თქმა უნდა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა მისგან, მაგრამ თუ ეს ქალი ვარძია, შეიძლება სამუდამოდ და თავდავიწყებით შეუყვარდეს იგი, სწორედ მისი ამ არცთუ მარტივი ხასიათის გამო. რა გასაკვირია, ვერძები ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე გამუდმებით ეძებენ სირთულეებს.

Astrologia

საოცარია, მაგრამ იგი მას ხშირად ჩაახედებს საკუთარი სულის სიღრმეებში, ეს იმიტომ რომ ვერძის ბავშვურობა და სიალალე აძლევს მორიელს იმის გარანტიას, რომ ეს ქალი არასოდეს ისარგებლებს მომენტით, ზურგიდან მიაყენოს დარტყმა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარ, ყველაზე ბნელ საიდუმლოებებს გაანდობს მას. იგი ძალიან იხიბლება ამ ქალის უპირობო რწმენით მისი პიროვნების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ თავად არასოდეს უქმნის ამ უკანასკნელს იმის ილუზიას რომ იდეალური ან უნაკლოა. უფრო კი – პირიქით. ამასთან ერთად, მოკლე მეხსიერების გამო, შურისძიება არასოდესაა ვერძისთვის იარაღი კონფლიქტისას, მაშინ როცა მორიელისთვის იგი სავსებით მისაღები საქციელია, ცხოვრების გზაზე ადამიანებთან ურთიერთობაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მორიელი ვერძში სწორედ ამ უბოროტო ხასიათს აფასებს ყველაზე მეტად.

თუკი მზისა და მთვარის ჰარმონიული ასპექტაციით დაიბადნენ, ამ ორის სიყვარული შეიძლება ძალიან ძლიერი, ხანგრძლივი და ინტენსიური იყოს, რომელიც ბევრ განსაცდელს, პრობლემას, კონფლიქტსა და სირთულეს გადაიტანს, მაგრამ მაინც არ ჩაქრება. ამასთან ერთად, მარსით მართული ეს ორი მებრძოლი ემოციური კუთხითაც კარგად ეწყობა ერთმანეთს. იმიტომ რომ, ცხოვრება ორივესთვის უპირველეს ყოვლისა ბრძოლაა. რუტინული ყოველდღიურობა კი ვერძსაც და მორიელსაც მალე ბეზრდება. შესაბამისად, მათ ურთიერთობაში არც არასოდეს იქნება დუღილის ტემპერატურის დეფიციტი. თუმცა, ემოციური თავსებადობა, სულაც არ ნიშნავს იმას რომ ისინი გონებრივადაც იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს და აი, სწორედ აქ იწყება პრობლემები. მორიელი ეჭვიანი, ფრთხილი და წინდახედულია. ვერძი – იმპულსური, პირდაპირი და ბავშვურად მეამიტი. აქედან გამომდინარე, ხასიათის ასეთმა სხავაობამ, შეიძლება ან დააშოროს ისინი, ან პირიქით, მათ შორის მიზიდულობა კიდევ უფრო გააძლიეროს. ყველაფერი დამოკიდებულია მათი მთავარი მნათობების ჰარმონიულ თავსებადობაზე პირად რუკებში.

ვერძი ქალი არაერთგზის გახდება მორიელის მხრიდან, მისთვის მოწყობილი არცთუ მარტივი გამოცდების მსხვერპლი. იგი ხშირად გადაამოწმებს საყვარელ ქალს ემოციურ მდგრადობაზე. შესაბამისად, ეჭვიანობის სცენები და მარსიანული ცეცხლი, რომელსაც იგი ვერძის მხრიდან მიიღებს, მხოლოდ საკუთარი თავის რწმენას მოუმატებს მორიელს. ეს ხომ ყველაზე დიდი დამადასტურებელი საბუთია საიმისოდ, რომ მას იგი მართლა მთელი გულით უყვარს. თუმცა, იმედი იმისა, რომ იგი ამ ქალს სიმშვიდესა და საკუთარი ემოციების ფლობას ასწავლის, უტოპიურია და მორიელი ადრე თუ გვიან ამას უნდა შეეგუოს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ იგი ამაოდ შეეცდება მის გადაკეთებას, ომი გარდაუვალი იქნება ამ ორს შორის და მაშინ იმისდა მიუხედავად, რომ იგი ძალიან იხიბლება ამ ქალის მებრძოლი სულით, ეს უკანასკნელი საკუთარ ბრძოლისუნარიანობას მის წინააღმდეგ გამოიყენებს. მორიელი კი იშვიათად პატიობს, კუდზე ფეხის დამბიჯებელს. არადა, რომელი ჭკუათმყოფელი გაბედავს მორიელს კუდზე ფეხი გააზრებულად დაადგას, თუ არა ვერძი.

როცა მორიელი, სირთულეებს აწყდება, იგი როგორც წესი, ზრუნავს იმაზე, რომ ეს სირთულე ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს. აქედან გამომდინარე, ომი რომელიც ამ ორს შორის შეიძლება დაიწყოს, ნამდვილად არ დასრულდება სახარბიელო შედეგით არც ერთისთვის. ამასთან ერთად, გამომდინარე იქედან რომ ვერძისთვის მორიელი ვექტორული კავშირის მიხედვით მერვე ნიშანია, იგი სიმბოლურ ბატონად ითვლება მისთვის. შესაბამისად, ერთი შეხედვით თავნება და დაუმორჩილებელ ვერძ ქალს, ქვეცნობიერად ყოველთვის აქვს იმის განცდა, რომ ეს სწორედ ის კაცია, რომელსაც ღირს რომ დაემორჩილოს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამქვეყნად ყველაზე მეტად აპროტესტებს მორჩილებას ვინმეს მიმართ.

პრობლემად ამ ორს შორის შეიძლება ეჭვიანობაც იქცეს. თუმცა, ვერძის მხრიდან მორიელის არასტაბილურობაში დადანაშაულება, მხოლოდ იმიტომ რომ იგი ძალიან იზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს აბსურდულია. ამ კაცს საყვარელი ქალის ერთგულება მართლა შეუძლია, თუკი ეს უკანასკნელი მას ყოველმხრივ აკმაყოფილებს. ანალოგიურად აბსურდულია, იგივე ეჭვიანობის პრობლემა მორიელის მხრიდანაც, როცა იგი ვერძი ქალის მეგობრულ დამოკიდებულებას მამაკაცების მიმართ, აღიქვამს როგორც ფლირტს ან მოსალოდნელი ღალატის საფრთხეს. მას, რა თქმა უნდა, სჯერა ამ ქალის ერთგულების, მაგრამ ნაკლებად სჯერა იმ მამაკაცების სანდოობის ვისთანაც მას თუნდაც პროფესიული კონტაქტები აქვს. შესაბამისად, კონფლიქტი ამ ორს შორის მძაფრი ეჭვიანობის ნიადაგზე არცთუ იშვიათი იქნება. თუმცა, ორივე შემთხვევაში მათი ჩხუბი, საბოლოოდ მაინც გრანდიოზული და ამაღელვებელი შერიგებით დასრულდება.

Astrologia

თუკი ვერძი ქალი შეძლებს, მეტ-ნაკლები მოთმინებით შეხვდეს მორიელის მხრიდან გამოვლენილ ეგოისტურ ქმედებებს, გამაღიზიანებელ სიჩუმეს (როცა იგი პრობლემების გადასაჭრელად ეძებს გზებს, როგოც წესი პირქუშად დუმს), ფულთან მიმართებაში გაცილებით უფრო ხელმომჭირნე დამოკიდებულებას, მის "ჩარკინაბეტონებულ" შეხედულებას რა არის კარგი და რა – ცუდი, იგი მორიელ მამაკაცთან ხანგრძლივ და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას მოიწყობს. თუმცა საიმისოდ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები გაითვალისწინოს, ქალ ვერძს მაქსიმალური მოთმინების უნარი დასჭირდება, რაც როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადეულ ქალებს ნაკლებად გააჩნიათ, მით უმეტეს ადრეულ ასაკში. ამიტომ, საიმისოდ რომ მან მორიელის საქციელის რეალური მოტივები გაიგოს, უნდა იცოდეს რომ მისი ეს უკომპრომისო შეხედულებები, რომელთაც იგი არაფრის დიდებით არ ცვლის, კარმული პროცესის ნაწილია და მორიელისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია მოიქცეს სხვაგვარად.

თავის მხრივ, მორიელსაც მოეთხოვება, ვერძის მხრიდან მძაფრად გამოხატულ ეჭვიანობის სცენებს (თუნდაც სრულიად აბსურდულს), ღიმილითა და მოთმინებით შეხვდეს და როგორმე აიტანოს მისგან, ბავშვური და ზედაპირული მიდგომა, ზოგადად ცხოვრებისეული პრობლემების მიმართ. იმიტომ რომ, ზუსტად ეს სიმარტივე და უშუალობა ესაჭიროება მორიელი-ვერძის წყვილს საიმისოდ რომ ურთიერთობაში ბალანსი შეინარჩუნონ. და თუკი მათი პირადი კოსმოგრამების მიხედვით, უმთავრესი ანუ მზე-მთვარის კომბინაციები, ჰარმონიულ თანხვედრაშია, ეს ორი წლების მანძილზე მოახერხებს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული და ფიზიკური ლტოლვა შეინარჩუნოს, რაც უმთავრესი პირობაა ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?