იდეალური წყვილი ბენჯამენ ბრატი და ტალისა სოტო
თუკი სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, როგორც ეს მშვილდოსან მამაკაცებს უყვართ, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ძლიერი სქესის წარმომადგენლები, ტყუპის შემდეგ ყველაზე ნაკლებად არიან მიდრეკილნი სტაბილურობისკენ პირად ურთიერთობაში. ამიტომ, იდეალისტი ვერძი ქალისა და თავქარიანი, ცეცხლოვანი კენტავრის სასიყვარულო კავშირი, ე.წ. "რუსული რულეტკის" თამაშს შეიძლება შევადაროთ. აქ ყველაფერს ექნება ადგილი: რისკს, ექსტრიმს, ბობოქარ ვნებებს, კონფლიქტებს, ცრემლებს, შერიგებებს, ისევ კონფლიტებს და ასე არაერთგზის წრეზე.
თუკი მარსით მართული, რომელიმე ვერძი ქალბატონი, თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსნის გასაგონად ამტკიცებს, რომ მას საერთოდ არ გააჩნია ეჭვიანობის გრძნობა, მან ან საკუთარი დაბადების თარიღი იცის არასწორად ან უბრალოდ, მწარედ იტყუება. რაც პირად რუკაში დაზიანებული მარსის ან მერკურის ბრალია. ვერძები როგორც წესი, ძალზე უხალისოდ იტყუებიან. ამიტომ, თუკი იგი მამაკაცი მშვილდოსნის ცელქობებზე ყურებამდე ჭარხალივით წითლად არ ფერადდება, ეს უკვე საგანგაშო მახასიათებელია. რადგან ვერძი, რომელიც დუმს ყველაზე საშიში ვერძია ამ ქვეყანაზე.
როგორც ვერძები ისე მშვილდოსანები, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელთა რიცხვს განეკუთვნებიან. ამიტომ, ორი ცეცხლოვანი სულის შეხვედრა, ძალიან მარტივად აჩენს დიდ კოცონს ურთიერთობაში. შესაბამისად, ამ ორს გაცნობისთანავე უჩნდება უზომო სიმპათია ერთმანეთის მიმართ და თუ ეგრევე რომანის არა, კარგი მეგობრობის დაწყების წინაპირობა მაინც იქმნება მათ შორის. პრინციპში ბოლო ვარიანტი გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ მამაკაც მშვილდოსანს, რომელსაც, როგორც წესი, გრძნობებში სტაბილურობა ნაკლებად ახასიათებს, პირველ რიგში გვერდით კარგი მეგობარი სჭირდება ვერძის სახით და შემდეგ უკვე მეწყვილე და საყვარელი ქალი. ხოლო თუკი ამ უკანასკნელის გულში რომანტიკულმა შხამმა უკვე გაჟონა, რამდენიც არ უნდა უმტკიცოს მშვილდოსანმა ის, რომ ბართან მჯდომი ლამაზი გოგონა, მასთან მხოლოდ და მხოლოდ ზუსტი საათის გასაგებად გადმოჯდა, ვერძის მრისხანებას თავიდან მაინც ვერ აიცილებს.
არადა, რა უცნაურია, რომ ეს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალი, სინამდვილეში ასეთი მგრძნობიარე და წყენიაა. მშვილდოსანმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ვერძი გულის სიღრმეში პანიკურ შიშს განიცდის იმის გამო ოდესმე მაინც არ აღმოჩნდეს ცხოვრებაში მიტოვებული ან ღალატის მსხვერპლი. ვერძი ხომ მამაკაცური ნიშანია, ამიტომ ქალ ვერძებს მუდმივად ეპარებათ თავი საკუთარ სინაზესა და ქალურობაში, რაც არ უნდა კარგი ვიზუალური მონაცემებით გამოირჩეოდნენ. ამიტომ იმის შიში, რომ თავქარიანი მშვილდოსანი, რომელიც ნამდვილად არ განიცდის სუსტი სქესის წარმომადგენელთა მხრიდან ყურადღების დეფიციტს, მასზე უფრო უკეთესს მარტივად მონახავს, შეყვარებული ვერძის გულში ღრმადაა ფესვგადგმული. შესაბამისად, მისი მხრიდან ეჭვიანობის ხშირად სრულიად აბსურდული შემოტევები მშვილდოსნის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ გააღიზიანებს თავისუფლებისმოყვარე კენტავრს, რომელიც ვერ იტანს როცა ვინმეს მასში ეჭვი ეპარება და მით უმეტეს, ცდილობს შეზღუდოს.
ნდობა, რომელსაც მშვილდოსანი ვერძისგან ითხოვს, რაღა თქმა უნდა, აუცილებელი რამაა ამ ორის ურთიერთობაში, მაგრამ თუ მშვილდოსანი პერიოდულად მაინც ლოიალური მიდგომით არ შეეცდება ვერძის ეჭვიანობა გააქარწყლოს და კიდევ ერთხელ დაარწმუნოს იგი, მისი გრძნობების სიმყარესა და გულწრფელობაში, საყვარელ ქალს ძალიან მალე და სამუდამოდ დაკარგავს. ხოლო სიცარიელე, რომელსაც მისი წასვლა მშვილდოსანს გულში დაუტოვებს, დამერწმუნეთ საკმაოდ ძნელი შესავსები იქნება. თავის მხრივ ვერძისთვისაც არანაკლებ მტკივნეულია იმ მარტოობის განცდის გადალახვა რომელიც მას მშვილდოსანთან მხურვალე რომანის შემდეგ რჩება და სხვა მამაკაცი ადვილად ვერ მოახერხებს მის ცხოვრებაში ამ ოპტიმისტი ხუმარას ჩანაცვლებას. თუმცა, თუკი ამ ორს შორის არსებული გრძნობა, რომელსაც ისინი სიყვარულად თვლიდნენ მხოლოდ და მხოლოდ მიჩვევა და მეგობრობა აღმოჩნდა საბოლოო ჯამში (რაც სულაც არ არის გამორიცხული), მაშინ ვერძი-მშვილდოსნის დუეტმა, შესაძლოა მთელი სიცოცხლე საუკეთესო მეგობრობის სტატუსით განაგრძოს არსებობა და ეს მართლაც რომ ნამდვილი და იშვიათი მეგობრობა იქნება.
თუმცა, თუკი მათი გრძნობები, მეგობრობის ფარგლებში ვერა და ვერ ჯდება, მაშინ უმთავრესი რაც მათ ესაჭიროებათ ეს ურთიერთნდობის მაღალი დონეა, საიმისოდ რომ ოჯახურ ცხოვრებაში ჰარმონია დიდხანს შეინარჩუნონ. თუკი მშვილდოსანი შეძლებს ანგარიში გაუწიოს ვერძის მესაკუთრულ ბუნებას და ნაკლებად მისცეს მას საეჭვიანო საბაბი, ვერძი კი უტაქტო საქციელს და სიჯიუტეს მოთოკავს, ამ ორს შორის სიყვარულის ისტორია ხანგრძლივ, აზარტულ და ზღაპრულ თავგადასავალს დაემსგავსება, რომლის მეშვეობითაც არც ერთს არ ექნება დრო მოსაწყენად და ისინი ყოველდღე შეძლებენ, ერთმანეთი ახალ-ახალი სიურპრიზებითა და აღმოჩენებით გააკვირვონ.
მათი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება სტუმრებისთვის და ეს ორი არაერთ, მხიარულ დღესასწაულს მოუწყობს როგორც საკუთარი თავის, ისე მეგობრებს. ამასთან, ვერძისგან განსხვავებით, მშვილდოსანი გაცილებით უფრო პრაქტიკული და წინდახედულია, რაც ოჯახურ ცხოვრებაში ძალზე დიდ როლს ითამაშებს სამომავლოდ.
თუმცა, სანამ საქმე ოჯახამდე მივა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული კაცები, ნაკლებად არიან მიდრეკილნი თავი ვალდებულებებით შეიზღუდონ, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. თუმცა, ქალი ვერძი ის იშვიათი პარტნიორია, რომლის სიყვარულით დაბრმავებული მშვილდოსანიც ხშირად, აბსოლუტურად სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებას სასწრაფოდ დაქორწინდეს მასზე. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ჯვრისწერის დღეს, ბოლო წამს ეჭვი შეეპაროს მას საკუთარ გადაწყვეტილებაში და მრავალრიცხოვანმა სტუმრებმა, უეცრად აღმოაჩინონ რომ ნეფე სადღაც გაქრა.